რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრატეგიის ცვლილება: პრინციპული გამოწვევა ევროკავშირისათვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-01-2014, 13:24 | მსოფლიო | ნანახია - 1868

რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრატეგიის ცვლილება:  პრინციპული გამოწვევა ევროკავშირისათვისმართა იამანიძე

 

ვილნიუსის სამიტის შემდეგ საერთაშორისო მედიაში ბევრი მოსაზრება გამოქვეყნდა. მიმომხილველები აჯამებდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების სამომავლო პერსპექტივას;  უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რუსეთის მზარდ ზეწოლაზე მის ე.წ „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონაში;“ კიცხავდნენ უკრაინას და სომხეთს რუსეთთან კომპრომისზე წასვლის გამო და არც თავად ევროპული ქვეყნების ბრალეულობა დავიწყებიათ იმაში, რამაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ახალ, თუმცა ერთობ არაერთგვაროვან ეტაპზე გადაიყვანა.

 

არაერთგვაროვნების სიმპტომები ნათლად გამჟღავნდა სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ შეფასებებში. ზოგისთვის ვილნიუსი „ისტორიულ გამარჯვებად“ აღიქმებოდა, ზოგისთვის - მარცხად. ყველაზე ნათლად ერთ–ერთი ევროპელი დიპლომატის მოსაზრება დამამახსოვრდა, რომელიც ღიმილნარევი ტონით აღნიშნავდა, რომ დიპლომატიაში სიურპრიზები გამორიცხულია - სამიტამდე ერთი კვირით ადრე ასოცირების ხელშეკრულებების ტექსტი შეთანხმებული იყო, მაგრამ უკრაინის მოულოდნელმა უარმა ყველა ცაიტნოტში ჩაგვაგადოო.

 

მართლაც, დიპლომატიას არ უყვარს სიურპრიზები. მაგრამ ალბათ  დიპლომატიის ყველანაირი წესი თუ ტრადიცია ტრანსფორმაციას განიცდის მაშინ, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. რატომ აღმოჩნდა რუსეთის ბერკეტები ევროპელებისთვის უცხო? ევროპელები ხომ საკმარისად კარგად იცნობენ ევროპის „მთავარ გამფუჭებელს?“ ხომ არ მოძველდა ევროკავშირის სტრატეგია რუსეთის მიმართ, თუ ის ვერ ასრულებს მთავარ მიზანს - ევროკავშირსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გარემოს ჩომაყალიბებას?

 

ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები 1994 წლის „პარნტიორობისა და თანამშრომლობის“ (PCA) შეთანხმებას ეფუძნება. ამ შეთანხმებით განისაზღვრა საერთო შეხების წერტილები, რის ფარგლებშიც ორივე მხარე სამომავლო თანამშრომლობას წარმართავდა. ეს საერთო ინტერესები იყო: (1) ეკონომიკა და გარემოს დაცვა; (2) თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა; (3) საგაერო უსაფრთხოება; (4) მეცნიერება და განათლება, მათ შორის კულტურული ასპექტები.

 

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის მიდგომას რუსეთის ფედერაციის მიმართ, ეს დეკლარირებულია 1999 წლის 4 ივნისის სტრატეგიაში, რომელიც ემყარება ზემოთ აღნიშნულ PCA-ს, სადაც ევროკავშირი ადასტურებს თავის მოვალეობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს რუსეთთან ფედერალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში წარმატებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას.

 

სტრატეგიის პრინციპული ამოცანები ფაქტობრივად ორ ნაწილად შეიძლება კლასიფიცირდეს - ერთი, რომელიც ხაზს უსვამს რუსეთის შიდა ეკონომიკური და დემოკრატიული პროცესების განვითარებას და მეორე, რომელიც ორიენტირებულია ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის პროცესებში რუსეთის ჩართულობაზე. არსებული მდგომარეობა უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წარმატებულია სტრატეგიის ამოსავალი პრინციპები. ის, რომ რუსეთის ქმედება ევროკავშირისთვის სიურპიზი აღმოჩნდა (რაც, სავარაუდოდ, არ შემოიფარგლება ამ კონკრეტული ეპიზოდით და მომავალშიც ჰპოვებს „ლოგიკურ“ გაგრძელებას), უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ სტრატეგია ვერც დემოკრატიულ პროცესებს უწყობს ხელს რუსეთში და ვერც საერთო ინტერსების საპირწონეა ევროპის კონტინენტზე. 

 

იმ შემთხვევაში, თუ დეტალურად განვიხილავთ პრინციპულ ამოცანებს, ნათელია, რომ ევროკავშირის სტრატეგიის ყოველი პუნქტი, რაც რუსეთის შიდა რეფორმირებას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს რუსეთთან მეტ ჩართულობას, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის ინსტიტუციურ მოწყობას და საბოლოოდ მის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნას. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომელიც პრიორიტეტად ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების კომპონენტს ასახელებს, ერთობლივ წინააღმდეგობათა გადალახვასთან ერთად, აქ ცალკე გამოყოფილია ის ინსტრუმენტები, რაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში რუსეთთან თანამშრომლობას გულისხმობს. საერთო ჯამში, ორივე მიმართულება ერთმანეთს კვეთს იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მათგანი ჯეროვან ყურადღებას უთმობს რუსეთის ჩართულობას და მის გათვითცნობიერებას საერთო ევროპული ღირებულებებში. ამასთან, ეს ორი ურთიერთდამოკიდებულია - რუსეთის შიდა-დემოკრატიული პროცესები დაკავშირებულია მის თანამშრომლობასთან ევროპის კონტინენტზე.

 

მაგრამ დიპლომატიის მთავარი წესია ის, რომ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება ორმხრივ ინტერესს ეფუძნება და გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, სათუოა, რამდენად შედის რუსეთის ინტერესებში ევროკავშირთან თანამშრომლობა, თუნდაც ორმხრივი შეთანხმების კონტექსტში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამდენად სურს რუსეთს, ჩაერთოს თავისი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში ან ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული შიდა და საგარეო პოლიტიკის მიხედვით, ძნელად სავარაუდოა, რომ მის მისწრაფებებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა შედიოდეს. რაც შეეხება ევროპის უსაფრთხოებას, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ხელმძღვანელობა აქტიურად ახდენდა სხვადასხვა ინიციატივის ინიცირებას, რაც ძირითადად მოსკოვიდან ნაკარნახევი ევროპული პოლიტიკის წარმართვაზე იყო დაფუძნებული, ევროკავშირთან თანამშრომლობის გარეშე. ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა მაშინ ყურადღებით გადახედეს რუსეთის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას და ზრდილობიანად შეახსენეს, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე არსებობს (რაც ეფუძნება 1990 წლის პარიზის ქარტიას) და ინოვაციური მიდგომის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

 

ის ფაქტი, რომ რუსეთი მოწოდებულია ევროპის კონტინენტზე მხოლოდ მისი ინტერესების გატარებაზე, სხვა აქტორების თანამონაწილეობის გარეშე, იმის მანიშნებელია, რომ მისთვის ჯერ კიდევ უცხოა საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ეს განპირობებულია იმით, რომ ევროპელებს და რუსებს სხვადასხვაგვარად ესმით თავად უსაფრთხოების კონცეფცია და მისი გავრცელების არეალი ევროპის კონტინენტზე. სწორედ ამიტომ არსებობს მკვეთრი სხვაობა რუსეთისა და ევროკავშირის პოლიტიკურ მიდგომებში და რუსეთის ძალისმიერი დიპლომატიის (ე.წ Coercive Diplomacy) ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები კვლავ სიურპრიზს წარმოადგენს ევროპელი ლიდერებისთვის.

 

ევროპა, თავისი ტრადიციული ღირებულებებით, რაც ლიბერალურ ფასეულობებს, მათ შორის პიროვნულ თავისუფლებას ემყარება, და რომლის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ამ ეტაპზე ძლიერი ინსტიტუტების გარეშე მოქმედებს, მხოლოდ რბილ ძალას უპირისპირებს რუსეთის ფედერაციას. კონტრასტულად, ოფიციალური მოსკოვი ძალისმიერი დიპლომატიის ბერკეტებს მიმართავს იმ მეზობლების მიმართ, ვისაც ჯერ კიდევ ხიბლავს ევროპული ღირებულებები. ცხადია 1999 წელს, როდესაც ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა არ იყო ჩამოყალიბებული, ევროკავშირის სტრატეგიაში რუსეთის ფედერაციის მიმართ გაწერილი არ იქნა უფრო მყარი ინსტრუმენტები. აგრეთვე, მაშინ არ არსებობდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი, რადგან ევროპა ნაკლებ დაინტერესებას ავლენდა რეგიონის პოტენციალის გამოყენების მიმართ. ალბათ სწორედ ეს მიზეზები აღმოჩნდა საფუძველი იმისა, რომ, როგორც სტრატეგია, ასევე PCA ძალზე ზოგადი ფორმულირებებით შემოიფარგლება და მოისაკლისებს იმ პრაქტიკულ მექანიზმებს, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა მცდელობა რუსეთის ფედერაციასთან რეალური თანამშრომლობის გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

 

მიზეზები, რის გამოც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს, გადასულიყვნენ ევროკავშირთან დაახლოების ახალ ეტაპზე, არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ევროპულ დედაქალაქებში უნდა ვეძებოთ. რეალობამ აჩვენა, რომ რუსეთისადმი ევროკავშირის მიმდინარე სტრატეგია რეფორმირებას საჭიროებს, იმის გათვალისწინებით, რომ დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ უნდა შეიცვალოს და ორიენტირებული გახდეს რუსეთის, არა როგორც უბრალოდ ტრანზიციული ქვეყნის დემოკრატიზაციის მცდელობაზე, არამედ მან მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რომ ცივი ომის გადმონაშთი, როგორიცაა „პრივილეგირებული ინტერესთა ზონა“, აღარ შეესაბამება თანამედროვე პოლიტიკას ევროპის კონტინენტზე. ის, რომ ევროკავშირი არ ან ვერ ავლენს ინტერესს აქტიურად ჩაებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ცალკეული, თუნდაც საწყისი ელემენტების შემოთავაზებაში, უბიძგებს რუსეთს აითვისოს ეს „თავისუფალი სივრცე.“ სწორედ უსაფრთხოებაა ის მთავარი დაინტერესების საგანი, რაშიც რეგიონის ქვეყნები ევროკავშირის უფრო აქტიურ როლს მოელიან. იმ ფონზე კი, როდესაც ევროკავშირი,  უსაფრთხოების ქმედითი მექანიზმების შეთავაზებას, ჯერჯერობით ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, რეგიონის ქვეყნები იოლად ექცევიან რუსული ძალისმიერი დიპლომატიის მარწუხებში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დემოკრატიზაციამ უნდა უზრუნველყოს მათივე უსაფრთხოება, საჭიროა ევროკავშირმა გააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა თავის პარტნიორებთან, რომლებმაც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფორმებინათ ასოცირების ხელშეკრულება. ამ დიპლომატიური მუშაობის შედეგი უნდა იყოს ის, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა გააცნობიერონ უსაფრთხოების ის განსხვავებული რეალიები, რომლებსაც მათ ამ შემთხვევაში რუსეთი და ევროკავშირი სთავაზობენ. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ არჩევანის წინაშე არიან - განსაზღვრონ, რომელი უფრო ღირებულია მათთვის - საერთო ინტერესები (რუსეთის შემთხვევაში) თუ ის ფასეულობები, რასაც მათ ევროპა სთავაზობს. გამომდინარე იქიდან, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა ჯერ სრულად ვერ ათვიცნობიერებს იმ ფასეულობების მნიშვნელობას, რამაც ისინი მომავალში ევროკავშირთან უნდა დაახლოვოს, ამ „ჭიდილში“ საერთო ინტერესები რუსეთთან უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მათთვის.

 

თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი წამოიწყო, უკვე მეტყველებს მის მზარდ ინტერესზე რეგიონში. მეტი ჩართულობით სარგებელს მხოლოდ ეს ქვეყნები არ მიიღებენ, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, დიპლომატიაში არაფერი ხდება ცალმხრივი ინტერესის საფუძველზე. ამგვარად,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების რესურსის გამოყენება თავად ევროკავშირისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ წმინდა ეკონომიკური თვალისაზრისით, არამედ პოლიტიკურითაც. გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი უსაფრთხოების ინსტიტუტები, მაგრამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიცირებით, ევროპულ გაერთიანებას შანსი აქვს განავრცოს თავისი პოლიტიკის ახალი მიმართულება  და მისი სწორად წარმართვის საფუძველზე დაიწყოს რუსეთის ფედერაციის მიმართ ახლებური სტრატეგიის შემუშავება. რადგან 1999 წელს მიღებული სტრატეგია თანხვედრაში აღარ არის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და აღარც ამჟამინდელი რუსეთი ჰგავს 90-იანი წლების რუსეთს, უმნიშვნელოვანესია ევროპამ თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად (უპირველესად აშშ–სთან) გაიღოს თავისი წვლილი კონტინენტზე უსაფრთხოების იმ ახალი არქიტექტურის მშენებლობაში, რომელიც ცივი ომის დროინდელ კონიუქტურას ახლი პოლიტიკური წონის მქონე ძალით ჩაანაცვლებს. 

 

მხოლოდ ამგვარი სტრატეგიის პირობებში იქნება შესაძლებელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სტიმულირება, შეიმუშაონ თავ–თავიანთი პრიორიტეტული კურსი, რომლის საშუალებითაც რეგიონში მომწიფდება ევროპული პოლიტიკისადმი მზარდი ინტერესი, შესაბამისად, ალბათობა, რომ ევროპას კვლავ გააწბილებს რუსული „სიურპრიზები“ მნიშვნელოვნად შემცირდება. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია