„უკრაინული თავსატეხის“ შემდეგ: როდის გამოფხიზლდება რუსი ხალხი?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-03-2014, 15:54 | მსოფლიო | ნანახია - 1652

მართა იამანიძე

„უკრაინული თავსატეხის“ შემდეგ: როდის გამოფხიზლდება რუსი ხალხი? 

ვერ ვიტყვი, რომ ავტორიტეტებს ვცნობ. არც რომელიმე მსხვილი კალიბრის მქონე ექსპერტის მოსაზრებაა ჩემთვის უპირობოდ მისაღები. ამავე ლოგიკით, არც ზბიგნევ ბრჟეზინსკის მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმულ მოსაზრებებს მივიჩნევ აქსიომად.
მაგრამ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკურ მეცნიერებაში ახლად გათვიცნობიერებულს, ერთობ კარგად დამამახსოვრდა წარმოშობით პოლონელი ექსპერტის ერთგვარი პროგნოზი, რის მიხედვითაც უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავდით „გლობალურ პოლიტიკურ გამოფხიზლებას“ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ დეფინიციას ბრჟეზინსკი აქტიურად იყენებდა სირიის კონფლიქტის შეფასებისთვის და ამბობდა, რომ დასავლურ ან ყოფილ კოლონიურ ძალებს სწორედ ამ „პოლიტიკური გამოფხიზლების“ გამო აღარ ექნებოდათ ფართო ასპარეზი რეგიონული პრობლემატიკის თავის სასარგებლოდ გადასაჭრელად.

 

კიევში ამგვარ „გამოფხიზლებას“ ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდა ადგილი. უბრალოდ, ამჯერად უფრო მძლავრად იფეთქა.

 

ერთგვარი დამთხვევაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით დაღდასმულ სოჭის ოლიმპიადას ყველაზე კარგი ფორმულირება ასევე პოლონურმა „ნიუსვიკმა“ მოუძებნა - ალმოდებული პეიზაჟის ფონზე ოლიმპიური რგოლები იყო გამოსახული, სადაც ის ავბედითი მეხუთე რგოლი, რომელიც ცერემონიალზე არ გაიხსნა, „ნიუზვიკს“ ცეცხლში გახვეული და თოფის ლულაზე წამოცმული საბურავით ჰქონდა ილუსტრირებული.

 

პუტინის „წლობით ნაზარდი იმედი“, სოჭის ოლიმპიადა, მოსამზადებელ ფაზაში ფართოდ გავრცელებული კორუფციისა და სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმანაციის ფაქტებმა „ჩაფუშეს,“ ხოლო უკვე მისი მიმდინარეობისას - ევრომაიდანზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. მანამდე, ზოზინა დიპლომატები ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული ოფიციალური კიევისთვის სანქციების დაწესებაზე, ხოლო პუტინისა და მედვედევის ტანდემი დაღონებული სახით შეჰყურებდა ჰოკეის მატჩში მათი სანაქებო ნაკრების ფინეთთან დამარცხებას.

 

სისხლისღვრის საკუთარი თვალით დანახვის შემდეგ ევროპაც „გამოფხიზლდა.“
უკრაინელი ხალხის შეუპოვრობამ კი შედეგი გამოიღო. თუმცა, არა საბოლოო. სპეკულაციებმა უკრაინის პოლიტიკურ-სამართლებრივ მოწყობაზე უფრო მკაფიო ხასიათი შეიძინა. მათ შორის იყო პუტინის მრჩევლის სერგეი გლაზევის კომენტარი, რომ ფედერალიზმი უკრაინისთვის უპირობო აუცილებლობაა, ასევე უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „რეგიონების“ თავმჯდომარის ნიკოლაი აზაროვის განცხადება, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს.

 

პუტინისთვის, რომელიც უკრაინას „სახელმწიფოდაც არ მიიჩნევს“ (როგორც მან ეს 2008 წელს, ჯორჯ ბუშთან საუბარში აღიარა), კიევის „გამოფხიზლება“ სახიფათო სიგნალს წარმოადგენს მისსავე გეოპოლიტიკურ ორბიტაზე. მან კარგად უწყის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინულ პროტესტს თავად მოსკოვში. უკრაინელმა ერმა ამ ისტორიული ნაბიჯით თავისივე ეროვნული იდენტობა გაიმყარა. მაგრამ რას უქადის უკრაინელთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივება თავად რუსეთს? ქვეყანას, რომელსაც ფედერაციული სუბიექტები ვერ მოუქცევია საერთო იდენტობის ქვეშ და ვერც საერთო ღირებულებები ამყარებს მათს ერთიანობას?

 

უკრაინის ერთიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს იმ გეოპოლიტიკურ თამაშში, სადაც რუსეთი ჯიუტად ავლებს პარალელს მისსავე საზღვრებსა და რუსეთის შიდა-პოლიტიკურ უსაფრთხოებას შორის. ამგვარი პოლიტიკის ახსნა, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ უსაფრთხოების არსი რუსეთისთვის სათავეს იღებს იმ პოლიტიკური წონასწორობის დაცვისგან, სადაც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას სხვადასხვა ქვეყანაში შიდა-პოლიტიკური მოვლენების მართვით აბალანსებს.

 

რუსეთმა არანაკლებ კარგად იცის, თუ რამდენად ძვირად დაუჯდება ის „ექო,“ რომელიც, შესაძლოა, უკრაინულმა პროტესტმა მისივე სახელმწიფოს ფარგლებში გამოსცეს. პუტინის რეჟიმს, შესაძლოა, ახლო მომავალში არ ემუქრებოდეს საფრთხე - არა იმიტომ, რომ რუს ხალხს სიცივეში დემონსტრაციების გამართვა აშინებს; უბრალოდ, რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰყავს ლიდერი, რომელიც ხალხის კონსოლიდაციას მოახდენს და დაანახებს იმ მოჩვენებითი სტაბილურობის მანკიერებას, რომელსაც ამჟამად მათივე სახელმწიფოს ხელმძღვანელი სთავაზობს.

 

გარდა ამისა, ჯერ კიდევ თავისი პირველი და მეორე საპრეზიდენტო ვადების დროს პუტინმა კარგი მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ შეიძლება მისი ხელისუფლების დამაბალანსებელი ძალების განეიტრალება - მან გააუვნებელყო ბიზნეს-ელიტა, რომელსაც ავტოკრატიულ რეჟიმებში მმართველი ძალისთვის ხელშესახები წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია და საოცარი სისატიკით გაუსწორდა დამოუკიდებელი მედიის მუშაკებს. მედიასა და ბიზნეს ჯგუფების წინააღმდეგ გატარებულმა დევნამ დაასუსტა ის პოტენციური ძალები, რომლებსაც უნდა დაებალანსებინათ რუსეთის სახელისუფლებო შტო. შედეგად, რუსეთის მასმედიის უდიდესი ნაწილი „გაზპრომის” ხელში გადავიდა, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები კი საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ, რამაც, ერთი მხრივ, „გადააგვარა” რუსული მედია, ხოლო დარჩენილ ნაწილს შიში და შესაბამისად, იძულებითი მორჩილება ჩაუნერგა კრემლის მიმართ. ამასთანავე, პუტინმა შემოიღო სამართლებრივი აქტები, რის მიხედვითაც შესუსტდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალაუფლება პოლიტიკურ პროცესებში თანამონაწილეობისათვის. ამ მიმართულებით რეფორმები შეეხო რეგიონალურ მმართველობას და შეასუსტა ადგილობრივი ხელისუფლების როლი.

 

ამ ფონზე საინტერესოა, რომ პუტინის მმართველობის საწყის პერიოდში გაიზარდა ნდობა მისი, როგორც პრეზიდენტის მიმართ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არასტაბილური სახელმწიფოებრივი განვითარებით დაღლილი რუსეთის მოსახლეობა დაკმაყოფილდა მიღწეული სტაბილურობით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ძალისმიერად დამყარდა. გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დაკვეთა პრეზიდენტისადმი ძირითადად შეეხებოდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ხალხს ნაკლებად აინტერესებდა ის გზები, რომლებმაც მოიტანეს ამგვარი „სტაბილურობა.“

 

2000–იან წლებში ნავთობის ფასის ზრდამ და რუსული რუბლის გამყარებამ გამოასწორა სოციალური განვითარების დონე და შეცვალა დასაქმებულთა ჩართულობაც – თუ ადრე მეტი მუშახელი/მოსამსახურე იყო დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში, პრიორიტეტები შეიცვალა საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში დასაქმების ტემპების ზრდით. სოციალურმა გარდატეხამ ბუნებრივია მოიტანა ინტერესების ცვლაც მოსახლეობაში. ალბათ, ყოველივე ეს იყო ძლიერი ოპოციზიური მოძრაობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი მიზეზი რუსეთში, რასაც ემატებოდა კრემლის მიერ გატარებული ძალისმიერი კურსი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადო პირებისადმი.

 

მართალია უკრაინული პროტესტის საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ არ გაცხადებულა, მაგრამ იანუკოვიჩის გადაყენებამ რუსეთს ერთგვარი საყრდენი გამოაცალა რეგიონში. ფაქტია ისიც, რომ იმ შემთხევევაში, თუ რუსეთის პოზიციები უკრაინაში საგრძნობლად შეირყევა, მას შესაძლოა ე.წ „დომინოს  ეფექტით“ ხუხულასავით ჩამოენგრას მოკავშირეთა ის რგოლი, რომელიც აქამდე „ევრაზიულ კავშირში“ მისი ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა.

 

უკრაინელთა ეროვნული იდენტობის კონსოლიდაციამ, რომელსაც წინ უფრო მეტად რთული გზა ელის, ვიდრე ეს მისმა გამყარებამ მოიტანა, უნდა უზრუნველყოს ის, რომ მან დასავლეთისა და აღმოსავლეთის გასაყარზე თავისი არჩევანი სწორედ დემოკრატიული ევროპის სასარგებლოდ გააკეთოს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრი უპირობოდ მიიჩნევს უკრაინის მომავალი ხელმძღვანელობის მიერ ევროპული არჩევანის სასარგებლოდ ფსონების გაზრდას, ვფიქრობ, პროგნოზები ნაადრევია. ამას ამყარებს ის, რომ ბევრი რიგითი უკრაინელი შეკითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა მათი პროტესტი, ამბობდა, რომ ისინი უბრალოდ დაიღალნენ პრეზიდენტ იანუკოვიჩის უკიდურესად ავტოკრატიული და კორუმპირებული მმართველობითი რეჟიმით; ეს კი ერთგვარად ჩრდილავდა მეორე მამოძრავებელ ძალას – ევროპულ არჩევანს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც პუტინმა გააჟღერა ინიციატივა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოსაყოფად, პროტესტი მაიდანზე არ შეწყვეტილა.

 

ამგვარად, უკრაინამ უპირველესად ხაზი გაუსვა იმას, რომ მას სურს იყოს თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა, რომლის მმართველი ძალა გააჯანსაღებს ქვეყანას და მის ხალხს სტაბილურობას მოუტანს. მთავარი ის არის, რუსეთის მსგავსად, უკრაინამაც არ დახუჭოს თვალი იმ „გზებზე“ რამაც მათი სტაბილურობა უნდა მოიტანოს და უკრაინელმა ხალხმა არ დაუშვას ხელისუფლების სათავეში კიდევ ერთი ავტოკრატი ლიდერის მოსვლა. უკრაინაში დღეს არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი იძლევა საფუძველს იმის სათქმელად, რომ თავისუფალი უკრაინელებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება ის ლიბერალური ფასეულობები, რასაც მათ ევროპა სთავაზობს, ვიდრე ის მოჩვენებითი სტაბილურობა, რომელიც იოლად მიიღწევა, მაგრამ, რომლის საძირკველიც ძალზე მყიფეა.

 

რაც შეეხება ოფიციალურ მოსკოვს, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევრაზიულ კავშირში არ გაწევრიანდა (მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია კი ამის წინაპირობას ქმნის), შესაძლოა, კავშირის „დიადმა მიზნებმაც“ ისეთივე ბედი გაიზიაროს, როგორც პუტინის „სოჭის ოცნებამ.“ ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ევრაზიული კავშირის არსი არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ მიზნებს მოიცავს. დღეს კი, როდესაც რუსული რუბლი დევალვაციას განიცდის და ქვეყანა ვერც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დაიკვეხნის, რუსეთს ჰაერივით სჭირდება სოციალურ–ეკონომიკური პოტენციალის ზრდა.

  

ვინ, თუ არა ისევ რუსეთმა იცის კარგად, რომ მხოლოდ სოციალური სიდუხჭირე შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ შეწუხებული რუსი ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. და თუ ეს მოხდა, ძალზე რთულია იმის პროგნოზირება, რა შეიძლება დატრიალდეს მოსკოვის ქუჩებში, როცა ადგილობრივ მილიციას რიგითი რუსი დაუპირისპირდება, რომელსაც არაფრის ეშინია, რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს. ასე შეიძლება „გამოფხილზდეს“ რუსი ხალხიც.

 

რუსი ერი, რომელიც მიჩვეულია „держава“–ს სტატუსს და ოდესღაც ძლევამოსილი იმპერიისთვის დამახასიათებელ პრივილეგიებს, იოლად ვერ იტყვის უარს ტრადიციული მენტორის როლის შესრულებაზე და ვერც იმაზე, რომ ოფიციალური მოსკოვის „რჩევა–დარიგებებს“ შესაძლოა აღარ მოუსმინონ ყოფილი იმპერიის დედაქალაქებში შეკრებილმა დემონსტრანტებმა.

 

რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთის ხელმღვანელობამ იმ შემთხვევაში, თუ გაიზარდა ქვეყნის შიგნით უკმაყოფილება? არსებობს ალბათობა, რომ მან გაიხსენოს ძველი მეთოდი და უკრაინაში არსებული ბერკეტების გამოყენებით, მათ შორის სეპარატიზმის გაღვივებით და შემდგომში რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საბაბით, სამხედრო ძალას მიმართოს. ამის მთავარი მამოძრავებელი ბიძგი იქნება რუსეთის სურვილი თავად რუსეთის შიგნით პოლიტიკური პროცესები ჩაახშოს.

 

მაგრამ მოიგებს კი ამ ომს? 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია