მარადიული ხელნაწერი - 2014

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-12-2013, 13:11 | ბლოგები | ნანახია - 2749

ზურა  ოდილავაძე

 

შესავალი

 

   ქვემოთ მოყვანილი ტექსტი, პირველად, წლების წინ გამოვაქვეყნე, როდესაც ,,ვარდების რევოლუციის“ ტალღებმა მშობლიური ორპირი - გრაკალის ეპარქიამდე მოაღწია. იმხანად მეც ახალი, ,,დასავლური სიოს“ გავლენის ქვეშ მოვექეცი და ოჯახური ზანდუკიდან საგულდაგულოდ გადანახული მანუსკრიპტი ამოვიღე. ვიფიქრე, ახალი ეპოქა დგება, მოდი, მომავალ თაობებს ბედკრული საბჭოური წარსულის ჰაგიოგრაფიულ ძეგლს დავუტოვებ და ნორჩები მას ,,შუშანიკის წამებასთან“ ერთად ისწავლიან-თქო.

 

   შემდეგ, უკვე საკუთარ ბლოგზე დავდე და ახალი თარიღი – 2010 წელი მივაწერე. გავიდა დრო... 2013-ის ,,სამართლიანი ოქტომბრის“ დახმარებით ღირსება დავიბრუნე, ,,ვარდების“ მასონური სამოსი სრულიად განვიხუნე, ქართულ ფესვებს დავუბრუნდი და იგივე ტექსტი ამჯერად ,,ნაცების“ არაეროვნული არსის სამხილებლად კვლავ გამოვაქვეყნე. დღეს კი მიხარია, რომ 2014 წელი დგება და მამაპაპისეული ფასეულობებისთვის ბრძოლა ინცესტისა და ,,ჩმორების“ წინააღმდეგ ახალ ფაზაში შედის! იმედი მაქვს, რომ ხელნაწერი ოდილავაძეების დინასტიას მომავალ საუკუნეებშიც მრავალგზის გააბრწყინებს!

 

   საქმე ის გახლავთ, რომ ეს პაპირუსი ჩვენი საოჯახო რელიქვიაა და ის თაობებიდან თაობებს გადაეცემა. საგვარეულო გადმოცემის თანახმად, ეს ტექსტი ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ჩემმა დიდმა ბაბუამ და ამავდროულად, ცნობილმა არქეოლოგმა –  სილიბისტრომ, გერმანელ ჰაინრიხ შლიმანთან ერთად, ტროას გათხრებისას აღმოაჩინა. იმ დროიდან მოყოლებული პერგამენტი ოდილავაძეებს გვეკუთვნის და ის  ჩვენი გვარის არნახულ პოპულარობას განაპირობებს. სილიბისტროს შთამომავლებს მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ უძველეს ტექსტში ტერმინოლოგია თუ მორიგი მმართველის სახელი დროსთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ და შედევრიც მზადაა – აქვეყნე და იყავი! ჩემგან, ანუ ამ ჯადოსნური განძის უკანასკნელი მფლობელისგან, იმას დავამატებ, რომ სამამულო წარმოების ჯავშნით დაცულმა ქართულმა შუბლმა მსოფლიო მასონიზმის ჭურვები ამჯერადაც წარმატებით მოიგერია და, შესაბამისად, მეც ტექსტის გამოქვეყნების წინ მხოლოდ თარიღის შეცვლა მომიხდა.

 

   ერთი სიტყვით, სრულიად საქართველომ, ერმა და ბერმა შეგვიძლია ვიამაყოთ ეროვნული ცნობიერების შეუვალი მდგრადობით – ჩვენ მას საუკუნეების მანძილზე თავს ვევლებით და ვერანაირი მტერი ვერ შეგვიბღალავს! დიდება ჩვენ, დიდება ჩვენს მარადიულ ფასეულობებს და მათი დამადასტურებელი დოკუმენტის მფარველ ანგელოზებს – ოდილვაძეებს, დიდება!  

  1. I.                   გზა ამირანიდან ნაცარქექიამდე

   ივერია უძველესი კულტურის ქვეყანაა. აქ არა მხოლოდ ცნობიერება, არამედ გარემო, შესანიშნავი ბუნება, თვალწარმტაცი ცისფერი მთები, ჰაერიც კი გმირობით, მითოსით არის გაჟღენთილი. საქართველოში ანტიკური ხანიდან იქმნება მითი ამირანზე. რომანტიკოსი ამირანი კულტურული გმირია – ის ანადგურებს მავნე მცენარეებს, აძლევს ადამიანებს ღვთიურ ცეცხლს და ასწავლის მათ მჭედლობას. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ყოველწლიურად, სწორედ შობის წინაღამეს ანახლებენ ჯაჭვს. დამდეგი შობის წინა ღამესაც ალბათ იგივე მოხდება და მიჯაჭვული ამირანი ვერ შეახსენებს თავს გულმავიწყ ქართველებს. ვინ დაიკავებს მის ადგილს – ვინ გაგვანათლებს ამჯერად და ვინ შემოიტანს ჩვენში კულტურას?

 

   მითის საშუალებით ძველმა ადამიანმა მოახერხა წინააღმდეგობათა გადალახვა, დაუძლეველის დაძლევა, მაგალითად: კაცი ამაღლდა ღმერთამდე, სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე, ჩია ტანისამ სძლია გოლიათს, ღატაკი და უქონელი – გამდიდრდა! 

 

   რეალურ და წარმოსახვით ცხოვრებას შორის განსხვავების თუნდაც ნაწილობრივი გაქარწყლება, მიწიერ ყოფაში წარმატების, სამართლიანობის მიღწევით ხდება. ივერიელთა ცხოვრება არც დასაბამიდან ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ხოლო უკანასკნელი 8-9 საუკუნეა, აქ ოდნავ სასიკეთოც კი არაფერი მომხდარა. რა ექნათ? იგონებდნენ და თხზავდნენ ქართველები ახალ-ახალ მითებს, რათა ზღაპარში მაინც მიეღწიათ წარმატებისთვის, გაემართლებინათ თავიანთი ამქვეყნიური დუხჭირი ყოფა.

   გავიდა მრავალი საუკუნე, შეიცვალა დროება. თანამედროვე საქართველო კი კვლავ მითოლოგიური აზროვნების ქვეყანაა, მეოცნებე ხალხით დასახლებული. ქართველები იმდენად მოწყდნენ ცივილიზაციას, პრაგმატულ რეალობას, რომ ისინი ერთს აღიარებენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. გულგატეხილი მოსახლეობის უმრავლესობა, დღესაც, მომავალ არამიწიერ ანუ ზეციურ ცხოვრებაზეა ორიენტირებული. სასუფეველზე მუდმივი ოცნება ამ ხალხს სულაც არ უშლის ხელს, ადამიანი მითოლოგიურად ,,მიწიერი კრიტერიუმებით” - მანქანით, ბეჭდით, საათით და მობილური ტელეფონით - შეაფასონ და შემდეგ ფშვინვით მიაყოლონ – დიდი პასუხისმგებლობაა ბოლო ჟამის საქართველოში ცხოვრება, ძალიან დიდიო!

   სწორედ ჩვენს ეპოქაში წამოყო თავი ქართული ზღაპრის საყვარელმა პერსონაჟმა – ,,ნაცარქექიამ”! ის ზარმაცია, მაგრამ მოხერხებული. მატყუარა და ბაქია ნაცარქექია დევებს საკუთარი სახლიდან აძევებს და მათ ქონებას ეპატრონება. დღესაც იგივე ისტორია განმეორდა – ნაცარქექიამ ჩვეული ხრიკებით ფული იშოვა, დარწმუნდა საკუთარ ,,უპირატესობაში” და მარხვას შეუდგა. დღევანდელი ,,მართლმორწმუნე” ნაცარქექიების ძირითადი საფიქრალია: როგორ არ მოჰყვეს სიტყვას საქმე, რა წინაღობა მოიგონონ, რათა არ გადაწყდეს პრობლემა. მათი მთავარი სურვილია შეინარჩუნონ გონებრივი და ფიზიკური უძრაობა და თან ამაში, რაც შეიძლება, მეტი სარგებელი მიიღონ. მუქთახორობას და კარგ, უდარდელ ცხოვრებას შორის ფატალური წინააღმდეგობის დასაძლევად, ქართველებს პროტესტის სხვადასხვა ფორმა აურჩევიათ: სამოქალაქო ომიდან –  მრავალათასიან მიტინგებამდე.

  1. II.                დიდება ჩვენ!

   სამი ისტორიული ფაქტიდან: 1.საქართველოში შეიქმნა უკვდავი პოემა ,,ვეფხისტყაოსანი”; 2.ქართველებს ჰყავდათ დიდი მეფეები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე; 3.ქართველებმა დაუშვეს, რომ ერთ მოედანზე აშენებულიყო ოთხი სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძარი – გამომდინარეობს  ნაცარქექიების ცნობიერებისთვის სავსებით ლოგიკური, ეროვნული სიამაყის მთავარი ქმნილება, მითი ,,ჩვენ ქართველები დედამიწის ზურგზე ყველაზე მაგარი და მართალიერი ვართ!”. ამ მითს მრავალი განშტოება აქვს – ,,ყველაზე ძველი და გმირული ისტორიის მქონე..! ,,ყველაზე კულტურული..!”, ,,ყველაზე განათლებული..!”, ,,ყველაზე მართლმორწმუნე და შემწყნარებელი..!”, ,,ყველაზე უმანკო, უბიწო და კდემამოსილი ქალებით..!”, ,,ყველაზე ,,კაი ტიპები”, ,,ჯიგრები” და ,,არაჩმორები..!” და სხვა უამრავი ,,ყველაზე..!”. აზროვნებაც ძველი და ახალი ზღაპრებით არის გაჯერებული. ერთი მხრივ – ისტორიიდან ამოგლეჯილი ეპიზოდებით, რათა სამარცხვინო განიდევნოს, ხოლო გმირული გაზვიადდეს და მეორე მხრივ – ყოველდღიური მოხმარების, აბსურდული პოლიტიკური ხასიათის მონაგონით, შეთქმულების თეორიებით, მრავალი მტრის ხატით, რათა ცხოვრების სიძნელეები, უშრომლად, ჭორაობაში ან მიტინგზე მაინც დაიძლიოს.

 

   აქ სიხარულის ძირითადი წყარო – ,,სუფრა-თამადა-აკადემია” – მითია, ქართულად – ,,მამა-პაპური სმა-ჭამა”და ,,შემეტენე-შეგეტენე” სადღეგრძელოები! გამთენიისას სახლში მისვლა და საწოლში ჩუმი, ნეტარი ხარობა იმით, თუ როგორ შეგაქეს შენ, რა მოხდენილად, სრულიად განსახვავებულად ითქვა შენი სადღეგრძელო! სუფრის ფენომენი, ურთიერთ-ფსიქოთერაპია ჭიქით ხელში იმდენად მნიშვნელოვანია ნაცარქექიათა ყოფისთვის, იმდენად ზღაპრულია და რეალობას აცდენილი მათი ცნობიერება, რომ ყველაზე ცუდ დროსაც კი, როდესაც არც შუქი ჰქონდათ, არც ბუნებრივი აირი და ქუჩაში ერთმანეთს ხოცავდნენ, რისთვის – დღესაც არავინ იცის, მაშინაც კი, პირველ რიგში რესტორნებს, კაფე-ბარებს და სასადილოებს აშენებდნენ. ამასვე განაგრძობენ დღემდე.

 

   ნეტავ, განახათ ნაცარქექიების ზღაპრული რიტუალები: გასვენებები, ქელეხები, ქორწილები, მრავალრიცხოვანი ბანკეტები, გაგაგონათ სადღეგრძელოები – ფანტაზიის ფოიერვერკი! აი, სად ხდება ჭეშმარიტად დაპირისპირებულ წინააღმდეგობათა გადალახვა! სუფრაზე შენდება ქვეყანა და მერე როგორი! აქ ხდება მკვდრების გაცოცხლება და ცოცხლების მიწაში ჩადება! გმირული ამბები და ახალი მითოლოგიური ისტორიის შექმნა! მიჯნურობა და განშორება! ყოველივე ეს – კაცების... დიახ, დიახ – მამრების ,,ზასაობის” თანხლებით! ნაცარქექიებს ხომ სექსი ეზარებათ და ამიტომ ეზიზღებათ კიდეც!

 

   ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად, ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალის და კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობს სქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამო სამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთის დადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არც კი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებული სიამოვნებისადმი. ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივით იქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზრაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანში პოულობენ. 

 

   აქ საზოგადოება  სასიყვარულო ურთიერთობას, როგორც კაცს და ქალს შორის მიმდინარე ომს, ისე აღიქვამს. ამ დიად ბრძოლაში გამაჯვებული მხარე – მამაკაცი დამარცხებულს – ქალს მუხლებზე დასცემს და ერთჯერადი ,,კონტრიბუციის” მიღების შემდეგ, უნიშნავს სამუდამო, მაგრამ იშვიათ, ხშირად მხოლოდ წარმოსახვით ,,ხარკს” და... აგრძელებს ,,მთვრალზე ბოზებში სიარულს”! დამცირებული და შეურაცხყოფილი  მტერი მორჩილად დგება სამუდამო ქორწინების მონობაში.

 

   ღმერთიც, გარკვეული თვალსაზრისითმითია, ოღონდ ყველა მითი როდია ღმერთი. ღმერთი – ზემითია! მაგალითად: ღმერთი – კაცი, წარმოებს წინააღმდეგობის მითით დაძლევა და იშვება – განკაცებული ღმერთი; ან სიცოცხლე – სიკვდილი, დაპირისპირების გადალახვა – აღდგომა. 

 

   მაგრამ ,,მართლმორწმუნე” ქართველ ნაცარქექიებს მხოლოდ ამგვარი მისტიური ამბები არ ჰყოფნით, მათ რეალურის ზღაპრულთან შერწყმა სურთ, მათ გაღმერთებული კერპი სწყურიათ! მითოლოგიას სუბლიმირების მძლავრი ნაკადი უერთდება და იბადება ხატები რაინდული სახეებით: მითი – ,,კეთილშობილი მილიარდერი ბ.”; ზღაპარი – ,,სამართლიანი აბრაგი დ. და განათლებული, კულტურული, ,,ჯიგარი” ქურდი ტ.”; ,,ზემითი! – უვერცხლო, თავმდაბალი უმანკო კრავი, წინასწარმეტყველი მამაო დ. და ცოცხალი, მიწიერი, უცდომელი ,,ღმერთი” ი...ახვე-II, იგივე ი...ეღოვა-II”. ნაცარქექიები მუდმივი, დაძაბული ,,მეორედ მოსვლის” რეჟიმში ცხოვრობენ! ისინი ამაყად ამტკიცებენ – ღმერთი ქართულად იქადაგებს და განსჯისო, აი, მაშინ კი დარწმუნდებიან ამერიკელები ჩვენ რა მაგრები ვართო, მაგრამ გვიანღა იქნებაო! ასეთი ღაღადით ნაცარქექიები, აგერ უკვე ბოლო 25 წელია შეჰყურებენ ზეცას და უიმედოდ, მაგრამ ჯიუტად ელოდებიან ,,ბოლო ჟამს”. ის კი რატომღაც იგვიანებს...

 

  1. III.             ლოცვითა და მარხვითა – წინ ნათელი მომავლისკენ!

 ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც დაფუძნებულია სამ ვეშაპზე: სამყაროს მითოლოგიურ აღქმაზე, ამპარტავნებაზე და ხსენებულ უქნარობაზე – ქართველებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს ქრისტიანობის განახლებაშიც! ინოვაცია შეეხება ერთი მხრივ – ზეციდან მხოლოდ ქართველებისთვის, მათი განსაკუთრებულობის დასამტკიცებლად, მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას და მეორე: რწმენას –  სიყვარულის, ყოველგვარი თავგანწირვის, ღვალწლის გარეშე. ცეცხლის არამიწიერი წარმოშობა მტკიცდება მასზე ხელის სწრაფი გადატარებით და იბადება ახალი მითი – ,,ცივი ცეცხლი”! სავარაუდოდ რიგშია მითები – ,,ცხელი ყინული” და ,,მშრალი წყალი“.

 

   და ბოლოს, სანამ დავშორდებოდეთ, გთხოთ ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტის” საფუძველზე შექმნილი ნაცარქექიების ერთობლივი ლოცვა აღვავლინოთ: 

 ,,ბელადო ჩვენო, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს

და ერთმორწმუნე რუსი ძმები ჩაგვახუტენ ჩვენ!

საქართველოს ოკუპანტის სიყვარული გაგვიღვივენ

და მის წიაღში დაგვაბრუნენ ჩვენ!

რაც არ უნდა გადაგვაგდონ და დაგვიჭირონ ჩვენ,

იხტიბარს არ გავიტეხთ და სხვის ჯინაზე შემოგევლეთ შენ!

   დიდება ქართველებს – მსოფლიოში ყველაზე მაგარ ერს! ყველაზე, ყველაზე, ყველაფერში! ჩვენ ყველა გვიყვარს და, გარდა რუსეთისა, ყველა გვებრძვის! დიდება კლონირებულ უფლისწულებსა და ბედნიერების ძიებაში დამაშვრალ რაინდებს, დიდება!

   გაკერილი ქალიშვილები, მართლმადიდებელ მშობელთა ტრიადები და ბუსუსებიანი პრეზერვატივებიი-ი-ი! საქართველო გაბრწყინდება – ინგლისი დაიძირება! სოროსელები, იეღოველები და მასონები, ბევრი მასონი! ბევრზე, ბევრი მასონი! მრუშები, მამათმავლები, ლესბოსელები – ჯოჯოხეთის ჰეენა და უძღები მატლი მათ!

   ინცესტსა და ჩმორებს – ,,ნოუ“! ჩოხებსა და ჩიხტიკოპებს – ,,იეს“!

 

   ქართული სუფრა – აკადემიაა! ერთკვირიანი პანაშვიდები და გასვენებები, დიდი ქელეხები და უმშვენიერესი მარმარილოს საფლავები! მინიმუმ ათასკაციანი ქორწილები, ნათლობები და ბანკეტები! სამარხვო გოჭები და მწვადები, ხაჭაპურები და საცივები, ტორტები და შოკოლადები! ღიპები, ღიპები, ღიპები და ღაბაბები! ,,ქალბატონო ფინტიკოზა, აბა პაკაჟი ადინ პოზა”-ს თანხლებით სადიდებელი სადღეგრძელოები, განსხვავებულები, ყანწები, ვაზები, ჭის ,,ვედროები” და კრამიტები, ,,ლამპის” შუშები და ქალის ,,ტუფლები”! ,,ჟანეს” შპრი-ცე-ბიი-ი, ავოიეე! სუფრაზე ყველა მტერი დამარცხდება და ჯოჯოხეთს წარიგზავნება! ქეიფში უმშვენიერესი ქვეყანა-ედემი აშენდება! ინგლისი და ამერიკა მაინც დაიძირება! დოლარსაც დედა მო...ბა!”

ასეა ეს!  

 

   ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო! ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო! ლელო-ლელო სა-ქარ-თვე-ლო-ოო! დიდება შენდა მითოლოგიავ და ფარისევლობავ ჩვენო, დიდება შენდა-აა!” 

 

P.S.

 

   საშობაოდ, ამჯერადაც, კარგად უმუშავიათ ღვთიურ მჭედლებს, მაგრად შეუბოჭავთ ამირანი! მიუხედავად ყველაფრისა, დებო და ძმებო, თქვენ მოგმართავთ მე, მარადიული ხელნაწერის მცველი ჯორდანო:  ,,ტოტალიტარულო დეიდებო, ბიძიებო და მოხუცებულო ახალგაზრდებო; ხელოვანთა, მწერალთა, მომღერალთა, ტელეწამყვანთა და ჟურნალისტთა კასტებში გაერთიანებულებო, ერთმანეთის ქება-დიდებაში დამაშვრალებო და მაინც ზაქათალის ოლქს იქეთ უცნობებო; ეროვნული ფასეულობებისთვის მებრძოლო რაინდებო და კდემამოსილო მანდილოსნებო; ოჯახის წევრებო, შვილებო, ძმაკაცებო, დაქალებო და ,,ფეისბუკელო ფრენდებო” – სრულიად საქართველოვ – საბჭოურო და დემოკრატიულო, მეოცნებევ და დასაჭერად გამზადეებულო, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს! გაიღიმეთ მეგობრებო – ქართული ხალხური კალენდრით 2014- კვლავ ნაცარქექიას წელია, გაიღიმეთ, გა--ღი-მეე--!

 

2010 წლის დეკემბრის ცივ ღამეს ... უი, უკაცრავად, კინაღამ დავიწვი!

.   .   .

2012 წლის დეკემბრის არც ისე ცივ ღამეს...

2013 წლის მეტად ცივი დეკემბრის მიწურულს...

2014 წლის მზიან დეკემბერს, ეს დაწერა სამართლიანობის განცდით დამტკბარმა და ღირსებააღდგენილმა ზურა (ჯორდანო) ოდილავაძემ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია