შერჩევითი სიმპატიები - ანუ მოდური ფარისევლობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-02-2014, 13:15 | კულტურა | ნანახია - 2801

ნიკა რურუა

 

ყველას გვახსოვს, რა ხმაური ატყდა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭება-გაუქმების გარშემო: დიდი თუ პატარა, პროფესიონალი თუ მოყვარული, საქმეში ჩახედული თუ ჩაუხედავი, ანუ უამრავი ჭირისუფალი ამ საკითხისა თითქმის ისტერიულ ტონალობაში მოითხოვდა კულტურის სამინისტროსგან ამ საბადოსათვის ძეგლის სტატუსის აღდგენას.

 

მეტიც - არათუ ხმაური, არამედ კონკრეტული ადამიანების “თავები გაგორდა” ამ ვნებათაღელვის შედეგად. ეს თავი კი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ქ-ნ მარინე მიზანდარს ეკუთვნოდა. ის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა დემონსტრატიულად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, როგორც ადამიანი, ვინც სუბორდინაციას არ აღიარებდა და ღიად მიდიოდა მინისტრისა და სამინისტროს პოზიციის წინააღმდეგ.

 

ეს მისასალმებელი გამბედაობა იქნებოდა, რომ ქ-ნ მიზანდარსა და მის (უკვე) მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს ასეთივე ზრუნვა გამოეჩინათ  საფთხეში მყოფი ყველა კულტურული ფენომენისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

 

გადავიდეთ კონკრეტიკაზე.

 

უკვე რამდენიმე თვეა საყოველთაო დუმილის ფონზე იკეტება და უქმდება რადიო “მუზა” - ერთადერთი 24 საათიანი მაუწყებლობის მქონე რადიოარხი, რომლის ანალოგიც არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, თურქეთისა და რუსეთის ჩათვლით, არ გააჩნია.

 

რადიო “მუზა” უკვე რამდემინე წელია არსებობს და მთელი საქართველოს მასშტაბით მსმენელს აწვდის ყველა სახის მუსიკას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი მიმართულება ევროპული კლასიკური მუსიკაა. მას უსმენდა დიდი თუ პატარა, დახელოვნებული მსმენელი თუ ახალბედა.

 

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “მუზა” დაფინანსების გარეშე დარჩა - მანამდე მას ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუ” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმარებოდა. ვინაიდან ამ რადიოსადგურის საქმიანობა ქართული კულტურისათვის ძალიან მნიშვნელოვნად ჩავთვალე , პირადად მივმართე თხოვნით კულტურის ახალ მინისტრს, ანუ ჩემს შემცვლელს, რომ ამ სამინისტროს “მუზა”-სთვის დახმარება გაეგრძელებინა.

 

ჩემთვის სასიხარულოდ, კულტურის სამინისტრომ სულ რამდენიმე კვირაში გააფორმა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება-მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც “მუზა” გააგრძელებდა არსებობას სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით.

საუბედუროდ, მუსიკის მოყვარულთათვის ამ კარგმა ახალმა ამბავმა სულ ცოტა ხანს გასტანა. კულტურის სამინისტრომ უცერემონიოდ უკან წაიღო საკუთარი ვალდებულება და გამოაცხადა, რომ, მიუხედავად მისი სურვილისა, დაეხმაროს ამ უნიკალურ რადიოარხს, მას კანონი არ აძლევს ამის საშუალებას.

 

თუ ეს მართლაც ასეა და კულტურის სამინისტროს მართლაც გულწრფელად სურს რადიო “მუზა”-ს დახმარება, მას შემიძლია ე.წ. Pro Bono, ანუ უფასო იურიდიული დახმარება აღმოვუჩინო და გავუზიარო რამდენიმე სამართლებრივი გამოსავალი, რომელიც ამ უნიკალურ მედია-საშუალებას გადაარჩენს.

 

ვარიანტი პირველი:

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრს, შეუძლია მთავრობის სხდომაზე გაიტანოს “მუზა”-ს საკითხი და მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ მიიღოს საკმარისი თანხა მთავრობისავე სარეზერვო ფონდიდან. ეს ნაბიჯი აბსოლუტურად კანონიერი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ რადიო “მუზა” გახლავთ არაკომერციული, საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე ერთადერთი ამგვარი პროფილის რადიო, რომლიც შენარჩუნებაც აშკარად საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება.

 

ვარიანტი მეორე:

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუძლია საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსოს “მუზა”-ს ნებისმიერი პროექტი ან პროექტების რიგი. კულტურის მინისტრის შესაბამისი სურვილი შემთხვევაში ამას არანაირი სამართლებრივი ბარიერი არ გააჩნია.

 

და ვარიანტი მესამე:

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუძლია რადიო “მუზა” საკუთარ სსიპ-ად, ანუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აქციოს და ყოველი წლის განმავლობაში მას გაუწიოს საბიუჯეტო დახმარება, როგორც ამას საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ, მრავალი სხვა სსიპ-ის შემთხვევაში აკეთებს - ასეთები არიან თეატრები, სახელოვნებო სკოლები და უნივერსტეტები, ანსამბლები, სახელოვნებო ცენტრები და ა.შ. ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტრო გახდება ფაქტიური მფლობელი მთელი იმ ძვირფასი ინფრასტრუქტურისა და აპარატურისა, რომელიც “მუზა”-ს გააჩნია და რისთვისაც მზადაა ამ არხის დღევანდელი მფლობელი.

 

ამდენად, თუ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გულწრფელად სურს ამ რადიოარხის დახმარება და არ უნდა მისი დანგრევა მხოლოდ იმიტომ, რომ “მუზა” საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს ეკუთვნის, აღნიშნულ სამინისტროს ჩემს მიერ შეთავაზებული სამი გამოსავლიდან ნებისმიერის განხორციელება შეუძლია, კანონის ყველა ნორმის შენარჩუნებასთან ერთად.

 

კულტურის ქომაგებს კი მოვუწოდებ, რომ ამაზეც ხმა ამოიღონ და ყველანაირად ეცადონ ამ მართლაც უნიკალური კულტურული კერის გადარჩენას.

 

ასე რომ, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, “თუ გული გულობს, ქადა ორი ხელითაც იჭმება”.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია