ნიკა ვაშაკიძე: “საფრთხე დიდია და რეალური”

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-12-2013, 13:55 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1679

“რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად? პრინციპში, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად არის აღწერილი თქვენ მიერ ნახსენებ სტატიაში _ “რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ოპერაცია “БриТва” აამოქმედა”

 

“პრემიერში” გამოქვეყნებულმა სტატიამ _ “რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ოპერაცია “БриТва” აამოქმედა” _ ჩვენი მკითხველის დიდ დაინტერესება გამოიწვია. მხოლოდ გაზეთის ინტერნეტვერსიას 20 ათასამდე მკითხველი გაეცნო. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მკითხველების უმეტესობამ საკმაოდ სერიოზულად აღიქვა ის საფრთხეები, რაზეც გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი. სკეპტიკოსები კი არც ჩვეული ცინიზმის გამოვლინებას მოერიდნენ და არც ქილიკს _ ამათ ვინ მოახსენა ოპერაციის სახელიო. გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ჩვენ საზოგადოებაში პანიკის დათესვას ვუწყობთ ხელს. ამავდროულად უნდა განვმარტოთ, რომ მასალაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი. ასეთი სახით მისი გამოქვეყნება სწორედაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მართლაც არ შეგვექმნა პანიკის საფუძველი. გამოქვეყნებული მასალით, პირველ რიგში, გვინდა ხელისუფლებისა და შემდგომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ რეალურ საფრთხეებს, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და რომელსაც ზედაპირული განხილვა კი არა, სიღრმისეული ანალიზი და სიფრთხილე, საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება.

აღნიშნულ თემაზე “პრემიერი” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, “ივერია.ბიზ”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო ნიკა, “პრემიერის” წინა ნომერში, იმ საფრთხეების შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც რუსეთის მხრიდანაა მოსალოდნელი. ჩვენ მიერ გამოქვეყნდა რუსეთის ერთ-ერთი გეგმა, რომელიც საქართველოს მხრიდან ევრომისწრაფებებზე უარის თქმასა და საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ნაწილისთვის ეს დამაჯერებელი აღმოჩნდა, ნაწილისთვის კი _ ზღაპარი. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რუსეთს მართლაც ჰქონდეს ანალოგიური სახის გეგმა,ა ის გაცილებით მწვავე იყოს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რეალურ მუქარებს შეიცავდეს?

 

_ რუსეთი გააფთრებით ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მისგან დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას. ეს ხდება იმიტომ, რომ დღევანდელი რუსეთის მმართველი ელიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმპერიის ამა თუ იმ ფორმით რეანიმაცია რაც შეიძლება ფართო საზღვრებში. დღეს ამ მიზნების მისაღწევად რუსეთს ამოქმედებული აქვს ევრაზიული კავშირის პროექტი, რომლის შემადგენელი ნაწილი ე.წ. საბაჟო კავშირის ჩამოყალიბებაა. ბუნებრივია, კავკასია და, კერძოდ, საქართველო ამ კონტექსტში მოიაზრება. ევროპული ინტეგრაციისკენ ნებისმიერი ჩვენ მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი სულ უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესს და, შესაბამისად, კიდევ უფრო მიუღწევადს _ რუსეთის გეგმებს, იმპერიული სიძლიერის აღდგენის თვალსაზრისით. ამდენად, რადგან ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ ჩვენ დავადექით ამ ხელშეკრულების ხელმოწერის, მისი რატიფიკაციისა და შემდგომი ამოქმედების გზას, ბუნებრივია, უნდა ველოდოთ იმას, რომ რუსეთი ამ პროცესის ტორპედირებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს. აუცილებელია, მოხდეს ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია ამ საფრთხის დაძლევის მიზნით.

 

_ ისევ “პრემიერში” გამოქვეყნებულ მასალას დავუბრუნდები. კომენტარების კითხვისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ვერც კი აცნობიერებს, რომ კრემლი თავისი ჯარით, “გრუ”-თი, რეზიდენტურითა თუ აგენტურით თბილისიდან 40 კილომეტრშია და არა სადღაც შორს _ გნებავთ სხვა პლანეტაზე. რა განაპირობებს ასეთ დამოკიდებულებას?

 

_ ჯარით 40 კილომეტრშია, ხოლო თქვენ მიერ ნახსენები დანარჩენი კომპონენტებით, ასევე, თავად თბილისშიც და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. საფრთხე დიდია და რეალური. ის, რომ ზოგიერთი ადამიანი ამას საფრთხედ არ აღიქვამს, მეტყველებს ან ამ ადამიანების გონებრივ სისუსტეზე ან იმაზე, რომ მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი ღირებულებას არ წარმოადგენს, ან, როგორც წესი, ორივეზე ერთად.

 

_ მოდით, საფრთხეებს დავუბრუნდეთ. უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არ არის იმის განცდა, რომ მომავალი წელი ქვეყანას მართლაც ბეწვის ხიდზე ექნება გასავლელი. თქვენ, როგორც პროფესიონალმა, და ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩახედულმა ადამიანმა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განმარტოთ, რა რეალობის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს რუსეთმა?

 

_ ვიტოვებ იმედს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები წელში გატეხავს რუსეთის იმპერიის აღდგენის პროცესს და ეს ჩვენც დიდ შვებას მოგვცემს, თუმცა რუსეთის მხრიდან ნიკა ვაშაკიძე: “საფრთხე დიდია და რეალური”ზეწოლისა და დესტრუქციული ქმედების საფრთხე, რა თქმა უნდა, მაინც დარჩება დღის წესრიგში. ცხადია, უნდა ველოდოთ აგენტურის, მეხუთე კოლონისა და რუსეთის გავლენის ჯგუფების გააქტიურებას. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ადამიანების არსებობა თავად სახელისუფლებო სტრუქტურებშიც არ უნდა გამოვრიცხოთ. რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად? პრინციპში, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად არის აღწერილი თქვენ მიერ ნახსენებ სტატიაში. მოსალოდნელია პროვოკაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე, ზეწოლა ეკონომიკური ბერკეტებით, პოლიტიკური შანტაჟი, ეთნიკურად სპეციფიკურ რეგიონებში სეპარატისტული აფეთქებების პროვოცირების მცდელობა, რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაში შესვლის “სიკეთეების” ინტენსიური პროპაგანდა და ასე შემდეგ.

 

_ როგორც ხელისუფლება გვეუბნება, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებულია. თავად ბატონმა აბაშიძემ განაცხადა, რომ დასახული გეგმის თითქმის 80% შესრულდა _ საუბარია რუსეთის ბაზრის გახსნაზე, ავიამიმოსვლაზე, კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებზე. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს სიკეთე, რომელსაც კრემლი სოჭის ოლიმპიადის წინ “გვჩუქნის”, ხვალ და ზეგ საკმაოდ დიდ ეკონომიკურ და მორალურ ზიანად დაუბრუნდეს საქართველოს?

 

_ საკითხავია, რამდენად წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რაც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა. თუკი ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთთან ყველანაირ კავშირსა და რუსეთზე ყველანაირ, პირველ რიგში, ეკონომიკურ დამოკიდებულებას მოსკოვი შემდგომ ჩვენზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებს, მაშინ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ძირითადი შედეგია რუსეთის მხრიდან საქართველოს მოწყვლადობის ხარისხის გაზრდა. არის თუ არა ეს წარმატება, თავად განსაჯეთ.

 

_ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად წამოყენებული პირობები _ დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება არარეალური მოთხოვნებია. ამ პირობებში, როდესაც ოკუპანტი პირდაპირ გვეუბნება, არაფერს არ გიბრუნებ და ამ რეალობას კრემლში ცეკვა-თამაშით შეეგუე, ბაზრის გახსნისთვის მადლობა მითხარიო და ა.შ. საინტერესოა, მორალურად და პოლიტიკურად რამდენად სწორია ის გზა, რომელსაც მათთან საურთიერთობოდ ვირჩევთ?

 

_ ეს გზა არასწორია, ის დეზორიენტაციას უკეთებს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას. ოკუპანტთან და აგრესორთან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოსპობას ისახავს მიზნად, ორმხრივი დიალოგის გზით საერთო ინტერესების გამოძებნის მცდელობა ცენტრალური პრობლემების _ დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა _ გვერდის ავლით კონცეპტუალურად მცდარი და სტრატეგიულად მავნე პოლიტიკაა.

 

_ დიპლომატია არ არის ის, რასაც პოლიტიკურ ავანსცენაზე ვხედავთ. თქვენ წლების განმავლობაში კოლეგებთან ერთად ქართულ საგარეო პოლიტიკას ქმნიდით. ნუთუ, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ იყო შანსი, რუსეთთან ურთიერთობები კარდინალურად შეცვლილიყო უკეთესობისკენ? და თუ არა, მაშინ რა იყო ის უმთავრესი პრობლემა, რომლის მოგვარებაც მხარეებს შორის კულუარულ პოლიტიკაში ვერ მოხერხდა?

 

_ 20 წლის მანძილზე ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანასა და მცდელობას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია წარმოადგენდა. ქართულ მხარეს ამისთვის ძალისხმევა არ მოუკლია და უამრავი ინიციატივითაც გამოსულა. შედეგი ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ იმიტომ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღი დალაგება და მათი ჭეშმარიტად კეთილმეზობლურ რეჟიმში გადაყვანა საქართველოს სუვერენიტეტისა და სტაბილურობის მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს. თუ ეს შენი მეზობლის გეგმებში არ შედის, ბუნებრივია, ის შენთან ყოველთვის ითამაშებს ნორმალიზაციის პროცესს, ხოლო სინამდვილეში მისი ქმედებები საპირისპიროსკენ იქნება მიმართული და ასეც ხდებოდა მთელი ამ 20 წლის მანძილზე. ამის იმაზე უფრო ნათელი დადასტურება რა უნდა იყოს, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 1993 წელს ხელმოწერილ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ჩარჩო ხელშეკრულებას რატიფიცირება არა და არ გაუკეთა. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: თუ დიდსა და პატარა სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში დიდ სახელმწიფოს მართლა უნდა ამ ურთიერთობების სიჯანსაღე და ნორმალურობა, ის ამას იოლად მიაღწევს. ამ შედეგის არარსებობა მოსკოვში შესაბამისი სურვილის არარსებობაზე მეტყველებს მხოლოდ. და თუ რატომ არ აქვს მოსკოვს ეს სურვილი, ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

 

გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“, 18-24 დეკემბერი

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია