უკრაინა ევროპულ კურსს იცავს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-12-2013, 17:39 | მსოფლიო | ნანახია - 1329

უკრაინა ევროპულ კურსს იცავსზურაბ კვაჭაძე,

ოდესა

 

უკრაინაში დღეს არსებული სიტუაცია მაგონებს საბჭოური ერის ისტორიის სახელმძღვანელოებში "რევოლუციის" მცნების განმარტებას, როდესაც გაბატონებულ კლასს აღარ შეეძლო ძველებურად მართვა, ხოლო ჩაგრულ კლასს კი აღარ სურდა ძველებურად ცხოვრება. არადა პარადოქსია - სულ რამოდენიმე დღის წინ ვერავინ იტყოდა, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებას რაიმე საფრთხე ელოდა, იმდენად მყარი იყო მისი ძალაუფლება. 29 აგვისტოს მისმა გამაოგნებელმა ნაბიჯმა - საჯარო განცხადებამ უკრაინის ევროინტეგრაციული კურსის უალტერნატივობის შესახებ, თვით ყველაზე სკეპტიკოსი პოლიტიკოსები (მათ შორის ევროპელი), განსაკუთრებით კი უკრაინელი ოპოზიციონერები ჩააგდო შოკში. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ექსპერტების აზრით, ამით იანუკოვიჩმა ოპოზიციას გამანადგურებელი დარტყმაც კი მიაყენა, ვინაიდან მას ფაქტიურად ევროინტეგრაციის იდეური პლატფორმა "წაართვა" და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მეორე ვადით არჩევის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა. კატეგორიული და შეუვალი იყო პრეზიდენტი იანუკოვიჩი ამ კურსის განსაზღვრისას, ამასთან ულმობელიც - თანაპარტიელი იგორ მარკოვი, “ვერხოვნა რადას” დეპუტატი ოდესიდან და პრორუსული ძალების ერთ-ერთ მთავარი საყრდენი უკრაინის სამხრეთში, რომელმაც საჯაროდ დაგმო იანუკოვიჩის ევრო-კურსი, 2009 წელს ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით (ოფიციალური ვერსიით), ჯერ დეპუტატის მანდატს დაემშვიდობა, ხოლო შემდეგ კი, ამ სკანდალური განცხადებიდან სულ ცოტა ხანში,  ციხეში აღმოჩნდა. მარკოვის ძველმა პროტეჟეებმა კი - ოდესის მერმა და თვით ოლქის გუბერნატორმაც, თანამდებობები დაკარგეს. პრეზიდენტ იანუკოვიჩის ამგვარმა ევროშემობრუნებამ და პრინციპულობამ 45 მილიონიან ქვეყანაში რეალური ცვლილებების იმედი გააჩინა, იმ ცვლილებებისა, რომლებსაც "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ ამაოდ ელოდა უკრაინელი ამომრჩეველი - კორუფცია, მართვის საბჭოური მეთოდები და მენტალობა, მაღალი გადასახადები ბიზნესში და პროტექციონიზმი ყველა დონეზე, ბევრ სხვა "მარგალიტთან", უკრაინელთათვის დაუძლეველ ზღუდედ იქცა და ბევრი მათგანი საქართველოს შურითაც კი უყურებდა. ფაქტია, რომ ამომრჩევლის ამ იმედმა პრეზიდენტი იანუკოვიჩი ძლევამოსილადაც აქცია... თუმცა, ისტორიის დასასრულიც ისეთივე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, როგორც მისი დასაწყისი - პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროინტეგრაციაზე გაცხადებულმა დე-ფაქტო უარმა ევროპელი პოლიტიკოსები ცაიტნოტში ჩააგდო და აღარ დაუტოვა მათ პრევენციის შანსი, ხოლო უკრაინელ ამომრჩეველს კი ეს ევროპული იმედიც წაართვა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ იმედის დაკარგვა უჯდება იანუკოვიჩის ოჯახს ყველაზე ძვირად - ძალაუფლების ფასად. 9 წლის წინ აწ უკვე ცნობილი "მაიდანის" და "ნარინჯისფერი რევოლუციის" მთავარი ანტიგმირი ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის ცესკოსა თუ სხვა მანიპულაციებით, შეეცადა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, 9 წლის თავზე კი, უნიათო მმართველობისა და ევროპული კურსის იგნორირების საფასურად, მან მიიღო ახალი "მაიდანი" და, შესაძლოა, ახალი რევოლუციაც. ამასთან აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მაიდანის საპროტესტო ტალღა იმდენად დიდია და გეოგრაფიაც იმდენად ფართოა, რომ აქციების მთავარ შემოქმედად უბრალო ხალხი იქცა (სოცქსელებმა აქაც თავისი სიტყვა თქვა) და არა ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ახლა ცდილობენ ამ აქციებს მეტი ორგანიზებულობა შესძინონ და მოაქციონ თავის კალაპოტში. ფაქტია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბებისათვის (კატალიზატორის როლი მიტინგის დარბევამ შეასრულა, რასაც არავინ ელოდა), რის გამოც მათ ქმედებებში და მოთხოვნებში იგრძნობა ერთგვარი შეუთანხმებლობა და ქაოტურობა. პრეზიდენტი და უკრაინის პოლიტიკური ელიტა კი უკვე სერიოზულად შეშფოთებულია (ელიტის ბევრი წარმომადგენელი გრძნობს საფრთხეს და ნელ-ნელა გადადიან ოპონენტების ბანაკში) - სავარაუდოა, რომ ამ სახალხო მღელვარების მასშტაბების გამო ხელისუფლება ვეღარ წავა რადიკალურ ზომებზე (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მიტინგების დაშლა და ა. შ.) და მოუწევს მნიშვნელოვან კომპრომისებზე წასვლა, რომელთა შორის უკრაინელი პოლიტოლოგების მიერ განიხილება ორი ძირითადი ვარიანტი: 1. მთავრობის დათხოვნა: ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას იანუკოვიჩისათვის შესაძლოა "მაშველი რგოლის" ეფექტი ჰქონდეს, თუმცა კოალიციურ მთავრობას, რომელიც განიხილება არსებული მთავრობის ალტერნატივად, არ ექნება სრული ჰარმონია პრეზიდენტთან და ამ შემთხვევაში მოსალოდნელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური კრიზისის ახალი ტალღა (გაიხსენეთ იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იუშენკოს კონფრონტაცია). ექსპერტ კოსტ ბონდარენკოს აზრით: "ოპოზიცია მოითხოვს მაქსიმუმს, რათა შესრულდეს თუნდაც ორი პუნქტი - ძველი მთავრობის დათხოვნა და ახლის დანიშვნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერა დეკემბრის შუა რიცხვებისათვის, რის შემდეგაც გამოაცხადებს გამარჯვებას და მაიდანიც დაიშლება. მით უმეტეს წინ ახალი წელია და საშობაო დღესასწაულებზე მაიდანზე ხალხის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება". როგორც ცნობილი გახდა, 3 დეკემბერს “ვერხოვნა რადა” კენჭს უყრის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. მთავრობის დათხოვნით კი იანუკოვიჩი ერთგვარად სახეს შეინარჩუნებს და შესაძლოა სიტუაციაც განმუხტოს.

2. პრეზიდენტის გადადგომა: ეს ვარიანტი იდეალური იქნებოდა ოპოზიციისათვის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იანუკოვიჩმა კაპიტულანტური პოზიცია დაიკავოს და მხოლოდ მომიტინგეთა მოთხოვნის გამო გადადგეს. თუმცა , თუკი სიტუაცია უკიდურესობამდე გამწვავდა, რისი შედეგებიც უკრაინის ერთიანობისათვის და სუვერენიტეტისათვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს (ნუ დაგვავიწყდება დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინას შორის არსებული ფარული კონფრონტაცია, რომლის გამწვავებაც სამოქალაქო დაპირისპირებას და ქვეყნის გახლეჩას გამოიწვევს), უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მძიმე, მაგრამ ადექვატური გადაწყვეტილება. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას იმპიჩმენტის თაობაზე, ეს საკითხი რთული იურიდიული სტრუქტურის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასობაში კი "მაიდანზე" ხალხი შეუპოვრად იცავს თავის ევროპულ მომავალს, აღარავის სურს, რომ ქვეყანამ ხვალ გაიღვიძოს რუსეთის დე-იურე კოლონიაში, არჩევანი ყველამ ევროპის სასარგებლოდ გააკეთა. ალბათ "მაიდანზევე" იბადება უკრაინის მომავალი პრეზიდენტის სახეც. თუ ვინ იქნება - ხალხი გადაწყვეტს, შესაძლოა, იგი გახდეს იულია ტიმოშენკოც, თუმცა დღეს სულ უფრო მეტად გაისმის ქარიზმატული ვიტალი კლიჩკოს სახელი, რომელიც, მიუხედავად თავისი მცირე პოლიტიკური გამოცდილებისა, ბრწყინვალე სპორტული წარსულისა და შეუბღალავი რეპუტაციის გამო სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მასებში.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია