რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-01-2014, 14:39 | ბლოგები | ნანახია - 2052

 ნათია მეგრელიშვილი

 რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია?

ერთი მარტივი მიზეზის გამო. ერთადერთი ქართული პოლიტიკური ძალაა, რომელიც ანერვიულებს რუსეთის ხელისუფლებას. მათი არსებობა საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე ჯერ კიდევ ავტორიტეტულია. ის ნამდვილად ახერხებს ტრადიციული რუსული პროვოკაციების გაშიფვრას, რაც საქართველოს მოსალოდნელი ანექსიის პუტინისეულ გეგმას ცოტა აფერხებს.  საბედნიეროდ, პუტინი გამოცანა არ არის. ივანე მრისხანეს დამპყრობლური  და ცივი ომების  ეპოქიდან რუსეთს ბრძოლის მეთოდები არ შეუცვლია. სცენარი სტანდარტული  და ბანალურია: ეს არის პროვოკაციები, უცხო ქვეყნის შიდა არეულობები, სამოქალაქო ომები და კეთილი რუსული არმია, რომელიც ყველას გადასარჩენად მზად არის. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ დიდი რუსეთის შეწუხება არ ღირს. ამიტომაც შიხიაშვილის გეგმა, რომ ნაციონალები მოუსავლეთში უნდა დააპორტიროს, ჯერ ნაადრევია. განა ამხანაგ შიხიაშვილს შეუძლია გაუმკლავდეს „გენერალ როდიონოვების“ დემაგოგიას?  ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალების ყოფილი აქტივისტია, შესაძლოა,  კიდეც ფლობს ამ უნარ-ჩვევებს (არ მჯერა).

 

გაუგებარია, რატომ არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო ასეთი მრავალრიცხოვანი. ალბათ იმიტომ, რომ პარტიაში რამდენიმე ფრთა აქტიურობს და არა არის ერთი მტკიცე იდეა და მიზანი, რაც  რეაბილიტაციის პროცესს დააზარალებს. მაგრამ ეს ნაციონალური მოძრაობის პრობლემა და საზრუნავია. ჩვენი ინტერესია ის, თუ რას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა დღეს. არაფერს.

 

ეყრდნობით იმ პოლიტიკურ გამოცდილებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დააგროვეთ და ჯერ კიდევ ახერხებთ ხელისუფლების ოპონირებას.

 

დღეს, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს ისე აღარ სძულხართ, როგორც ერთი წლის წინ (ობიექტური მიზეზების გამო), გამოყენებულ უნდა იქნას თითოეული წუთი, რათა თამამად აღიაროთ საკუთარი შეცდომები,  იშრომოთ, რომ პარტია კი არ განაახლოთ ახალი სახეების ჩანაცვლებით, არამედ თავიდან ჩამოაყალიბოთ. დაივიწყოთ ის ეგოცენტრიზმი და ცინიზმი, რომლითაც ასე გამოირჩეოდით და პროგრესული იდეები, რომლებიც ნამდვილად გქონდათ, ისევ ძალაში დატოვოთ.

 

 უცნაურია, მაგრამ პირველი  ოქტომბრის შემდეგ, “ნაცები” გაცილებით ადამიანურები და ჩვეულებრივები გამოჩნდნენ, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს. აი, რა უნდა იყოს თქვენი ახალი ათვლის წერტილი - გაადამიანურება, ქედმაღლობაზე უარის თქმა და საკუთარი თუ ახალი ინტელექტუალური ძალების არა აგრესიულად, არამედ რაციონალურად გამოყენება.

 

რეაბილიტაცია ნაციონალურ მოძრაობას კი არა, იმ ცხრა წელიწადს ჭირდება, როცა ევროპამ შეგვამჩნია და გვაღიარა. ჩვენ 80 წლით ჩამოვრჩით მსოფლიოს განვითარებას და ამის შედეგებს ახლა ვიმკით.  ქართველებს ძალიან გაუჭირდათ კანონების დაცვა, რაც მსოფლიომ დიდი ხნის წინ გაიარა და მათი ცხოვრების წესად იქცა, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისათვის ეს აღმოჩნდა დამამცირებელი და მიუღებელი - „როგორ გაგვიბედეს უძველესი კულტურის ერს, რომ შუქნიშანზე შევჩერდეთ და ქვითარი ამოვბეჭდოთ” და ა. შ. ზოგიერთმა ცნობილმა ქართველმა ისიც თქვა, რომ ის ჯიგრული დრო ენატრება, როცა ნაცნობობით ყველაფერს გაშანსავდიო.  არც ნაციონალების და  არც ოცნების დროს, ეს დაუწერელი კანონი არ გაუქმებულა და ისევ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.

 

ნაცმოძრაობამ უნდა ახსნათ, რატომ დაგჭირდათ ასეთი მკვეთრი, დრამატული და ტრაგიკული  ნაბიჯების გადადგმა. რატომ არასდროს დროულად არ გამოხატავდით მწუხარებას მომხდარი ფაქტების მიმართ. ამ მყვირალა დუმილმა წაგართვათ ხალხის სიყვარული, რაც თავიდან გეგონათ, რომ არც გჭირდებოდათ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა, რომ ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა პატივისათვის საკმარისი არ არის.

 

როცა პირველად პრესაში გამოვჩნდი (თუმცა 90-იანებიდან იბეჭდება ჩემი ბელეტრისტიკა, მაგრამ არავის შეუმჩნევია) პუბლიცისტური წერილებით, უცნობებმაც და ახლობლებმაც დაწერეს, რომ ნაცმოძრაობის დაფინანსებული „ახალი დეიდა“ ვარ . ერთმა პატივცემულმა ქართველმა ისიც შემომითვალა, „რამდენს გიხდიან შე უნამუსოო!“ ეს ადამიანი დაბადების წუთიდან მიცნობს და რაც მთავარია, თავად უხდიდა ოცნება მხარდაჭერისათვის, მაგრამ იცის, რომ არასდროს ვიტყვი. ეს ჭორები არ მაღელვებს, ვინაიდან თითოეულმა თქვენგანმა იცის, რომ არც მაფინანსებდით, არც მიცნობდით და თქვენი ჩინოვნიკების და მახინჯი კონცეფციების წყალობით, სამჯერ დავკარგე სამსახური და არც ჩემს შვილს არ იღებდნენ სამსახურში, ბაბუა გყავს ოპოზიცაშიო. ასე რომ, მე თქვენი ვალი არ მაქვს. პირიქით!

და მაინც, მიუხედავად პერსონალური პრობლემისა, ბევრმა დავაფასეთ ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც გაატარეთ. მოისპო პროტექციონიზმი უნივერსიტეტებში, დაზღვევით ათასობით ადამიანმა გაიკეთა ძალიან რთული ოპერაციები. დაგიფასეთ, რომ ღამით ქუჩაში გასვლის არ გვეშინოდა, ქრთამს არავინ გვთხოვდა, ქალაქი დასუფთავდა, საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფო ინსტიტუტები შეიქმნა, მსოფლიომ შეგვნიშნა, ქართული ჯარი აღარ იყო საცოდავი და მშიერი. დაგიფასეთ, რომ ბევრი თანამედროვე პროექტი განხორციელდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხრა წელიწადი ანერვიულეთ რუსეთი, რომლისაც ყველას ეშინია და მათ შორის ჩვენც. მაგრამ დიდი ქვეყნების დაფარული იდეა, რომ პატარა ერები უნდა მოისპონ, ასე ადვილად ვერ მოხდება. პატარა ფინეთმა დიდ ხანს ანერვიულა რუსეთი და უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ცოტა ჩვენც ვიაქტიურეთ. რუსეთისათვის საკმაოდ გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს ახალი ლიდერი-პერსონაჟი  „მიშა“, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ტიპებს, ვისაც კომუნისტები აციმბირებდნენ ან კლავდნენ. თურმე 2008 წელს რუსული ჯარი ჩვენს გადასარჩენად მოსულა და ვინ სთხოვა მათ ეს დახმარება?  თუ „მიშკას“ რამე შეეშალა, ეს ჩვენი პრობლემაა, რა შუაშია კრემლი?

 

ახალი ხელისუფლება აკრიტიკებს “ნაცების” ხისტ მეთოდებს და „ტკბილი სიტყვებით“ ებაასება რუსეთს, რომელმაც ერთხელ  დახმარება რომის პაპს სთხოვა, თავადაც პირობა დადო, რომ არ განახორციელებდა ამა თუ იმ ქმედებას. ვატიკანმა სიტყვა შეასრულა, მაგრამ რუსებმა პაპიც კი გადააგდეს.

 

ვაფასებთ ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე  თქვენს მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს , მაგრამ არც შეცდომებს დაგივიწყებთ. არ შევეხები ცნობილ მოვლენებს და მარტო ერთ დეტალს გავიხსენებ: განათლების მინისტრად პოლიცმეისტერი რომ დანიშნეთ და გაკვეთილებზე თავგადაპარსული მანდატურები მივარდებოდნენ და მასწავლიდნენ, როგორ უნდა ჩამეტარებინა ხელოვნების ისტორიის გაკვეთილი, ეს უკვე მეტისმეტი იყო - ამ „პატივისცემას“ არასდროს დაგივიწყებთ. მაგრამ ყველაფერს შაშკინს არ დავაბრალებ. ის ადამიანები, ვინც საგანმანათლებლო რეფორმის დოკუმენტაცია შეადგინა, არ გამოირჩეოდნენ დიდი კაცთმოყვარეობით და ალბათ ეროვნული გეგმის სასწავლო პროგრამის ტექსტი იმიტომ იყო ასეთი უსულო.

 

ლოგიკურია, თუ პარტიის გაძლიერებაზე, რეაბილიტაცაზე რეანიმაციაზე და განახლებაზე ფიქრობთ, მაგრამ სად ჩანს ეს და რატომ ვერ გრძობს ამას საზოგადოება? ნორმალურია ის, რომ პარტიის შიგნით ალბათ კონფლიქტებიც გაქვთ და ძალაუფლების გადანაწილების ბრძოლებიც, მაგრამ ეს თქვენი შიდა სამზარეულოა. ჩვენ გვეხება, როგორ მოახერხებს ნდობის და ყურადღების მიპყრობას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდასავლური ოპოზიციური პარტია. ერთი წელიწადია უკვე თავდაცვის რეჟიმში ხართ დ ჯერ კიდევ იმარჯვებთ, ვინაიდან თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება გაცილებით მაღალია, ვიდრე ოცნების. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. როგორც მახსოვს, უმრავლესობას ათობით უცხოური დიპლომი გაქვთ, ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იქ თქვენთვის არ უსწავლებიათ, რომ პოლიტიკა ვერტიკალურია და ბრუნვადი და გაჩერება არ შეიძლება?

 

უკვე სავსებით ნათელია, რომ ლიდერად მიხეილ სააკაშვილი აღარ გსურთ. რა პრობლემაა? ის თუ მოისურვებს, კიდევ ორ პარტიას შექმნის, მაგრამ იმას ვერ მოგიწონებთ, რომ ყველა ცოდვა მხოლოდ მას ბრალდება. თუ სააკაშვილი ერთპიროვნული მმართველი იყო და მართლა მისი  ტყვეები იყავით, მაშინ თქვენ ვიღა ყოფილხართ? თქვენი ფასი ყოფილა ნული. როგორ ხმას არ იღებდით? უსუსურების  და მშიშრების პარტია გქონდათ? შეატოვეთ მიშას საქართველო და თავად მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე ისვენებდით? დროა  გაინაწილოთ პასუხისმგებლობა და პარტიის გაცოცხლება მიშას იგნორით კი არა, გაჯანსაღებული მსოფლმხედველობით დაიწყოთ.

 

დროა, რომ ნაცმოძრობის უხუცესებმა ასპარეზი ახალ აზრს დაუთმონ, რამაც პატრიოტულ, ეროვნულ, პროგრესულ და პროფესიონალურ ოპოზიციას უნდა დაუდოს საფუძველი. დასანანი იქნება და არის, რომ ბევრი კარგი პროექტი დაიბლოკა დ ეს მოხდა იმიტომ, რომ ქართველების სიხარბეს საზღვარი არ აქვს და პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოება. პოლიტიკოსები, ჩვენგან განსხვავებით, თავისუფლები არ არიან - „კეისრის ცოლი ჭორზე მაღლა უნდა იდგესო“ ნათქვამია და არა გლამურულ ადგილებში ფეისკონტროლიორად მუშაობდეს.

 

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ მინდა, შიხიაშვილმა მოუსავლეთში გაგისტუმროთ და თუ წახვალთ, ისიც ხომ თქვენიანია და თან გაიყოლეთ!

 

საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა არსებობს და არც პოზიცია და არც ოპოზიცია არაფერს ამბობს. ერთი წლის წინ და დღემდე არასდროს გვსმენია ახალი ხელისუფლების სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განვითარების გეგმა-კონცეფცია, მსოფლმხედველობა. დღევანდელი  ხელისუფლების ერთადერთი მიზანი იყო მიშას გადაგდება და ახლა იწყებენ ფიქრს, როგორ მოუარონ ქვეყანას, სადაც მილიარდი უკვე გაქრა. და საქართველოს  გაბრწყინების ვირტუალური პროექტი ჰაერში დაეკიდა. ჰოდა იჯდე-რაო ახლა ხალხი და ელოდოს ბედნიერ მომავლს, რომელსაც კომუნისტებიც გვპირდებოდნენ - „დაპირდი ყველაფერს, მაგრამ არაფერი მისცე, -ლენინი“

 

თქვენი აქტივობა კი შემოიფარგლება მხოლოდ გამოცდილებით და კონკრეტული მოვლენების კარგი ცოდნით, მაგრამ არც ერთხელ არ გიცდიათ, რომ 26 მაისის და 7 ნოემბრის კადრებზე სინანული გამოგეხატათ. რაღა უბრალო ხალხს დაერიეთ,  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის აქციების ლიდერები დაგეჭირათ და საზოგადოებისათვის სიმართლე  გეთქვათ. მაგრამ ხალხი გაილახა და ლიდერები უცხოეთში მოგზაურობდნენ. ამას როგორ ახსნით?. „ქართული ოცნებაც“ არ იმჩნევს 17 მაისს და თქვენს კვალს ბრმად მიჰყვება. როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს რაინდული სინანული არ ახასიათებთ.

 

ქვეყანაში ისევ ორი პოლიტიკური ბანაკი დომინირებს და ისევ ბევრი ტყუილი.   წინ არის სოჭის ოლიმპიადა და არავინ იცის, რას მოიმოქმედებს პუტინი. თქვენ ხართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო კლასის ისტერიკა მოაწყოს და ქვეყანა დაიცვას, მაგრამ ძველ იდეოლოგებს ნუღარ ენდობით: ათეიზმი, აგნოსტიციზმი, კოსმოპოლიტიზმი, კათოლიციზმი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სერტიფიკატები, ეროვნული ღირებულებების იგნორირება, ინგლისურის ცოდნა და დამცინავი ინტონაცია ჯერ  კიდევ  არ ნიშნავს, რომ ინტელექტუალი ხარ  და შეგიძლია სახელმწიფო მოღვაწე გახდე. სამწუხაროდ, ჭკვიანი და მართლა ბრძენი ხალხი ყოველთვის ჩრდილშია. მათ ინტუიცია კარნახობთ, რომ არ უნდა გამოჩნდნენ, რათა ფარისევლებმა არ ჩაქოლონ. მინისტრებად 22 და 24 წლის ბავშვებს რომ ნიშნავდით, ის მაინც არ უსწავლებიათ თქვენთვის დიდ დასავლეთში, რომ პროფესიონალიზმი არის დრო, ცოდნა და გამოცდილება?

 

რუსეთმა ყოველთვის შეიძლება დაგვამარცხოს,  მაგრამ ის მაინც უნდა აფიქრებდეს, რომ ძლიერი ეროვნული მთავრობა გვყავს და სამშობლოს ასე ადვილად არ დათმობს.

 

თქვენი მოუსავლეთში წასვლა გამორიცხულია - პუტინს აღიზიანებთ და ეს ნიშა უნდა შეინარჩუნოთ. ამით უმრავლესობასაც დაეხმარებით და მეტ სითამამეს შესძენთ. ოღონდ ერთმანეთს ნუ დაკბენთ და ყველაფერი, რაც შეგეშალათ, საკუთარ  თავს დააბრალეთ და თამამად შეუდექით ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნას. ძალიან ძველები პენსიაზე უნდა გავიდნენ, შედარებით ახალგაზრდებმა კი უნდა დაივიწყონ ბარები, რესტორნები, კუნძულები და ბრენდები და მიწაზე დაეშვან. მიეცით შანსი  და თავისუფალება პროფესიონალებს.  რაც კარგი შექმენით, საკუთარი უყურადღებობით  გაანადგურეთ, ახლა კი ისევ შენების დროა, თორემ ვალოდია აქვეა, ყურის ძირში! მეტრებით კი არა, კილომეტრებით მოიწევს, ბედუკაძე რუსეთში გმირი გახდაო, ქართული ოცნება უკვე ერთმანს  ვერ იტანს. წინ არის არჩევნები, რომელიც ალბათ ძალიან მხიარულად ჩაივლის და დიმპიტაურს და შალახოს არ მოგვაკლებენ. ტელევიზიებში ერთი და იგივე ხალხი წელიწადში 365-ჯერ გვიყვება ქორწილის და  განქორწინების მიზეზებს, როგორ იღებავენ თმას, იჭრიან ფეხის ფრჩხილებს, იპარსავენ იღლიას და ტოტალურ მარაზმში ვართ. სახეზე ყველა მინისტრს ვიცნობთ - ეს ხომ საშინელებაა, მათი მოადგილეებიც ვიცით და რეფერენტებიც და, რაც მთავარია, დეპუტატებს უნდა დავუჯეროთ და ჩვენი პირადი ცხოვრებაც მათ ხოშზე ავაწყოთ. . . .

 

დაგვეხმარეთ, ბიძიებო, დეიდებო, და დაგვიხსენით პოლიტიკის მავთულხლართებისგან. ისე თქვენც მაგარი ჯიუტები ხართ და კრიტიკას არ ეპუებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი კერძი ძველი პროდუქტებით არ მზადდება.

 

კეთილი ინებეთ და ახლა მაქსიმალური ენერგია დახარჯეთ, შექმენით ძლიერი პარტია, რომელიც ქვეყანას მოემსახურება. ვალდებულები ხართ!

 

მაგრები კი მაშინ იქნებით, თუ საერთოდ დაგვავიწყებთ პოლიტიკას და იმის საშუალებას მოგვცემთ, რომ ეს ერთადერთი სიცოცხლე თქვენი გამოსახულების გარეშე ვიცხოვროთ.

                                                                                                   

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია