შალვა რამიშვილი + არტ-არეა = სირცხვილს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-02-2014, 13:36 | ბლოგები | ნანახია - 4773

ნათია მეგრელიშვილი

 შალვა რამიშვილი + არტ-არეა = სირცხვილს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დამცირების და გამარგინალებისთვის ბევრი პროექტი მუშავდება, მაგრამ შალვა რამიშვილმა შესანიშნავი გამოსავალი მოძებნა.

 

სასახლეში თანამედროვე ქართული და, რაც მთავარია, კონცეფტუალური ხელოვნების გამოფენა  გუშინ გაიხსნა - გუშინ, როცა მთელი მსოფლიო უყურებდა კიევის საზარელ კადრებს, ჩვენს თვალწინ ადამიანები კვდებოდნენ  და იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხელოვანებს (რომლებსაც, თურმე, კონცეფციებიც აქვთ) ეს გამოფენა და „სუპერ“ ინსტალაციები რუსთაველის გამზირზე დაედგათ და მიეძღვნათ უკრაინელებისთვის, ჩაიკეტენ „ნანატრ საძულველ“ სივრცეში და ფილოსოფიურად წარმოაჩინეს გამოფენის აქტუალობა.

 

კონცეფტუალური ნაბიჯი გუშინ უკრაინის სინოდმა გადადგა, როცა ლოცვიდან ამოიღო მთავრობა და ეს არის მართლმადიდებლურ ლიტურგიაში უპრეცენდენტო შემთხვევა.

 

 ისიც უპრეცენდენტო იყო, როცა ახალი პრეზიდენტი სასახლის ფასადური სარკაზმით დატკბა, არც კი დაათვალიერა გამოფენა და გამოაცხადა, რომ მას აცნობეს,  რომ იქ არაჩვეულებრივი სანახაობაა. არც კი დაათვალიერა, იმდენად ეზიზღება ეს შენობა; ან დღევანდელი სიტყვისათვის ემზადება და დრო არ ჰქონდა. პარლამენტში რომ ვიყო, აუცილებლად ვკითხავდი, რატომ ეშინია მისთვის განკუთვნილი ბრწყინვალე შენობის? იქ რა, ჭინკები ხომ არ დარბიან? ან იქნებ, ღამით ექსპრეზიდენტის აჩრდილი არბის გუმბათზე?

 შალვა რამიშვილი + არტ-არეა = სირცხვილს

ახალგაზრდებო, შალვა რამიშვილმა მოგატყუათ და გამოგიყენათ და თქვენც წამოეგეთ მის ანკესზე. მათი მიზანი იყო, რომ აეჭედათ სასახლე და, ვითომ, ინსტალაციის ფორმატით, სასახლის ფასადზე დიდი და გრძელი ქაღალდები ააკრეს, როგორც კრიმინალისტებს სჩვევიათ: „შენობა დალუქულია“! მსგავსი რამ ბევრჯერ გვინახავს ევროპაში, საკუთარი ფანტაზია არ გვყოფნის და გვეზარება კიდეც მოვიფიქროთ რაიმე ახალი.  კულტურის მინისტრი კი  აღფრთოვანებული შეჰყურებდა ქართულ შედევრებს, რომლის ანალოგიას ხშირად იხილავთ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების და 60-იანი წლების არტ-კატალოგებში. სამწუხაროდ, სასახლეში გამოფენილია მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრებიც, მაგრამ საკუთარი პიარისთვის ყველაფერს ხელი არ უნდა მოაწერო.

 

არტ-არეა შეცდა, როცა გამოფენა ამ შენობაში მოაწყო და თანაც გუშინ, როცა უკრაინაში გლოვის დღე იყო, იმ უკრაინაში, რომელმაც 9 აპრილის მერე ჩვენი მხარდამჭერი დიდი მიტინგი ჩაატარა კიევის ცენტრში და თბილისშიც უამრავი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენი ახალგაზრდების სამოქალაქო პანაშვიდზე.

 

ნუთუ სირცხვილად ის არ გვყოფნის, რომ ქართული დელეგაცია სოჭიდან არ მოდის, ან ის, რომ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ასე ცოტა ადამიანი დადის. დაგავიწყდათ, ლიტვაში მრავალათასიანი მიტინგი რომ გაიმართა 1989 წლის 10 აპრილს? ან ის დაგავიწყდათ,  რუსული ტანკები ვილნუსში რომ შევიდნენ, როგორ გადაიჭედა რუსთაველის ქუჩა? ახლა რამ გამოგაშტერათ ასე, რომ უკრაინას უკავშირებთ წინა ხელისუფლების ზიზღს და არც მთავრობა, არც საზოგადო მოღვაწეები, არც ოპოზიციური პარტიები, არც მოქალაქეები არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ(იმედი მაქვს, 17 მაისს ისევ გამოიყრებით ქუჩაში და კარატეს ილეთებზეც არ დაგვზარდებით).

 

გული მწყდება, რომ ისეთი მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებიც არტ-არეას ჯგუფში არიან (უმრავლესობას კარგად ვიცნობ და ვაფასებ) მონაწილენი გახდით პოლიტიკური ავანტურის, რომ თავისუფალი და კონცეფტუალური უწოდეთ გულუბრყვილო პრეზიდენტის “პიარშჩიკების” ცინიკურ პოლიტიკურ აქციას, რომელიც თქვენი საშუალებით შეფუთეს. თუმცა დღეს მასთან მეგობრობა ალბათ ყველას გაწყობთ, ეს ხომ საქართველოა!! რა იცი, როდის ვინ გამოგადგება?

გაცილებით ეფექტურები და საამაყონი იქნებოდით, დღეს თქვენი ნამუშევრებით ქუჩაში რომ გამოსულიყავით! ამას უკრაინაც დაგიფასებდათ და მსოფლიოც შეგნიშნავდათ.

 

ისე, მეც მაქვს იდეა. ჩვენი ზოოპარკი ხომ სულს ღაფავს და პრეზიდენტის სასახლეში გადავიყვანოთ ცხოველები, რომლებიც გაცილებით ღირსეული არსებები არიან, ვიდრე ადამიანები!

 

დრონი მეფობენ! რამიშვილების ლუსტრაცია როცა მოხდება, ნეტა როგორ ჩამოირეცხავთ დღევანდელ სირცხვილს?

 

ვერც ერთი შედევრი ვერ შეედრება ვაჟკაცობას და სიმამაცეს და საკუთარი ნიჭი ოცდაათ ვერცხლად არ უნდა გაყიდო.

 

დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია