"გრენლანდიური" რეცეპტი კიევისათვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-02-2014, 16:46 | მსოფლიო | ნანახია - 2227

"გრენლანდიური" რეცეპტი კიევისათვისზურაბ კვაჭაძე

 

             სოჭის ოლიმპიადის ციებ-ცხელებამ და ოლიმპიური სოფლის "კრეატიულმა" საპირფარეშოებმა იმდენად გადაფარეს მედიაში კიევის მაიდანზე და მთლიანად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომ საზოგადოების ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა რუსეთის  პრეზიდენტის მრჩევლის, გლაზევის მეტად სახიფათო და მზაკვრული განცხადება, რომელიც მან "კომერსანტთან" საუბარში გაახმოვანა ამ რამდენიმე დღის წინ: "ხისტი უნიტარული სახელმწიფოს (უკრაინის) შიგნით დაპირისპირებები მუდმივად იქნება (!!!). იმისათვის, რათა ეს დაპირისპირებები შეწყდეს, საჭიროა ფედერალიზაცია... ვფიქრობ, რომ ეს (ფედერალიზაცია) უკვე იდეა კი არა, აუცილებლობაა".  გლაზევის შემდგომი წიაღსვლები ამ "მომავალი ფედერაციის" სუბიექტებისათვის ფართო უფლებების მინიჭების შესახებ, უკრაინას ახალ, კრემლისთვის სასურველ რეალობასთან აახლოებს: "მსოფლიო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ერთი სახელმწიფოს შიგნით მოქმედებს სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკური რეჟიმები. მაგალითად, დანიის შემადგენლობაში არის გრენლანდია, ამასთან დანია ევროკავშირის წევრია, გრენლანდია კი არა".

 

            პუტინის მრჩევლის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არ იყო არც მისი პირადი ნააზრევი და არც შემთხვევით ნათქვამი ფრაზა. ცხადია, რომ იგი კრემლის გეგმაზომიერი მოქმედებების დაწყების მკაფიო სიგნალს იძლევა; სწორედ იმ მოქმედებებისა, რომელიც "გათიშე და იბატონე"-ს პრინციპით ქვეყნის დანაწევრების განზრახვას გულისხმობს.  ამ განცხადებით რუსეთმა პირდაპირ აღიარა სულ მცირე ორი რამ: პირველი ის, რომ უკრაინაში არსებული დაპირისპირებები მისი მართულია ("... სახელმწიფოს შიგნით დაპირისპირებები მუდმივად იქნება") და მეორე, ყველაზე საშიში, უკრაინის ევროინტეგრაცია ამ ქვეყნის დანაწევრების, შესაბამისად, დიდი სისხლის ფასად თუ მოხდება.  

 

            რამდენად რეალურია კრემლის ეს ჩანაფიქრი? რამდენად მედეგია უკრაინის სახელმწიფო ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?  ეს კითხვები დღეს ალბათ ყველას აწუხებს, თუმცა პასუხები ამ კითხვებზე, უკრაინული რეალობებიდან გამომდინარე, ერთგვაროვანი არ არის.

 

             მაიდანის თითქმის სამთვიანი გმირული ეპოპეა, ასევე რეგიონებში ხალხის მასობრივი პროტესტები  ძალზედ დიდი მუხტია ერთიანი ეროვნული თვითშეგნებისა და იდენტობის ფორმირებისათვის, თუმცა ფაქტია - უკრაინის 20 წლიანმა დამოუკიდებლობამ ბოლომდე ვერ შეძლო ამ სახელმწიფოში საერთოუკრაინული იდენტობის ჩამოყალიბება. ამის ძირითადი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ საბჭოთა კავშირის დროს უკრაინის საზღვრები ხელოვნურად იყო შეკოწიწებული (განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინის საზღვრები მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ), რის გამოც დღევანდელი სახელმწიფო შედგება რამოდენიმე ისეთი ტერიტორიისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი ისტორიითა და იდენტობით. ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინაში ქვანახშირის მაღაროების ათვისებისას და მძიმე ინდუსტრიის განვითარებისას, ამ მხარეში მასობრივად იქნა გადმოსახლებული სხვადასხვა ხალხები (უმთავრესად რუსები), რამაც დემოგრაფიული ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინელთა საზიანოდ. წლების შემდეგ კი ყოველივე ამან თავი იჩინა ერთი ქვეყნის შიგნით დასავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებს შორის დიამეტრალურად განსხვავებული მსოფლმხედველობის ფორმირებაში, რაც ხშირად დაპირისპირებაში ვლინდება. მაგალითისათვის ისიც გამოდგება, რომ დასავლეთ უკრაინაში უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ შერაცხული სტეპან ბენდერა აღმოსავლეთ უკრაინელთათვის ფაშიზმისა და ტერორიზმის სიმბოლოა. სტეპან ბენდერას, რომელიც დევნილობისას 1959 წელს მიუნხენში საკუთარი სახლის სადარბაზოში კგბ-ს აგენტმა ბოგდან სტაშინსკიმ კალიუმის ციანიდის შპრიც-პისტოლეტით გამოასალმა სიცოცხლეს, 2010 წლის დასაწყისში, თავისი საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ვ. იუშჩენკომ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. თუმცა სულ ცოტა ხანში, უკვე ვ. იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას, დონეცკის სასამართლოს დადგენილებით ს. ბენდერას გმირის წოდება ჩამოერთვა.

 

            ზოგადად ამ არცთუ სახარბიელო სურათს კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინის მართლმადიდებლური  ეკლესიის შიგნით არსებული განხეთქილება, რომელიც კარგა ხანია უკვე გასცდა ეკლესიის კედლებს და თავისი ტრაგიზმით ერის კონსოლიდაციაზე დამღუპველად მოქმედებს. მკითხველს ორიოდ სიტყვით შევახსენებ, რომ უკრაინაში ეკლესიას ავტოკეფალია არ გააჩნია, რის გამოც დე-ფაქტო ორი ეკლესიაა - ერთის მხრივ მოსკოვის პატრიარქატის მმართველობის ქვეშ არსებული უკრაინული ეკლესია, რომელსაც სათავეში რუსეთის პატრიარქის მიერ ხელდასმული კიევის მიტროპოლიტი ვლადიმირი უდგას და მეორეს მხრივ დამოუკიდებელი, თუმცა არაკანონიკური უკრაინული ეკლესია პატრიარქ ფილარეტის წინამძღოლობით, რომელიც განუდგა მოსკოვის პატრიარქატს და იბრძვის ავტოკეფალიისათვის, თუმცა უშედეგოდ.  ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ პატრიარქი ფილარეტი და მისი ეკლესიის მსახურნი გვერდით დაუდგნენ მაიდანს, რასაც ვერ ვიტყვით მიტროპოლიტ ვლადიმირზე.

 

            უკრაინაში "ნარინჯისფერი" რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტი ვ. იუშჩენკო შეეცადა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას და მისი ინიციატივით 2004-2009 წლებში უკრაინაში მიმდინარეობდა უკრაინული ენისა და ტრადიციების მასობრივი კულტივირება (განსაკუთრებით განათლების სისტემაში, საჯარო სამსახურში და სხვა), მათი გამიჯვნა ზოგადად  სლავური (ამ შემთხვევაში რუსული) ენისა და კულტურისაგან და უკრაინული იდენტობის დამკვიდრება, რამაც კრემლის რისხვაც კი დაიმსახურა თავის დროზე - ამ უკანასკნელისათვის შეურაცხმყოფელი და მათი (ველიკორუსული) ინტერესებისათვის საზიანო იყო მალოროსების (როგორც რუსეთში უწოდებენ აღმოსავლეთის მიწებს) ამგვარი დისტანცირება.

 

             ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ (2010 წლიდან) კი ეს ტენდენცია გრძელდება, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით - რუსული ენის სასარგებლოდ. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ქვეყნის ხელისუფლება არათუ უწევს რუსულ ენას სტიმულირებას, არამედ ცდილობს რუსულ ენას  უკრაინული ენის თანაბრად მიანიჭოს სახელმწიფო სტატუსი,  თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ  - ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილებისათვის ვერხოვნა რადაში აუცილებელია 300 ხმის (ანუ ხმათა 2/3-ის) მოგროვება, რაც "რეგიონების პარტიამ" ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო დღემდე  ვერ შეძლო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის 13 რეგიონში ადგილობრივი საოლქო საბჭოების მიერ მათდამი რწმუნებულ ოლქებში რუსული ენისათვის ოფიციალური სტატუსის გამოცხადებისათვის, რაც სხვასთან ერთად რუსულ ენაზე საქმისწარმოებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების (საბავშვო ბაღები, სკოლები, სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლები)  უკრაინულიდან რუსულ ენაზე სწავლების ფორმაზე გადასვლას ნიშნავს.

 

            ორი ენა, ორი ეკლესია, ორი უკრაინა (დასავლეთი და აღმოსავლეთი), ორი მენტალობა  - საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა კრემლისათვის თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად. უფრო სწორედ, ეს ნიადაგი მან თავადვე შექმნა საბჭოთა იმპერიის დროს, რომელსაც დღეს კრემლის მთავარი დირიჟორი ვირტოუზულად იყენებს. ამგვარმა "გაორებებმა" კი უკრაინული საზოგადოება კიდევ უფრო გახლიჩა, რაც მთელი სიმწვავით სწორედ უკრაინული მაიდნის დღეებში გამოჩნდა - დასავლეთ უკრაინის ევროსწრაფვას აღმოსავლეთ უკრაინის საპირისპირო განწყობა დაუპირისპირდა. არის მსხვერპლიც. ალბათ არა უკანასკნელი.

 

            ამასობაში კი რუსეთმა წამზომი უკვე ჩართო - 2014  წლის 13 თებერვალს უკრაინის კომუნისტური პარტიის (ნუ გაგეცინებათ, ეს პარტია უკრაინაში არათუ არსებობს, არამედ  პოლიტიკური პარტიების ტოპ-ხუთეულშიც კი შედის) ლიდერმა პიოტრ სიმონენკომ  ფედერალიზაციის იდეის აგიტირება დაიწყო და ითხოვს სათანადო რეფერენდუმის ჩატარებას, ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს უკრაინის ვერხოვნა რადას უკრაინის ფედერალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად.

 

            დიდი მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ გლაზევის ზემოთაღნიშნული განცხადება და სიმონენკოს კანონშემოქმედებითი გააქტიურება ერთი პატარა ეპიზოდია იმ საერთო სცენარისა, რომლის ავტორი დღეს ნეტარი ღიმილით სოჭში მსოფლიოს მთავარ სპორტულ ფორუმს მასპინძლობს. თუკი უკრაინის კრიზისი უახლოეს პერიოდში არ მოწესრიგდა, სავარაუდოა, რომ ოლიმპიადის დასრულებისას უკრაინის "გრენლანდიიზაციის" საშიშროება დღის წესრიგში რეალურად დადგეს. საჭირო ბერკეტები კი, იცოცხლეთ, რუსეთს საკმარისზე მეტი აქვს - რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა სევასტოპოლში (რომელისაც იანუკოვიჩის მთავრობამ 2042 წლამდე - 25 წლით გაუხანგრძლივა ყოფნა 1 კუბერ მეტრ გაზის ფასზე 100 დოლარით ფასდაკლების სანაცვლოდ), ფეთქებადსაშიში ყირიმის ავტონომია (რომელსაც რუსები სულაც თავისად თვლიან), ათაითასობით ხელოვნურად ნატურალიზებული რუსეთის მოქალაქე ფეთქებადსაშიშ რეგიონებში (სადაც რუსული პასპორტების გაცემა დაჩქარებულად მიდიოდა სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში), ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე და კიდევ ბევრი სხვა რამ.

 

            უკრაინა დღეს ევროპული და რუსული, დემოკრატიული და იმპერიული ღირებულებების ბრძოლის ველად იქცა და მისი მომავალი ბევრწილად ევროპისა და აშშ-ს ხელისუფალთა სიმტკიცეზეც არის დამოკიდებული. არა ისეთი "სიმტკიცის", რომელმაც საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვა, არამედ უფრო ქმედითი, გაბედული და პრაგმატული.  მსოფლიოს არ სჭირდება დაქუცმაცებული უკრაინა, მისი უნიკალურობა სწორედ მის მთლიანობაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპას და აშშ-ს ერთად მოუწევთ მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე ახალი "გრენლანდიის" შექმნასთან შეგუება და კიდევ ერთხელ (საქართველოს შემდეგ) საკუთარი უსუსურობის აღიარება.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია