მამუკა კუდავა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-11-2013, 19:00 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1147

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, ინტერნეტგამოცემა "ივერიის" დამფუძნებელი მამუკა კუდავა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლამდე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
როგორც მამუკა კუდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვილნიუსის სამიტზე, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხების პარაფირებას მოახდენს. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებაზე საუბარი და მოლაპარაკებები რამდენიმე წელია დაწყებულია.
კუდავას განმარტებით, 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდეგ ევროკავშირმა ევროკომისიის სახით გადაწყვიტა განსაკუთრებული და სპეციალური პარტნიორობა შეეთავაზებინა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შენადგენლობაში და ესაზღვრებიან რუსეთს.
როგორც მამუკა კუდავამ აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება სავარაუდოდ ძალაში შევა დაახლოებით წელიწადნახევარ-ორ წელიწადში. მისი განმარტებით, 29 ნოემბერს პარაფირებული იქნება ტექსტი. მომავალი წლის შემოდგომამდე მოხდება ხელმოწერა და შემდგომ დაიწყება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ შეთანხმების რატიფიკაცია, რაც კუდავას შეფასებით, დროს მოითხოვს.
"ეს პერიოდი იქნება საკმაოდ დაძაბული ჩვენთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოინდომებს რუსეთი განახორციელოს ისეთი წნეხი ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მას გადაახვევინოს ევროპული ინტეგრაციის გზისგან არამარტო საქართველოს, არამედ მოლდოვას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის იზრდება საფრთხეები. ეს შეიძლება იყოს ზეწოლა, როგორც განხორციელდა უკრაინის და მოლდოვის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენს წინააღმდეგ მათი ბერკეტები უფრო შეზღუდულია, რადგან ჩვენ გაცილებით ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსულ ბაზარზე", - განაცხადა მამუკა კუდავამ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე საშიში კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემატიკა და ზეწოლაა. როგორც საფრანგეთში ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და კარგად ჰქონდეს გათვლილი თითოეული ნაბიჯი, რადგან არ წამოეგოს პროვოკაციას. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შიდა სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, რაშიც პოლიტიკური ქაოსის თავიდან აცილება და ეკონომიკის მიმართულებით სერიოზული მუშაობა იგულისხმება. 

 

ინტერპრესნიუსი

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია