ისტორია დგას

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-02-2014, 20:07 | პოლიტიკა | ნანახია - 1534

ალექსი ჩხიკვაძეისტორია დგას 

 

დღეს, როდესაც თითქმის ასი წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებთ, რატომღაც არ ქრება განცდა, რომ ჩვენთვის ისტორია არათუ მეორდება, არამედ ის დგას, ის არც დამთავრებულა. ჩვენ თითქოს ერთ წერტილში ვტრიალებთ, ან სულაც გავჩერდით. დროც თითქოს გაჩერდა და ერთსა და იმავე ფაქტს უბრალოდ სხვადასხვა ფერის სათვალით ვუყურებთ.

 

დაახლოებით ასი წლის წინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ფურცელი დაიწერა - 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკა რევიზიონისტულმა რუსეთის იმპერიამ დაამხო. იმ დღის ტრაგიკულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მაშინ დაწყებული ოკუპაცია დღესაც გრძელდება, გრძელდება ჩვენგან სულ რამდენიმე კილომეტრში და ამ ოკუპაციის შემოქმედნი არ აპირებენ გაჩერდნენ. მათ სურთ მავთულხლართებით დაფარონ მთელი საქართველო, ოკუპაცია ფიზიკურად შევიდეს ყველა სახლში, ყველა ოჯახში, მოიცვას მთელი საქართველო.

 

პოლიტიკაში დამღუპველია ე.წ. wishful thinking, როდესაც სასურველს შესაძლებლად წარმოიდგენ, უფრო მეტად დამღუპველია, როდესაც სასურველს შემდგარ ფაქტად დაიჯერებ. დამღუპველია ინფანტილური წარმოდგენებით სახელმწიფოს მართვა, ბავშვურმა აკვიატებებმა და დაჟინებამ, როგორც წესი, კატასტროფული შედეგების დადგომა იცის.

 

წარმატებულ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების სწორად განსაზღვრა და მათ მისაღწევად რაციონალური გათვლებით თანმიმდევრული სვლა სჭირდება. კომპრომისი რაციონალიზმის ნაწილია, მაგრამ არარაციონალური კომპრომისი შესაძლოა ცუდ პრაქტიკად იქცეს.

 

უკანასკნელმა საუკუნემ, ჩვენთვის სამწუხაროდ, დაადასტურა, რომ 1921 წლის თებერვალი საქართველოსთვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა. თავი რომ დავანებოთ საერთაშორისო კონტექსტს, შეგნებულ ღალატს და კოლაბორაციონიზმს, ჩვენ ვერ შევძელით შემეცნებითი იდიოტიზმის გადალახვა, ჩვენ დღესაც სასურველის შესაძლებლად დაჯერების პრინციპით ვმოქმედებთ.

 

თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა 100 წლისწინანდელ ოკუპაციამდე, ვნახავთ, რომ ზოგიერთი ისტორიული ფაქტი ისე ჩაჯდება დღევადელობაში, თითქოს მათ შორის ეს ასი წელი საერთოდ არ არსებულა.

 

1918 წელს ნებით, შემთხვევით, სხვების მხრიდან ბიძგით თუ სხვადასხვა ფაქტორების დამთხვევით საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა. პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტა და ლიდერები პირადად იცნობდნენ და შესაძლოა მეგობრულ ურთიერთობებშიც კი იმყოფებოდნენ ბოლშევიკური რუსეთის მმართველებთან. საქართველოს მაშინდელი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, რომელშიც საკმაო დოზით არსებობდა საერთაშორისო პოლიტიკის იდეალისტური აღქმა,  ცდილობდა მის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებას, რათა მეზობელ რუსეთთან ურთიერთობების რეგულაცია მოეხდინა. რუსეთი ეთნიკური უმცირესობების ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ქმედებების პროვოცირებით შეეცადა მისთვის სასურველი მდგომარეობის მიღებას, თუმცა, მეტ-ნაკლები წარმატებით. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და ალბათ, რუსეთის მხრიდან აგრესიის გამორიცხულობაც დაიჯერა. ყველა სხვა გზის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა საქართველოში პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია, მისი ტერიტორიების ანექსია და ოკუპაცია განახორციელა.

 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერებიც ურთიერთობებს ალაგებდნენ რუსეთთან, სანამ ქვეყანა არ დაემხოთ და თავად იძულებით ემიგრაციაში არ გაიხიზნენენ.  იდეოლოგიურ სიახლოვეზე დაფუძნებულმა wishful thinking-მა შედეგად სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოგვიტანა.

 

სამოცდაათწლიანი მაძღარი მონობიდან გათავისუფლებულ საქართველოს ვერც გამსახურდია-ელცინის შეთანხმებამ და ვერც კრემლის კედლების საიდუმლოებებში კარგად გარკვეული შევარდნაძის აკრობატულმა მანევრებმა დაულაგა ურთიერთობები რუსეთთან. პრეზიდენტი გამსახურდია დაამხეს, გააქციეს და სიცოცხლე მალე დაასრულებინეს, პრეზიდენტ შევარდნაძეს კი, საქართველოსთვის ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის ცნობილი სიტყვების ავტორს, ჩრდილოელი მეზობლები ორჯერ აფეთქებდნენ. რუსეთის და დასავლეთის ინტერესების გეოპოლიტიკური დაბალანსება ვერ შედგა, საქართველო ეს-ენ-გეში აღმოჩნდა, ხოლო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მანდატს ამოფარებული რუსეთის საოკუპაციო ჯარები დადგნენ.

 

პრეზიდენტი სააკაშვილი ხუთი წელი ეცადა რევიზიონისტულ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მოსკოვი ამ ხნის მანძილზე საკუთარი აგენტურული ქსელის, კაპიტალის, სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების თუ პროპაგანდის საშუალებით წინ ეღობებოდა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მაშინ, როცა თითქმის ყველა საშუალება ამოწურა, 2008 წლის აგვისტოში პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

 

პოსტ-სააკაშვილი პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობების დათბობა, გაისმა განცხადებები საქართველოს ნეიტრალიტეტიდან დაწყებული ევრაზიულ კავშირში შესვლის პერსპექტივების განხილვამდე. ჩანს, ჩვენ ისევ შევედით პოლიტიკური ინფანტილიზმის და სასურველის შესაძლებლად წარმოდგენის ჩიხში. უსაფუძვლო მიამიტობით დავიჯერეთ, რომ რუსეთს უნდა დავეხმაროთ მისი “უკანა ეზოს“ დალაგებაში და დაგვავიწყდა, რომ ეს „უკანა ეზო“ ჩვენი სახლია. ჩვენი სახლის დალაგება კი ჩვენი ვალია.

 

დიახ, საქართველოს სურს, არ იყოს „საჯილდაო ქვა“ (რა ბოგანო სიტყვათშეთანხმებაა !) მსოფლიოს დიდ ძალებს შორის, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემა, ძალთა გადანაწილება ამ სისტემაში, შეუძლებელს ხდის ჩვენი სურვილი რეალობად იქცეს; საქართველოს მარტო დარჩენა რევიზიონისტული და აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ იმ იმედით, რომ მარტო შეძლებს მოსკოვის გულის მოგებას, რუსეთთან მოლაპარაკებას და საქართველოს დეოკუპაციას ყველაზე კარგ შემთხვევაში იდიოტიზმთან გათანაბრებული wishful thinking-ია, ხოლო ცუდ შემთხვევაში - სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეგნებული მავნებლური ქმედება.

 

თვალის ერთი გადავლება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ცხადყოფს, რომ რეალურ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ოცნებებით სიარული სახიფათოა. ერთმორწმუნეობა და მოწინააღმდეგის კეთილი ნების ბრმად დაჯერება დღესაც ისეთივე საფრთხეებს შეიცავს, როგორც ასი წლის წინ.

 

ნუ დაგვავიწყდება, რომ 1) უკრაინას აქვს ძალიან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები რუსეთთან; 2) უკრაინა სარგებლობდა რუსეთთან უვიზო რეჟიმით; 3) უკრაინა-რუსეთს შორის არსებობს პირდაპირი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა; 4) ექს-პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა გაუგრძელა რუსულ სამხედრო ბაზებს, მან შეცვალა პრეზიდენტ იუშჩენკოს პოლიტიკა, რომელიც „აღიზიანებდა“ რუსეთს; 5) უკრაინა დღესაც არის ე.წ. ეს-ენ-გეს წევრი და მისი დემოკრატიულად არჩეული ყოფილი პრეზიდენტი ევრაზიული კავშირის იდეას სერიოზულად განიხილავდა; 6) დემოკრატიულად არჩეულმა იანუკოვიჩმა უარი თქვა უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე; 7) უკრაინის მთავრობა ბოლო მომენტამდე აცხადებდა, რომ ხელს აწერდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა, უკანასკნელ მომენტში უარი თქვა.

 

ყოფილმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რუსეთთან მიმართებაში დათმო ყველაფერი, რის დათმობასაც მისგან პუტინი ითხოვდა.

 

და რა მიიღო უკრაინამ პასუხად? ათეულობით დაღუპული ადამიანი, სუვერენიტეტის და დამოუკიდებობის შელახვა რუსეთის მხრიდან, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მუქარა.

 

ლოგიკურად ისმის კითხვა, რის "დალაგებას" ვაპირებთ ჩვენ რუსეთთან და რის ხარჯზე?

 

იდეალისტური და უტოპისტური პოლიტიკის ნაწილია იმის გაცხადება და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, იმის დაჯერება, რომ რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია. ნუთუ თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენივე ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარები ბერკეტი არაა? ნუთუ რუსეთის აგენტურა საქართველოში ბერკეტი არაა? ნუთუ ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ცნობიერად მიილტვის დამპყრობელთან ჩახუტებისკენ ან პოლიტიკურ იდიოტიზმს მისცემია, ბერკეტი არაა? უკანასკნელმა წლებმა დაგვანახა, რომ „შულავერის კომიტეტები“ საქართველოში ძალიან ადვილად და სწრაფად იქმნება. პოლიტიკური მიამიტობაა იმის დაჯერება, რომ პრორუსული ჯგუფები საქართველოში მოსახლეობის მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ, შულავერის კომიტეტიც 1921 წლის 25 თებერვლამდე მარგინალების ხროვა იყო.

 

დამღუპველი wishful thinking-ია “რიტორიკის შეცვლით“, „შერიგების და ჩახუტების სამინისტროს შექმნით“, ოლიმპიურ თამაშებში სამარცხვინო მონაწილეობით საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობის დაჯერება. საქართველოს დეოკუპაცია ვერ მოხდება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგით, საქართველოს ოკუპაცია რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის აგრესიის შედეგია და არა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმრავლესობის კონფლიქტი ეთნიკურ უმცირესობებთან. აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი საქართველოს დეოკუპაციის უკანასკნელი დონეა.

 

1921 წლის 25 თებერვლიდან თითქმის საუკუნის გასვლის შემდეგ საქართველო იგივე საფრთხეების წინაშე დგას, პირველი რესპუბლიკის დამხობიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა ცხადად დაგვანახა, რომ ამ საფრთხეებს ინფანტილიზმით, იდიოტიზმამდე მისული იდეალიზმით და არა-პრაგმატიზმით ვერ გადავწყვეტთ, მეტიც „ჩახუტებით“ სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალისტური საკითხების მოგვარების მცდელობა, შესაძლოა, თავისუფლების დაკარგვის ფასად დაგვიჯდეს.

 

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია