როგორ ავისრულოთ ოცნებები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-02-2014, 15:38 | კომენტარები | ნანახია - 2262

მამუკა კუდავა

 

ოცნებების ჩაფიქრება არახალია, განსაკუთრებით გავრცელებულია ახალი წლის სურვილები. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და რომში იღებს სათავეს. დღეს ის ძირითადად პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული, მაგრამ არამარტო. ერთნი ჩუმად ნატრობენ, მეორენი - ხმამაღლა ოცნებობენ, ზოგი, დედა პარასკევას ხილვების მიხედვით, ორ ყველაზე აუცილებელ სურვილს ჩაიფიქრებს, ზოგი - ზოდიაქოსა და მიხეილ ცაგარელისნაირ ხალხს უჯერებს და ბედს ასტროლოგიას მიანდობს, მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული სხვები კი საერთოდ არაფერს მოისურვილებენ და ოცნებების განხორციელების კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ.

 

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საახალწლო სურვილებია: ჯანმრთელობა თუ ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესება, ოჯახის შექმნა თუ შვილების გაჩენა, კარგი ხასიათი თუ დადებითი აურა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თუ ვალებიდან ამოსვლა, სამუშაოს პოვნა თუ კარიერული წინსვლა, განათლების მიღება თუ მეტი ორგანიზებულობა, მოგზაურობა თუ ქველმოქმედება, ახალი მეგობრების შეძენა თუ ძველების შენარჩუნება, მშვიდობის დასადგურება თუ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა. ქართველთა ოცნებებიც არაა ძლიერ განსხვავებული. ძირითადი განსხვავება ალბათ ისაა, რომ ქართულ სუფრაზე თითოეული კეთილი სურვილისათვის ცალკე სადღეგრძელოა მიძღვნილი.

 

რასაკვირველია, სურვილების უმრავლესობა არ ახდება. მსოფლიოში ხშირად მითითებული ერთი ცნობილი კვლევა ამბობს, რომ ასეთი 88%-ია. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებისას ადამიანების ნახევარზე მეტი დასაწყისშივე დარწმუნებული იყო, რომ სურვილები აუსრულდებოდათ. ადამიანის მიერ სურვილების თუ ოცნებების ჩამოყალიბების ადექვატურობა და რაციონალურობაც რომ მოცემულობად აღვიქვათ, მათი განხორციელება ხომ არა მარტო ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგი მას ღვთის ნებას ეძახის, ზოგი - ბედისწერას, დანარჩენი კი ხალხური ანდაზის სიბრძნით ხელმძღვანელობს - „ხელი გაანძრიე და გეშველებაო“. კონკრეტული გარე ფაქტორები, რაც ნატვრის ახდენასთან შეიძლება იყოს პირდაპირ კავშირში, ბევრია - ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება, სოციალური ცხოვრება და საზოგადოებრივი აქტიურობა, სამუშაო ადგილები და ეკონომიკური მდგომარეობა, ბუნებრივი კატასტროფები და ეკოლოგია, პოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო კონტექსტი...

 

დღევანდელ სამყაროში ახალი წლის სურვილები უფრო და უფრო ჰომოგენური ხდება, რადგან გლობალიზაციის გამო  ჩვენი პლანეტის მომავალი პროგრესი და გამოწვევებიც ბევრ სფეროში ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ამიტომ მიზანშეწონილია, უფრო რეალისტურად ვინატროთ, რომ შედეგად მეტად კმაყოფილი დავრჩეთ ყოველი წლის ბოლოს. ამისათვის კი საჭიროა რომანტიკული ქართველები დავმიწდეთ და გავიგოთ, თუ რეალურად რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა საახალწლო სურვილების თუ ოცნებების ახდენის წარმატების შანსის გასაზრდელად.

 

აღნიშნულზე პასუხს იძლევა მეცნიერების განვითარება. ბოლო წლებში გენეტიკა უფრო და უფრო ხშირად და დასაბუთებულად საუბრობს ადამინის გენის გაუმჯობესების შესაძლებლობაზე, რაც აქამდე სიცოცხლის განმავლობაში სტატიკურად ანუ ფიქსირებულად მიიჩნეოდა (გარდა ზოგიერთი უჯრედისა, რომელიც დაბერებას იწვევს). გენეტიკოსები ამტკიცებენ, რომ გენების განვითარება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება არა მხოლოდ წლიდან წლამდე, არამედ წუთობრივადაც კი. ტყუპების გენეტიკა დაბადებისას ძალიან გავს ერთმანეთისას, მაგრამ ძალიან განსხვავდება სიბერისას. ამ სფეროს ეპიგენეტიკა ჰქვია და ის იკვლევს იმას, თუ რამდენად ღრმა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანმა საკუთარ ინდივიდუალურ გენომაზე.

 

დნმ და მისი კოდი ყველას გაგვიგია. დნმ-ის ფუნქციაა უჯრედში ინფორმაციის შენახვა და შთამომავლობით გადაცემა. მაგრამ გარდა დნმ-ისა თურმე არსებობს ეპიგენეტიკური კოდი და ეპიგენეტიკური მემკვიდრეობა. ანუ, ადრე მიიჩნეოდა, რომ ადამიანისთვის განმსაზღვრელია მშობლების გენების ნაკრები, რომელიც თითოეული ჩვენგანის უჯრედებშია მოთავსებული, ხოლო ცხოვრების წესი, კვება, მავნე ჩვევები, თუნდაც ხასიათი, ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს შთამომავლობის გენებზე, მის ჯანმრთელობაზე. თანამედროვე კვლევები კი ამტკიცებს, რომ ასე არ ყოფილა: იმაზე, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები და მათი მშობლები, დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი შვილების და უფრო მეტიც - შვილიშვილების გენთა მოქმედება და ჯანმრთელობა. ანუ, ჩვენი გენები შეიძლება იყოს, როგორც აქტიურ, „ჩართულ“, ისე არააქტიურ, „გამორთულ“ მდგომარეობაში.

 

მოკლედ, გენები იცვლება ცხოვრების წესის და გარემოს მიხედვით. კერძოდ, გენები აქტიურია და ძლიერ დამოკიდებული ემოციებზე, პირად და სოციალურ ურთიერთობებზე, დიეტაზე, ვარჯიშზე და ნევროქიმიაზე. რადგან ტვინის ქიმია პირდაპირაა დაკავშირებული ფიქრებთან, გრძნობებთან და სტრესის დონესთან, ამიტომ თუნდაც ყოველდღიურ გამოცდილებებს და მათზე თქვენს რეაქციებს შეუძლიათ იმოქმედონ თქვენს გენებზე.

 

აღნიშნულის შედეგად, ე.წ. რბილი მემკვიდრეობის მეშვეობით ადამიანის ქცევები შეიძლება გადაეცეს შემდეგ თაობას. ანუ, მშობლების მიერ ბავშვზე გადაცემული გენები დიდწილად ფიქსირებული და განსაზღვრულია, მაგრამ მშობლების ეპიგენომის უარყოფითი თუ დადებითი ცვლილებაც ასევე გადაეცემა ბავშვს. მაგალითად, გამოკვლეულია, რომ შიმშილობას გამოვლილი მშობლების შვილებში უფრო ხშირია ჭარბი წონის პრობლემა.

 

დასკვნის სახით, მეცნიერება გვასწავლის, რომ თითოეულ ჩვენგანს მართებს აქტიურობა და ცხოვრების დადებითი წესისა და ქცევისათვის მიმართვა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჩვენი და აქედან გამომდინარე ჩვენი მემკვიდრეების გენების გაუმჯობესება და შედეგად - ოცნებების და სურვილების ასრულება.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია