უკრაინა ისტორიის გზასაყარზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-12-2013, 00:07 | კომენტარები | ნანახია - 2214

უკრაინა ისტორიის გზასაყარზერაულ ჩილაჩავა

 

ვიქტორ იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. არაფერი უჩვეულო და მოულოდნელი არ მომხდარა, რადგან თითქმის ყველამ იცოდა, რომ მისი წარსულის, მენტალიტეტის, განათლებისა და აზროვნების კაცი ასეთ გაბედულ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. მართალია, უკრაინაშიც და ევროპაშიც ბევრს ჰქონდა სასწაულის იმედი, ხოლო ყველაზე გამოუსწორებელ ევროოპტიმისტებს მიაჩნდათ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის (იგულისხმეთ: პრეზიდენტის!) გადაწყვეტილება ასოციაციის წევრობაზე ხელმოწერის დროებით შეჩერების შესახებ ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური თამაში იყო, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდებოდა. სასწაული არ მოხდა: ხელშეკრულები ათასგვერდიანი ტექსტი, რომლის შედგენაზე მრავალი სპეციალისტი თვეების მანძილზე მუშაობდა, მოლაპარაკებათა მაგიდაზე ხელუხლებელი დარჩა. პრეზიდენტის “პარკერი” ვერ იქცა სამუზეუმო ექსპონატად. ვერც იქცეოდა, რადგან საამისო წანამძღვრები არ არსებობდა. როცა სამი წლის წინათ ვ. იანუკოვიჩი უზენაეს რადაში ინაგურაციაზე წითელი ხალიჩით შედიოდა, მუხის უზარმაზარი კარები ცხვირწინ კინაღამ მიეხურა. მერე იყო და დერეფანში ალოდინეს, სანამ სპიკერი სიტყვას დაამთავრებდა. ინაგურაციის წინა დღეს კი დნეპრის სანაპიროზე კიევის დამაარსებელთა ძეგლი ჩამოინგრა. ახალმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობა დედაქალაქის სიმბოლოს ნგრევის ფონზე დაიწყო. სულ მალე კი თვითონაც შეუდგა ნგრევას. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში მან გააუქმა თითქმის ყველა კომისია თუ საზოგადოებრივი საბჭო, რომლებიც ვიქტორ იუშჩენკოს მმართველობის წლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად შეიქმნა. Aარადა, სწორედ ამას მიელტვოდა კრემლი, ამიტომ მტრობდა “ნარინჯოვან” ხელისუფლებას, რომელიც ვერ გადაიბირა ვერც მოფერებით, ვერც მუქარით. იანუკოვიჩმა ელვის სისწრაფით გადააკეთა კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები, რომლის თანახმადაც უკრაინა იუშჩენკო-ტიმოშენკოს შემდეგ კვლავ საპრეზიდენტო ქვეყანა გახდა. მან პარლამენტში შექმნა საკუთარი უმრავლესობა, ფრთები შეაკვეცა ოპოზიციას, შეცვალა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსი და პრაქტიკულად გაიფორმა მონარქის უფლებები, რომლის მსგავსი არ დასიზმრებია არც ერთ მის წინამორბედს. იანუკოვიჩის ქალაქგარე რეზიდენციასთან, რომელიც დნეპრის განაპირა ფერწერულ ზონაშია და მოიცავს რამდენიმე ფეშენებელურ სასახლეს, გოლფის სათამაშო მოედანს, დამხმარე ნაგებობებსა და ასობით ჰექტარ სანადირო ტყეს, ვერ მოვა ვერც ერთი კემპ-დევიდი თუ რამბუიე. ცხადია, ევროპა ყოველივე ამას ხედავდა, მაგრამ რუსეთის მტაცებლური პოლიტიკის შემხედვარეს არც უკრაინა ეთმობოდა, ამიტომ აგრძელებდა იანუკოვიჩთან დიალოგს. მათ შორის შავმა კატამ პირველად მაშინ გაირბინა, როცა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მთავარი ოპოზიციონერი იულია ტიმოშენკო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს სულ რაღაც სამი პროცენტით ჩამორჩა, საკმაოდ არადამაჯერებელი ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სრულიად მიუღებელი ეს შემთხვევა მაშინვე მოინათლა შერჩევით მართლმსაჯულებად და მისი აღმოფხვრა იქცა ასოციაციის გაფორმების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად. იანუკოვიჩი ორი წლის მანძილზე განუწყვეტლივ ჰპირდებოდა ევროპელ ლიდერებს, რომ კანონიერი გზებით მოაგვარებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პრობლემას, თუმცა იმთავითვე ჩანდა, რომ იგი სიტყვის კაცი არ იყო. ტიმოშენკოს დასახსნელად ბრიუსელმა შექმნა ე.წ. “კოკს-კვასნევსკის” მისია, რომელიც 27-ჯერ ჩამოვიდა კიევსა და ხარკოვში, მოინახულა ავადმყოფი ტუსაღი, შეხვდა პრეზიდენტს, უზენაესი რადის სპიკერს, დეპუტატებს, რომლებიც თითქოს არანაკლებ შეწუხებული იყვნენ ოპოზიციონერი ქალბატონის ბედით. თითქოს ასეც ჩანდა მანამდე, სანამ პარლამენტში რეგიონების პარტიამ და კომუნისტებმა ანუ უმრავლესობამ არ ჩააგდო ექვსივე კანონპროექტი, რომელიც მსჯავრდადებულთა საზღვარგარეთ მკურნალობას ეხებოდა და უპირველესად ტიმოშენკოს გერმანიაში სამკურნალოდ გაზავნას გულისხმობდა. 2013 წლის 17 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად მოიწონა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პროექტი, ხოლო პრეზიდენტმა უზენაეს რადაში რეგიონების სახელით ცნობილი თავისი ჯიბის პარტიის წარმომადგენლები შეკრიბა და საჯაროდ გამოაცხადა: ვინც ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, ადგეს და გავიდესო. ადგილიდან არავინ დაძრულა. ეს შეკრება საზოგადოებისთვის იქცა სიგნალად, რომ პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამიერიდან მთავარი საფრთხე მოდის არა მისგან, არამედ ბრიუსელისგან, რომელმაც იულია ტიმოშენკოს გამო შესაძლოა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს. ”კოკს-კვასნევსკის” მისიის კრახიდან სულ მალე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა მთავრობის გადაწყვეტილება ასოცირების შეჩერებაზე. სანკტ-პეტერბურგიდან ეს-ეს დაბრუნებულმა პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა უცებ გვამცნო: შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო მზად არა ვართ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერადო და ხელმოწერის ფასიც იქვე დაასახელა – 160 მილიარდი ევრო. თურმე ეს თანხაა საჭირო ასოციაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმის გასატარებლად. მართალია, ვერავინ გაიგო, რაზე უნდა დაიხარჯოს ეს ასტრონომიული თანხა, მით უმეტეს, როცა თვალწინაა მეზობელი პოლონეთი, რომელმაც მსგავსი მიზნებისთვის 13 წლის მანძილზე ევროკავშირისგან მხოლოდ 5 მილიარდი დოლარი მიიღო. იმ დღეს ასოცირების შეჩერების უფრო რეალური და დამაჯერებელი მიზეზიც გახმოვანდა. ეს გახლავთ რუსეთის მიერ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების სრული ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუკი ოფიციალური კიევი პირს საბოლოოდ ბრიუსელისკენ იზამს. მუქარას წინ უძღოდა რუსეთის აწ უკვე ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს ყბადაღებული “სასურსათო ომები” (დონეცკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სხვათაშორის), რომლებიც გაცილებით ადრე საქართველომაც გამოსცადა. პრემიერმა და პრეზიდენტმა დაასახელეს ის კატასტროფული შედეგები, რაც რუსეთის მუქარის შესრულებას შეიძლება მოჰყვეს უკრაინის მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობისთვის. მართალია, მათ არც აქ უხსენებიათ პოლონეთის მაგალითი, რომელმაც თავისი ევროპული ორიენტაციის სანაცვლოდ უარი თქვა რუსეთისა და ოდინდელი ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში შემავალი ქვეყნების ბაზრებზე, წელებზე ფეხი შემოიდგა, გაუძლო ლეშეკ ბალცეროვიცის “შოკურ თერაპიას” და რამდენიმე წელიწადში ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ იქცა. თავის დროზე ასევე დაკარგეს ბალტიის ქვეყნებმაც რუსეთის ბაზარი, რომელზეც მთლიანად იყვნენ მიბმული. ლატვიაში დაიხურა საბჭოთა კავშირში ცნობილი ქარხნები “ვეფი”, ‘რაფი”, ‘რადიოტექნიკა” და სხვა. რუსეთი განუწყვეტლივ აშანტაჟებდა მათაც, მაგრამ ხალხისა და სახელმწიფოს ლიდერების ნება უძლეველი აღმოჩნდა. მაშ, რა მოუვიდა 45 მილიონიან უკრაინას, რომელსაც აქვს განვითარებული მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ფლობს მსოფლიო შავმიწების 36 პროცენტს და უკვე დღეს შეუძლია ხორბლით მოამარაგოს ევროკავშირის მოსახლეობის ნახევარზე მეტი? დამოუკიდებლობის 22 წლის მანძილზე რატომ არ მოიძებნა ახალი ბაზრები, არ მოხდა ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია, არ ჩატარდა სამრეწველო ობიექტების მოდერნიზაცია და ა.შ. რატომ ელაგა ამდენი წლის მანძილზე ყველა კვერცხი ერთ კალათაში და არაფერი გაკეთდა მათ გადასარჩენად? რატომ არის დღეს ქვეყანაში ეკონომიკის ნულოვანი ზრდა, ორ მილიონამდე უმუშევარი და კიდევ შვიდი მილიონი საშოვარზე საზღვარგარეთ წასული? რატომ აძლევდა პრეზიდენტი ცრუ დაპირებებს საკუთარ ხალხსა და ევროპელ ლიდერებს, რომ უკრაინა ევროპული კურსის ერთგულია, რომ ამ გზას ალტერნატივა არა აქვს? ნუთუ მხოლოდ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი რუსეთის სიმუხთლე ან ის, რომ უკრაინის ევროპული არჩევანის საფასური 160 მილიარდი ევროა? ბოლოს და ბოლოს ვინ არის დამნაშავე ქვეყნის უსუსურობაში: ევროკავშირი, რუსეთი თუ თავად დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მილიარდერებისგან შედგება და კვლავაც უსინდისოდ აგრძელებს საკუთარი ხალხის ყვლეფას? ეს ის კითხვებია, რომლებსაც შინ თუ გარეთ უსვამენ პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომლის წინასაარჩევნო სლოგანი, სხვათაშორის, ასე ჟღერდა: “მოვუსმენ ყველას”. ის კი ბევრ სხვა დაპირებასთან ერთად არც ამ დაპირებას ასრულებს, მხოლოდ გაზეპირებულივით იმეორებს, ევროკავშირი ჩვენი არჩევანია, მაგრამ ფული გვჭირდებაო (როგორც ირკვევა, ამ არჩევანზე უარის თქმისთვის ვლადიმერ პუტინი ვიქტორ იანუკოვიჩს 17 მილიარდ დოლარს და 2015 წლის არჩევნებზე მხარდაჭერას დაპირებია. ხალხში უკვე ხუმრობენ, ასეთ შედარებით მცირე თანხაზე იმიტომ დათანხმდა, ათს ჯიბეში ჩაიდებს და შვიდს არჩევნებისთვის დახარჯავსო). იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირს ხუთი პირობა წამოუყენა, რომლის შესრულების შემთხვევაში მზადაა ასოციაციას ხელი მოაწეროს. უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს მაკროფინანსური დახმარებისთვის რესურსების გამოყოფას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეალურ მხარდაჭერას, უკრაინის ცალკეული საექსპორტო პროდუქციისთვის ჯერ კიდევ შარშან შემოღებული შეზღუდვების გადახედვას, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციაში ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას, რუსეთის ფედერაციასთან და საბაჟო კავშირის ქვეყნებთან აჟამად არსებული რთული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გადასაჭრელად ერთობლივად შემუშავებულ გეგმას. მოთხოვნის არსი კი მაინც ცნობილი პერსონაჟის მოკლე ფრაზით შეიძლება გამოიხატოს: ”დილით ფული – საღამოს სკამები!” ანუ – ჯერ ფული – მერე რეფორმები! ხოლო თუ როგორ რეფორმებს გაატარებს ხელშეკრულების გაუფორმებლად “დემოკრატი” ვიქტორ იანუკოვიჩი, ბრიუსელში, ვფიქრობ, კარგად წარმოუდგენიათ.

თუ თვალს გადავალებთ უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობათა ისტორიას, ადვილად შევნიშნავთ, რომ ყველა იმ საკითხის გადასაჭრელად, რომლებიც თურმე ხელს უშლიან ასოცირებას, საკმაო დრო და შესაძლებლობა არსებობდა. უკრაინამ ევროკავშირთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულება ხომ თითქმის ოცი წლის წინათ, 1994 წელს გააფორმა! 4 წლის შემდეგ იგი ძალაში შევიდა და მოქმედებდა 2008 წლამდე, ვიდრე მას არ ჩაენაცვლა ე.წ. “აღმოსავლური პარტნიორობის” დოკუმენტი, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციური წევრობა იყო, რაც მთელი რიგი რეფორმების გატარებას ითვალისწინებდა. ამ რეფორმების ძირითადი პრიორიტეტი უნდა გამხდარიყო დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, მართვის სისტემის დახვეწა, ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკასთან ინტეგრაცია და კონვერგენცია, მათ შორის თავისუფალი სავიზო რეჟიმისა სავაჭრო ზონის შექმნა; ენერგეტიკული უსაფრთხოება, ვაჭრობის ლიბერალიზაცია და ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან. სამი წლის წინათ, 2010 წლის ასევე ნოემბრის სამიტზე, ხელი მოეწერა უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ოქმს, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორობასა და თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამებში. 2012 წლის მარტში კი პარაფირებულ იქნა ხელშეკრულება ასოციაციის შესახებ. 

უკრაინის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს უჭერს (მათი რიცხვი ბილო სოციოლოგიური გამოკვლევებით 58 % იყო, მაგრამ სამიტისა და ევრომოედნების შემდეგ სავარაუდებელია, რომ ეს ციფრი გაიზარდა), მიაჩნდა და მიაჩნია, რომ უკვე ასოცირების შემთხვევაშიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდება იაფფასიანი ევროპროდუქციის ფართო ასორტიმენტი. მკაცრი ევროსტანდარტების პირობებში ასევე გაუმჯობესდება სამამულო პროდუქციის ხარისხი. უკრაინის საფინანსო ბაზარზე გამოჩნდება დასავლური ბანკები, სადაც სამომავლოდ შესაძლებელი გახდება დაბალპროცენტიანი სესხების აღება. უკეთესად იქნება დაცული მომხმარებელთა უფლებები, გაუმჯობესდება შრომის პირობები, ეკოლოგიური სიტუაცია, განივრცობა ლეგალური უკრაინელი მუშახელის უფლებები ევროკავშირის ქვეყნებში. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოხდება კორუფციის ჭაობში ჩაფლული პროკურატურისა და სამართლო ორგანოების რეფორმირება, დამკვიდრდება სიტყვის ნამდვილი თავისუფლება. მართალია, ამ სასიკეთო მოლოდინს ერთგვარი შიშიც ახლავს, რადგან ევროკავშირთან ასოცირებას შეიძლება მოჰყვეს საწარმოების დახურვა, მასობრივი უმუშევრობა, პრაქტიკულად ყველა საქონელზე საბაჟო გადასახადების დაწევა, ევროსაქონლის იმპორტის გაზრდა, ხოლო უკრაინული პროდუქციის ევრობაზარზე გასვლის კვოტებით მკაცრად შეზღუდვა. ყველაზე დიდი შიშს კი იწვევს ის, რომ პუტინი გააუქმებს შეღავათებს უკრაინელი მუშებისთვის და გაამკაცრებს საბაჟო პროცედურებს (თუმცა აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ამჟამად კრემლმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ იგი მტრული სახელმწიფოა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ თვით ყველაზე ახლო მეზობლისა და მონათესავე ქვეყნის - უკრაინისთვისაც. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის არსენ იაცენიუკის თქმით, ვილნიუსში “იანუკოვიჩმა ჩაიდინა ღალატი, გაიმარჯვა პუტინმა და წააგო უკრაინელმა ხალხმა”). 

ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ დაგმეს კრემლის ზეწოლა უკრაინაზე და განაცხადეს, რომ უკრაინის თაობაზე ისინი რუსეთის მონაწილეობით სამმხრივ მოლაპარაკებას არ გამართავენ, რადგან საქმე ეხება ორი სუვერენული სუბიექტის საქმიანობას და აქ მესამე მხარე სრულიად ზედმეტია. როგორც გაირკვა კიევსა და ბრიუსელს შორის მომდევნო მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ბერლინი კისრულობს. თუ გავითვალისწინებთ, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური ჩანს.

ამავე დროს უდავოა ისიც, რომ ქვეყანაში შექმნილი საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე ვიქტორ იანუკოვიჩს სავარძლის შენარჩუნება გაუჭირდება. ჯერ-ჯერობით პრეზიდენტობის პრეტენზია საჯაროდ გამოთქვა საპარლამენტო ფრაქცია “უდარ”-ის ხელმძღვანელმა, კრივში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ. პრეზიდენტობის საპატიო რიგში დგანან ასევე ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, არსენ იაცენიუკი, ასევე საგარეო საქმეთა და სავაჭრო ურთიერთობათა ყოფილი მინისტრი, ცნობილი ბიზნესმენი და ამჟამად სახალხო დეპუტატი პეტრო პოროშენკო, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტია “სვობოდას” თავმჯდომარე და ამავე სახელწოდების ფრაქციის ხელმძღვანელი უზენაეს რადაში ოლეგ ტიაგნიბოკი. ყველა ესენი გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რომლებიც თავიანთ ბელადად იულია ტიმოშენკოს მიიჩნევენ, რომელსაც ციხიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაშიც (თუ ნასამართლეობა არ მოუხსნეს, რაც ისევე საეჭვოა, როგორც მისი განთავისუფლება) საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არის კიდევ პრეზიდენტობის ერთი მუდმივი მაძიებელი, უკრაინელი კომუნისტების წინამძღოლი პეტრო სიმონენკო – ყველა კანდიდატისთვის სასურველი მეტოქე მეორე ტურში, რადგან, ცხადია, კომუნისტს პრეზიდენტად არავინ აირჩევს. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. “ბერკუტის” მილიციელთა მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა-ტყეპის გამო პროტესტის ნიშნად უკვე გადადგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლიოვოჩკინი.მოსალოდნელია სხვა გადადგომები და საკადრო ცვლილებებიც. ქვეყანაში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოწოდებები მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. თუ პირველი ორი მოთხოვნის შესრულება თეორიულად შესაძლებელია, მესამისთვის იურიდიული მექანიზმი არ არსებობს. თანაც ვიქტორ იანუკოვიჩი ის პრეზიდენტი არაა, ასეთი ვაივაგლახით მოპოვებული ხელისუფლება ვინმეს მოთხოვნით რომ დათმოს. ასე, რომ ცხრა წლის წინათ დაწყებული “ნარინჯოვანი რევოლუციის” გაგრძელება უსათუოდ იქნება. 

ბოლო სამნახევარი საუკუნის მანძილზე უკრაინა მესამედ აღმოჩნდა ისტორიის გზაგასაყარზე: 1654 წელს, როცა ჰეტმანმა ბოგდან ხმელნიცკიმ იგი ნებაყოფლობით რუსეთს შეუერთა, 1920 წელს, როცა ლენინმა იგი ძალით შეიერთა და დღეს, როცა უკრაინა თავგანწირულად ცდილობს “რუსეთის ცარცის წრიდან” ევროპისკენ გაჭრას (აქ არ ვგულისხმობ 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა ამ ეპოქალურ პროცესში უკრაინამ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. ვგულისხმობ ლეონიდ კრავჩუკის ხელმოწერას CCCP-ის დასამარების აქტზე!). ის, რომ პუტინის სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში აკადემიკოსი სერგეი გლაზიევი პატრიარქმა კირილემ სამიტის დამთავრებისთანავე დააჯილდოვა ორდენით “უკრაინის ეკონომიკის რუსეთის სივრცეში დაბრუნებისათვის”, მხოლოდ ერთი რამის მაუწყებელია: ჩრდილოელ მეზობელს უკრაინისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართული ჰყავს ისეთი მძიმე არტილერიაც, როგორიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაა. ვლადიმერ პუტინმა იცის: უკრაინასთან ერთად რუსეთი იმპერიაა, უუკრაინოდ კი იგი იმპერია ვერასოდეს იქნება. ამ დიდი გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მოიგებს ის მხარე, რომელიც გამარჯვების მისაღწევად მეტ მოქნილობას, დიპლომატიურ ნიჭს და პოლიტიკურ ნებისყოფას გამოიჩენს. უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ერთი ეს ღირსება არ გააჩნია. სახელმწიფო დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 22-ე წლისთავი მან ევრომაიდნის სატიკი დარბევით “აღნიშნა” და ნიღაბი საბოოლოდ ჩამოიხსნა. 

როგორც ამბობენ, იულია ტიმოშენკოს ამ დღეებში საავადმყოფოდან “მშობლიურ” კაჩანოვკის კოლონიაში დააბრუნებენ და კვლავ ტუსაღის ხალათს ჩააცმევენ. მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩის “პოკერი” ევროპასთან დამთავრდა, საუბარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეწყალებაზე თუ ამნისტირებაზე არააქტუალური ხდება. ყოველ შემთხვევაში, 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. საიმდროოდ კი მას სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი ექნება და შესაძლოა შეწყალებამ თუ ამნისტიამ ისედაც მოუწიოს.

იანუკოვიჩის “პოკერი” ევროკავშირთან დასრულდა და დაიწყო მძაფრი დაპირისპირების პერიოდი არა მარტო მასა და ოპოზიციას შორის, არამედ მასა და უკრაინელ ხალხს შორისაც, რომელმაც არნახული ერთსულოვნებით გამოხატა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება და მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას. უკრაინის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გრძელდება, რასაც მოწმობს ახალგაზრდობის მიერ 29 ნოემბერს კიევიდან ევროკავშირის უახლოესი ქვეყნის – პოლონეთის საზღვრამდე ცოცხალი ჯაჭვიც გაჭიმვაცა და დღეს კიევის ქუჩებში პროტესტის ნიშნად მილიონი ადამიანის გამოსვლაც. ევროკავშირი არის უკრაინის ცივილიზაციური არჩევანი, ეს ბრძოლა კი მისი ხორცშესხმის იქნებ სულაც ბოლო შესაძლებლობა. უკრაინა ევროპაა, უკრაინის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა და იგი უსათუოდ დაუბრუნდება კუთვნილ სივრცეს, ოღონდ პრეზიდენტს, რომელიც ამ ისტორიულ აქტს იურიდულად გააფორმებს, ალბათ, ვიქტორ იანუკოვიჩი არ ერქმევა. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია