ღია წერილი ახალ პრემიერ მინისტრს და „პიარშჩიკების“ ლეგიონს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-11-2013, 13:25 | ბლოგები | ნანახია - 3574

ღია წერილი ახალ პრემიერ მინისტრს და „პიარშჩიკების“ ლეგიონსნათია მეგრელიშვილი

 

ბატონო პრემიერო, არ დაუჯეროთ „პიარშჩიკებს“, ისინი ოცდაათ ვერცხლად გაგყიდიან.

 

ეს არ არის ჩემი პირადი წყენით გამოწვეული საჩივარი. ჩვენს წინაშეა პრობლემა და სახიფათო თამაშები, რაც მალე გაცილებით ფართო მასშტაბებს მიაღწევს და ამის შეჩერება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

 

ალბათ გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს თქვენთან წინამდებარე ისტორიას, მაგრამ მერწმუნეთ ,მსგავსი პრობლემები თქვენს კარიერას დაამსხვრევს. თუ თქვენ გლადიატორი და გაშმაგებული ხალხის ნების აღმსრულებელი გიწოდეს, ჩვენ კი მატყუარები და ჟურნალისტები დიქტატორ პრეზიდენტზე ფილმებს გვთავაზობენ, ამას ყველაფერს 1937 წლის სუნი ასდის. მაგრამ ახლა სხვა დროა. ფბ-ზე და მობილურზე ერთი დაკლიკება და ჩვენზე ორჯერ მეტი ქართველობა მთელ მსოფლიოში გამოცოცხლდება და არა მარტო ქართველობა.

 

ალბათ გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს თქვენთან წინამდებარე ისტორიას, მაგრამ მერწმუნეთ ,მსგავსი პრობლემები თქვენს კარიერას დაამსხვრევს. თუ თქვენ გლადიატორი და გაშმაგებული ხალხის ნების აღმსრულებელი გიწოდეს, ჩვენ კი მატყუარები და ჟურნალისტები დიქტატორ პრეზიდენტზე ფილმებს გვთავაზობენ, ამას ყველაფერს 1937 წლის სუნი ასდის. მაგრამ ახლა სხვა დროა. ფბ-ზე და მობილურზე ერთი დაკლიკება და ჩვენზე ორჯერ მეტი ქართველობა მთელ მსოფლიოში გამოცოცხლდება და არა მარტო ქართველობა.

 

ნდობას ვუცხადებ თქვენს გონიერებას, ახალგაზრდობას, ალღოს და გთხოვთ, შეაჩერეთ აგრესია და დაამყარეთ მშვიდობა!

 

„თქვენ ხალხს ატყუებთ, ქალბატონო ნათია!, მატყუარა ხართ!“- გაისმა ტელეეთერში ჩემი მისამართით და გავოგნდი.

 

ღია წერილი ახალ პრემიერ მინისტრს და „პიარშჩიკების“ ლეგიონსსაქართველოში მამაკაცები ქალაჩუნებად იქცნენ. უზრუნველი ცხოვრების სურვილმა კაცობა, ღირსება, თავაზიანობა და გამოგონილი“რაინდობა“ სრულიად დაავიწყა ქართველს და მზად არის ქალსაც ნებისმიერი შეურაცხყოფა მიაყენოს, რათა მადლობა დაიმსახუროს და იამაყოს იმით, რომ კიდევ ერთი ადამიანი მიჯირყვნა (ვგიჟდები ამ სიტყვაზე).

 

 „პიარშჩიკების“ ახალი ტალღა ძალიან აგრესიული, სულსწრაფი და აღგზნებულია, მათ მუხრუჭები არ აქვთ, რაც ამ პროფესიის მქონე კაცისთვის ძალიან წამგებიანია.

 

კავკასიის ეთერში, გადაცემა “ბარიერში” ჩემი ბოლო  და  უკანასკნელი ვიზიტის დროს, სტუდიაში იმყოფებოდა ოთხი მამაკაცი და სამი ქალი. თემა იყო ბანალური და სტანდარტული - პოლიტიკა და მისი აქსესუარები. ვერ მოვასწარი საკუთარი აზრის დასრულება, როცა ჭაბუკმა „პიარტექნოლოგმა“ არჩილ გამზარდიამ (მაპატიეთ, თუ გვარი მეშლება) ცბიერი კომკავშირული სულისკვეთებით არამც თუ სიტყვა გამაწყვეტინა, არამედ ისიც იკადრა, რომ ცინიკური „ხუმრობებით“ გადაეფარა ჩემი სიტყვები. მე ვიცი, რომ უზრდელობა „დამწყები გენიოსებისათვის“ დამახასიათებელი თვისებაა და ამას ვითვალისწინებ.

 

ყმაწვილო პიარტექნოლოგო! მალე თქვენს წინ დიდი ცხოვრება გადაიშლება, ბევრი მთავრობა შეიცვლება და იმედი მაქვს, ტრადიციას არ უღალატებთ და ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლების მხარდამჭერი იქნებით. თქვენი უსახობით და უპერსონობით ყველა ხელისუფალს გამოადგებით მსახურად. თქვენი კარიერის მაქსიმუმი არის მინისტრის მრჩეველი „იაზვობის ტექნოლოგიაში“. თუმცა რატომ მიკვირს, თქვენ ხომ ახალგაზრდა ხართ და ძველების მაგალითზე იზრდებით. მამრობითი სქესის ჭაღარა და ასაკოვანი ტიპებიც კი თამამად უტევენ იმ ქალებს, ვინც მათ საამებელ აზრებს არ გამოთქვამს. როგორც ჩანს, ქართველ მამრობითებს სერიოზული არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ და თავს იმკვიდრებენ უზრდელობით.

 

აფსუს, რა დრო დადგა საქართველოში? შავი გაგების კაცებიც კი ქალის თანდასწრებით არ იგინებოდნენ, ახლა კი კაცი კაცს ვერ ეხება და ქალებზე გადმოინაცვლეს. არჩილ, თქვენ კარგი მაგალითი იქნებით შვილისთვის: „ყოჩაღ მამიკო, რა მაგარი ხარ, რომ ცუდ დეიდას ლაპარაკი არ აცადე, მით უმეტეს, თუ ეს დეიდა მატყუარაა!“ - ასე შემამკო მეორე, უფრო გლამურულმა „პიარშჩიკმა“ ვინმე სოსო გალუმაშვილმა(მგონი მისი გვარიც ვერ დავიმახსოვრე), რომელმაც თითის ქნევით მომმართა - „თქვენ ხალხს ატყუებთ!“ და მომაგონდა ჩემი ახალგაზრდობის დროის კგბ-ს მომხიბვლელი „ინსტრუქტორები“.  ე.ი. ოღონდ პოპულარულები გახდნენ, ზედა ეშელონებს თავი მოაწონონ და დახვრეტის აქტსაც მოაწერენ ხელს. ახალგაზრდობაში რომ ამას კადრულობთ, ოც წელიწადში რას ჩაიდენთ?. გასაოცარი ტყუილი თქვა ამხანაგმა სოსომ „პრეზიდენტის ინაუგურაცია იმიტომ იყო ასეთი სადა და მოკრძალებული (მე კი ვფიქრობ, რომ იყო ძალიან ელიტარულად პომპეზური და მასებზე არგათვლილი), რომ ჩვენ ვართ ძალიან ღარიბი ქვეყანა, ხალხი მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობს და სახლში ცარიელი მაცივარი აქვთ“. ეს არგუმენტი ცოტა საეჭვოა, ვინაიდან სისადავე რას დაეტყო? დეკორაციას, პუბლიკას, ძვირფას სამოსს თუ ვახშამს?

 

ვის ახსოვდა იმ დროს მეტროს მგზავრები?

 

ვითარებას ისე აპიარებენ , რომ მალე, ალბათ, შესძახებენ „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა თბილისში შეერთდით!“ არა და მთელი ქალაქი გადაჭედილია ძვირადღირებული მანქანებით, თბილისის გარშემო ფეშენებელური ვილები და პატარა სასახლეები დგას და ვის ვასულელებთ? უცხოელებს თუ აბორიგენ ღარიბებს?

 

მე მოთმინებით დაველოდები იმ დროს, სოსოს მსგავს მედროვეებს ჩემნაირი „მატყუარების“ ერთი სიტყვა და ფრაზა რომ დაგჭირდებათ დასაცავად და დაგიცავთ კიდეც დაბეჩავებულ ქართველ „ვაჟკაცებს“ იმ ბუმერანგისგან, რომელიც ჩემსკენ გამოუშვით და კანონზომიერების თეორიით ისევ უკან დაგიბრუნდებათ.

 

მსურს მივმართო პრემიერ-მინისტრის მთავარ პიარჯგუფებს. ვიცი, ეს ინციდენტი არ გამოგეპარებოდათ. გთხოვთ, ახალგაზრდა და ამბიციურ კოლეგებს აუხსნათ, რომ საქართველოში პიარი ადამიანის მხოლოდ პიროვნულ დამცირებაზე მუშაობს, დასავლეთში კი პიარტექნოლოგები ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას და თუ იუჯინ მარლოუს დავუჯერებთ, პიარმუშაკი არის სუბიექტი, რომელიც პარტნიორისა თუ მოწინააღმდეგის თვალში ყოველთვის დადებით ემოციას უნდა იწვევდეს. კონკურენციის შემთხვევაში მოგებულია ის პიარპროფი, რომელმაც ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ზეწოლით და ნეგატივით გაამარჯვებინა თავის კლიენტს. გამოცდილო პიარმუშაკებო, დაეხმარეთ ახალგაზრდებს, რომ არ ჩამოყალიბდნენ კონფორმისტებად, დამსმენებად, ჩამშვებებად, მონებად და ცინიკოსებად.

 

მარადიული არაფერია ამ ქვეყნად - არც ოცნება და არც რეალობა.

 

ახლა რაც შეეხება სტუდიაში დამსწრე მამრობით საზოგადოებას: პარიზელი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე და „ქრისტიან დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე. პირად საქმეში შეტანით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ამხანაგებს, რომ არც ერთმა არ შეიმჩნია ქალის შეურაცხყოფა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ სიმართლეს ვამბობდი (ეს ვეფხვაძეს თვალებში ეწერა), მაგრამ თქვენს კაცურ საწყისზე და ღირსებაზე ამ შემთხვევამ ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ისე სადღეგრძელოებში ყველა კაცი ქართველი ქალის არნახულ პატივისცემაზე გულ-მკერდს იგლეჯს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში, როცა ქალის დაცვის (უკაცრავად) ტრაკი არ გაქვს, იქ სამშობლო როგორ უნდა დაიცვათ???

 

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ქრისტიან -დემოკრატი. ორივე ბედკრული საქართველოს დაკომპლექსებული შვილები არიან. იმედი მაქვს, თქვენც ოდესმე დაგჭირდებათ ჩემნაირი „მატყუარას“ მხარდაჭერა და მე თქვენზე მეტ ვაჟკაცობას გამოვიჩენ და დაგიცავთ. იმიტომ, რომ მშიშარა არც ვყოფილვარ, არც ვარ და არც ვიქნები.

 

ასევე  მსურს შევეხმიანო გადაცემის ავტორს და წამყვანს  ნინო ჯანგირაშვილს. ნორმალურ, კულტურულ ქვეყნებში, როცა გადაცემიდან სტუმარი დამცირებული მიდის, წამყვანი სწრაფ რეჟიმში აგვარებს კონფლიქტს, შეფუთავს უხერხულობას და როგორც მასპინძელი, ორ წუთს უთმობს სიტუაციის განმუხტვას. თუ წამყვანი სტუმარს „ბრძოლის ველზე“ მარტო დატოვებს და საკუთარ ძალას არ აამოქმედებს, მეორე დღეს მთელი პრესა იზრუნებს იმაზე, რომ ტელეარხის რეიტინგი დაეცეს და რეკლამის დამკვეთების რიცხვმაც იკლოს (ამ პროცესს აკონტროლებს მედიის მარეგულირებელი დეპარტამენტი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები), რასაც შედეგად მოჰყვება ან ჟურნალისტის უვადო შვებულება, ან გადაცემის დახურვა ან ავტორის დისკვალიფიკაცია. იქნებ ესეც ტყუილია? მაშინ შეამოწმეთ სუპერ ტელევიზიების სასწავლო სტუდიების ლექცია-სემინარები და თავად დარწმუნდებით, რომ ჟურნალისტიკა საკმაოდ რთული პროფესიაა.

 

მინდა მადლობა გითხრათ, რომ არც კი შეწუხდით მომხდარი ინციდენტით და სიცილ-ხარხარით გააგრძელეთ გადაცემა. ბრავო. გისურვებთ, რომ თქვენს გადაცემაზე, სადაც მხოლოდ მართალნი და სპეტაკი ადამიანები იკრიბებიან, ჩემნაირი „მატყუარები“ აღარ გაჭაჭანდნენ.

 

განსაკუთრებით ეფექტური იყო გადაცემის ის ნაწილი, როცა პარიზელმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს უწოდა გლადიატორი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ხალხის დაკვეთას ასრულებდა და იმიტომ იყო ასეთი აგრესიული. ეს აბსურდი არავის გაუპროტესტებია, პირიქით - მოეწონათ კიდეც. ეტყობა რომანტიკოს ქართველებს გლადიატორი კეისარი ან რომაელი სენატორი ჰგონიათ, მინდა ბ-ნ პრემიერს ვუთხრა, რომ ეს შედარება თქვენთვის კომპლიმენტი არ არის, ვინაიდან გლადიატორი არის მონა, რომელიც კოლიზეუმის მანეჟზე პატრიციების და ხალხის დაკვეთას ასრულებდა და ემსახურებოდა სიკვდილს. ხალხს სისხლი სწყუროდა და გლადიატორი თავის ნების საწინააღმდეგოდ ან სხვას კლავდა, ან თავად კვდებოდა. მოგწონთ ასეთი როლი?

 

მე, მართალია, „მატყუარა“, მაგრამ ამჯერად გულწრფელი ვარ. მიანიშნეთ ყველა გულანთებულ და ენაკვიმატ „პიარშჩიკს“, რომ გაუფრთხილდნენ თქვენს რეპუტაციას და მსგავსი სიბრიყვე აღარ ჩაიდინონ, თორემ ეს ძალიან დასცემს თქვენს იმიჯს! ნუ მოგხიბლავთ რასელ ქროუს გმირი. ის კინოა, კიიინოო. . . . . სინამდვილე კი გაცილებით მწარე იყო.

 

ახლა დავუბრუნდები იმ ტყუილებს, რომელმაც ასე ააღელვა პიარტექნოლოგების ცნობიერების ნაკადი. ყველა რეფორმა, რომელიც დღეს აქტუალურია: დაზღვევა, პენსიები, განათლება, პოლიცია თუ ჯარი, დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. აი, ეს იყო ჩემი ტყუილი. თუმცა კიდევ უფრო ადრე, 90-იანი წლების დასასრულს შეინიშნა ზურაბ ჟვანიას გუნდის აქტივობა და რამდენიმე წარმატებული პროექტიც განხორციელდა. ჟვანიას მაშინდელი ოპოზიცია ახლა ხელისუფლებაშია, არადა როგორ ლანძღავდნენ, აგინებდნენ და ახლა მისი მკვლელობის გამოძიებას ითხოვს ის ხალხი, ვინც სიტყვით ასჯერ მაინც მოკლა ის კაცი. . . ამას ვიდეომასალებიც მოწმობს და პუბლიკაციებიც, მაგრამ ის ძლიერი პიროვნება იყო და გაუძლო შურიანების შემოსევას. ისიც კი იკადრეს, რომ კომპრომატად სომხობა დააბრალეს (ახლანდელმა დეპუტატებმაც). ჟვანიამ ძალიან თამამად უპასუხა, რომ ნამდვილად ჰყავს დედა სომეხი, მერე რა?. . . . და ყველამ ხმა ჩაიწყვიტა. მე თუ ხალხს ვატყუებ, ამ ადამიანებს რაღა ჰქვიათ?

 

ბელეტრისტიკამ ჩამითრია, მაგრამ ვუბრუნდები ძირითად სათქმელს: საააკაშვილის ხელისუფლების დროს რეფორმები ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა. მსოფლიოსთვის სრულიად უცხო ქვეყანა სუვერენულ, განვითარებად და პერსპექტიულ სახელმწიფოდ გადავიქეცით, მაგრამ ახალი ხელისუფლება ამას არ აღიარებს და შავი პიარით ცდილობს „მასების თვითშეგნების ამაღლებას“ - მაგალითად: “ჩვენ გადავარჩინეთ ჭაობში ჩაძირული საქართველო და დავიხსენით სისხლისმსმელი დიქტატორისგან“(თუ სააკაშვილი დიქტატორი იყო, დემოკრატიული არჩევნებით როგორ წავიდა ხელისუფლებიდან?).

 

ე.ი. თქვენს სამინისტროებში რომ შებრძანდით, იქ დაგხვდათ ჭაობი, სიბინძურე, შმორის სუნი და ერთ წელიწადში ყველა სახელმწიფო სამსახურის შენობა გააწკრიალეთ და გააფითქინეთ თავის ინფრასტრუქტურიანად? ჯარში სამხედროებს ფეხსაცმელი და შარვალი არ ეცვათ, შიმშილით იხოცებოდნენ და ამ ერთ წელიწადში კიდეც დააპურეთ, გამოპრანჭეთ, შეაიარაღეთ და გაწრთვენით კიდეც? ათი ათასობით მოქალაქემ დაზღვევით ოპერაციები ამ ერთ წელიწადში გაიკეთა? პოლიცია დემორალიზებული, გაჭირვებული და უსახლკარო რომ დაგხვდათ, ამ ერთ წელიწადში წამოჭიმეთ მათი ოფისები, აღჭურვეთ და გადაამზადეთ ამდენი პოლიციელი? საგანმანათლებლო სისტემაში მხოლოდ ამ ზაფხულს მოხდა სტუდენტების პროტექციის გარეშე უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა? ეროვნული გამოცდებიც თქვენ მოიფიქრეთ? 18 ლარიანი ხელფასები და 12 ლარიანი პენსიები თქვენ გაზარდეთ ამ ერთ წელიწადში?

 

 ბ-ნო ირაკლი, მე ვარ მატყუარა? ვიცი რომ ხმამაღლა ვერ დამეთანხმებით (მეც მიყვარს მეგობრების ერთგულება), მაგრამ გულის სიღრმეში ხომ იცით, რომ მართალი ვარ?

 

სოსო ტექნოლოგს კი ცოტას კიდევ მივჯირყვნი: ნაციონალების დატოვებული “მოსკვიჩებიდან” “ჯიპებზე” ასე მალე როგორ გადასკუპდით? აჭარიდან მაფიოზური კლანი გაგიძევებიათ და ჩოლოხის საზღვარიც გაგიხსნიათ, სამცხე-ჯავახეთშიც ქართული სკოლები მოგიმრავლებიათ და ათობით თბილისელი მასწავლებელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იქ დაგისაქმებიათ და ახალქალაქში, სადაც ქართულად არავინ ლაპარაკობდა და რუსულ რუბლზე ვაჭრობდნენ, ახლა ლარიც ჩაგიტანიათ და ქართული სალამიც გისწავლებიათ. და ყველაფერი ეს ამ ერთ წელიწადში მოასწარით? . ისე, ის რაბათის ციხე, დასუფთავებული მცხეთა და თბილისი მაინც და მაინც არ მოგვწონს, ჯობდა პლეხანოვი ისევ ტალახისფერი ყოფილიყო და ციხეც დანგრეული, ნაგავთან ჩვენი იდენტიფიცირება უფრო ადვილია, ვიდრე ესთეტიკასთან.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ამ ერთ წელიწადში „არნახული რეფორმები ჩატარდა“ და მეც ვეთანხმები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა 17 მაისის  სპექტაკლი, „ქართველი არწივები“, რომლებიც რუსულ მავთულხლართებთან არც გამოჩენილან და მხოლოდ საყურეებიან ბიჭებს დაესიენ. მართლა არნახული პატრიოტიზმით განმსჭვალული სანახაობა იყო. მსახიობებმა მალე უფლებადამცველების როლიც მოირგეს და თბილისს თითი დაუქნიეს, მაგრამ…

„ვაი, რომ ძალინ შაცდები

ხელს თუ გამამკრავ მხარზედა,

ჩემ სოფლად არ დაგინახო,

თორომ შარდს გასხმევ თავზედა…“

 

ამ ქვეყნად ყველაფერი ცვალებადი და წარმავალია და არასდროს  უნდა მოიქცე ისე, რომ საკუთარი განსაცდელის ჟამს ხალხს თვალი ვერ გაუსწორო. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ვა-ბანკზე მიდის.

 

ბ-ნო პრემიერო, თუ დაიჯერებთ, რომ გლადიატორი ხართ, მაშინ საპარლამენტო ოპოზიციაში საკმაოდ საშიში მეტოქეები გეყოლებათ. ისინი ძალიან გამოცდილები და ძველები არიან. არ შეგაცდინონ „პიარშჩიკებმა“ და აგრესიით  არ დაუპირისპირდეთ თქვენზე ძლიერს. დაუჯერეთ შოთა რუსთაველს, რომ ენა ტკბილად მოუბარი გველსაც კი ამოაძვრენს ხვრელიდან.

 

პიარი საქართველოში შურისძიების იარაღად იქცა. ისტორიულად კი ის არის წარმატების, დამარცხების და გამარჯვების შემადგენელი ნაწილი. ანტიკურ ეპოქაში მას მიმართავდნენ განსწავლული ადამიანები და დიდი ორატორული ნიჭით მართავდნენ სახელმწიფოებს. შავი პიარიც ძველი დროიდან მოდის და სწორედ მისი მსხვერპლი აღმოჩნდა იულიუს კეისარი, რომელიც  ისეთმა დიდებულმა პიარტექნოლოგმა გასწირა, როგორიც ციცერონი იყო.

 

ჩვენი „პიარშჩიკები“ კი ჭორიკანა ქალებივით სიტყვათამაშობენ და ამით კვებავენ მართლა მშიერ და საცოდავ ხალხს. აბა, მდიდარი და წარმატებული თქვენც გიღიმით, შევარდნაძესაც უღიმოდა და სააკაშვილსაც და ასევე გაუღიმებს მომავალ მთავრობასაც. ისინი მართლები არიან, არავის სურს ხელისუფლების გადამტერება და ყველა უფრთხილდება საკუთარ სიმშვიდეს.

 

პრობლემა ის არის, რომ უბრალო ადამიანისათვის არ მოიძებნა ამ ქვეყანაში ოაზისი.ისინი მხოლოდ არსებობენ, თუმცა არსებობა სიცოცხლის ფორმაა, შინაარსი კი ცხოვრებაა, რომელიც მათ არ აქვთ. აღარც სიყვარულია, აღარც სიხარული და აღარც ოცნება.

 

ჩვენ ის ცოცხალი არსებები ვართ, ვის წინააღმდეგაც დაგეშილი ჰყავთ გლადიატორები, რომლებიც არც ცხოვრობენ და არც არსებობენ.

 

ისინი სიკვდილის შვილები არიან.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია