საქველმოქმედო აქცია დვანში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-11-2013, 20:49 | კომენტარები, არქივი | ნანახია - 2198

საქველმოქმედო აქცია დვანში24 ნოემბერს, საზოგადოება ”ივერიის” ორგანიზებით  საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. „ივერიის“ წარმომადგენლები და აქციაში მონაწილეობის მსურველები, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს  და რომელთაც დასაწყისშივე გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ,  სოფელ დვანში ჩავედით და ადგილობრივ მოსახლეობას საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთი ჩავუტანეთ.

 

სანამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში შეხვალთ, საქართველოს შს სამინისტროს წამომადგენლებს, რომლებიც ადგილზე პატრულირებენ, პირადობის მოწმობას აჩვენებთ, სოფელში ჩასვლის მიზანს გააცნობთ  და შემდეგ მათი მანქანა სოფლის ცენტრამდე გამოგყვებათ.

დვანის ცენტრად ის ადგილი მიიჩნევა, სადაც სოფლის გამგეობის შენობა მდებარეობს.  ტვირთის გადმოზიდვაში დასახმარებლად შენობისთან სოფლის  გამგებელი რამდენიმე  თანასოფლელთან ერთად დაგვხვდა.

 

გამგეობის ძალიან ძველ, პატარა შენობაში, სადაც  რამდენიმე სკამისა და ოთხი მაგიდის მეტი არაფერი დგას, ადგილობრივი მოსახლეობა გველოდა.

სოფელში  265 ოჯახი ცხოვრობს და რუსული ოკუპაცია უკლებლივ  ყველა მათგანს შეეხო.  საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო, მათ უმეტესობას საკუთარ ბაღ-ვენახში შესვლა აღარ შეუძლია და აქედან გამომდინარე არსებობის ერთადერთი საშუალებაც მოესპო. მეკარიშვილების, კორაშვილების და მახაჭაშვილების ოჯახებს კი საკუთარი სახლების საკუთარი ხელით დანგრევა მოუწიათ.

 

სოფელში გაზიფიცირება დაწყებულია,  თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზქურა მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს და  ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის  შემთხვევაშიც კი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაზით სარგებლობას ვერ შეძლებს.

რუსულ ოკუპაციასთან და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრებასთან ერთად, სოფელში  ერთ-ერთ მთავარ  პრობლემას სასმელი წყლის უქონლობა წარმოადგენს.  გარდა ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ავად გახდომის ან უბრალოდ გაციების დროსაც, დიდ პრობელემას ეჩეხებიან, რადგან მედიკამენტების ყიდვა არ შეუძლიათ.

რაც შეეხება ბავშვებს, დვანის ერთადერთი სკოლა საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.  სოფელში 283 ბავში ცხოვრობს და კომპიუტერი ყველა მათგანის ოცნებაა.

საქველმოქმედო აქცია დვანში

 

ნიკა რურუა: ”შევეცადეთ დვანის მოსახლეობისათვის აღმოგვეჩინა მოკრძალებული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი დახმარება. დვანი ორად არის გაყოფილი და ბაღ-ვენახებისა და საცხოვრებელი სახლების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. გმირული საქციელია ის, რომ მუდმივი შიშისა და ძალიან რთული საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად,  მოსახლეობა  სოფელს არ ტოვებს.  ვისურვებდი, რომ ისინი უფრო მეტად დაცულები იყვნენ -  კარგი იქნებოდა უფრო მეტი  საპოლიციო ძალის მობილიზება ადგილზე.  დვანში არის ორი ქართული პოსტი, რომლებმაც, არა მგონია ,აგრესიის შემთხვევაში  მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლონ. ამიტომ, თუ სახელმწიფოს მეტის გაკეთება არ შეუძლია,  კარგი იქნება, თუ ჩვენს თანამემამულეებს მორალურად მაინც გავამაგრებთ. 

დღეს ეს ადამიანები ძალიან დაუცველად გრძნობენ თავს და ამასთან, უკიდურეს მატერიალურ სიდუხჭირეში უწევთ ცხოვრება. გარდა ამისა,  მათი მთავარი სატკივარი ამ წუთას  არის ის, რომ ზამთარს მოუმზადებლად ხვდებიან. გაზი უმეტეს ოჯახში შეყვანილია, მაგრამ არ აქვთ გაზქურების შეძენის საშუალება. გადავწყვიტეთ, მომავალში ჩავატაროთ საქველმოქმედო აქცია და გვინდა ვთხოვოთ სპონსორებს, კერძო პირებს, ბიზნესმენებს თუ ორგანიზაციებს, რომ ერთობლივი ძალებით ყველა ოჯახს შევუძინოთ გაზქურები.  265 ოჯახისათვის გაზქურის ყიდვა არ არის რთული. იმედი მაქვს, მოიძებნება ხალხი, რომელიც შემოგვიერთდება და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ჩვენ თანამემამულეებს გავუადვილოთ ზამთრის გადატანა.”

 

საქველმოქმედო აქცია დვანშიმამუკა გამყრელიძე: ”ამ ხალხისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მატერიალური დამხარების ჩატანა, არამედ იმ შეგრძნების გაღვივება, რომ  ისინი მარტო არ არიან. ამიტომ გთხოვთ შემოგვიერთდით.” 

 

ნიკოლოზ ვაშაკიძე: ”24 ნოემბერს, საზოგადოება ”ივერიის” მიერ მობილიზებული ჰუმანიტარული დახმარება  სოფელ დვანში ჩავიტანეთ. ასეთი ღონისძიებები გვიჩვენებს, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობა. საერთოდ კონფლიქტმა და 2008 წლის მოვლენებმა არამხოლოდ ტერიტორიული თვალსაზრისით მოგვაყენა დარტყმა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები ძალიან დაზარალდნენ, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე წმინდა ეკონომკური თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მხრიდან ყველანაირი გაგებით - იქნება ეს მორალური, პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ   რასაც ვახერხებთ ერთია, მაგრამ საზოგადოება ”ივერიის” მთავარი მიზანი არის მივიზიდოთ ფართო საზოგადოების ყურადღება, რათა  უფრო მნიშვნელოვანი სახის დახმარება იქნას მობილიზებული ამ სოფლებისთვის და მაშინ ჩვენი მდგომარეობა, სახელმწიფოს სიმტკიცე განსაკუთრებით ასეთ მძიმე ზონაში,  უზრუნველყოფილი იქნება.

 

საქველმოქმედო აქცია დვანშიგრიგოლ ვაშაძე: ”მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ხალხს, რომლებიც არ მიდიან თავიანთი სოფლებიდან და ქართულ მიწას არ უტოვებენ რუს ოკუპანტებს და ეთნოფაშისტურ საოკუპაციო რეჟიმს.”     

 

საზოგადოება „ივერია“  აგრძელებს  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, სიტუაციის ადგილზე გაცნობას და მოსახლეობის დახმარებას.

ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ყოფა  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ამისთვის თქვენი დახმარება გვჭირდება.

ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს, შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს მობრძანდეთ   ”ივერიის”  ოფისში და გადმოგვცეთ  თქვენს მიერ გაღებული დახმარება -  იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები, პირადი ჰიგიენისათვის გამოსაყენებელი ნივთები, მედიკამენტები,  ტანსაცმელი თუ სხვა, რომელსაც ჩვენ  იმ ადამიანებს წავუღებთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

ყოველი თვის ბოლო კვირას შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ადგილზე გაეცნოთ სიტუაციას და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა. მათ ყველაზე მეტად სწორედ ეს სჭირდებათ.

 

შემდეგი გასვლა - სოფელი დვანი, 28 დეკემბერი.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას

 

„ივერია“

მისამართი:   ი.აბაშიძის 81

 

TEL               5  99 28 00 50 მაია ჯორჯაძე

                      5  99 87 99 87 თიკა ნიკოლაძე

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია