მინისტრის არასწორი ინფორმაცია და უფრო სერიოზული გამოწვევები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
6-12-2013, 20:21 | პოლიტიკა | ნანახია - 1826

ივანე ზარანდია,

ჰაიდელბერგი

 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე დაკისრებულ სანქციებს და აღნიშნა, რომ 2 წლის წინ საპარლამენტო ასამბლეამ იდენტური სანქციები დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას.

 

აღნიშნულზე საპასუხოდ, იმავე სატელევიზიო გადაცემაში ევროპის საბჭოსთან საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და გამოთქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მინისტრს არ გააჩნია სწორი ინფორმაცია, რომელსაც მიაწოდებდა საზოგადოებას.

 

რასთან გვაქვს საქმე რეალურად? აქ ვეცდებით, გადმოგცეთ სრული სურათი და შეფასებების გაკეთება მკითხველისთვის მიგვინდვია.

 

2011 წელს საქართველოში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის სხდომა. სხდომას უნდა დასწრებოდა აღნიშნული კომიტეტის წევრი, რუსეთის დუმის დეპუტატი მარკოვი. რადგანაც დეპუტატ მარკოვს დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დებულებები და კერძოდ, იგი უკანონოდ იყო ნამყოფი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლებამ მას უარი განუცხადა სახელმწიფოში  შემოსვლაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციამ გააპროტესტა აღნიშნული ფაქტი როგორც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ასევე მოგვიანებითაც - ასამბლეის ბიუროსა და საპრეზიდენტო კომიტეტის თავყრილობებზე.

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. ზუსტად იმავე მიზეზების გამო, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ამჯერად უკვე 2 რუს დეპუტატს, რომლებიც გაწევრიანებული იყვნენ სადამკვირვებლო დელეგაციაში. საკითხი კვლავ დაისვა საპარლამენტო ასამბლეაში და შედეგად, საქართველოს დაეკისრა სანქცია, რაც ითვალისწინებს საპარლამენტო ასამბლეის (და არა მთლიანად ევროპის საბჭოს) ღონისძიებების საქართველოში ჩატარებისგან თავშეკავებას ორწლიანი ვადით.

 

მთელი ეს ისტორია ორ ნაწილად უნდა დავყოთ და ჩავაანალიზოთ. პირველ საკითხად უნდა განვიხილოთ თვით შემოშვება/არშემოშვების ფაქტი. როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აპელირებენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე. სახეზეა საპირისპირო მოსაზრებაც, რომელიც უფრო სამართლებრივ არგუმენტებზეა დამყარებული. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სახეზეა შეუსაბამობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და საქართველოს კანონის დებულებებს შორის, უპირატესი ძალა ენიჭება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებას. შესაბამისად, შემოშვების მომხრენი იშველიებენ ევროპის საბჭოს გენერალურ შეთანხმებას პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ, რომელიც ძალაშია საქართველოსთვის და რომლის დებულებებსაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გააჩნიათ უპირატესი ძალა საქართველოს კანონებთან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონთან მიმართებაში. ასევე იშველიებენ საერთაშორისო პრაქტიკასა და მაგალითებს, როდესაც, მაგალითად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან  ნიუ-იორკში ხშირად მოგვისმენია აშშ-ს მიერ კრიმინალებად შერაცხული სხვა სახელმწიფოების უმაღლესი წარმომადგენლებისთვის. ამასთან, შემოშვების მომხრენი აცხადებენ, რომ მიუხედავად მათი პოზიციისა, ისინი არ მიესალმებიან საქართველოზე დაკისრებულ სანქციებს.

 

მეორე საკითხი ბუნებრივია თვით სანქცირებას ეხება. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო “რბილი და მეგობრული სანქცია”. ოპონენტების აზრით, ეს ის მაქსიმალური სანქციაა, რაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ასეთ ქმედებაზე რეაგირებისას და არსებული მიზეზის გამო უფრო მკაცრი სანქცირება, ისეთი როგორიცაა საქართველოს დელეგაციისათვის ხმის მიცემის უფლების ან უფლებამოსილების შეჩერება, გამორიცხული იყო. ნებისმიერ შემთხევავში სანქცია სანქციაა და მეგობრული სანქცია დღემდე უცნობი ტერმინია პოლიტიკასა და სამართალში.

 

ყველა თანხმდება, რომ თვით სანქციის დატვირთვა მართლაც რომ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორც მინიმუმ ერთი წლით ადრე მაინც იგეგმება და ამ ეტაპისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაიმე სერიოზული ღონისძიების შესახებ 2013-2014 წლებში ცნობილი არ იყო.

 

თუმცა, მიუხედავად სანქციის სიმბოლურობისა, გასათვალისწინებელია, თუ რა კონტექსტში შეიძლება იქნას განხილული ხსენებული სანქცია. ევროპის საბჭოს თითქმის ყველა სტრუქტურაში წარმოებაშია ე.წ. რუსულ-ქართული ომის დოსიე. საპარლამენტო ასამბლეას მიღებულ აქვს რამდენიმე უარღესად მნიშვნელოვანი რეზოლუცია და რეკომენდაცია. ამასთან, თავად საპარლამენტო ასამბლეის შეფასების თანახმად, საქართველოს შესრულებული აქვს ამ რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არათუ არ ასრულებს მათ, არამედ პირიქით, სახეზეა რეგრესი. მიუხედავად ზემოთქმულისა, საპარლამენტო ასამბლეას უკანასკნელ პერიოდში რაიმე სერიოზული სანქცია რუსეთის მიმართ არ დაუწესებია. ამავდროულად, ორი დეპუტატის არშემოშვება უდავოდ უნდა იქნას განხილული აღნიშნულ კონტექსტში. საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციაა, რომელიც საჭიროებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კარგად გააზრებულ და ადეკვატურ რეაგირებას.

 

ასევე ყურადსაღებია, რომ დეპუტატი მარკოვის არშემოშვება, რომელიც მოდიოდა იურიდიული კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად (მაშინ, როდესაც ამ ღონისძიების საქართველოსთან კავშირი მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარებაში გამოიხატებოდა) იურიდიულად უფრო რთული საქმეა, ვიდრე ორი დეპუტატის არშემოშვების ფაქტი, რადგან მიუხედავად ასამბლეის ეგიდისა, აღნიშნული ვიზიტი პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს, რადგან საქმე ეხებოდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებას. მიუხედავად ამისა, მარკოვის შემთხვევაში, საქართველოზე სანქციები არ დაუკისრებიათ, ხოლო კალაშნიკოვ-ლიხაჩოვის პრეცედენტზე ასამბლეამ ამ “გადაცდომისათვის” მაქსიმალური სასჯელი დაგვადო. ხომ არ უნდა ვეძებოთ ახსნა სწორედ იმ პოლიტიკაში, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ატარებს საქართველოს ხელისუფლება?! ხომ არ გაუადვილდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რუსეთის ზეწოლაზე დათანახმება იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ქართული მხარე ან მინიმალურად ან საერთოდ აღარ აწუხებს ამ ევროპულ სტრუქტურას?! როგორც ევროპის საბჭოსთან საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ, მისი შეფასებით, მარკოვის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას, იმ პერიოდში საქართველოზე 2013 წლის სანქციების მსგავსი სანქციების დაკისრება იყო თითქმის წარმოუდგენელი და ის, რომ მაშინ აღნიშნული თავიდან იქნა აცილებული, განპირობებული იყო არა მხოლოდ ჩვენი დიპლომატიის ეფექტური საქმიანობით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ საერთო სურათით, რაც რუსულ-ქართული ომის შედეგების დოსიეს ახასიათებდა და საერთაშორისო სტრუქტურების დამოკიდებულებით ამ საკითხზე.

 

მაშინ, როდესაც თვით სანქციას ალბათ ადვილად გადავიტანთ და ასევე, ქვეყანა არ დაინგრევა, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის სწორ ინფორმაციას არ მიაწვდის საზოგადოებას, მაგრამ, ყოველივე ზემოთ აღწერილის გათვალისწინებით, ისმის კითხვა -  ხომ არ ვდგავართ უფრო სერიოზული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე?

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია