უკრაინა: სიმშვიდე ქარიშხლის წინ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-01-2014, 17:17 | მსოფლიო | ნანახია - 1643

რაულ ჩილაჩავა

კიევი

 

უკრაინის მაიდანმა ხელისუფლებასთან დაპირისპირების ყველა რეკორდი მოხსნა და უკვე მესამე თვეა  შეუპოვრობის არნახულ მაგალითს უჩვენებს. აქამდე თითქოს თვითდაჯერებული ვიქტორ იანუკოვიჩი აშკარად შეშფოთებულია და ჩიხიდან, რომელშიც საკუთარი წინდაუხედაობით მოექცა, გამოსავალს ეძებს. ოპოზიციასთან ფორმალურმა მოლაპარაკებებმა, როცა თვითონ არც ერთ დათმობაზე არ წავიდა, ფუჭად ჩაიარა. არ გამოდგა სწორი პროგნოზი იმის თაობაზეც, რომ წყალს დასავლეთ უკრაინის სულ რამდენიმე ოლქი ამღვრევდა, თორემ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია იყო. აღმოჩნდა, რომ ეს თვითილუაზიაა და ოლქების უმრავლესობა თურმე დენთის კასრივით მზადაა ნებისმიერ წამს აფეთქდეს. ბევრგან აფეთქდა კიდეც. რეგიონულმა მაიდნებმა იმდენი აქტიურობა და შემართება გამოიჩინეს, რომ გუბერნატორებს ძალით დააწერინეს განცხადებები გადადგომის შესახებ და, როგორც ბოლშევიკური რევოლუციის დროს, მთელი ძალაუფლება საბჭოებს გადასცეს. და ეს ხდება არა მარტო დასავლეთში, არამედ ცენტრსა და ჩრდილო-აღმოსავლეთშიც. ამის დასტურია ჩერკასის, ვინიცის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და სუმის მაგალითები, რომლებიც ადრე მართლაც რეგიონალთა გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა, ახლა კი იქ მათ პარტიას კომუნისტების პარტიასთან ერთად კრძალავენ.

 

ასეთ დროს ადგილი აქვს შეტაკებებს, ადამიანთა დასახიჩრებას, სახელმწიფო ქონების დაზიანებას. მითი იმის შესახებ, რომ სახალხო მღელვარება უკრაინაში ვიქტორია ნულანდის მიერ დარიგებული ფუნთუშებით იყო შთაგონებული, დაიმსხვრა. უკრაინაში თვალნათელი გახდა არა მარტო ხელისუფლების, არამედ თვით სახელმწიფოებრიობის კრიზისიც, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, მიჰყავს იგი სამოქალაქო ომის უფსკრულისკენ. ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ყველას გვახსოვს, რომ მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი სწორედ უკრაინაში იყო და იგი მისი ხანმოკლე დამოუკიდებლობის კრახით დასრულდა. ცნობილია ისიც, თუ ვის სასარგებლოდ. მაიდანი, რომელიც რამდენიმე ჟურნალისტის, მწერლისა და საზოგადოებრივი აქტივისტის გამოსვლით დაიწყო და პროვოცირებული იყო იმით, რომ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, სულ მალე უზარმაზარ მიტინგად გადაიქცა, ხოლო მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ხელისუფლებამ ორჯერ სასტიკად დაარბია, პროტესტმა მასობრივი ხასიათი მიიღო და ევროინტეგრაციის მოთხოვნას საშინაო პოლიტიკით განპირობებული  კარდინალური მოთხოვნების მთელი პაკეტი დაემატა. ახლა უკვე საუბარია არა მარტო ევროინტეგრაციასა და ხელისუფლების შეცვლაზე, არამედ თვით კონსტიტუციისა და სახელმწიფო მართვის სისტემის შეცვლაზეც, კორუფციისა და რეიდერობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის საფრთხის აღმოფხვრაზეც, ერთი სიტყვით, სამართლიანობის აღდგენაზე (ხომ არ გენიშნა რამე, ქართველო მკითხველო!). იანუკოვიჩი კი, როგორც ჩანს, ჯერაც ილუზების ტყვეობაშია და თავი ძველებურად ერის მამა-მარჩენალი ჰგონია. როგორც იქნა, ორთვიანი ჭოჭმანის შემდეგ, მან რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. დანიშნა საკუთარი და კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. ორივე, ცხადია, რეგიონების პარტიიდან და უერთგულეს ადამიანთა რიცხვიდან. მართალია, ამან საზოგადოება კიდევ უფრო გააღიზიანა, რადგან მათი მოთხოვნების შესრულებასთან ამ დანიშვნებს საერთო არაფერი აქვთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი და უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი კლუევი იანუკოვიჩის ძველი თანამებრძოლია. იყო მისი, როგორც დონეცკის გუბერნატორის, მოადგილე, რეგიონების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფინანსური ბურჯი. მკითხველს რომ სწორი წარმოდგენა ჰქონდეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ვიტყვი, რომ ეს არის უზარმაზარი აპარატი, რომლის შტატი 700-ზე მეტი მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლისგან შედგება და პრაქტიკულად კოორდინაციას უწევს ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება. სიმბოლურია, რომ პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციასთან ერთად ზის ყოფილი კომპარტიის ცეკას შენობაში, რომლის კაბინეტები დღესაც ისევე გამოჭედილია მოხელეებით, როგორც შელესტისა და შჩერბიცკის დროს. აქაა სახელმწიფოს მართვის გენერალური შტაბი, მისი გონებრივი ცენტრი, ამიტომ კლუევის აქ გადმოყვანა იანუკოვიჩის მხრიდან ლოგიკური ჩანს. სხვა საქმეა, რამდენად სამართლიანია ის, რომ მიტინგების დარბევებში მთავარი ეჭვმიტანილი, ნაცვლად იმისა, რომ გენერალურ პროკურატურაში დაკითხვებზე პასუხებს იძლეოდეს, კვლავ საკვანძო ადგილზე რჩება. ანდრეი კლუევის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა: პრეზიდენტის საკადრო სია არც თუ გრძელია, შეიძლება ითქვას, მეტისმეტად მოკლეა; პრეზიდენტი არ აპირებს მაიდნის დამრბევთა დასჯას; აქცენტი გაკეთდება, ერთი მხრივ, კვლავ რეპრესიებზე, მეორე მხრივ კი, დეპუტატების მოსყიდვა-დაშინებაზე. ერთიც და მეორეც, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამტკიცებენ, მისი ამპლუაა.

 

და მაინც, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების მთავარი ინტრიგა პრეზიდენტის ერთგვარად სენსაციურ განცხადებაში გამოიხატა: 25იანვარს მან საკმაოდ პრიმიტიულ, მაგრამ ეფექტურ ხერხს მიმართა და არსენ იაცენიუკს პრემიერ-მინისტრის, ხოლო ვიტალი კლიჩკოს ჰუმანიტარულ სფეროში ვიცე-პრემიერის თანამდებობები შესთავაზა. შედეგი ადვილი გასათვლელია: თანხმობის შემთხვევაში ოპოზიციონერები ეთიშებიან მაიდანს, გადადიან ხელისუფლებაში და ბედის ანაბარა ტოვებენ მილიონ ადამიანს, რომლებმაც მათ ნდობა გამოუცხადეს. ამ ჩანაფიქრის მთელი ფოკუსი იმაშია, რომ იაცენიუკიცა და კლიჩკოც ასევე ბედის ანაბარა აღმოჩნდებიან  სულ რამდენიმეთვიანი უშედეგო საქმიანობის შემდეგ (დადებითი შედეგი ძნელი წარმოსადგენია პრეზიდენტის განუსაზღვრელი უფლებების პირობებში), თანაც სახელგატეხილები, შტრეიკბრეხერების დამღით. სხვა ვითარებაში არსენი იაცენიუკს მართლა შეეძლო ჩადგომოდა სათავეში მთავრობას. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად (მხოლოდ მაისში გახდება 40 წლისა), მას ნამსახურობის დიდი ნუსხა და სახელისუფლებო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ეროვნული ბანკის მმართველი, ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი, არჩეული იყო უზენაესი რადის სპიკერად. ვიტალი კლიჩკოს ბიოგრაფია კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ უმაღლესი სპორტული მიღწევებით ამოიწურება. მას არა აქვს სახელმწიფო მართვის არანაირი გამოცდილება, მაგრამ აქვს საერთაშორისო სახელი და საგრძნობი მხარდაჭერა ქვეყნის ყველა კუთხეში. მას ასევე ჰყავს იურისტების, ეკონომისტებისა და მენეჯერების გამოცდილი გუნდი, რომელზე დაყრდნობითაც, ალბათ, აპირებს საპრეზიდენტო კარიერის დაწყებას. მისთვის ვიცე-პრემიერობის შეთავაზება იყო დაცინვისა და აბუჩად აგდების აშკარა მცდელობა, რადგან ვიტალი კლიჩკო დაახლოებით ისეთი ჰუმანიტარია, როგორც თვით იანუკოვიჩი. არას ვამბობ თავად ამ თანამდებობის დონეზე პრეზიდენტობის პრეტენზიისმქონე კაცისთვის! კლიჩკოს ელვისებურმა და საკმაოდ ირონიული ფორმით გამოთქმულმა უარმა გარანტის პილიტტექნოლოგთა გეგმა თითქმის ჩაშალა, თუმცა იაცენიუკის მიმართ კითხვის ნიშანი ჯერ კიდევ რჩება. ისმება კითხვა: რატომ არაფერი შესთავაზა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციის მესამე ლიდერს ოლეგ ტიაგნიბოკს? ანალიტიკოსები ვარაუდობენ და მეც მიმაჩნია, რომ ნაციონალისტების თავკაცს იგი სხვა, უფრო სერიოზული მიზნისთვის ინახავს. მას შემდეგ, რაც იაცენიუკი და კლიჩკო, ხელისუფლების აზრით, სრულ პოლიტიკურ ფიასკოს განიცდიან და საარჩევნო მარათონს გამოეთიშებიან, იანუკოვიჩის მთავარ მეტოქედ ოპოზიციის მხრიდან გაიყვანენ ოლეგ ტიაგნიბოკს, რომელიც შეჯიბრს უთუოდ წააგებს. პარტია “სვობოდას” ლიდერს მისი ულტრამემარჯვენეობის გამო მხარს ბოლომდე არ დაუჭერს თვით ნაციონალისტური დასავლეთის უმრავლესობაც კი, რომ არაფერი ვთქვათ რუსულენოვან ოლქებსა და ცენტრზეც კი. მართალია ასეთი წინასაარჩევნო სიუჟეტი იანუკოვიჩისთვის ზედმეტად სასურველი ჩანს, თუმცა არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს და აი, რატომ.

 

მიმდინარე მოვლენების ფონზე სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება პეტრო პოროშენკოს მისწრაფება, გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. ცოდნით, გამოცდილებით, პოლიტიკური მოთამაშის დახვეწილი მანერებით (თუ გნებავთ, გარკვეული დემაგოგიითაც) იგი ახერხებს ელექტორატთან საერთო ენის გამონახვას, ხშირად მონუსხვასაც კი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ან იქნებ სულაც უმნიშვნელოვანესი ის, რომ პეტრო პოროშენკო არის მილიარდერი, უკრაინის საკონდიტრო ბიზნესის მამამთავარი, “შოკოლადის მეფე”, როგორც მას უწოდებენ. გარდა ამისა, მას აქვს სერიოზული საერთაშორისო ურთიერთობებიც. სხვადასხვა დროს იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრი(იაცენიუკის მერე, თუმცა ასაკით მასზე უფროსია). როცა 25 იანვარს პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, ერთ დღეში აღვადგენ დაზიანებულ “დინამოს” სტადიონს და გრუშევსკის ქუჩასო, ხალხმრავალმა მიტინგმა ტაშის დაქუხება არ დააყოვნა. გრუშევსკის ქუჩაზე, რომელმაც ამ ბოლო დროს თავისი აქტიურობით მაიდანი დაჩრდილა, განლაგებულია მინისტრთა კაბინეტი და უზენაესი რადა, ანუ როგორც მას უწოდებენ, სამთავრობო კვარტალი. “მაიდანი” აქედან სულ სამას მეტრშია და, რამდენადაც ვხვდები, იქ “მეორე ფრონტის” გახსნა ბელადთა გეგმებში არ შედიოდა. იგი სტიქიურად წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც არსენი იაცენიუკმა მაიდნის დაჟინებულ თხოვნაზე დაესახელებინა ოპოზიციის მთავარი ლიდერი, განაცხადა: კონსტიტუციის თანახმად, ჩვენთან ხელისუფლების უმთავრესი წყარო ხალხიაო. მაიდნის რადიკალურმა ფრთამ, რომელსაც არ მოეწონა ასეთი ევფემიზმი, ინიციატივა ხელში აიღო და უზენაესი რადის ბლოკირება გადწყვიტა. და სწორედ იქ, გრუშევსკის ქუჩაზე, ”დინამოს” სტადიონთან მათ წინ აღუდგა სპეცდანიშნულების რაზმი “ბერკუტი” და შინაგანი ჯარის ნაწილები. თუ ნოემბერ-დეკემბერში ისინი უიარაღო მომიტინგეებს სცემდნენ და არბევდნენ, ამჯერად კარგად მობილიზებულ და ხელკეტებითა თუ ეგრეთწოდებული “მოლოტოვის კოქტეილით” აღჭურვილ აგრესიულ ახალგაზრდებს გადააწყდნენ. როგორც გაირკვა, ესენი იყვნენ მანამდე უცნობი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “მარჯვენა სექტორის” წარმომადგენლები, რომლებსაც თურმე ხელისუფლებასთან პირადი ანგარიშები ჰქონიათ. მათი უმრავლესობა, როგორც ირკვევა, ხელისუფლების მიერ დაყაჩაღებული წვრილი და საშუალო მეწარმეა, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. მათ საკმაოდ მწვავე შეტაკებას ბერკუტთან მოჰყვა სისხლისღვრა, ადამიანების დასახიჩრება და, რაც განსაკუთრებით სავალალოა, მსხვერპლიც. ვიტალი კლიჩკომ სცადა რადიკალების დაშოშმინება, თავშიშველი ჩადგა მოწინააღმდეგეებს შორის, მაგრამ დათმობას ვერ მიაღწია. ამჟამად გრუშევსკის ქუჩა არის ორივე მხრიდან ექსტრემიზმისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის სიმბოლო, მძვინვარე კიკბოქსინგის არენა, სადაც თვით მსოფლიო ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომაც ვერაფერი გააწყო.

 

პირდაპირ ვიტყვი: საშინელი სანახავია დღეს კიევის ცენტრი, სადაც აღმართულია უზარმაზარი ბარიკადები, უშნოდ ახორხლილან დამწვარი ავტომანქანების ჩონჩხები, ხრჩოლავენ საბურავების კოცონები, რომელთა შავი კვამლით გაჭვარტლულია არა მარტო თოვლი, არამედ მიმდებარე შენობებიც, ჩამსხვრეულია ვიტრინები, აყრილია ქვაფენილი. ფანტასმაგორიულ სურათს აძლიერებს ის, რომ “ფრონტს” მიღმა მუშაობენ მაღაზიები, რესტორნები, კაფეები, ოფისები. მაიდანზე კი ხალხი განუწყვეტლივ იცვლება. ზოგმა სამსახური მიატოვა და რევოლუცია უმთავრეს საქმედ გაიხადა, ზოგიც შეთავსებით რევოლუციონერობს, მრავლად ჩამოდიან ოლქებიდანაც. ტყუილია, რომ იქ მხოლოდ კიეველები და დასავლეთის უკრაინელები დგანან. მაიდანზე უკრაინის ყველა კუთხიდან ჩამოსულთ შეხვდებით, იგი საერთო-სახალხო პროტესტის სიმბოლოა და მისი დაკნინების მცდელობა ამაოა. ამიტომაც ვფიქრობ, უკრაინის გახლეჩვა, რაზეც ბევრს საუბრობენ როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც, არ მოხდება. და ეს, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, არ მოხდება სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩის წყალობით. იგი დღეს სძულს როგორც დასავლეთს, ასევე აღმოსავლეთსაც. სძულს მისი სიხარბის, მომხვეჭელობის, უგულობის, მარტო საკუთარ თავზე და ვიწრო გარემოცვაზე ზრუნვის გამო. კაცი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ლოზუნგით “მოვუსმენ ყველას”, თითქოს დაყრუვდა და დაბრმავდა ერთდროულად, არ ესმის მისი კაბინეტიდან 200 მეტრში მრავალათასიანი მომიტინგეების შეძახილები: ”ძირს ბანდა!”, ვერ ხედავს უზარმაზარ მაიდანს (სადაც უკვე ექვსჯერ შეიკრიბა მილიონზე მეტი ადამიანი) და გრუშევსკის ქუჩიდან ცად ასულ შავ კვამლს, რომელმაც მალე ლამის მთელი უკრაინა დაფაროს.

 

ამდენ მომიტინგეს ვერანაირი ფულით ვერ მოისყიდი, ვერ აიძულებ ოცგრადუსიან ყინვაში დღე და ღამე ღია ცის ქვეშ იდგეს და გამხეცებული “ბერკუტის” ტყვიებს უშვერდეს მკერდს. ის საყოველთაო მღელვარება, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, არ არის ორგანიზებული არც უცხოეთის სპეცსამსახურების, არც მით უმეტეს უკრაინული ოპოზიციის მიერ. მისი მთავარი ორგანიზატორები არიან პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი (და არა მიკოლა, რადგან იგი კალუგელი რუსია!) აზაროვი და მისი მთავრობა (რომლის წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო: “ცხოვრების გაუმჯობესება უკვე დღესვე!”), რომლებმაც სახელმწიფო დეფოლტის მიჯნამდე მიიყვანეს და, რა თქმა უნდა, თვით ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც ამომრჩეველს არც ერთი დაპირება არ შეუსრულა.

 

პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ხოლო ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობაში საგანგებო სიტუაციათა მინისტრი, დღეს კი სახალხო დეპუტატი ვიქტორ ბალოგა პირდაპირ მიმართავს თავის ჯიუტ სეხნიას: “მე თქვენ ჩვენი ქვეყნის ბევრ პოლიტიკოსზე უკეთ გიცნობთ. ვიცი, როგორი ხართ სინამდვილეში, რას ფიქრობთ ახლა. თქვენი საქციელი უთითებს ერთ  რამეზე: თქვენ გსურთ სისხლში ჩაახრჩოთ უკრაინელი ხალხი”. ბალოგა ასკვნის, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პარალელურად, იანუკოვიჩი ომისა და ადამიანების დასახოცად ემზადება.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ოლიგარქები რინატ ახმეტოვი, ვადიმ ნევინსკი და დიმიტრი ფირტაში (რომელთაგან ეროვნებით არც ერთია უკრაინელი) გასულ შაბათს შეიკრიბნენ კიევის ერთ-ერთ სასტუმროში და შეთანხმდნენ, მოთხოვონ ვიქტორ იანუკოვიჩს, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ ადამიანების მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ობამას, ბაროზუსა თუ მერკელის დიპლომატიური გაფრთხილება. მათი რეაქცია გამოუწვევია შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების სამსახურის უფროსის მიერ მომზადებული პრეზიდენტის ბრძანების პროექტს, რომელიც მომიტინგეთა დაშლას ითვალისწინებდა. მათი გათვლით, ეს შესაძლებელია, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად. ბიზნესს და ფულს კი, როგორც ცნობილია, სიმშვიდე უყვარს. როცა ზარბაზნები ქუხს, ბიზნესი ზარალდება, ფული კი “არამიზნობრივად” იხარჯება.

 

იანუკოვიჩმა, როგორც დასაწყისში შევნიშნე, კრიზისის დაძლევის საკუთარი გეგმა წარმოადგინა და ოპოზიციის პასუხს ელოდება. მის სიფრთხილესა და მოთმინებას, როგორც ამბობენ, განაპირობებს პუტინის დაჟინებული მოთხოვნაც, ოლიმპიადამდე არ დაღვაროს სისხლი და არ ჩაუშხამოს ზეიმი, რომელსაც ისედაც ქუფრად გადაჰფენია ჩრდილოეთ კავკასიაში დამყარებული თითქმის საგანგებო მდგომარეობის ჩრდილი. ამავე დროს სულ უფრო აშკარავდება მისი ჩარევის მასშტაბები უკრაინის საშინაო საქმეებში. ჩნდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეების გატაცება, ტყეში წამება და მხეცური მკვლელობები პეტერბურგელი ქილერებისგან შემდგარი “სიკვდილის ესკადრონების” ნახელავია. იმასაც ამტკიცებენ, რომ მიტინგების დარბევაში მონაწილეობდნენ ბერკუტად გადაცმული რუსი სპეცრაზმელები. ერთი სიტყვით, რუსეთის ფაქტორი უკრაინის ამბებში მეტად სერიოზულია და ამ ”წვრილმანი” ჩარევებით არ ამოიწურება. უკიდურეს შემთხვევაში, იანუკოვიჩმა შესაძლოა ითხოვოს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემოყვანა, სადაც რუსეთი პირველობას არავის დაუთმობს. ხოლო, თუ რითი მთავრდება მისი მშვიდობისმყოფელობა, ვინ ვინ და, ჩვენმა მკითხველმა შესანიშნავად იცის.

 

P.S. საშვიდნოემბროდ საბჭოთა კავშირში ხშირად მღეროდნენ ვანო მურადელის ცნობილ სიმღერას: “რევოლუციას აქვს დასაწყისი, რევოლუციას არა აქვს ბოლო”. უკრაინის რევოლუცია დაიწყო და საკმაო სისწრაფით ვითარდება. ექნება თუ არა მას ბოლო და როგორი იქნება იგი, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება ხვალ, 28 იანვარს, როცა უზენაესი რადის სხდომა უნდა შედგეს. იქ გაირკვევა, რა დათმობებისთვის არიან მზად მხარეები და შესაძლებელია თუ არა მათ შორის ზავი, თუნდაც დროებითი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია