რატომ სჭირდება საქართველოს კავკასიური პოლიტიკა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-11-2013, 19:01 | პოლიტიკა | ნანახია - 3872

დავით ბატაშვილი

 

ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ჩრდილოკავკასიელ მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოსთვის ეს რეგიონი ხან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენდა და ხან საფრთხეების წყაროს, თუმცა ორივე შემთხვევაში დიდ გავლენას ახდენდა ქვეყნის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე. ამის ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითი მოიპოვება ყველა ისტორიულ ეპოქაში, მათ შორის თანამედროვე პერიოდშიც. გეოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, ეს გარდაუვალიც არის. კარგი თუ ცუდი, მაგრამ საერთო საზღვრის და ერთ რეგიონში ცხოვრების ფაქტიდან გამომდინარე, რაღაც სახის ურთიერთობა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის აუცილებლად იარსებებს.

 

რუსული მმართველობის პერიოდში ქართული სახელმწიფოს არარსებობის გამო, საქართველოს არ გააჩნდა საკუთარი პოლიტიკა არც ერთ საკითხში, მაგრამ როგორც კი მან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ბუნებრივად, კვლავ აქტუალური გახდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობა. ეს ასე იყო 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის დროსაც, როდესაც საქართველო ცდილობდა ამ ურთიერთობების განვითარებას. მეორე რესპუბლიკის პერიოდში ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის მნიშვნელობა მალევე ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს,  ამ ხალხების ზოგი წარმომადგენელი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ამ ტრაგიკულმა მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ კავშირებს მეზობელ ერებთან და მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად, ბოლო წლებამდე ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის რაიმე პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნდა.

 

2009 წლის შემდეგ გამოჩნდა ასეთი პოლიტიკის ჩამოყალიბების გარკვეული ნიშნები.  საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი, საქართველომ აღიარა 1860-იანი წლების ჩერქეზთა გენოციდი, შემოღებულ იქნა უვიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიელებისთვის (რომელიც შემდგომში რუსეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდა). პრეზიდენტმა სააკაშვილმა, არაერთხელ, საჯაროდ განაცხადა კავკასიელ ხალხებს შორის ახლო ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ, ხოლო 2012 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“. ამავე დროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა ჩრდილოკავკასიელი სტუდენტებისთვის, გახშირდა ჩრდილოკავკასიელ საზოგადო მოღვაწეთა ვიზიტები საქართველოში, ჩატარდა კონფერენციები ჩრდილოკავკასიელი და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით, ზაფხულობით ჩრდილოეთ კავკასიიდან დასასვენებლად ჩამოდიოდნენ ბავშვების და ახალგაზრდების ჯგუფები.

 

ყოველივე ეს ხელს უწყობდა ჰუმანიტარული, სოციალურ-კულტურული, ადამიანური კავშირების განვითარებას საქართველოს მოქალაქეებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის. რა თქმა უნდა, ეს იყო მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენდა. თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული პროცესები პრაქტიკულად გაჩერებულია. ეს კი ძალიან სამწუხაროა, რადგან კარგი ურთიერთობა ჩრდილოკავკასიელებსა და ქართველებს შორის აუცილებელია იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები ჩრდილოეთ კავკასიაში.

 

ფაქტია, რომ დღეს ეს რეგიონი კრიზისულ ვითარებაშია. დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი პარტიზანული და დივერსიული ომის სახით. მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში მეფობს კორუფცია და ირღვევა ადამიანის უფლებები, რაც, ცხადია, იწვევს მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას არსებული ვითარებით. დაძაბულია ეთნიკური ურთიერთობები როგორც ზოგ კავკასიელ ერებს შორის, ასევე მათსა და ეთნიკურ რუსებს შორის. ეს თავს იჩენს ჩრდილოეთ კავკასიაშიც, საიდანაც მიმდინარეობს (და დიდწილად უკვე მოხდა) რუსული მოსახლეობის გადინება, და დანარჩენ რუსეთშიც, სადაც ეთნიკური რუსების დამოკიდებულება კავკასიელების მიმართ, ხშირ შემთხვევაში ძალიან უარყოფითია. ცენტრალური რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, ბოლო წლებში უკვე ყოფილა ანტიკავკასიური პოგრომების შემთხვევები და სავარაუდოდ, ამას მომავალშიც ექნება ადგილი. შეიარაღებული კონფლიქტი, ხელისუფალთა კორუმპირებულობა, ეთნიკური შუღლი - ჯამში ეს ყველაფერი ქმნის ვითარების შემდგომი გაუარესების წინაპირობას. მით უმეტეს ისეთ მომენტში, როდესაც მთლიანად რუსეთის ფედერაციაში მოხდება ეკონომიკური და/ან პოლიტიკური კრიზისი.

 

ამ მძიმე რეალობის გათვალისწინებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩრდილოეთ კავკასიაში მოვლენათა განვითარების ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს. რუსეთის სახელმწიფო ან შეძლებს ამ რეგიონზე სტაბილური კონტროლის შენარჩუნებას, ან ვერა.

 

ორივე შემთხვევაში საქართველოს აუცილებლად სჭირდება ურთიერთობები ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან. თუ რუსეთი გააგრძელებს სტაბილურ კონტროლს ამ რეგიონზე, ანუ დაახლოებით შენარჩუნდება დღევანდელი ვითარება, ეს ურთიერთობები კრემლისთვის უფრო რთულს გახდის საქართველოს დაპირისპირებას კავკასიელ ხალხებთან, როგორც მან ეს 1992-1993 წლებში ნაწილობრივ მოახერხა და შესაძლოა მომავალშიც სცადოს. ხოლო თუ რუსეთი სტაბილურ კონტროლს ვერ შეინარჩუნებს, ქართულ-კავკასიური ურთიერთობების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნება ძალიან რთული ვითარება, რომელიც აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თავს იჩენს და აქტუალური გახდება ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ამჟამად ზედაპირზე არ ჩანს. ასეთ პირობებში, საქართველოსთვის რთული იქნება ამ ვითარების წარმატებული მენეჯმენტი, თუკი დღეს ჩვენ არ შევქმნით საფუძველს ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან პოზიტიური ურთიერთობებისთვის.

 

ცხადია, ამჟამად, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 18% და სერიოზული საფრთხეები დანარჩენ ქვეყანასაც ემუქრება, ისეთი საკითხი, როგორიცაა კავშირები ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის, ვერ ჩაითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად, მაგრამ ვითარების ცვლილებასთან ერთად, ის შეიძლება მოულოდნელად გახდეს ძალზედ აქტუალური. იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ასეთი მომენტისთვის, საჭიროა ამაზე ზრუნვა ახლა დავიწყოთ. 

 

ისტორიის მანძილზე, პოლიტიკური გეოგრაფია საქართველოს გარშემო მუდამ იცვლებოდა. სახელმწიფოები, რომლებიც იყვნენ ჩვენი მეზობლები ერთ საუკუნეში, აღარ იყვნენ მეორეში. თუმცა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები ამ თვალსაზრისით მუდმივი ფაქტორია. ისინი ყოველთვის იცხოვრებენ ჩვენს მეზობლად, თანაც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის მთელ სიგრძეზე. ამიტომ, ჩვენი ურთიერთობა ამ ხალხებთან გარდაუვლად მოახდენს გავლენას საქართველოს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე, რის გამოც შესაბამის ყურადღებას საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია