"ევრომაიდანის" ქართული აქცენტები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-12-2013, 16:10 | მსოფლიო | ნანახია - 1855

"ევრომაიდანის" ქართული აქცენტებიზურაბ კვაჭაძე

 ოდესა

 

            უკვე ერთი თვე შესრულდა, რაც კიევის დამოუკიდებლობის მოედანი, ანუ "მაიდანი", მსოფლიოს მედია საშუალებების ეპიცენტრშია - აქ კვლავაც არ ცხრება საპროტესტო ვნებათაღელვა და არც ხალხის ნაკადი კლებულობს, აქ კვლავაც გუგუნებს ორატორთა მგზნებარე მოწოდებები, "მაიდანს" კვლავ სტუმრობენ მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მას უცხადებს სოლიდარობას მთელი ცივილიზებული სამყარო. ამ საერთო მხარდაჭერისა და სოლიდარობის ფონზე, ქართველები, ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში, უკრაინელების ალბათ ყველაზე მხურვალე მხარდამჭრებად და გულშემატკივრებად იქცნენ. ამიტომ სავსებით ლოგიკური იყო მაიდანზე, ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ადგილას "ქართული" კარავის გამოჩენაც, ასევე ისიც, რომ ქართულ ხუთჯვრიან დროშებს "მაიდანზე", უკრაინული დროშების შემდეგ, თავისი სიმრავლით დომინანტის როლიც კი ერგოთ სხვა სახელმწიფო დროშების სიმწირის ფონზე. სიმბოლური და მგზნებარე იყო, ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაც უკრაინულ ენაზე, რომელსაც მაიდანი დიდი ოვაციებით შეხვდა.

 

        

"ევრომაიდანის" ქართული აქცენტები  ცნობილი ქართველი მწერალი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე რაულ ჩილაჩავა უკრაინაში უკვე 47-ე წელია ცხოვრობს. ამ წლების მანძილზე გაწეულმა შრომამ და შეძენილმა ავტორიტეტმა იგი ქართული დიასპორის ერთ-ერთ თავკაცადაც აქცია. აფასებს რა დღევანდელ სიტაუციას, ბატონ რაულს არ უკვირს უკრაინელთა მიმართ ქართველების ასეთი თანადგომა. "ის, რომ ქართველობის დიდი ნაწილი მაიდანს მხარს უჭერს, სრულიად ბუნებრივია. ასე იყო მაშინაც, როცა 9 წლის წინ პირველად იშვა მაიდანის ფენომენი, უფრო მეტიც, მსგავსი სიტუაცია გახლდათ ერთი საუკუნის წინაც, როდესაც ხარკოვში ქართველმა სტუდენტებმა უკრაინელებთან ერთად გააპროტესტეს ცარიზმის მიერ ტარას შევჩენკოს იუბილეს აკრძალვა," - აღნიშნავს იგი და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ მაიდანი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევის ცალსახა პროტესტია, პროგრესულ ძალთა გამარჯვებით დასრულდება. "თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის აშკარა იმპერიულ წნეხს და არ შევა ევრაზიულ კავშირში, ჩვენც გვიჩნდება ევროპული კურსის შენარჩუნების გარკვეული შანსი... ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს სწორი არჩევანი მაინც ევროპასთან დაახლოებაა. თუ უკრაინას გამოუვიდა, ეს გამოგვივა ჩვენც. არადა, დიდი ალბათობით, კვლავ მოგვიწევს დაბრუნება "ნათელ" წარსულში," - მიაჩნია რაულ ჩილაჩავას და მიუხედავად თვალსაჩინო სირთულეებისა, მომავალს მაინც დიდი ოპტიმიზმით უყურებს.

 

            რუსეთი როგორც უკრაინისათვის, ისე საქართველოსათვის ყველაზე დიდ საფრთხეს რომ წარმოადგენს, ამაში ეჭვი არც კიევის ერთ-ერთი ყველაზე მოდური კლუბის "დრაფტის" მფლობელს და წარმატებულ ქართველ რესტორატორს 32 წლის ლაშა შიხაშვილს ეპარება, რომელიც უკვე 18 წელია  უკრაინაში ცხოვრობს: "სანამ არსებობს პუტინის რუსეთი, არსებობს საბჭოთა კავშირში ჩვენი დაბრუნების საშიშროება, - ამბობს ლაშა, - ამიტომ ამ აქციებში მონაწილეობით მიმაჩნია, რომ დემოკრატიის პრინციპებთან ერთად, მე ჩემს სამშობლოს - საქართველოსაც ვიცავ... მე, ისევე როგორც  ბევრი სხვა ჩემი თანამემამულე, თავს მოვალედ ვთვლი უკრაინელთა გვერდით ვიდგე, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ირჩევენ". ლაშა არ შემოიფარგლა მხოლოდ მიტინგებში მონაწილეობით და მეგობრებთან ერთად შექმნა შტაბი, რომელიც "მაიდანს" ცხელი საკვებით, თბილი ტანსაცმლითა და სხვა მატერიალური საშუალებებით ეხმარება. ქართველების მხრიდან დახმარებების დიდ ნაკადს ასევე აღნიშნავს უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" პრეზიდენტი ბესო შამუგია, ეს დახმარება კი ძირითადად გამოიხატება მომიტინგეებისთვის მედიკამენტებისა და პროდუქტების მიწოდებაში. 

 

            კომპანია "VISA"-ს მარკეტინგის დირექტორი დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გვანცა ებრალიძე კიევში უკვე 12 წელია ცხოვრობს. ამ ხნის მანძილზე იგი სამი პრეზიდენტის - კუჩმას, იუშჩენკოსა და იანუკოვიჩის მმართველობას მოესწრო, რომელთაგანაც უკანასკნელის პერიოდში, გვანცას თქმით, უკრაინა კორუფციისა და კრიმინალის ჭაობში ჩაეფლო. გვანცა ერთგვარად გაკვირვებულიც კი იყო უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების ინდეფერენტულობით, რომელიც არ აპროტესტებდა ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს და აღარც კი სჯეროდა ხალხის გამოფხიზლებისა. "მაიდანმა კი სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა, - აღიარებს გვანცა, - კვლავ დავიჯერე, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, და ეს ფაქტი მე ძალიან მახარებს". გვანცა, მიუხედავად თავისი სოლიდური თანამდებობისა და დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, ცდილობს არ დააკლდეს "მაიდანს", ვინაიდან, როგორც უკრაინის პატრიოტი, მხოლოდ რეალურ ცვლილებებში და დასავლეთთან ინტეგრაციაში ხედავს უკრაინის განვითარების გზას, თუმცა ამასთანავე წუხს, რომ ოპოზიციას არ ჰყავს იულია ტიმოშენკოსავით ქარიზმატული და ძლიერი ლიდერი. ლიდერის პრობლემას აღნიშნავს ასევე ცნობილი კიეველი ფსიქოთერაპევტი თინა ბერაძე,  საერთაშორისო ცენტრის "Психическое здоровье" პრეზიდენტი. უფრო მეტიც, მისი თქმით, გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა "მაიდანს" უახლოეს დღეებში დაშლის ფასად დაუჯდება, ამასთან რაიმე ღირებული შედეგების გარეშე, თუმცა თვლის, რომ მესამე "მაიდანი" გაზაფხულზე აუცილებლად შედგება.

 

            "მაიდანზე" კი მართლაც უამრავ ქართველს მოჰკრავთ თვალს, ზოგი მათგანი უკრაინელ მეგობრებთან ერთად საკვებს ანაწილებს, სხვები ტერიტორიის დასუფთავებასაც არ თაკილობენ, ბევრი მათგანი ღამის მორიგეობისთვისაც კი რჩება. ისინი კი, ვინც "მაიდანზე" არ ან ვერ დგანან, მაიდანს სიტყვით, კალმით და საქმით ეხმარებიან. ალბათ არავის გასჩენია კითხვა, თუ რამ გამოიწვია ქართველთა მხრიდან ასეთი მხარდაჭერა. მიზეზი ბევრია, სუბიექტურიც და ობიექტურიც, თუმცა, მთავარი მაინც ალბათ ერთია - ისტორიულად ჩამოყალიბებულმა მეგობრულმა ურთიერთობებმა ქართველი და უკრაინელი ერი ერთმანეთთან მენტალურადაც დააახლოვა - უკრაინელებში ქართველთათვის დამახასიათებელ ბევრ საერთო თვისებასაც კი აღმოაჩენთ, რასაც, ალბათ, ვერ ნახავთ სხვა სლავურ ხალხებში. ამას ადასტურებს ასევე რაულ ჩილაჩავაც: "ჩვენ ვგრძნობდით და დღესაც ვგრძნობთ სულიერ ნათესაობას უკრაინელებთან, რაც მტკიცდება არაერთი თვალსაჩინო მაგალითით". ქართველებს და უკრაინელებს გვერდიგვერდ დგომა და ერთად ბრძოლა ისტორიულად მოსდევთ. ასე იყო ძველად, როდესაც უკრაინელი კაზაკები ქართველ მეფეებს ეხმარებოდნენ უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში, და ასე იყო არცთუ ისე დიდი ხნის წინ - ჩერნობილის ტრაგედიისას, როდესაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით პირველი დახმარება სწორედ საქართველოდან მოვიდა. კიდევ უამრავი, ძალზედ საინტერესო ფაქტებით არის გაჟღენთილი ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და სწორედ ასეთი ურთიერთობების გამოც უკრაინაში ქართული დიასპორა (რომლის რაოდენობაც 100 ათას კაცს აღემატება და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებს შორის) თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. აქ არ ხდება ქსენოფობიური დისკრიმინაცია და, ზოგიერთი ჩვენი მეზობლის მსგავსად, ჩვენს თანამემამულეებს არ ერეკებიან "სკოტოვოზებით" სამშობლოში.  უფრო მეტიც - უკრაინა, თუ მეხსიერება არ მღალატობს,  ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 1996 წელს საკანონმდებლო ნორმით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან დევნილებს განუსაზღვრა სოციალური შეღავათებისა და დახმარებების დიდი პაკეტი, რითაც ათასობით ჩვენმა დევნილმა ისარგებლა.

 

            უკრაინელი ქართველებისათვის უკრაინა მეორე სამშობლოდ იქცა, რომელმაც ბევრი მათგანი სწორედ გაჭირვების ჟამს მიიღო, დააპურა და გააათბო. ამიტომაც დღეს ისინი უკრაინელთა გვერდით არიან და მათთან ერთად ირჩევენ იმ გზას, რომელმაც უკრაინა და საქართველო სამუდამოდ უნდა გაათავისუფლოს რუსეთის იმპერიის უღლისგან და ერთ დიდ ევროპულ ოჯახში უნდა მიიყვანოს.

 

            P.S. კიევის ბაიკოვსკოეს სასაფლაოზე, ამ რამოდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად მოვინახულე აფხაზეთში 1993 წელს დაღუპული უკრაინელი მებრძოლების საფლავები. ეს ის ბიჭები არიან, აფხაზეთში უკრაინული ქვედანაყოფის "არგოს" შემადგენლობაში რომ იბრძოდნენ. იბრძოდნენ მოხალისეებად, იბრძოდნენ საქართველოსათვის... ბევრი მათგანიც იქ დაეცა, შრომასთან, გმირული სიკვდილით, ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მაინც შეძლეს შრომის შენარჩუნება და 54 ოკუპანტიც გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს ამ ბიჭების - ლეონიდ ტკაჩუკის, სერგეი ობუხის, რომან მუზიკას და სხვათა საფლავის ქვებზე უკრაინულ ენაზე ამოტვიფრულია ასეთი წარწერები: "დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით".

           

ისინი ჩვენი მომავლისათვის იბრძოდნენ...

 

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია