ვინ დაანგრევს კედელს?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-02-2014, 17:50 | ბლოგები | ნანახია - 1752

მართა იამანიძე

ვინ დაანგრევს კედელს? 

თანამედროვე ქართული საზოგადოების სახე მისივე სოციალურ-პოლიტიკური რეალობაა.
ორი პოლიტიკური ძალის მომხრეთაგან და მოწინააღმდეგეთაგან ვინ მწვერვალებს იპყრობს, ვინ ვარსკლავებს წყვეტს სიძულვილის გამოსახატად მის მიმართ, ვინც მისი „მტერია.“
ეს ნეო-ბოლშევიკური იდეოლოგია საძირკველს დებს საზოგადოების ცნობიერებაში და ჩვენც ყოველდღე ახალ-ახალ როლებს ვირგებთ, რათა წარმატებულად შევასრულოთ ჩვენ-ჩვენი სიძულვილის ეტიუდები გაურკვევლობის ერთ დიდ ამფითეატრში.
მეორე მხარეს მავთულხლართებია.
გაყოფილი საზოგადოებაც ხელოვნური ბარიერების მეშვეობით შორდება ერთმანეთს და რუსული „აგურიც“ სათითაოდ იდება იმ დიდი კედლის მშენებლობაში, რომელიც ერთ სახლში მცხოვრები ოჯახის განცალკევებას უსახური კონსტრუქციით ცდილობს.

 

საბოლოოდ კი, ვერ ვხვდები, რითი განსხვავდება რუსული მავთუხლართები იმ „მავთულხლართებისგან“, რომელსაც ქართული საზოგადოება სიძულვილის სხვადასხვა ვარიაციებით ერთმანეთის პირისპირ აღმართავს.

 

ალბათ შემეკამათებით და მეტყვით, რომ ჩვენ არ ვართ უნიკალურები და ამგვარ „მავთულხლართებს“ ბევრ სხვა ერსა თუ ეთნოსს შორისაც აქვს ადგილი.
მაგალითისთვის 1968 წელს, დე გოლისდროინდელ პარიზში განვითარებული მოვლენებიც გამოდგება, სადაც დაპირისპირებული საზოგადოება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა „მტრებს.“ მაგრამ მეეჭვება ამ ერებს შორის არსებობდეს ისეთი, ვისაც ცხვირწინ ჰქონდეს ხილული საფრთხე ფიზიკური კედლის სახით და, მიუხედავად ამ „მაკეტისა,“  შესაშურ არქიტექტურულ ტალანტს ავლენდეს საზოგადოებრივ რეალობაში მის გადმოსატანად.

არ ვმორალისტობ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები სიძულვილის ხარაჩოებზე ჯერ კიდევ „ხელისუფლების მშვიდობიან და დემოკრატიულ ცვლილებამდე“ ადი-ჩადიოდნენ.
და დღეს, როდესაც ხარაჩოები კედლით იცვლება, მხოლოდ ის მაშფოთებს, რომ „მშენებლობის“ ამ ტემპებით გაგრძლება მომავალში „ოლიმპიურ მავთულხლართებზე“ არანაკლებ ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს.

 

აქ სპექტაკლ  „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“  სულისკვეთება მახსენდება : ის, რომ ერთ დროს ქართველების დამორჩილება  ძნელი იყო; ის, რომ გენერალი ომს არასოდეს ტოვებდა, სანამ „ჩეკა“ არ მიაკითხავდა დასაპატიმრებლად; ის, რომ ამავე „ჩეკას“ ბრძანებით დასახვრეტი ქართველები სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ ღალატობდნენ ქვეყანას.

 
ნუთუ აუცილებელია მაინცდამაინც წითელი არმია გყავდეს შენს მიწა-წყალზე, რომ გამოფხიზლდე, შეიცნო ვინ ხარ და რას წარმოადგენს შენი მტერი? რატომ არის მუდმივად „მტრის ხატის“ აუცილებლობა იმისათვის, რომ ეროვნულმა თვითშეგნებამ გაიღვიძოს? პარადოქსია, რომ ვერც 2008 წლის აგვისტომ შეასრულა გარდამტეხი როლი საზოგადოების მენტალობაში - ვერც ამან გაგვაერთიანა და ნისკარტები წავიმახეთ იმის „გასარკვევად,“ თუ ვინ გაისროლა პირველად.
არც ქაქუცა გვყავდა და არც კოტე აფხაზი. არც ახლა გვყავს. ამიტომ ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის აჩრდილები ჩვენი საზოგადოების ხელით ავლებენ „მავთუხლართებს“ ჩვენსავე შორის.

უდაოა, რომ მძაფრი პოლიტიკური დებატი, დისკუსია და ჯანსაღი კონკურენცია დემოკრატიას უწყობს ხელს. მაგრამ მხოლოდ ჯანსაღი. დღეს გამჭრიახობას მხოლოდ იმაში ვავლენთ, ვის რა ბრალი დავდოთ, ვიზე როგორ ვიქილიკოთ ან ვინ რამდენად შევიძულოთ. ეს არ არის არც კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი კლასი და არც მომწიფებული პოლიტიკური საზოგადოება.მერამდენე „წითელი არმია“ უნდა შემოვიდეს იმის გასაცნობიერებლად, რომ ყველაზე დიდი მტერი კედელია საზოგადოებას შორის?

მართალია. ფლოიდის სული ამ სტატიაში შესამჩნევია. მალე 35 წელი შესრულდება ალბომის გამოშვებიდან. 70-იანებში კედელი ჯგუფსა და მსმენელებს შორის იყო აღმართული, რაც უოტერსის ცნობილი „ფურთხით“ დაგვირგვინდა.  დღეს, როდესაც მსმენელს არავინ აფურთხებს, მისიას საზოგადოება ტვირთულობს, ჩვენც ტუჩები წაგვიგრძელებია ამ ზიზღნარევი „ფურთხის“ სასროლად.  ასე და ამგვარად, „ბნელი სარკაზმი“ ისადგურებს „საკლასო ოთახში.“

 

წამალი რა არის? ალბათ, ის, რომ ყველა წამალს მოჰყვება თავისი დანიშნულება
და ანალოგიურად ყველა საზოგადოებას ერთგვარი „დანიშნულება“ აქვს.
დანიშნულება კი ის არის, არ მოადუნოს ხელისუფლების ყურადღება და საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებამ იტვირთოს საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების მისია, ყოველგვარი „მესიებისა“ და „ერის წინამძღოლების“ გარეშე. და აღმართული კედელი თუ არ ჩანაცვლდება, ფანჯრები მაინც ამოვჭრათ ერთმანეთის დასანახად.
უთავბოლო კედლების პროექტირება ერთ დიდ ლაბირინთს შექმნის.
თავის დაღწევის მსურველებს კი მავთულხლართები დაკაწრავენ.
და მაინც რჩება კითხვა: ვინ დაანგრევს კედელს?
ან სადამდე უნდა ვიცხოვროთ „საკლასო ოთახში?“
იმედს ვიტოვებ, რომ აღარ დაგვჭირდება კრწანისის რეზიდენციაში მცხოვრები გამოცდილი კედლის მნგრეველი ნატურა;
აღარც 90-ინების დროინდელი ენერგო-კრიზისი;
და აღარც „კერასინკები“ და „ლამფები“ იმისთვის, რომ, უბრალოდ, დავსხდეთ და ერთმანეთს ვესაუბროთ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია