რა ღირს უკრაინა და საქართველო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-12-2013, 16:25 | პოლიტიკა | ნანახია - 4686

რა ღირს უკრაინა და საქართველოგრიგოლ ვაშაძე


    ფრანგული ანდაზა გვაუწყებს: "ქალს შეუძლია მოგცეს მხოლოდ ის, რაც აქვს".
ამაზე დღევანდელი კრემლის იდეალმა, ამხანაგმა სტალინმა, ჩვეული სისხარტით შენიშნა: "Но она может это сделать дважды"(1) (აქ და ქვემოთ იხ. შენიშვნები).

 

    უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩეკისტების, კოლმეურნეების, სპორტსმენების და პოეტების საუკეთესო მეგობარი, ამხანაგი სტალინი, როგორც ყოველთვის, მართალი ბრძანდებოდა. სევოსტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის არენდის უპირობოდ გაგრძელების, NATO-ში გაწევრიანებაზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის და სხვა მრავალი "ცალმხრივი კონსტრუქციული ნაბიჯის" შემდეგ (რაც რუსეთმა შეიფერა და არც კი შეიმჩნია!), უკრაინის ხელისუფლება, კიევის მაიდანზე პროტესტის ფონზე, 2013 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში ჩაფრინდა, კრემლთან "დიალოგში" ჩაება, ევროკავშირთან მიღწეული პროგრესი ლამის გვერდზე მოისროლა და ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუქვემდებარა რუსულ ინტერესებს.


      რა მიიღო პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ? ერთი შეხედვით, ტრიუმფალური შედეგი: "გაზპრომმა" თითქმის ერთი მესამედით შეუმცირა გაზის ფასი უკრაინას და 1000 კუბურ მეტრზე $410 ამერიკული დოლარიდან   $268,5 დოლარამდე დაიყვანა, რაც კიევს მისცემს საშუალებას მომავალ წელს დაზოგოს საბიუჯეტო 2,5 მილიარდი დოლარი. კიდევ უკეთესი: შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს კიევის მიერ გაზის გათვალისწინებული რაოდენობის არმიღების შემთხვევაში. ესეც ისეთი მიღწევაა, რომელსაც უკრაინის მთავრობა და ადგილობრივი ეკონომისტები დიდი ხანია ესწრაფოდნენ.


     გარდა ამისა, რუსული 80 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის ფასი უცვლელი რჩება. შესაბამისად, უკრაინა გააგრძელებს 3 მილიარდი დოლარის სუფთა მოგების მიღებას ამ ბიზნესიდან. 

     არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურება პუტინის განცხადება იმაზე, რომ რუსეთი შეისყიდის უკრაინის საგარეო ვალს, ანუ მის ევროობლიგაციებს, 15 მილიარდი დოლარის რაოდენობით. ეს თანხა რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან იქნება გადახდილი, რაც ფონდის სახსრების 19% შეადგენს (საინტერესო შედარებაა: ამ ფონდის 40% რუსეთში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარდეს). რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა ა. ულიუკაევმა აღნიშნა, რომ "15 მილიარდი დოლარი უკრაინაში ტრანშებად გადაირიცხება". რუსეთის ფინანსების მინისტრმა ა. სილუანოვმა კი განმარტა, რომ პირველი ტრანში 3 მილიარდიანი იქნება, "რაც საშუალებას მისცემს უკრაინის ნაციონალურ ბანკს ჰრივნას კურსი შეინარჩუნოს მინიმუმი 2014 წლის თებერვლამდე".

   
    გაზზე ფასის დაკლებამ და 15-მილიარდიანმა ინვესტიციამ უკრაინა, მისი ხელისუფლების მტკიცებით, დეფოლტს გადაარჩინა, რადგან "214 პუნქტით ანუ 829 პუნქტამდე გაიაფდა დეფოლტის საწინააღმდეგო დაზღვევა უკრაინის სახელმწიფო ვალზე".


    ზემოთხსენებულს უნდა დავუმატოთ 2013 წლის 16 ივლისის აზაროვ-მედვედევის სოჭში მიღწეული შეთანხმება Ан-124-200 "რუსლანის" (მსოფლიოში უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავის) ერთობლივი წარმოების შესახებ. 

 

   კიევისთვის სამწუხაროდ, საყოველთაო ზეიმი რამდენიმე სერიოზულმა დეტალმა დაჩრდილა. ჯერ პუტინმა განაცხადა გაზის თაობაზე, რომ "ეს ყველაფერი დროებითი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში გაზის მიწოდებაზე და ევროპაში გაზის ტრანზიტზე გრძელვადიანმა შეთანხმებებმა უნდა შეცვალოს". სამოქალაქო ენაზე პუტინის დეკლარაციის თარგმანი გულისხმობს იმას, რომ ყოველი კვარტალის ბოლოს (!) უკრაინამ რუსეთთან უნდა აწარმოოს გაზზე ფასის შეთანხმება. მეორე, და კიდევ უარესი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ვლადიმირ ლანოვოის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, "აღებული ვალდებულებების შესაბამისად, უკრაინამ უკვე 2013 წელს უნდა დაფაროს „ნაფტოგაზის“ 2 მილიარდ დოლარიანი ვალი; იანვარში  საერთაშორისო სავალუტო ფონდს გადაურიცხოს 700 მილიონი დოლარი; ხოლო რუსეთს აღებული 15 მილიარდიდან 6 მილიარდი დოლარი 2014 წელსვე უნდა დაუბრუნოს".


 როგორ შეიძლება ამ ყველაფერის შეჯამება?

 იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას (2)  და ამით არ იტვირთა მრავალი დემოკრატიული რეფორმის განხორციელების ვალდებულება, რაც მას სრულიადაც არ ესაჭიროება 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მით უმეტეს, მათში გამარჯვებისთვის; რუსული ფულით მან ფაქტიურად თავიდან აიცილა სუვერენული დეფოლტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები მკაცრ საბიუჯეტო შეზღუდვებზე; მოიძია ფინანსური სახსრები სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად; თავის პოლიტიკურ და საარჩევნო ბანაკში შეინარჩუნა ოლიქარგები, რომლებსაც აბსოლუტურად არ აინტერესებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპანიებთან ეკონომიკურ შეჯიბრებაში ჩაბმა; და რუსეთიდან მიღებული 17,5 მილიარდი დოლარით მან ოპოზიციასთან კამათში უკიდურესად სერიოზული ინსტრუმენტი შეიძინა. ის, რაც დაიკარგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არმოწერის გამო, მას არ ადარდებს. რომ იტყვიან, "на кону политеческое и прочее будущее" (3).
 
    ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, რომელმაც "პოსტ-საბჭოთა" სივრცე ევროკავშირს გადააბარა, ჩვენ და თავისივე ქვეყანას შეუქმნა პრობლება, რომლის გადაწყვეტას მომავალში გაცილებით უფრო დიდი პოლიტიკური კაპიტალის და ფინანსური რესურსების დახარჯვა დასჭირდება, ვიდრე ამას დღევანდელი რეალობა მოითხოვდა.

   ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. წევრი ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, სხვა და სხვა დონის ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები "პოსტ-საბჭოთა" ქვეყნებთან მიმართებაში და საერთოდ, ევროკავშირის გაფართოებაზე, სტრუქტურის უკიდურესი ბიუროკრატიზმი დამთავრდა კიდევ ერთი კრიზისით, რომელიც აუცილებელი არ იყო.

   პუტინმა წარმატებით შეაჩერა უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა; რუსეთის თავისუფალ სახსრებს კონვერტაცია გაუკეთა უკრაინულ ვალებში და ამით მომავლისთვის უკრაინაზე გავლენის სერიოზული ბერკეტები მოიპოვა; უკრაინა კიდევ ერთხელ ნარკომანივით დასვა რუსულ გაზზე, რაც დიდი ხნის წინ გასატარებელი ეკონომიკური რეფორმების გატარებას გადაავადებს; გამოადნო დრო, რომელიც საჭირო იქნება უკრაინის საბაჟო კავშირში და შემდგომ რუსეთის ეგიდით შექმნილ სხვა გაერთიანებებში გასაწევრიანებლად, რაც ბელორუსთან, ყაზახეთთან და რუსეთთან ერთად ყოფილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოტენციალის 3/4-ის აღდგენას ნიშნავს. და ბოლოს, რუსები რომ იტყვიან, "отдохнув от украинских трудов праведных"(4), რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოც გაიხსენა. 

  ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ლავროვმა განაცხადა, რომ "...мы пока не готовы к тому, чтобы перейти на безвизовый режим с Грузией, но мы существенно либерализовали процедуру выдачи виз..." (5). 24 საათი არ იყო გასული ლავროვის გამოსვლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში, რომ პუტინმა მას შენიშვნა მისცა: "Я не знаю, что министр иностранных дел имел ввиду... Но, понимая развитие ситуации, как мы ее видим, в Грузии, я думаю, что мы вполне могли бы пойти на возврат к безвизовому режиму. Надо на экспертном уровне продумать. Я думаю, это было бы очень хорошим шагом в нормализации отношений между странами, имею в виду, что это помогло бы людям общаться друг с другом, помогло бы работать грузинским предприятиям на российском рынке" (6). რა თქმა უნდა, პუტინს და ლავროვს ამ თემაზე წინასწარ არ უსაუბრიათ. 

    ესმის საგანი ამხანაგ პუტინს! თუ უკრაინის დაკაბალებას ერთი რუსული ჯიბიდან მეორეში გადადებული 17,5 მილიარდი დოლარი მაინც დასჭირდა, საქართველოს ის დაპირებაც კი ეყო, სადაც რუსეთის ერთპიროვნული მმართველი მას ექსპერტების თათბირს დაჰპირდა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. საქართველოს ხელისუფლების მადრიგალმაც არ დააგვიანა: ქვეყნის პრემიერმა პუტინის ზეპირ განცხადებას წერილობით უპასუხა. აღნიშნა, როგორ ვცდილობთ ოკუპანტ სახელმწიფოსთან "ურთიერთობების დათბობას" და როგორ გვიხარია, რომ რუსეთთან რეინტეგრაციის მომხრეებს პუტინმა რაღაც ძვალი მაინც გადმოუგდო.

    Quidquid id est, timeo Danaos et dona farentes!(7) 

    

გეშინოდეთ, ბატონებო, ამ "საჩუქარის". დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ საბოლოოდ.

__________________________________________________

შენიშვნები:

(1) მაგრამ მას ამის ორჯერ გაკეთება შეუძლია;

 

(3)ფსონი პოლიტიკურ, და არა მხოლოდ, მომავალზეა დადებული;

(4)  უკრაინისთვის თავგადადებული შრომისგან დასვენებულმა;

(5) ჩვენ ჯერ არ ვართ მზად საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე გადასასვლელად, სამაგიეროდ, ვიზების გაცემის პროცედურის მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოხდა;

(6) არ ვიცი, რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი… მაგრამ საქართველოში სიტუაციის განვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, შეგვიძლია უვიზო რეჟიმს დავუბრუნდეთ. ეს ექსპერტების დონეზე უნდა გავაანალიზოთ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ანუ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ქართულ საწარმოებს კი რუსეთის ბაზარზე მუშაობის საშუალებას მისცემდა;

(7) რაც არ უნდა იყოს, გეშინოდ დანაელების, თუნდაც საჩუქრებით ხელდამშვენებულების.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია