ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-02-2014, 19:24 | პოლიტიკა | ნანახია - 4341

ემილ ავდალიანი

 ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მხოლოდ სოჭის ოლიმდიადამ თუ მოახერხა ამ საკითხის ცოტაოდენი დაჩრდილვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლელი ჟურნალისტებისა თუ პოლიტოლოგების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მოგებას ნახავდა უკრაინა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით. ნაკლები, ან თითქმის არაფერი თქმულა უკრაინის სტრატეგიულ მდგომარეობაზე და რას მოიტანს მისი ასოცირება ევროპასთან ამ უკანასკნელის უსაფრთხოებისთვის.

 

            უსაფართხოება კი ევროპისთვის ნომერ პირველი პრობლემაა. ერთი შეხედვით, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ევროპამ ამ კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია. თუ 1980–იანი წლების დასასრულს რუსულ ჯარებს მარტივად შეეძლოთ პრაღის, ვარშავის, ბუდაპეშტის თუ ნახევარი ბერლინის დაკავება, საბჭოთა კავშირის დაშლამ დღეს ეს საფრთხე ამ რეგიონისთვის არარსებული გახადა. სამაგიეროდ, ევროკავშირის საზღვრების გაფართოებამ აღმოსავლეთით უსაფრთხოების საკითხი დააყენა, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, რუმინეთისთვის, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის (საქართველო და მოლდავეთი).

 

            შორეულ 1919 წელს ბრიტანელმა პოლიტოლოგმა ჰალფორდ მაკინდერმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი წიგნი Democratic Ideals and Reality: A Study in the Politics of Reconstruction.. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა, რომ მისი თეზისები ისეთივე მნიშვნლოვანი იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ან XXI საუკუნეში. მაკინდერის აზრით, აღმოსავლეთ ევროპა დღევანდელი რუსეთის ტერიტორიით წარმოადგენს ისტორიის იმ მამოძრავებელ სივრცეს, რომლის გაკონტროლებაც ერთ ძალას, ერთ სახელმწიფოს, შესაძლებლობას მისცემს გავლენა მოახდინოს მეტნაკლებად მთელ ევრაზიაზე. რუსეთი ყველაზე ახლოს იყო ამ მიზნის მისაღწევასთან საბჭოთა იმპერიის არსებობის დროს. მაგრამ თუ ბატონობა უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ბალკანეთში რუსეთს ბერკეტებს აძლევდა, გავლენა მოეხდინა მედიტერანიაზე, უკრაინის ტერიტორია არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის გაკონტროლებისთვის, სამხრეთ კავკასიაზე ეფექტური გავლენის მოხდენისთვის და პროატლანტიკური თურქეთის შეკავებისთვის.

 

            უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღევანდელი მოვლენების გამო, არამედ იმიტომ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა იმყოფება ორი პოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრაზიული რუკის მოწყობის ორი რადიკალურად განსხვავებული გეგმის მქონე სისტემებს შორის: ევროკავშირი (ამ შემთხვევაში ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ნების მქონე ერთეულად ჩავთვალოთ) და რუსეთი.

 

            რა სისტემებია ეს? ვიტყვი, რომ უკრაინა მნიშვნელოვანია რუსეთისთვის არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ გეოსტრატეგიულადაც. ასე, მაგალითად, რუსეთი პოლონეთის თუ ბალტიის ქვეყნების გარეშეც კი წარმოადგენს „ევრაზიულ იმპერიას“. მაგრამ უკრაინის, კერძოდ კი, ყირიმის გარეშე, შესაბამისად შავ ზღვასა და კავკასიაზე საზღვაო გავლენის დაკარგვით და ამ რეგიონში თურქეთის მოძლიერებით, რუსეთი წმინდა „აზიურ იმპერიად“ გადაიქცევა. ასეთ შემთხვევაში რუსეთი სულ უფრო მეტად იქნება ჩაბმული ხანგრძლივ ისლამურ კონფლიქტებში მთელი მისი სამხრეთ საზღვრის გაყოლებაზე. ყოველი გასული წლით რუსეთი უფრო „აზიურ“ ქვეყნად გადაიქცევა არა მარტო სტრატეგიულად, არამედ ეთნიკურადაც. ზუსტად ამიტომ არის 50–მილიონიანი უკრაინა მნიშვნელოვანი მოსკოვისთვის. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით რამდენიმე სლავური ქვეყანა უკვე არის შესული ევროკავშირსა და ნატოში, უკრაინის გაწევრიანებაც ამ ალიანსებში მნიშვნელოვნად ამოუთხრის ძირს ე.წ. „სლავური კავშირის“ ცნებას, რას რუსეთს მხოლოდ მოძმე ბელარუსს შეარჩენს.

 

            ზემოთ ვახსენე უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობა ევროპისთვის, თუმცა რუსეთისთვისაც უკრაინა არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ კუთხით. უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში საფრთხეს შეუქმნის უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას, პირველ რიგში კი უზარმაზარი რუსეთ–უკრაინის საზღვრის გასწვრივ. უკრაინიდან შესაძლებელი იქნება ეფექტური პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოხდენა მეზობელ ბელორუსზე, რომლის ტერიტორიაზე არსებული რუსული შენაერთები პოტენციურ საფრთეს უქმნის პოლონეთს ბელორუსთან უშუალო საზღვრის ქონის გამო.

            ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებული უკრაინა საფრანგეთთან, გერმანიასთან და პოლონეთთან ერთად შექმნის ევროპის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მამოძრავებელ 300–მილიონიან „ნახევარმთვარეს“. თუ გერმანია გავლენას ახდენს მის უშუალო სამეზობლოში მყოფ ქვეყნებზე, იგივე როლს შეასრულებს უკრაინა. მოლდოვა, ბელორუსი და, შესაძლებელია შავი ზღვის გავლით, სამხრეთ კავკასიაც კი კიევის მინიმუმ მძლავრი ეკონომიკური გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკაზე და მის შესაძლო წარმატებასა თუ მარცხზე.

 

2013 წლის ნოემბერში საქართველომ ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა, რაც თავისთავად პოზიტიური ნაბიჯია. მაგრამ თუ ზემოაღნიშნულს გავითვალისწინებთ, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მეტწილად დამოკიდებული იქნება უკრაინის ბედზე: პროევროპული უკრაინა, რომელიც მოიცავს მთელ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს, ევროპისთვის კავკასიის მიმართულებით მთავარ პრობლემას მოხსნის: როგორ უნდა შეექმნას თბილისს ევროკავშირსა და ნატოში გაწევირიანების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები სავარაუდო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია