25 თებერვლის სინდრომი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-02-2014, 13:06 | კომენტარები | ნანახია - 1955

დაზმირ ჯოჯუა

 

25 თებერვლის სინდრომისოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი,

მოძრაობა „დაბრუნების“  წევრი

 

ყოველი ერის განვითარების ქრონომეტრაჟში არის თარიღები, რომლებიც მათი ისტორიული ტრაგედიის კონცენტრირებულ პროექციას ქმნის და სრულიად ადექვატურ ცნობიერ და ქვეცნობიერ ეთნოფსიქოლოგიურ  კომპლექსებს  წარმოშობს. ბერძნებისთვის, მაგალითად, ასეთი თარიღია 29 მაისი (კონსტანტინოპოლის დაცემის დღე, 1453), ფრანგებისთვის  - 22 ივნისი (კომპიენის კაპიტულაციის დღე, 1940), ბალტიისპირეთის ხალხებისათვის - 23 აგვისტო (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების დღე, 1939) და ა.შ. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ასეთი თარიღია 25 თებერვალი - რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის ის დღე, როდესაც რუსი ინტერვენტები თბილისში შემოიჭრნენ და საქართველოს დედაქალაქი დაიპყრეს.

 

საერთოდ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 ) არსებობის 34-თვიან ისტორიულ მონაკვეთში ადგილი ჰქონდა რუსეთ-საქართველოს სამ ომს, ერთს - თეთრგვარდიულ-დენიკინურ რუსეთთან, ორს - ლენინ-ტროცკის რუსეთთან. ეს მომენტი ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველა დროის და ნებისმიერი პოლიტიკური ელიტის მმართველობის ქვეშ მყოფი რუსეთი (რომანოვების ცარისტული, კოლჩაკ-დენიკინის თეთრგვარდიული, ბოლშევიკების წითელგვარდიული, ხრუშჩოვ-ბულგანინის „ვოლუნტარისტული“, ბრეჟნევ-სუსლოვის „განვითარებულ-სოციალისტური“, გორბაჩოვის „დემოკრატიული“,  ელცინის „ლიბერალური“, პუტინის ავტორიტარული და ა.შ.) თანაზომიერი, ასე ვთქვათ, უცვლელად სტაბილური მტრობით უყურებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ებრძვის  რა მას ასევე უცვლელად სტაბილური მეთოდებით. მეორე მხრივ, 34 თვის განმავლობაში სამი ომი, თავისთავად, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების სიხშირის უდავოდ მაღალი კოეფიციენტია.

 

პირველ ომს ადგილი ჰქონდა 1918 წლის ივნის - 1919 აპრილში. გენერალ  დენიკინის სტრატეგია „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ შესახებ იმთავითვე ემუქრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ არსებობას. 1918 წლის ივნისის მეორე ნახევარში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით გაათავისუფლეს ბზიფ-გაგრის სექტორი. შემდეგ კი, 2-5 ივლისს, სრულიად განსაზღვრული სასაზღვრო პოლიტიკისა და პრევენციული ბუფერის შექმნის მიზნით, ჩვენი ძალები შევიდნენ სოჭი-ტუაფსეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონაში.

 

1918 წლის 25-26 სექტემბერს წარუმატებლად დასრულდა ეკატერინოდარის (დღ. კრასნოდარი) მოლაპარაკება, რადგანაც დენიკინმა უსაფუძვლოდ მოითხოვა გაგრის ზონის რუსეთთან შეერთება, ხოლო მდინარე ბზიფსა და მდინარე ენგურს შორის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შექმნა (?!). ჩვენმა ძალებმა განაგრძეს  სოჭის ოლქის კანონიერი დაკავება.

 

მაგრამ 1919 წლის თებერვლის დასაწყისში დენიკინმა მუხანათურად დაარღვია  ინგლისის სამხედრო მისიის  მიერ „გარანტირებული“ დაზავების რეჟიმი: მოხალისეთა არმიამ დაიკავა  ტუაფსე (4 თებერვალს), სოჭი (6 თებერვალს), გაგრა (7 თებერვალს) და  მდ. ბზიფის მარჯვენა ნაპირზე გამაგრდა. იმავე წლის აპრილში, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, გენ. კონიაშვილის შენაერთებმა შესძლეს მოხალისეთა არმიის მეწინავე ქვედანაყოფების განადგურება, გაგრის დაბრუნება და განთიადთან, მდ. მეხადირის მარცხენა ნაპირზე გამაგრება. სამწუხაროდ, სოჭის დაბრუნება ვერ მოხერხდა.

 

ამის შემდეგ ნოე ჟორდანიას მთავრობა ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა კავკასიის  მთიელ ხალხთა რესპუბლიკას, ხოლო დენიკინის მიერ ამ რესპუბლიკის განადგურების (1919 წ. ივნისი) შემდეგ - ჩეჩნეთ-დაღესტანში შექმნილ ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნს - უზუნ-ჰაჯის ემირატი.

 

რუსეთთან (უკვე ბოლშევიკურთან) მეორე ომს ადგილი ჰქონდა 1920 წლის მაისის დამდეგს. 1920 წლის 27-28 აპრილის ღამეს აზერბაიჯანში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება (რუსული ინტერვენციით დაშინებულმა მეჯლისმა გადააყენა უსუბეკოვის მუსავატისტური მთავრობა და საბჭოთა  მთავრობა დააკანონა), რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის გასაბჭოება და ოკუპაცია რუსეთის XI არმიის მიერ.

 

1920 წლის 1 მაისს რუსეთის XI არმიისა (28-ე მსროლელი დივიზიის) და საბჭოთა აზერბაიჯანის გაერთიანებულმა ძალებმა დაიწყეს შეტევა საქართველოზე ორი მიმართულებით - აღსტაფიდან ფოილოს ხიდზე და ყაზახიდან წითელ ხიდზე. ამის პარალელურად საკუთრივ საქართველოს შიგნით გააქტიურდნენ პრორუსული ჯგუფები: ვითარების შიგნიდან დესტაბილიზაციის მიზნით, მათ მოაწყვეს ამბოხების მცდელობა ლაგოდეხის გარნიზონში და შეიარაღებული თავდასხმა თბილისის იუნკერთა სკოლაზე.

 

მაგრამ სდრ-ს არმიამ გენერალ კვინიტაძის მეთაურობით, 1-6 მაისის ბრძოლებში არათუ უკუაგდო მტერი, არამედ 35-40 კმ-ზე შეაღწია აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში. საქართველო-აზერბაიჯანის 1919 წ. 16 ივნისის სამხედრო კავშირის ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი გენერალური შტაბი (უფროსი - გენერალი ზაქარიაძე) გეგმავდა განჯისა და ბაქოს აღებას და აზერბაიჯანში საბჭოთა რეჟიმის დამხობას. მაგრამ საქართველო-რუსეთის 1920 წ. 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებისა და საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის    1920 წ. 12 მაისის აღსტაფის ხელშეკრულების დადების შემდეგ,  ჟორდანიას მთავრობას საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა.

1920 წლის მაისის ომის უარყოფითი შედეგი იყო ზაქათალის ოლქის („საინგილოს“) ფაქტობრივი დაკარგვა. ამასთან, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტრუქციული მეხუთე კოლონიის გაძლიერება (რუსეთის საელჩოს გაფართოება, კომპარტიის ლეგალიზაცია და სხვ).

 

არადა, კრემლმა 7 მაისის ხელშეკრულების დადებიდანვე დაიწყო პირობების შემზადება ახალი აგრესიისათვის. ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა 1920 წლის შემოდგომა-ზამთრიდან, განსაკუთრებით კი 1920 წ. ნოემბრის ბოლოს სომხეთის ძალდატანებით გასაბჭოების შემდეგ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მარტო დეკემბრის თვეში იმპერიულ ცენტრში გაიგზავნა რუსეთის სტრატეგიული დაზვერვის ორი საიდუმლო მოხსენება საქართველოს სამხედრო ძალების მდგომარეობისა და თავდაცვისუნარიანობის დონის შესახებ. ერთის ავტორი იყო XI არმიის სარდალი, გენ. ა. ჰეკერი (წარმოშობით თბილისელი გერმანელი), მეორისა - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ინკოგნიტო რეზიდენტი. დოკუმენტებში „მათემატიკური“ სიზუსტით იყო ჩამოთვლილი მთელი სტრატეგიული ინფორმაცია საქართველოს შესახებ - შეიარაღებული ძალების (არმიის, სახალხო გვარდიის, მცირერიცხოვანი ფლოტის, სასაზღვრო ჯარების) სტრუქტურა, პირადი შემადგენლობა, შეიარაღება, ოფიცერთა საშტატო განრიგი; სამხედრო სამინისტროსა და რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს შემადგენლობა; სამხედრო სტრუქტურების ტერიტორიული განლაგება და ტაქტიკური სქემები; საქართველოს ზოგადი მდგომარეობის ანალიზი და სხვ.

 

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მთავრობა? გეგმავს თუ არა შესაბამის ღონისძიებებს? საერთოდ, გააჩნია თუ არა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი პრევენტული სტრატეგია? მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი.

 

ჟორდანიას მთავრობამ პირველი ცნობები გენ. ჰეკერის XI არმიის საინტერვენციო სამზადისის შესახებ მიიღო ბაქოში საქართველოს საელჩოსაგან (ელჩი - ა. ალშიბაია) 1920 წ. სექტემბერში. ოქტომბრის დასაწყისში ანალოგიური ცნობები, სპეციალური საიდუმლო მოხსენების სახით,  ჟორდანიას წარუდგინა სამხედრო მინისტრ  ჭიჭინაძის კანცელარიამ.  ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა გენერალური შტაბის ოპერატიული სექციის დაზვერვის განყოფილების (უფროსი - პოლკ. გედევანიშვილი) მიერ მოპოვებულ უტყუარ მონაცემებს.

 

1920 წ. ოქტომბრის შუა რიცხვებში საინჟინრო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა მთავრობას წარუდგინა თავდაცვის ოპერატიული ზონის შექმნის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საგარეჯოდან იალღუჯის მთის მაღლობამდე დროებითი სიმაგრეების მოწყობას, ასევე ფოილოს სასაზღვრო ხიდის და სხვა კომუნიკაციების გამაგრებას. მაგრამ მთავრობამ უარი თქვა პროექტის დაფინანსებაზე (?!).

 

1921 წ. იანვრის დასაწყისში დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიამ მიიღო დადგენილება ორწელნამსახური ჯარისკაცების რეზერვში დათხოვნის შესახებ (sic!)...

 

ასეთი უნიათობა და მოახლოებული საფრთხის პირობებში გამოჩენილი არაშორსმჭვრეტელობა, ალბათ, იშვიათია ისტორიაში.

 

იმპერიულმა ცენტრმა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შესახებ მიიღო 1921 წლის 26 იანვარს, როდესაც გაიმართა რკპ (ბ) ცკ-ის პლენუმი. ახლაც, ისევე როგორც ადრე „საკითხის დაჩქარებაში“ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ი. სტალინი (რუსეთის ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარი) და ს. ორჯონიკიძე (რკპ (ბ) ცკ-ის კავკასიის ბიუროს თავმჯდომარე). ხოლო ქართველ კოლაბორაციონისტთა ადგილობრივ ბანდას მეთაურობდნენ ფილიპე მახარაძე და მამია ორახელაშვილი.

 

26 იანვრის პლენუმმა, ლენინის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე, მიიღო 3-პუნქტიანი დადგენილება საქართველოში სამხედრო ინტერვენციის და ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შესახებ. პირველი პუნქტი ავალდებულებდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატს, გაეჭიანურებინა ურთიერთობის გაწყვეტა საქართველოსთან და შეეკრიბა „ზუსტი“ მასალა მის მიერ 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევაზე. ცხადია, რომ აქ საუბარი იყო მომავალი აგრესიის დიპლომატიურ გადაფარვაზე.

 

მეორე პუნქტი ეხებოდა კავკასიის ფრონტის სამხედრო მზადყოფნას „საქართველოსთან დაუყოვნებლივი ან მოახლოებული ომისათვის“ (ლენინის სიტყვებია). მესამე პუნქტი დირექტივას აძლევდა რუსეთის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს (იგივე თავდაცვის სამინისტრო) და კავკასიის ფრონტს, წინასწარვე მოეგვარებინათ დამატებითი ძალების კავკასიაში გადასროლის საკითხი, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა.

 

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს დაიწყო ინტერვენცია ლორეს ნეიტრალურ ზონაში სომხური და რუსული მოსახლეობის ნაწილის - სულ ორასიოდე კაცის ამბოხების ინსპირირებით. აღსანიშნავია, რომ ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა სომხეთის საბჭოთა მთავრობის წევრი თ. ლაზიანი. 12 თებერვალს რუსებმა ხელთ იგდეს სადახლოს რაიონი და გეზი თბილისის მიმართულებით აიღეს. 13 თებერვალს XI არმიის 98-ე ბრიგადამ აიღო წითელი ხიდი. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მარცხენა ფრთაზე - რუსეთ -საბჭოთა აზერბაიჯანის გაერთიანებულმა ძალებმა დაძლიეს ჩვენი ჯარების ლაგოდეხის გარნიზონის წინააღმდეგობა, თითქმის მთელი კახეთი დაიკავეს და თბილისს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მოუახლოვდნენ.

 

14 თებერვალს მთავრობამ მთავარსარდლის თანამდებობიდან გადააყენა გენ. ი. ოდიშელიძე და მის ადგილას გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა. არსებული კანონმდებლობის თანახმად, შეიარაღებული ძალები ექვემდებარებოდნენ პარლამენტს (დამფუძნებელ კრებას), ხოლო ომის დროს უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციას ასრულებდა სპეციალურად დანიშნული პირი და არა მთავრობის თავმჯდომარე ან სამხედრო მინისტრი.

 

კვინიტაძემ მთელი ყურადღება თბილისის ირგვლივ თავდაცვის ოპერატიული ზონის შექმნაზე გადაიტანა და ჯარებიც ძირითადად დედაქალაქის მიდამოებში განალაგა. ფრონტი გადაჭიმული იყო მანგლისიდან დიდ ლილომდე და სამ ტაქტიკურ რაიონს მოიცავდა: მარჯვენა საოპერაციო რაიონს მანგლისიდან ტაბახმელამდე სარდლობდა გენ. ანდრონიკაშვილი, ცენტრალურ რაიონს ტაბახმელადან ორხევამდე - გენერალი მაზნიაშვილი, ხოლო მარცხენა ფრთას მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირიდან ლილომდე - გენერალი ჯიჯიხია.

16 თებერვალს შულავერში შეკოწიწებულ იქნა „საქართველოს რევკომი“ ფ. მახარაძის, მ. ორახელაშვილის, შ. ელიავას, ბ. მდივნის, ბ. კვირკველიას, ა. ნაზარეტიანისა და ლ. დუმბაძის შემადგენლობით. სამშობლოს გამყიდველთა ამ ხროვამ „ოფიციალურად“ მიმართა რუსეთს „გადაუდებელი სამხედრო დახმარების“ შესახებ. ეს მაშინ, როცა ინტერვენცია უკვე ხუთი დღის დაწყებული იყო.

 25 თებერვლის სინდრომი

17 თებერვალი აღინიშნა რუსული აგრესიის მასშტაბების საგრძნობი გაფართოებით: XIII და IX წითელმა არმიებმა დაიწყეს შემოტევა სოჭი-სოხუმი-ზუგდიდისა და მამისონი-ონი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებებით.

 

განსაკუთრებით მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა ცენტრალური ფრთის ტაბახმელა-სოღანლუღის სექტორში და მარჯვენა ფრთის კოჯორ-ტაბახმელას ხაზზე. 18-21 თებერვალს წარმოებულ ბრძოლებში გენ. მაზნიაშვილმა შეძლო მტრის შემოტევების მოგერიება და პოზიციური ფრონტის შექმნა. გენ. ანდრონიკაშვილის ჯარებმა კი, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ თბილისის იუნკერთა სკოლის კურსანტები, არათუ მოიგერიეს მოწინააღმდეგის იერიშები, არამედ შეტევაზეც გადავიდნენ და ასეულობით ტყვეც იგდეს ხელთ.

 

ვითარება გაართულა მარცხენა რაიონში განვითარებულმა ბრძოლებმა. გენერალ ჯიჯიხიას ნაწილებმა ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის შეკავება და ვაზიანი-ლილოს ხაზიდან უკან დაიხიეს. კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა 24 თებერვლის შუადღისათვის. ვაზიანი-ლილოს ხაზიდან რუსეთის ჯარებმა დაიწყეს წინსვლა ავჭალა-მცხეთის მიმართულებით, რის გამოც თბილისის გარნიზონი ალყის საფრთხის წინაშე დადგა. ამიტომ მთავარსარდალმა კვინიტაძემ მიიღო დედაქალაქის დატოვების გადაწყვეტილება.

 

24-25 თებერვლის ღამეს დედაქალაქი დატოვეს მთავრობის დაწესებულებებმა, დამფუძნებელმა კრებამ, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა და შენაერთებმა.

 

25 თებერვლის შუადღისათვის თბილისში შემოვიდა ოკუპანტთა მსხვილი დაჯგუფება XI არმიის პენზის მე-20 დივიზიისა და კურსკის მე-9 დივიზიის 70-ე პოლკის შემადგენლობით, რომელსაც სარდლობდა გენ. მ. ველიკანოვი. ეს უკანასკნელი, პარალელურად თბილისის კომენდანტად დაინიშნა. 25 თებერვლის საღამოს მთავრობის სასახლეში შევიდა „საქართველოს რევკომი“ და შეუდგა თავისი მოღალატური ფუნქციის აღსრულებას.

 

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და უმაღლესი სარდლობის შტაბმა ვერ შეძლეს მცხეთის პოზიციებზე გამაგრება და უკანდახევა განაგრძეს. ბრძოლები მოხდა გორის მიდამოებში, ხაშურის ზონაში (ოსიაურთან), სურამის ქედზე, ზემო იმერეთის ხეობებში. სამწუხაროდ, ჩვენმა ძალებმა ვერ შეძლეს თავდაცვის ტაქტიკური ხაზების ორგანიზება და, აფხაზეთისა და მამისონის მიმართულებებიდან მოძრავი რუსეთის ჯარებისაგან გარემოცვის საშიშროების გამო, საჯავახოსა და აჭარისკენ დაიხიეს. 4 მარტს რუსები შევიდნენ სოხუმში და გენ. დ. ართმელაძის ჯარებმა სენაკისკენ დაიხიეს. 5 მარტს მტერმა დაიკავა ფოთი, 8 მარტს - სენაკი, 10 მარტს - ქუთაისი და სამტრედია.

 

სტრატეგიული სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა თურქეთის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნამ. ცხადია, ამაზე არსებობდა ქემალისტებისა და ბოლშევიკების წინასწარი შეთანხმება. თურქებმა დაიკავეს არტაანისა და ართვინის ოლქები და, ისარგებლეს რა შექმნილი ვითარებით, აჭარაშიც შეიჭრნენ.

 

ძალთა თანაფარდობის მოცემულ კონფიგურაციაში ჟორდანიას მთავრობა ამჯობინებდა აჭარა თუნდაც საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, ვიდრე თურქეთს დაეპყრო, ამიტომ მან რევკომთან გამართა მოლაპარაკება ქუთაისში, 1921 წლის 17-18 მარტს, ბათუმის ოლქის ერთობლივი დაცვის შესახებ. თუმცა ბათუმიდან თურქი ასკერების განდევნა გენ. მაზნიაშვილის ჯარებმა მოახერხეს საკუთარი ძალებით, საჯავახოდან ბათუმამდე საბჭოთა ნაწილების შესვლამდე.

 

კრემლს სურდა, რომ ნ. ჟორდანიასა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთ სხვა წევრთან ეწარმოებინა მოლაპარაკება სოციალისტურ პლატფორმაზე დაყრდნობით კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით. ლენინისა და ტროცკის მზაკვრული ჩანაფიქრით, ჟორდანიასთან კომპრომისულ შეთანხმებას და დროებით ბლოკს უნდა უზრუნველეყო რუსეთის სამხედრო აქციის ერთგვარი ლეგიტიმაცია.

 

რევკომში დაიბარეს დამფუძნებელი კრების წევრ ქართველ მოღვაწეთა ერთი ჯგუფი (გ. ქიქოძე, მ. წერეთელი, გ. ნათაძე და თ. ღლონტი), რომელიც გაგზავნილ იქნა მოსალაპარაკებლად ნ. ჟორდანიასთან. მაგრამ „ბათუმის დიალოგი“ უშედეგოდ დასრულდა: ნ. ჟორდანიამ კატეგორიული უარი განაცხადა ყოველგვარ თანამშრომლობაზე, რითაც საკუთარ მთავრობას ერთადერთი კანონიერი ხელისუფლების სტატუსი შეუნარჩუნა და, ამასთან ერთად, მომავალ თაობებს საქართველოს სუვერენიტეტის აღდეგნისათვის ბრძოლის საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებამოსილება დაუტოვა.

 

ბათუმში გამართულმა დამფუძნებელი კრების ბოლო სესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საფრანგეთში გასულ მთავრობას და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს დაევალათ, ემიგრანტული სტატუსით ეწარმოებინათ ბრძოლა ქართველი ერის სუვერენული უფლებების აღდგენისათვის.

 

საქართველოში დამყარდა ბოლშევიკების ანტიეროვნული დიქტატურა (ჯერ ე.წ. „რევკომების სისტემის“, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლების სახით), რომელიც რუსეთის სამხედრო ძალას ეყრდნობოდა და ამიტომ მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის შინაარსს ატარებდა. 1921-1923 წლებში, შიშველ საოკუპაციო ძალაზე დაყრდნობით, საბჭოთა რეჟიმმა შეძლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუტების, სახელმწიფო წყობისა და პარტიული სისტემის ლიკვიდაცია, რამაც რეჟიმი გადააქცია ტოტალიტარულ სისტემად, კომპარტიის მონოპოლიური ძალაუფლებით. არსებითად ეს იყო რუსული კოლონიალიზმის შემობრუნება, ოღონდ კომუნისტური ფორმით.

 

ასეთია, მოკლედ , 25 თებერვლის სინდრომი. სიტყვა „სინდრომს“ შემთხვევით როდი ვხმარობთ. 25 თებერვალი, როგორც ტრაგიკული (და მნიშვნელოვანწილად კატასტროფული) მოვლენა, მხოლოდ ისტორიული ფაქტი არ არის. ის სწორედ რომ სინდრომია, რამეთუ მასში ერთბაშად რამდენიმე ფაქტორი და ისტორიული ტრაგედიის მიზეზი იყრის თავს. რუსული იმპერიალიზმის გარდა არის კიდევ სულ ცოტა ორი ფაქტორი:

1) იმდროინდელმა დასავლეთმა გამოიჩინა სრული პასიურობა. დასავლეთის დახმარება (1921 წ. 27 იანვარს ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე ცნობის გარდა) შემოიფარგლა იმით, რომ 1921 წ. 28 თებერვალს შავი ზღვის აკვატორიაში მყოფმა ფრანგულმა ხომალდმა დაბომბა გაგრის მიდამოებში შემტევი რუსული ქვედანაყოფი. სხვაფრივ დ. ლოიდ ჯორჯმა და ა. მილიერანმა „სტრატეგიული“ დუმილი არ დაარღვიეს.

2) ტრაგედიის სერიოზული მიზეზი იყო ქართული კოლაბორაციონიზმი. აქ ვგულისხმობთ არა მხოლოდ სტალინს, ორჯონიკიძეს, ენუქიძეს და „რევკომის“ წევრებს. მოღალატე ქართველთა საკმაოდ მოზრდილი მასა უშუალოდ მონაწილეობდა ომში, შემტევი რუსული არმიების ტაქტიკურ შემადგენლობაში.

 

მათი შეკრების ძირითადი ცენტრები იყო რკპ (ბ) ცკ-ის კავბიუროს სამხედრო სექცია და აზერბაიჯანის კპ(ბ) ცკ-ის „ქართული ბიურო“. აქედან იგზავნებოდნენ ისინი წითელი არმიის ქვედანაყოფებსა და შენაერთებში და გააფთრებით ებრძოდნენ საკუთარ სამშობლოს. ორჯონიკიძე, ორახელაშვილი, ელიავა და სხვა გამყიდველები კი გენ. ლევანდოვსკის შტაბთან ერთად მოძრაობდნენ და ფაქტობრივად წითელ არმიას შეუძღვნენ თბილისში.

 

ეს იყო ისტორიული ქართული კოლაბორაციონიზმის მორიგი შეტევა საკუთარ სამშობლოზე. საერთოდ, ქართულ კოლაბორაციონიზმს თვითგანახლების, თაობიდან თაობაში იმანენტური გარდასახვის და სერვილიზმით გაჟღენთილი ფსიქო-სოციალური ევოლუციის საოცარი უნარი აღმოაჩნდა. ის არც აღმოფხვრილა და არც არსად წასულა. აქ არის, ჩვენს გვერდით სისინებს, ჩვენი ყოფიერების სივრცეში ტრიალებს და სულმოუთქმელად ელის ახალ ინტერვენციებს და ანექსიებს, შინაური ფრონტის გასახსნელად.

 

მაგრამ ისტორიას ვერ უარყოფ და ვერც შეებრძოლები. 25 თებერვლის სინდრომი არის ის აზრობრივი მექანიზმი, რომელიც ხსნის საქართველოს ტრაგედიის „ფორმულას“ და ამით მუდმივი გონიერებისკენ მოგვიწოდებს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია