საბჭოელები, ახალი ფეოდალები იდეალისტები და... უკრაინის საშინელი აჩრდილი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-01-2014, 17:38 | ბლოგები | ნანახია - 1976

ზურაბ ოდილავაძე

 

,,ღმერთმა დაგიფაროთ გარდაქმნების ეპოქაში ცხოვრებისგან,“ – ძველი ჩინური სიბრძნე

  

საბჭოელები

 

   სსრკ დაემხო, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევუდექით ახალი სახელმწიფოს შენებას. თუმცა, ცხადია, ადამიანთა მენტალობა საბჭოური დარჩა, რაც, პირველ რიგში, ,,შიშსა და თანხმობაზე“ დაფუძნებულ, იგივე კოლექტიურ აზროვნებასგულისხმობს. იმავდროულად, რუსეთის იმპერიის წიაღში განვითარებამ წარმატების შესაბამისი სტერეოტიპებიც ჩამოგვიყალიბა. იგივე ხელოვანი თუ არტისტი საკუთარი თავისრეალიზებას დღესაც მხოლოდ რუსულ სივრცეში ხედავს – ესაა მისი შესაძლებლობების უმაღლესი საფეხური. მართლაც, მაგალითისთვის, თვეში ერთხელ სიხშირით ,,ერისიონის“ კონცერტებითა და ,,რუსული რომანსების“ მგზნებარე შესრულებით ევროპელების ფართო მასების მოხიბვლა დიდად გაჭირდება, თამარ გვერდწითელის რეპერტუარით ამერიკელების აღფრთოვანებაზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ სწორედ რუს ბატონს მიიჩნევს ყმა უმაღლეს მსაჯულად. ყოფით დონეზეც ქართველი რუსთან ადვილად იძენს წარმოსახვით უპირატესობას და შესაბამისად, მონა მონასთან თავს კომფორტულად გრძნობს – მათ ხომ ფასეულობები, მისწრაფებები და ტკბილად მოსაგონარი წარსულიც ერთი აქვთ. სამწუხაროდ, ,,საბჭოელობა“ – ცნობიერების უკურნებელი სენია და ამას არაფერი ეშველება.

 

   ასე იყო თუ ისე, დადგა 2003 წელი – ,,ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა“. მიუხედავად, თითქოსდა, რევოლუციის იდეების საყოველთაო მხარდაჭერისა და მისი ლიდერების საერთო-სახალხო პოპულარობისა, უკვე 2006-2007 წლებისთვის საპროტესტო ტალღამ პიკს მიაღწია. აღშფოთების მიზეზს ,,ღირსების წართმევა“ წარმოადგენდა. დიახ, ასეც იყო, რადგან საბჭოელებმა ფაქტობრივად საკუთარი ,,მე“ დაკარგეს. ისინი ახლადდადგმულ ცხოვრებისეულ სპექტაკლში თავის როლს ვერ ხედავდნენ, პირდაპირ რომ ვაღიაროთ, ამ ადამიანებისთვის რაიმე სასარგებლო და მნიშვნელოვან ფუნქციას ახალი რეალობა არც ითვალისწინებდა. ამისათვის საბჭოელები არც ინგლისურ ენას ფლობდნენ და არც შესაბამისი ცოდნა თუ უნარჩვევები გააჩნდათ. მათ ბედ-იღბალზე ნაკლებად ფიქრობდნენ – ყველას ეგონა, რომ ეს ,,დინოზავრები“ დროთა განმავლობაში თავისით გადაშენდებოდნენ.

 

   რეალურად კი მოვლენები ასე განვითარდა: დასავლური ტიპის საზოგადოებაში არსებობა ამ ადამიანებისთვის სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდა, რადგან ის ძველი, საბჭოური ,,მე“-ს მოკვდინებასა და ახალი ,,მე“-ს შექმნას მოითხოვდა. ,,კოლექტივისტებს“ კი არც ინდივიდუალისტებად გარდაქმა, არც დასავლურ სტანდარტებამდე ამაღლება და არც  თავისუფალი ბაზრის კონკურენციაში ჩაბმა არ სურდათ – მათთვის ხომ მხოლოდ ნათესაური კავშირებით, სატელეფონო ზარებითა თუ ქრთამის გაცემით წინსვლის გზა იყო ცნობილი. ამიტომაც საბჭოელებმა საკუთარი თავის ამ მტკივნეულ, შრომატევად გარდაქმნაზე უარი განაცხადეს და შედეგად, ეს ადამიანები უიმედოდ ჩამორჩნენ. საბჭოურმა ინერტულობამ და ახლის მიუღებლობამ მათი კოლექტივი კიდევ უფრო შეადუღაბა ერთი მიზნისთვის – ყველა გზებით ებრძოლათ ძველი სოციალური წყობისა და იერარქიის დაბრუნებისთვის.  

 

   გაჩაღდა ბრძოლა ,,ღირსების დაბრუნებისთვის” ,,ტოტალიტარული დეიდები  და ბიძიები“, მათი ახალაგაზრდა, მაგრამ, ოჯახური ტრადიციებისამებრ, მაინც საბჭოელი შვილებირევანშისთვის მზადებას შეუდგნენ! რიცხობრივმა უპირატესობამ და რუსეთის მხარდაჭერამ, საბჭოელ დინოზავრებს საშუალება მისცა, არა მხოლოდ დასავლური გამყინვარება გადაეტანათ, არამედ 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაემარჯვათ კიდეც. თუ ადრე ოკუპანტთან ლაქუცი ,,ტოლსტოისა და დოსტოევსკის“ მორცხვი სიყვარულით მართლდებოდა, დღეს, დროშაზე ლოზუნგით – ,,აბა, არ ველაპარაკოთ მეზობელს?!“ - ხელდამშვენებულმა საბჭოელებმა ,,ხელოვნება და სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნეს“ და ბატონის საამებლად, ,,ორმაგი მოღალატეობის“ ირონიით აღვსილნი ამაყად წითელი მოედნისკენ დაიძრნენ. 

 

 ახალი ფეოდალები

 

   ჩემი აზრით, 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის“ მთავარი იდეა, რის გამოც ჩვეულებრივმა ადამიანებმა მას მხარი დაუჭირეს, პატრიარქალური, ბატონ-ყმური წყობის დამხობაში მდგომარეობდა. ძველი ტრაიბალური სისტემა, გამეფებული ნეპოტიზმითა და გვარების მემკვიდრეობითი ბატონობით, ,,უცხოტომელისადმი“ ზიზღითა და ახლის მიუღებლობით, უნდა შეცვლილიყო ახალი, დემოკრატიისა და კონკურენციის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებით. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ეკლესიის, როგორც რუსული იმპერიის იდეოლოგიური დანამატის რეფორმირება. დაიწყო ,,ტომობრივი ელიტისა“ და ,,კანონიერი ქურდების“ ფეოდალური პრივილეგიების გაუქმება. დაისახა საბოლოო მიზანიც – დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომლის დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი ,,ნატოსა“ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნებოდა.

 

   დასაწყისი მართლაც შთამბეჭდავი იყო: აჭარელი დიქტატორი, როგორც ფეოდალიზმის სიმბოლო, დაემხო, გარდაიქმნა პოლიცია, ქურდები კანონგარეშე აღმოჩდნენ, გატარდა განათლების რეფორმა და მისაღები გამოცდები კონკურენტული გახდა, საბჭოეთის ხოტბის შემსხმელი, ძველი ელიტა საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველ თანამდებობებს ჩამოაშორეს, დაიწყო საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის აღმშენებლობა...

   დროთა განმავლობაში, მმართველი გუნდის ხელდასხმით, ახალი ელიტაც ჩამოყალიბდა. შემდეგ ის მოძლიერდა და კვლავ ქართველი საბჭოელებისთვის უკვე ჩვეულ, ფეოდალური ბატონობის გზას დაადგა – გარდა უკრიტიკო და უკონკურენტო მდგომარეობისა, ,,ახალი ფეოდალები” კანონზე მაღლაც კი აღმოჩდნენ და ასე გააგრძელეს მშვიდი არსებობა. რევოლუცია კი მოხდა, ინსტიტუციონალური რეფორმებიც მეტ-ნაკლები წარმატებით განხორციელდა, მაგრამ ადამიანთა მენტალობა არ შეიცვალა – ის კვლავ ძველი დარჩა, ამისთვის დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. ბატონ-ყმურ ურთიერთობებზე აღზრდილმა ახალგაზრდა რეფორმატორებმაც ოჯახურ ტრადიციებს არ უღალატეს და ისინი ახალ ფეოდალებად მოგვევლინენ.

  

   სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარე იყო... რეფორმების შედეგად უამრავი ადამიანი უფუნქციოდ დარჩა, ბევრიც კანონდამცველების ხშირად ზედმეტად მკაცრმა ქმედებებმა გაანაწყენა. ხელისუფლებაზე ჩასაფრებული საბჭოელი რევანშისტების რიგებიც გაიზარდა. მათი თავდასხმების მოგერიების მიზნით, უმცირესობაში მყოფი დასავლელები იძულებულნი გახდნენ კლანური ურთიერთთავდებობისა და წრიული თავდაცვის პოზიციები დაეკავებინათ. უმრავლესობის მართვა, რეფორმების გატარება და დასავლეთისკენ სწრაფვა მხოლოდ უმცირესობის ახალი ფეოდალური კლანების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. შექმნილ პირობებში, ავტორიტარიზმი, ხელისუფლების ,,დაჭერა“- შენარჩუნებისა და იმავდროულად დასავლეთისკენ წინსვლის ერთადერთ ალტერნატივად შეიქნა. ფეოდალური კლანურობისა და კარჩაკეტილობის შედეგად კი, მთავრობა, როგორც ყველა დახურული სისტემა, ,,მუდამ მართალი“ მსაჯულის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამას შემდეგმა გარემოებამაც შეუწყო ხელი – ჩასაფრებული საბჭოელების ,,კრიტიკა კრიტიკისათვის“ იმდენად აცდენილი იყო რეალობას, რომ მმართველმა ელიტამ მისდამი იმუნიტეტი შეიძინა და იმავდროულად, სხვა, ჯანსაღი კრიტიკის მოსმენის უნარიც დაკარგა. ხელისუფლებას ,,ყოვლისმცოდნეობით“ ტკბობა თავში აუვარდა და ახალი ელიტის მიერ საყოველთაო იგნორირების პროცესი წესიერ, განათლებულ და კეთილის მოსურნე იდეალისტებზეც გავრცელდა.

 

   ყოველივე დამთავრდა იმით, რომ გაამაყებულმა, გარეშე პირთათვის მიუწვდომელმა და ,,უცდომელმა“ ახალმა კლანებმა ჩაანაცვლა ძველი ,,ბატონები“. დროთა განმავლობაში, განსხვავება ძველსა და ახალ ელიტას შორის ძირითადად გარეგნულ ნიშნებში გამოიხატა – ახლები ,,შმოტკებით“, ინგლისურის ცოდნით და მოწინავე იდეების ქადაგებით აშკარად სჯობდნენ ძველებს, თუმცა ეს იდეები ხშირად მხოლოდ სხვისთვის იყო დეკლარირებული, კლანები კი საკუთარი ტოტალიტარული სექტის კანონებით განაგრძობდნენ არსებობას. ასე დამყარდა მმართველი ელიტის ცოლების, ცოლების დაქალებისა თუ ძმაკაცების და სახელმწიფო ჩინოვნიკების ნათესავებისგან შემდგარი ახალი, ძალმომრეობისკენ მეტად მიდრეკილი სოციალური სისტემა.

 

 იდეალისტები

 

   საშუალო ფენის ადამიანებმა, მიუხედავად პროგრესული შეხედულებისა და განათლებისა, თავი გარიყულად იგრძნეს. ისინი, მიუხედავად კეთილი ზრახვებისა და მონდომებისა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების თანამონაწილენი აღარ შეიქნენ. ,,ელიტარულობითა“ და ნეპოტიზმით დაავადებულ მოხელეთა წრეს დაავიწყდა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ახალი სახელმწიფოს შენებას, პირველ რიგში, განათლებული იდეალისტები სჭირდება.  ჩინოვნიკების კარჩაკეტილობის შედეგად, მოხდა საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილის გაუცხოება და მათ თანდათან პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ პროცესებში თანამონაწილეობის განცდა გაუნელდათ. მოქალაქე აღარ შეიქნა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სახელმწიფო აღმშენებლობის თანაზიარი, ის ხელისუფელებას ვეღარ უგებდა და ბოლოს განუდგა. მართალია, ეს საშუალო ფენა რიცხობრივად დიდ მასას არ წარმოადგენს, სამაგიეროდ, მისი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე მეტად მნიშვნელოვანია და დიდწილად, მასების პოლიტიკურ სიმპათიებს, თუნდაც პირადი პატიოსნებისა და საკმაო განათლების ხარჯზე, ხანგრძლივ პერსპექტივაში სწორედ ეს უანგარო იდეალისტები განსაზღვრავენ.

 

   უბრალო მოკვდათათვის მომავლის მოლოდინი ამაო შეიქნა, მათ განვითარების, წინსვლის პერსპექტივა დაკარგეს. მეტნაკლებად განათლებული ფენები საყოველთაო ნიჰილიზმმა შეიპყრო. სხვა უამრავი მიღწევა – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, დასავლეთისკენ სვლა, ინფრასტრუქტურა და არნახული აღმშენებლობა მეორეხარისხოვნად გამოიყურებოდა, რადგან ადამიანებს რეალიზება, ღირსეული სამსახური უნდოდათ და ,,ასფალტი საჭმელად“ მართლაც არ ვარგოდა. ამის გამო, ამ საშუალო ფენებმა არ/ვერ შეასრულეს ამომრჩევლის ყოფით დონეზე დარწმუნებაში ის გადამწყვეტი როლი, რომელიც მათ, ჩვეულებისამებრ, შეუძლიად ითამაშონ და ნებისმიერი არჩვენები მოიგონ. ყოველდღიურ ცხოვრებაში უპერსპექტივობის ფონზე, ევროპულ სტრუქტურებში დამოუკიდებლობის გარანტიების ძიება და რუსეთი, როგორც დამოუკიდებლობის მტერი, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრისთვის ეფემერული ცნებები გახდა.  მით უმეტეს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ საბჭოურ- რუსული რიტორიკა უცებ შეცვალა და ყოყმანის გარეშე, უპრინციპოდ, როგორც ამ კოალიციას სჩვევია, უცებ მკვეთრად ,,დასავლური“ გეზი აიღო. შედეგად, მერყევი ადამიანებისთვის უფრო ადვილი შეიქნა რუსეთის საფრთხის მივიწყება და მთავარი ფასეულობის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მეორე პლანზე გადაწევა. საკუთარ სინდისთან მორიგება და იდეალების ღალატი ადვილად გამართლდა.

 

   ,,ჭეშმარიტება“ ხომ მხოლოდ პრივილეგირებულთა კასტამ იცოდა, ქმნიდა და აშენებდა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა – უარესი, მდარე გემოვნების და დაბალი ინტელექტის კლანები გაბატონდნენ. არადა, საკმარისი იყო , სულ ოდნავ კარის შეღება, სულ პატარაზე ფანჯრის გაღება, ხანდახან მაინც სხვისი მოსმენა და იმ იდეალისტთა ძალას ვერაფერი მოერეოდა და ვერანაირი ფული ვერ მოისყიდიდა. გაუცხოების გამო, ამ ადამიანებისთვის ,,ცოცხების” ბიძგიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავში იდეისადმი ღალატი გაემართლებინათ და მოხდა ის, რაც მოხდა. სხვა დანარჩენი ძალები, ფული, შავი პიარი და მედია, საბჭოელი მოძღვრები თუ კრიმინალი – ვერას გახდებოდნენ, რომ არა ფეოდალური კლანების კარჩაკეტილობა და იდეალისტების გარიყვა. სწორედ ელიტის გაამაყების შედეგია საბჭოელების დღევანდელი აღზევება.

  

 შედეგი

 

   რევოლუციის შემდეგ, ,,ხელისუფლების დაძველების“ ფონზე, ცხადი გახდა, რომ დიქტატის გარეშე, დემოკრატიის პირობებში დასავლეთზე ორიენტირებული უმცირესობა, საბჭოურ უმრავლესობას  თავისი ნების საწინააღმდეგოდ, დასავლეთისკენ ვერ წაიყვანდა. ავტორიტარიზმს, ასე თუ ისე, გამართლება მოეძებნა – სხვაგვარად შეურიგებელი ანტაგონიზმი ვერ დაიძლეოდა და ,,ხალხის ნების“ აღსრულების პირობებში, საბჭოელთა უმრავლესობა  თავის საწადელს აუცილებლად აიხდენდა, რაც მოახერხა კიდეც დიდი ფულისა და არჩევნების გზით.

 

   ამასთან ერთად, სწორედ მმართველი ელიტის კარჩაკეტილობას, პატივმოყვარეობასა და კლანურობას შეეწირა მართლაც კეთილშობილი ოცნება და გრანდიოზული საქმე – ჩვენ ,,დიდი ბელადის“, პრივილეგიების დაკარგვით გაბოროტებული ბოლშევიკებისა თუ მათი ნაბარტყის,  საბჭოთა მენტალობის მმართველი სექტებისა და დაბალი ინტელექტის მრავალრიცხოვანი კოლექტივების ბატონობის, უმრავლესობის უმცირესობაზე დიქტატის ხანაში დავბრუნდით. დადგა კონფორმისტების, ნებისმიერ იდეოლოგიაზე მომრგები მედროვეების ეპოქა...

 

   იძულებითი ,,დემოკრატიობანასა” და დასავლურობის თამაშით გაღიზიანებული დღევანდელი მმართველი ელიტა დღითიდღე ჩქარობს – უხვი დაპირებების შესრულების ვადა იწურება, მასების უკმაყოფილება სადაცაა თოვლის გუნდასავით ზრდას დაიწყებს და ერთადერთი რეალური მიღწევა ყოვლად უაზრო, უკვე დასაცინი დაპატიმრებებია. გამოსავალი მხოლოდ ერთია: ერთი მხრივ – მასების დაამება ,,სისხლითა“ და ,,ნაცბანდის“ განადგურებით, მეორე მხრივ – სხვა დანარჩენების, მხოლოდ გულში, ოდნავ განსხვავებულად მოაზროვნე წვრილფეხა ,,მოქალაქეების“ ბითუმად ყიდვა; ხელისუფლების ხელში სრულად ჩაგდება და უალტერნატივო გარემოში, საქართველოს საბჭოურ უძრაობაში გადაყვანა ... და დაპირებები, დაპირებები და ოცნებები – ამასობაში კაცს, შესაძლოა, რუსეთიც კეთილ მეზობლად მოგეჩვენოს და ნატვრაც აგისრულდეს.

 

   ,,მეოცნებე“ იდეალისტებისთვისაც მძიმე დრო დადგა – მათ, ერთი მხრივ, დაინახეს, რომ საბჭოურ გადატრიალებას შეუწყვეს ხელი, ხოლო, მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების ,,რეჟიმი” სძულთ და ამიტომ ჯიუტად ,,ოცნების“ გაუმჯობესებისთვის იღწვიან. ეს კი აუხდენელი ოცნებაა – საბჭოური სისტემა და მენტალობა პროგრესს არ ექვემდებარება. ,,ოცნების“ ამორფულმა კონგლომერატმა, სულ რომ აშშ-ს შემადგენლობაში 51-ე შტატად შესვლაზე განაცხადი შეიტანოს, ის მაინც საბჭოეთს განასახიერებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთთან მიერთების მყისიერი აუცილებლობა ჯერ არც არსებობს და საბჭოელები მშვიდად არიან – ისინი გულით (უფრო კი ტ...თ) გრძნობენ, რომ ,,ოცნების“ პოლიტიკური ელიტა საბჭოეთს პირდაპირ ასხივებს და ამა თუ იმ გზით ისინი რუსეთთან მაინც მივლენ. გამარჯვებული უმრავლესობაც ,,ღირსებას“ საბჭოურ ,,მე”-სთან ერთად დაიბრუნებს.

 

   დასკვნა საკმაოდ სავალალოა: დღევანდელი ხელისუფლების წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმი და აბსურდამდე მისული ქმედუუნარობა უმწვავესი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ყოველდღიურად ზრდის. ძალაუფლება უკვე დღეს – ,,ქუჩაში აგდია“, უბრალოდ, ჯერ ,,მესამე“, ახალი, არაკომპრომეტირებული ძალა არ ჩანს... სახელმწიფოს ბედი, პოლიტიკური სისტემის მდგრადობა, მასების იმედები, ერთ, მეტად შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების ოლიგარქზე, მის პროვინციულ მოხერხებულობასა და, როგორც გამოჩნდა, ჩვენთვის სრულიად გამოუსადეგარი, ამიტომაც მეტად ილუზორული მილიარდების ძაფზე ჰკიდია. სწორედ ამის გამო, ეს ადამიანები უკრაინის მოვლენებზე ხმას ვერ ძრავენ და შიშისგან პარალიზებულნი, ,,დაბალანსებულ განცხადებებს“ აკეთებენ. გაყურსული საბჭოელები მოვლენების განვითარებას ელიან – მათ სარკეში საკუთარი მომავლის დანახვის ეშინიათ, ყოველივე ხომ აქაც, ხვალვე შეიძლება გამეორდეს! ამხანაგო საბჭოელებო,  გამოფხიზლდით, ყურები შეიბერტყეთ და თვალები გაახილეთ – რამდენიც არ უნდა ამკოთ ,,26 მაისის“ ვითომცდა მსგავსი ძალადობის მაგალითით ,,ნაცბანდა“, უკრაინული სცენარი ,,ბროლვირის“ აღებით, ბელადის საფრანგეთში მისტიური გაუჩინარებითა და თქვენი ,,უმამოდ“ დარჩენით, ძალიან ადვილი წარმოსადგენია!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია