ცხადდება ვაკანსია - ხელისუფლებაში გვესაჭიროება პოლიტიკოსები!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-02-2014, 15:09 | ბლოგები | ნანახია - 2237

ნათია მეგრელიშვილი

 

ქართველი მინისტრები და პარლამენტარები მშვიდად აცხადებენ, რომ უკრაინას დღეს არ სჭირდება ჩვენგან არავითარი დახმარება. . . . . არ ვიცი ამას რა დავარქვა - სიძუნწე თუ უვიცობა? როდის იყო ქართველს დახმარება დაზარებოდეს? სამთავრობო დონეზე უკრაინას  თითქმის უკანასკნელებმა დავუჭირეთ მხარი - სანამ მთელი მსოფლიო არ აგუგუნდა, გაყუჩებული ვიყავით.

 

 ნაციონალებს დასცინეთ, ყოფილ პრეზიდენტსაც, მაგრამ პოლიტიკაში ისევ გაჯობეს. დღეს, როცა უკრაინას მართლა ძალიან სჭირდება დახმარება, მათთვის საქართველოს მხარდაჭერა  ასოცირდება  ისევ ყოფილ ხელისუფლებასთან და არა თქვენთან, ვინც, თურმე, დახმარებას არც აპირებს.

 

ისიც კი არ შეიმჩნიეთ, რომ იქ ქართველებიც დაიღუპნენ.

 

პოლიტიკაში მართლა ვერ ერკვევით?

 

თქვენ რომ გაგიჭირდებათ და ძალიან დაგჭირდებათ უკრაინაც და ბევრი სხვა ქვეყანაც, ყველა გაიხსენებს თქვენს განცხადებებს, რომ „რუსეთთან კი არა, აფხაზ-ოსებთან გქონიათ პრობლემები“, „რომ უკრაინის საშინაო პრობლემებში მეტიჩარა ნაციონალებივით არ ჩაერევით“, „არც დახმარებას გაგზავნით“ და ყველაფერი ამის მერე ვინ მოგვაქცევს ყურადღებას?

 

თქვენ პოლიტიკა ისე იცით, როგორც ახლა ჩვენ ასმატების ეპოსი.

 

 უკრაინაში ომი ჯერ არ დამთავრებულა, არავინ იცის, რა მოხდება ყირიმში, არავინ იცის, როგორ მოიქცევა რუსეთი და სწორედ ახლა სჭირდებათ დახმარება. დატვირთეთ ერთი თვითმფრინავი ქართული პროდუქციით: ლიმონათი, ბორჯომი, მარნეულის ქარხნის და “კულას” ფირმის მზა საჭმელი, ჩაი, ხილი, ქართული შოკოლადი, წამლები და ჩაიტანეთ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და დაურიგეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, ოჯახებში მიიტანეთ, მაიდანზე მიბრძანდით და საერთოდ, თქვენთვის პოლიტიკა მხოლოდ ნაციონალების ლანძღვა და საკუთარის თავის გაიდეალებაა, ძალიან ჩამორჩით მსოფლიოს და რაღაც ბრაზიან პროვინციას დავემსგავსეთ, მსოფლიოს დიდი პოლიტიკა კი მალე ისე ჩაგიქროლებთ, რომ არც შეგიმჩნევთ და მესამე სამყაროს ქვეყნებში ისევ ბოლოდან მეორე ადგილზე აღმოვჩნდებით.

 

რატომ არ უნდა დავეხმაროთ უკრაინას? ამაზე სამი პასუხი გვაქვს:

  1. პუტინს არ უნდა ვაწყენინოთ;
  2. უკრაინაში სააკაშვილის უპირატესობა ნერვებს გიშლით;
  3. ან მართლა ვერ ერკვევით პოლიტიკაში.
  4.  

გამოცოცხლდით,მეგობრებო! პოლიტიკას დუმილი და ლოდინი  არ უყვარს, ის სულ მოძრაობს,  ვერტიკალურია და ბრუნვადი!

 

ამხანაგებო: ვოლსკი, კობახიძე, ძიძიგური, ხადური, ციცერონ ბერძენიშვილი და ყველა დანარჩენი  დშნ.. დცნ.. დშნ.. დცნ . . . . . . . მოვითხოვთ რომ გააგზავნოთ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება. ეს თქვენი კაპრიზები დაიოკეთ და ნუ გვარცხვენთ!!

 

 ისე, რა უნდა გელაპარაკოთ, როცა კიევისათვის ყველაზე სისხლიან დღეს პრეზიდენტის სასახლეში „ვეჩერინკა“ მოაწყვეთ, სხვა დარბაზში კი - რუსული რომანსის საღამო. მგონია, რომ თქვენთან ლაპარაკს აზრიც არ აქვს.

 

დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია