პოლიტიკური ავტოგოლები თუ პროვინციული პოლიტიკანობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-03-2014, 16:04 | კომენტარები | ნანახია - 1814

აკაკი სულაქველიძე

 პოლიტიკური ავტოგოლები თუ პროვინციული პოლიტიკანობა

საქართველოში ფეხბურთი უყვართ, მეტ-ნაკლებად ერკვევიან კიდეც მასში. საქართველოში პოლიტიკაც უყვართ, მაგრამ მასში საერთოდ ვერ ერკვევიან.

 

ფეხბურთი ვისაც უყვარს, მან იცის, რომ იტალიურ ფეხბურთში საზოგადოდ მიღებული პრაქტიკაა, გუნდებს, მათ შორის ეროვნულ ნაკრებს, ჰყავდეს სპეციალურად დაქირავებული მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს საფეხბურთო მოედანზე სიმულაციას (სპორტულ „აფერისტობას“) და არა-ჯენტლმენურად უხეში ქცევით მეტოქის მდგომარეობიდან გამოყვანას ასწავლის.

 

საფეხბურთო მოედანზე სიმულაცია მიზნად ისახავს მიუკერძოებელ მხარეზე, ანუ მსაჯზე ზემოქმედების მოხდენას სასურველი შედეგის მიღების მიზნით, რაც იმაში გამოიხატება, რომ „მოტყუებული“ თუ „დაშანტაჟებული“ მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს - „სიმულანტი“ მოთამაშის გუნდის სასარგებლოდ არასამართლიან ჯარიმას ან პენალტს დებს, მეტოქის ფეხბურთელს არარსებულ დარღვევაზე მოედნიდან აძევებს და ასე შემდეგ.

 

არა-ჯენტლმენური ქცევით მეტოქის მდგომარეობიდან გამოყვანა ხშირად მეტოქის მხრიდან ნეგატიურ რეაქციას იწვევს, მოწინააღმდეგე უხეშობით პასუხობს პროვოკატორს, რაც შეუმჩნეველი არ რჩება მსაჯს და უდანაშაულო მოთამაშე  უსამართლოდ ისჯება.

 

ორივე შემთხვევაში, ფეხბურთელის სპორტულ „აფერისტობას“ და არაჯენტლმენურ საქციელს ამოფარებული გუნდი პრაქტიკულ შედეგს იღებს, თუმცა, მისი მორალური სახე და რეპუტაცია ზიანდება - პროვოკატორი, “ჭუჭყიანი“ მოთამაშე და არა-ჯენტლმენი პუბლიკას არ უყვარს, სტადიონზე მას „ცუდ“ სიტყვებს უყვირიან, მისი საქციელი სპორტულ პროსტიტუციასთან ასოცირდება. ასეთი ფეხბურთელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უფრო მძაფრია, როდესაც ის დამარცხებულ/წაქცეულ მეტოქესთან იყენებს ვარჯიშზე ნასწავლ ბინძურ მეთოდებს.

 

არა-ჯენტლმენი ფეხბურთელი ბევრ მენეჯერს ჰყავს თავის გუნდში. მწვრთნელი მათ სხვადასხვა უღირსი და მდაბალი საქციელის ჩადენას ავალებს.

 

სპორტული „აფერისტობა“ და უხეშობა პოლიტიკაშიც არსებობს, ფეხბურთისგან განსხვავებით, პუბლიკა მას გვიან ამჩნევს ან საერთოდ ვერ ამჩნევს, შესაბამისად, პოლიტიკოსს უფრო ხანგრძლივად შეუძლია უღირსები მანევრირება თუ ღირსებით მანიპულირება. საერთოდ პოლიტიკური ველი განსხვავდება სპორტული მოედნისგან, მასში ნაკლებია fair play, თუმცა, პოლიტიკური პროსტიტუცია აქაც არ უყვართ, არასწორად თამაში უარყოფითად აღიქმება და „ცუდი ბიჭის“ სახელი პოლიტიკოსს კარიერაში მიყვება.

 

ფეხბურთის ამბები ერთი, იტალიაში ფეხბურთნათამაშები ქართველი პოლიტიკოსის ამ დღეებში გაკეთებულმა განცხადებამ გამახსენა. განცხადება სავსე იყო ზიზღით, ღვარძლით, პანიკით, მოვლენათა არაადექვატური შეფასებით და მათი შეგნებულად დამახინჯებული სახით წარმოდგენით.

 

ფეხბურთელი, რომელიც ადრე ავტოგოლების გატანასა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ დითირამბების აღვლენაში იყო შემჩნეული, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ოპონენტი პოლიტიკური ძალის და მისი მხარდამჭერების მიმართ. მავნებლობასა და იდიოტიზმში სხვების დადანაშაულება მაშინ, როცა უკრაინის კრიზისს ერთი ქუჩის იქით ვერ ხედავ, მცოცავ ოკუპაციას უცხო ქვეყნის სახელმწიფოს უსაფრთხოების პოზიციებიდან ხსნი და კიდევ ერთ ავტოგოლს - სოჭის ოლიმპიადაში სამარცხვინო მონაწილეობას - ამართლებ, ცოტა არაზნეობრივ ქმედებას და პოლიტიკურ „აფერისტობას“ ჰგავს. ეს უხეში განცხადება კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება მიუკერძოებელი არბიტრის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული ფრაზის ფონზე - რომ წარსული უნდა წარსულში დავტოვოთ და ყველა პოლიტიკურ ლიდერთან ვითანამშრომლოთ ქვეყნისთვის უკეთესი დღეების შექმნის მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრის წარმატებული ამერიკული ვოიაჟისა და აშშ-ს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის პარალელურად ასეთი მდაბალი შინაარსის და აგრესიული  უადგილო განცხადების გაკეთება რამდენიმე ვარაუდს წარმოშობს.

 

1)     ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ამ განცხადებით ცდილობს რამდენიმე კვირის წინ მის მიერ უკრაინის მოვლენებზე გაკეთებული უპასუხისმგებლო თუ ბრიყვული კომენტარის გადაფარვას. ყოფილი ფეხბურთელის მხრიდან უკვე წაქცეული კაცის კრიტიკა და იანუკოვიჩისა და სააკაშვილის ძალიან ხელოვნური და ყურით მოთრეული შედარება სასაცილოდ ჟღერს და კიდევ უფრო ამძაფრებს უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე მანამდე გაკეთებული სამარცხვინო განცხადების ზღვარსგადასულ სისულელეს. ჩნდება განცდა, რომ ვიცე-პრემიერის არაკომპეტენტურობას და პოლიტიკაში სრულ გაუცნობიერებლობას ლიმიტი არ აქვს. პოლიტიკა ბურთის კენწვლა არაა.

2)     ვიცე-პრემიერს არაადექვატური განცხადებისკენ უბიძგეს. მენტორმა მას დამარცხებული მეტოქის წინააღმდეგ უხეში და არაღირსეული თამაში დაავალა. ვიცე-პრემიერის ეს გადაწყვეტილება შეიძლება იმ გაღიაზიანების შედეგია, რაც საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია ერთ ცნობილ საქმეზე, ან Foreign Policy-ში უშიშროების მდივნის სახელით დაბეჭდილი წერილით გამოწვეული სიბრაზის გამოძახილია, ან საერთაშორისო მედიაში პრეზიდენტ სააკაშვილისაქტიური გამოჩენით და უკრაინასთან მიმართებაში მისი პოზიციის აბსოლუტური სისწორის წარმოჩენით გაჩენილი მრისხანების და იმედგაცრუების ნაზავია. შეიძლება ყველაფერმა ერთად აღაშფოთა დამრიგებელი.

3)      შესაძლოა, საქმე სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს - მწვრთნელს არ მოეწონა ამერიკაში პრემიერ-მინისტრის მიერ მასთან შეუთანხმებლად გაკეთებული მანევრები და გადაწყვიტა მთავრობის მეთაურს ფორმალურად მისი მოადგილე დაუპირისპიროს, რითიც ფასს დაუკარგავს პრემიერის მიერ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებებს, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელების თვალში. თუ ეს აზრი სიმართლეა, მაშინ საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, მთავრობის არაგულწრფელობასთან ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ურყევებოსათან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, სახეზეა შიდასამთავრობო დაპირისპირებები, სანქცირებული გუნდის მთავარი მწვრთნელის მიერ.

 

და ბოლოს, ექს-ფეხბურთელს იქნებ ვინმემ შეახსენოს, რომ ათი წლის წინ საოკუპაციო ჯარები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იდგნენ, წინა ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 80%-ის გათავისუფლება შეძლო, 20%-სთვის ჯერ კიდევ საბრძოლველია. იქნებ ენერგეტიკას მაინც მიხედოს - უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო ხშირად რომ გვიწევს სიბნელეში ყოფნა,  თორემ პოლიტიკაში ავტოგოლებმა ცუდი რიკოშეტი იცის. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია