პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-02-2014, 23:29 | პოლიტიკა | ნანახია - 2498

პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებშინიკა რურუა

 

პრემირ-მინისტრი ღარიბაშვილი ამერიკაში გაემგზავრა აშშ-ს საო ვა ჯონ ქერისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. მასთან ერთად დელეგაციაშია რამდენიმე მინისტრიც.

 

სანამ პრემიერის პირველი ვიზიტის წარმატება-წარუმატებლობაზე გაგიზიარებთ ვარაუდს, მინდა გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლების პირველი ვიზიტი ჩვენს ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტინიორტან - აშშ-სთან მავანმა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, დაეპატიმრებინა ასევე დაპატიმრებული, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩანა ახალაიას მოქმედი ადვოკატი - გიორგი ონიანი. ძნელია ამ წუთს დადგენა იმისა, ეს “დამთხვევა” შეგნებული მავნებლობაა თუ შემთხვევა წარმოუდგენელი სიბეცისა; დაახლოებით იმგვარი სიბეცისა, როგორიც NATO-ს მინისტერიალის თბილისში ჩატარების დღეს თბილისისვე მერიის ოცდაათი თანამშრომლის დაპატიმრება და იმავე დღეს გათავისუფლება იყო.

 

მაგრამ, ვიზიტისათვის მიყენებული ზარალი ზარალად, და დავუბრუნდეთ ამ ვიზიტის მთავარ მიზანსა და ფუნქციას. როგორც ვიცით, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდგომ საქართველოს ხელისუფლებას მიეცა საშუალება, შეერთებული შტატების ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების გარდა, საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებსა და საფრთხეებზე ესაუბროს.

 

თუმცა, რა პროლემებსა და რა საფრთხეებზე აპირებს პრემიერი საუბარს, ეს ჯერ საიდუმლოდ რჩება, რადგანაც უცნობია მისი დელეგაციის დღის წესრიგი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ვიზიტი არ წარმოადგენს ე.წ. Pro Forma ვიზიტს, რომელსაც საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების გატარებასთან არაფერი აქვს საერთო და მხოლოდ მოჩვენებით ეფექტს ემსახურება.

 

იმისათვის, რომ ვიზიტის რეზულტატი ობიექტურად შეფასდეს, აუცილებელია იმ საკითხების ჩამოთვლა, რომლებიც, ჩემი აზრით, პრემიერმა აუცილებლად უნდა განიხილოს საკუთარ  vis a vis-თან.

 

ამ საკითხთაგან უპირველესი, ბუნებრივია, რუსული ოკუპაცია უნდა იყოს, რომლის აღკვეთის თაობაზე უკვე თითქმის ორი წელია არც ერთ მსოფლიო მაშტაბის პოლიტიკურ ფორუმზე არ მიღებულა არც ერთი, საქართველოს ან მისი მოკავშირის მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს უდაოდ არის შედეგი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “თეზისა”, რომ საქართველო “აღარ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მიზეზი”. ახლა სწორედ ის დრო და მომენტია, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ამ მავნე მისკონცეფციას თავი უნდა დააღწიოს და მთელი ენერგიით მოსთხოვოს აშშ-ს ხელისუფლებას, რომ ამ უკანასკნელმა გააძლიეროს წნეხი რუსეთზე დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად. თუ ეს საკითხი ამგვარი ინტენსიურობით არ იქნა წარმოჩენილი ქართული დელეგაციის მიერ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ერთგული რჩება ივანიშვილის დამღუპველი რჩევისა.

 პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

შემდგომი უმნიშვნელოვანესი განსახილველი საკითხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში წინსვლაა, რაშიც ამერიკის პოზიცია თითქმის გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა”, როგორც ეს არაერთხელ გაგვიგია, საჭიროა საქართველომ წინსვლის მორიგი ფაქტობრივი მტკიცებულება მიიღოს. ამ მოთხოვნის ცალყბად გაკეთების უფლება არავის აქვს, რადგანაც ამ შემთხვევაში ამას შესაძლოა ჩვენი ამ ორგანიზაციასთან რეალური დაახლოების მომავალში გადადება მოჰყვეს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს მოსახლეობაში განხიბლვის, უკმაყოფილების გრძნობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ. თქმა ზედმეტია, რომ ეს უკიდურესად სახიფათოა საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის. ამიტომაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ძალიან მტკიცედ უნდა მოსთხოვოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომ ამ უკანასკნელმა მაქსიმუმი გააკეთოს მომავალ ლონდონის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისათვის.

 

მორიგი საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უნდა დააყენოს, ჩემი აზრით, საქართველოსთვის შეერთებული შტატების მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გარშემო მუშაობის განახლებაა, რომელიც ამ წუთისათვის, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, სრულიად გაჩერებულია. ზედმეტია თქმა იმისა, თუ რამდენად ესაჭიროება საქართველოს ისეთი უზარმაზარი ეკონომიკური ბაზრისადმი თავისუფალი წვდომა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მეტადრე მაშინ, როდესაც ნებისმიერ დღესა და წუთს შესაძლებელია ხელახლა დაიკეტოს დღეისათვის “ღია” რუსული ბაზარი, რაც ზოგადად დამოკიდებულია რუსი პოლიტიკოსების ხასიათის ცვალებადობაზე. მგონი, ზედმეტია ამგვარი ბაზრის პროგნოზირებადობაზე საუბარი.

 

ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების სანაცვლოდ საქართველოსთვის რუსეთთან საზღვრებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების ამუშავების საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრა, რის გარანტადაც დადგა ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც საქართველომ არ გამოიყენა საკუთარი ვეტოს უფლება რუსეთის გაწევრიანების წინააღმდეგ. დროა, რომ დანაპირები რეალობად ვაქციოთ.

 

უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვითი უნარების გამყარება და ზრდა, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუცვლელი დახმარების გაწევა შეუძლიათ. არ გავამხელ საიდუმლოს, თუ ვიტყვი, რომ ანტი-საჰაერო თავდაცვის კომპლექსების დროულად განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის დამყარებას, მით უმეტეს, რომ ამგვარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო წინა ხელისუფლების მიერ.

 

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ ობამას ერთხელაც კი არ უხსენებია საქართველო, როდესაც იგი პუტინის რუსეთს აკრიტიკებდა, არის დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში სრული პასიურობის შედეგი. დროა, ეს თქვენვე გამოასწოროთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია