ქართულ-ფინური პარალელები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-02-2014, 16:31 | კომენტარები | ნანახია - 1918

კიდევ ერთი მსგავსება  ორი ქვეყნის ისტორიიდან

 

ნინო გედენიძე

 

კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმი

 

  დაიბადა 1867 წელს ქ.ტურკუდან 45 კმ-ში მდებარე მამულში –სოფელ ასკაინში. დაამთავრა სანკპეტერბურგის ნიკოლოზის კავალერისტთა სასწავლებელი და მსახურობდა რუსეთის არმიაში; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც გამოჩენილი მამაცობისა და სამხედრო გამჭრიახობისათვის მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ამის შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის დავალებით ხელმძღვანელობდა შუა და ცენტრალური აზიის სამხედრო–სტრატეგიულ ექსპედიციას: ამ ექსპედიციის შედეგებს  დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა - აღწერილი და რუკაზე დატანილი  იქნა 3200 პუნქტი.

1914-1918 წლებში მანერჰეიმი მეთაურობდა გვარდიის კავალერიის ბრიგადას.

მიღებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი და დაჯილდოებულია რუსეთის ყველა სამხედრო ორდენით, ხმლებითა და ბაბთებით.

1917 წელს რუსეთის არმიის დაშლის შემდეგ, ბოლშევიკური მთავრობისადმი მტრულად განწყობილი მანერჰეიმი დაბრუნდა ფინეთში: “მე ვიბრძვი არა რუსეთის, არამედ ბოლშევიკების წინააღმდეგ,” - მანერჰეიმი

1918 წელს ფინეთის მეთაურმა მანერჰაიმმა გამოსცა ბრძანება  ფინეთიდან “ლენინის ჯარისკაცთა“ გაძევების შესახებ და დაიფიცა, რომ მანამ არ ჩააგებდა ხმალს ქარქაშში, სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებდა ფინეთს და არ შეიქმნებოდა დიდი ფინეთის სახელმწიფო.

მანერჰაიმის ჯარებმა გერმანელთა დახმარებით შეძლეს წითელი გვარდიის დამარცხება.

1939 წელს ფელდმარშალი გრძნობდა სსრკ-თან სამხედრო კონფლიქტის გარდაუვალობას და აფრთხილებდა ამის თაობაზე ფინეთის პრეზიდენტსა და მთავრობას, მაგრამ მათ ყურად არ იღეს და მოხუცის ბოდვად ჩათვალეს.

1941 წელს მანერჰაიმი დაეთანხმა ფინეთის მთავრობას, დამდგარიყო უძლიერესის მხარეს, როგორიც მაშინ იყო Gგერმანია, თუმცა ეს მხოლოდ დიპლომატიური მანევრი გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავდა 1940 წელს სსრკ-ს მიერ წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას. მანერჰაიმი  საკმაოდ ფრთხილი და წინდახედული სტრატეგი იყო და შესანიშნავი იმიტაცია შექმნა ფინეთის მონაწილეობისა სსრკ-სთან ომში, ამავდროულად უარი უთხრა გერმანელებს ლენინგრადის შტურმსა და მურმანსკის სარკინიგზო ოპერაციაზე, აუკრძალა ავიაციას ლენინგრადთან მიახლოება, არტილერიას ამ მიმართულებით ცეცხლის გახსნა და არ გაატარა ფინეთზე ჰიტლერის არმია, რომელიც აპირებდა ჩრდილოეთიდან დაერტყა ბლოკირებული ლენინგრადისათვის.

ომის დროს ფინეთი გერმანიის მოკავშირეებს შორის იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც, მანერჰაიმის ინიციატივით, არ გადასცა გერმანელებს როგორც საკუთარი მოქალაქე, ასევე ლტოლვილი ებრაელები.

1944 წელს მანერჰაიმი გახდა ფინეთის პრეზიდენტი: ნაციის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, ომის დამთავრებამდე 9 თვით ადრე, მანერჰაიმმა სეპარატისტული შეთანხმება დადო სსრკ-თან, ხოლო შემდეგ გააძევა გერმანელები ფინეთიდან.

მანერჰაიმმა ჩაუყარა საფუძველი სსრკ-თან ფინეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და მოიქცა, როგორც ჭეშმარიტი ნაციონალური ლიდერი -შეინარჩუნა ქვეყნის და ხალხის დამოუკიდებლობა.

კარლ გუსტავ მანერჰაიმი გარდაიცვალა 1951 წლის იანვარში.

საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები მის დაკრძალვას არ დასწრებიან.

 

გიორგი მაზნიაშვილი

 

”მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა მე ვარ საქართველოს გენერალი!”-

 

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1871 წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. მამა, ივანე მაზნიაშვილი სამხედრო პირი გახლდათ და მანგლისში მსახურობდა. რუსული პოლიტიკის თანახმად, მას გვარი გადაუკეთეს და მაზნიევად დაწერეს.  ( ინტერნეტში მოძიებული – აზნაურ დავით გლურჯიძეს ოთხი ქალი და ერთადერთი ვაჟი ჰყავდა- ფრიდონი, რომელიც სამხედრო საქმის  შესასწავლად პეტერბურგში გაგზავნა. ერთ მშვენიერ დღეს ოფიცერმა გლურჯიძემ სტუმრად ოფიცერი  ივანე მაზნიევი ჩამოიყვანა მაზნიევს დანახვისთანავე შეჰყვარებია ფრიდონის და ქრისტინე და ხელი უთხოვია- თუ შენს დას მომათხოვებ, ყველაფერს მივატოვებ და აქ დავსახლდებიო.  მაზნიევმა არა მარტო მოსკოვთან ახლოს მდებარე მამული და სამსახური მიატოვა, არამედ გაქართველდა და მაზნიაშვილად იქცა. Aამ სიყვარულის ნაყოფი გახლავთ გიორგი მაზნიაშვილი, რომელსაც დეიდები ზრდიდნენ და “ “ვეფხისტყაოსანი” და “ბიბლია” განუყრელ წიგნებად უქციეს.)
მამა-შვილის საერთო სურვილის თანახმად  გიორგი იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ  სამსახური მეფის (რუსეთის)   არმიაში გააგრძელა.  იბრძოდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, შემდეგ პირველ მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა  და სამკურნალოდ პეტერბურგის სამხედრო ლაზარეთში მოხვდა.  ლაზარეთში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ყურადღება არც იმპერატორისაგან მოკლებია  მამაც ოფფიცერს - ლაზარეთში ინახულა ნიკოლოზმა  და იმპერიის უმაღლესი ჯილდო - წმ. გიორგის ჯვარი გადასცა, ხოლო მოგვიანებით, გმირობისა და მამაცობისათვის საგანგებო სამხედრო იარაღით – ოქროსვადიანი ხმლით დააჯილდოვა.  Pპატივისცემის  დასტურად იმპერატორმა  მაზნიაშვილის ქალიშვილი ანეტა მონათლა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის არმია დაიშალა. Gგენერალი მაზნიაშვილი თავისი თანმხლები 60 ქართველ მებრძოლთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოში მეტად მძიმე ვითარება დახვდა: ქაოსი, არეულობა,მტერი ყოველი მხრიდან უტევდა: სამხრეთიდან თურქი ასკერები, სამხრეთ-დასავლეთიდან სომეხი დაშნაკები და აზერბაიჯანელი მუსავატები, ბაქოდან და მამისონის უღელტეხილიდან შემოჭრილ მტერს  ორჟონიკიძე, კიროვი და გეგეჭკორი მოუძღოდნენ. ასეთ უმძიმეს ვითარებაში საქართველოს მთავრობის ერთადერთი იმედი გიორგი მაზნიაშვილი იყო .

“მე ჩამოვედი ტფილისში 1917 წლის სექტემბრის 20-ს. ჩემთან ერთად ჩამოვიდა 60-მდე ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი. ჩვენ თავს მხნედ და იმედიანად  ვგრძნობდით, ეროვნული სამხედრო ნაწილების შედგენაზე ვამყარებდით დიდს იმედებს. მე დარწმუნებული ვიყავი , რომ ამ ნაწილების შედგენას  უკვე შეუდგნენ ჩვენში და ველოდი , რომ დღე-დღეზე მიმიწვევდნენ სამსახურში , მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც ველოდი.”-  გიორგი მაზნიაშვილი “მოგონებანი”.

არავითარი ეროვნული სამხედრო ნაწილი არ არსებობდა. ეროვნულ –ქართული სამხედრო ნაწილების შედგენა დავალებული ჰქონდა  ქართულ სამხედრო კავშირს, რომელმაც ჯერ კიდევ აგვისტოში გაგზავნა თავისი წარმომადგენელი პეტროგრადში ქართული კორპუსის შედგენის ნებართვის გამოთხოვისათვის”

1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემობილიზირებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც თბილისის აღება სურდათ.

მაზნიაშვილმა ამ საფრთხის არიდება ჯავშანმატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკის მეშვეობით შესძლო.

1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავის თანახმად თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარაც. მადაგახსნილმა თურქეთმა გურიასაც შეუტია.

მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით  არა მხოლოდ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაათავისუფლა.

1918 წლის აპრილში აფხაზეთიდან მაზნიაშვილთან დელეგაცია მივიდა თხოვნით- გაეწმინდა მტრისაგან სოხუმი და სრულიად აფხაზეთი. იმავე წლის 18 ივნისს გენერალი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით , რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, მაზნიაშვილმა იოლად ჩაახშო ბოლშევიკური აჯანყება, შემდეგ კი თეთრგვარდიელებისაგანაც გაათავისუფლა აფხაზეთი.

1918 წლის ოქტომბერში გიორგი მაზნიაშვილი იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. იმავე წელს სომხეთ-საქართველოს ომის დროს წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი.

1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს ბოლშევიკური მე-11 არმისს ნაწილებისაგან. . .

თებერვალში თბილისში წითელი არმია შემოვიდა.

1921 წლის მარტში თურქებმა ქიაზიმ ბეის წინამძღოლობით ბათუმი კვლავ დაიკავეს. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მაზნიაშვილს სთხოვეს “ თქვენ იცით, რომ კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული დაყველა კომუნისტს ჰქონდა უფლება მოეკალით, მაგრამ არ მოგკლავთ, მენშევიკების გენერალო, ოღონდ იბრძოლეთ ჩვენთან ერთად! - ასე მიმართა მას შეხვედრისას სერგო ორჯონიკიძემ.

”მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!”-ასეთი იყო მაზნიაშვილის პასუხი და მან  გამარჯვებული მტრის მხარეზე იბრძოლა საქართველოს  დასაცავად. სასწრაფოდ შეიმუშავა ბრძოლის გეგმა და ბათუმის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. 4 დღეში ბათუმსა და მის ოლქში  მტრის ( გარდა ბოლშევიკებისა) არც ერთი ჯარისკაცი არ იყო.  და მაინც 1923 წელს, წითელი ტერორის პაერიოდში , მაზნიაშვილი დააპატიმრეს  და ირანში გადაასახლეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მან შეძლო დაბრუნება, დასახლდა მშობლიურ სოფელში, ჩამოშორდა ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. სოფელში მოაგვარა სასმელი წყლის პრობლემა, ააშენა სკოლა მაგრამ 1937წლის  მასობრივი ტერორის  დროს არავის გახსენებია მისი არც სამხედრო და არც სამოქალაქო ღვაწლი სამშობლოს წინაშე -  მეფის რუსეთის გენერალი ვაჟთან, ივანესთან ერთად  ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს.

 

 გენერალ მაზნიაშვილის ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდსა და  საქართველოს დამოუკიდებლობის  პერიოდის მოვლენებზე  შემდეგში გიამბობთ.

               იყავით თავის  უფალნი!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია