ბობი სენდსი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-03-2014, 14:19 | მსოფლიო | ნანახია - 2931

 ბობი სენდსი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაზურა ოდილავაძე

 

,,არის ზოგი ისეთი რამ, რაც სიკვდილზე უარესია. მონობა – ერთ-ერთი მათგანია,“ – ბერნადეტ მაკალისკი

 

   ჩრდილოეთი ირლანდია – დიდი ბრიტანეთის ისტორიული პროვინციაა, რომელიც მდებარეობს კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ლოიალისტებთან მიღებულია ჩრდილოეთი ირლანდიის დასახელება – ოლსტერი. ისტორიული ოლსტერი ცხრა  საგრაფოსგან შედგება, რომელთაგანაც ექვსი – დიდი ბრიტანეთის, ხოლო სამი ირლანდიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. რესპუბლიკელები ამ რეგიონს ექვს ოკუპირებულ საგრაფოს უწოდებენ.

 

   ჩრდილოეთი ირლანდიის მოსახლეობა არაერთგვაროვანია. უმრავლესობას წარმოადგენენ პროტესტანტები, რომლებიც კულტურითა და ტრადიციებით ბრიტანელებს მიეკუთვნებიან. ისინი ერთგულებენ ბრიტანეთის სამეფოსთან კონსტიტუციური კავშირის იდეას. ჩრდილოეთი ირლანდიის დანარჩენი მოსახლეობა კი კათოლიკეა და ისტორიულ-კულტურული ფესვებით – ირლანდიელი. მოსახლეობის ეს ნაწილი ირლანდიის რესპუბლიკასთან კავშირის მომხრეა. უმცირესობაში მყოფი კათოლიკები, იგივე რესპუბლიკელები, ერთი მხრივ, მწვავედ უპირისპირდებიან ადგილობრივ პროტესტანტებს (ლოიალისტებს), ხოლო, მეორე მხრივ, იბრძვიან ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლად არსებობისთვის.

 

   სწორედ კათოლიკურ ოჯახში 1954 წლის 9 მარტს დაიბადა რობერტ ჯერარდ სენდსი. ოლსტერელი ლოიალისტების გამო, ოჯახმა ორჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ამასობაში ახალგაზრდა ბობიმ ცოლად შეირთო ჯერალდინ ნოადი, ხოლო 1973 წლის მაისში წყვილს ბიჭი შეეძინა.

 

 1972 წელს ბობი სენდსი იატაკქვეშა გასამხედროებული ორგანიზაციის – დროებითი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (ირა) ვოლონტიორი გახდა. იმავე წლის ოქტომბერში ის დააპატიმრეს – მის სახლში პოლიციამ ოთხი პისტოლეტი აღმოაჩინა და ბობის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1976 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან გააგრძელა ირა-ს რიგებში ბრძოლა; ეჭვმიტანილად სცნესBalmoral Furniture Company-ს აფეთქებებში, მაგრამ მოსამართლემ ბობი სენდსის მონაწილეობის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. შემდეგ ის დააკავეს ურთიერთსროლის ადგილზე; 1977 წელს მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის ციხე მეიზში (ირლანდიური სახელწოდება – Long Kesh). ბობი სენდსის ადვოკატი პიტ ფინუკეინი, რომელიც  სხვა ირლანდიელი რესპუბლიკელების დაცვაშიც მონაწილეობდა , მოგვიანებით ოლსტერელმა ლოიალისტემა მოკლეს.

 

   იმ წლებში გაუქმდა Special Category Status, რაც ირა-ს დაპატიმრებულ წევრებს ჩვეულებრივ დამნაშავეებთან ათანაბრებდა. ბრიტანელების ამგვარ ქმედებას რესპუბლიკელების მძაფრი პროტესტი და პერმანენტული შიმშილობა მოჰყვა, რაშიც ბობი სენდსიც მონაწილეობდა.

 

   1981 წლის აპრილში გულის შეტევით გარდაიცვალა პარლამენტის წევრი ირლანდიელი რესპუბლიკელებისგან. გაიშალა საარჩევნო კამპანია, რის შედეგადაც პატიმარმა ბობი სენდსმა 30 493 ხმა მიიღო და პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.

 

   პარლამენტში არჩევის მომენტისთვის მისი შიმშილობა უკვე თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მოშიმშილეები ხუთ მოთხოვნას აყენებდნენ:

1. უფლება, არ ეტარებინათ ციხის უნიფორმა;

2. უფლება, არ ეკეთებინათ ციხის სამუშაო;

3. უფლება, ჰქონოდათ სხვა პატიმრებთან თავისუფალი კავშირი, აგრეთვე საგანმანათლებლო თუ გასართობი ღონისძიებები მოეწყოთ;

4. უფლება, ყოველკვირეულად ჰქონოდათ ერთი ვიზიტი, გაეგზავნათ ერთი წერილი და მიეღოთ ერთი ამანათი;

5. უფლება, მოეთხოვათ შეწყალება.

 

   ...მაშ ასე, შიმშილობის 64 დღეა, პარლამენტარი, რომელმაც 1979 წლის არჩევნებზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე თვით ქალბატონმა მარგარეტ ტეტჩერმა, ბელფასტის ციხის ,,ლონგ კეშის“ ,,ეიჩ“ ბლოკის (H-Block) სარეცელზე ელოდება გარდაუვალ დასასრულს. ტელევიზიის დიქტორი იტყობინება, რომ სენდსი საწოლში დამოუკიდებლად ვერ ტრიალდება, თითქმის დაბრმავებულია, გაჭირვებით არჩევს, ანთია თუ არა ნათურა, დილიდან დაკარგა მგრძნობელობა ქვედა კიდურებში, დაერღვა მეტყველება, მაგრამ რობერტ სენდსი ჯერ კიდევ სუნთქავს... დღეს ხომ 64-ე დღეა, რაც მან უარი თქვა საკვების მიღებაზე. ბრიტანელი თემიდა სინდისმა რომ არ შეაწუხოს, დღეში სამჯერ ბობის საწოლთან მიაქვთ ციხის კულინარიული შედევრი: ახალი რძე, სიმინდის ბურბუშელა – თანაც კარგად მოხალული...  

 

   ბობი სენდსი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაშეუძლებელია, არ გაგიჩნდეს კითხვა: რა უძლეველმა ძალამ აიძულა რობერტ სენდსი, 27 წლის ირლანდიელი, რომელსაც ჰყავს დედა, და, რომელიც თავდავიწყებით უყვართ ახალგაზრდა მეუღლესა და პატარა შვილს, მიეღო გადაწყვეტილება, ამ ცხოვრებიდან წასულიყო ესოდენ მტანჯავი ფორმით – შიმშილისგან სიკვდილით?! ვითომ, მხოლოდ ახირება, პოლიტპატიმრად ცნობაზე უარის თქმის გამო?.. მაგრამ ბობი სენდსისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭება ხომ, ასე თუ ისე, იმის აღიარებასაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთი ირლანდია ბრიტანეთის მიერაა ოკუპირებული და ამიტომ პატიმრის ბრძოლა და ამჟამინდელი თავგანწირვა მისი სამშობლოს დამოუკიდებლობას ემსახურება?... ეს კი იმპერიისთვის დაუშვებელია! აკი ,,რკინის ლედიმაც“ არაერთხელ განაცხადა: ,,საუბარიც არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სტატუსის მინიჭებაზე იმ ადამიანისთვის, რომელიც კრიმინალური დანაშაულისთვის დააპატიმრეს!“.

 

   ტელეეთერით მორიგ სიახლეს გადმოსცემენ: რ.სენდსმა დაკარგა გონება. ინტერვიუ ბობის დედასთან. გულამოსკვნილი ქვითინი: ,,ჩემი შვილი კვდება. ის წირავს საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი მომავლისთვის“. ბელფასტის გაზეთი ,,რიფაბლიკ ნიუსი“ აქვეყნებს ცნობილი ჩრდილოირლანდიელი პოლიტიკური მოღვაწის ბერნადეტ მაკალისკი-დევლინის აზრს: ,,არის ზოგი ისეთი რამ, რაც სიკვდილზე უარესია. მონობა – ერთ-ერთი მათგანია.“

 

   აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ის ბერნადეტ მაკალისკია, რომელიც თავგამოდებით იცავს კათოლიკური უმცირესობის უფლებებს. 1969 წელს ის ცენტრალური ოლსტერიდან აირჩიეს ბრიტანულ პარლამენტში და ბერნადეტი იყო ყველაზე ახალგაზრდა ქალი- პარლამენტის წევრი (21 წელი). აქტივობისა და თავგანწირვისთვის მას მეტსახელი ,,ფიდელ კასტრო მინიშიც” შეარქვეს. 1981 წლის დასაწყისში ის მძიმედ დაჭრეს პროტესტანტმა ბოევიკებმა, რამაც არ შეუშალა ხელი იმავე წელს გაემართა ფართო კამპანია მოშიმშილე პატიმრების მხარდასაჭერად.

 

   დავუბრუნდეთ ისევ ბობი სენდსს. ციხეში ის წერდა სტატიებსა და ლექსებს. გაზეთის იმავე ნომერში, ბერნადეტ მაკალისკის სიტყვების ქვემოთ, დაბეჭდილი იყო მოთხრობა ,,ტოროლა“: ადამიანი ფრინველს ჭუჭყიან გალიაში აშიმშილებს, რათა მან მხიარული არიები შეასრულოს; ტოროლა დუმს, ტყვეობა არა არის შექმნილი სიმღერებისთვის; მას კლავენ – ეს იგავი დაწერა პატიმარმა სენდსმა. 1981 წლის 5 მაისს, შიმშილობის დაწყებიდან 66-ე დღეს, ციხის ჰოსპიტალში 27 წლის ბობი სენდსი გარდაიცვალა. მიზეზი - გამოფიტვა. ცნობამ პატიმრის სიკვდილის შესახებ დიდი მღელვარება გამოიწვია, ბელფასტში რამდენიმე ადამიანიც კი დაიღუპა. რობერტ სენდსი უკანასკნელ გზაზე 100 000 -ზე მეტმა ადამიანმა გააცილა.

 

    ბობი სენდსი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკალიდერის პროტესტს სამი მოშიმშილე შეუერთდა, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებამ, მარგარეტ ტეტჩერის ხელმძღვანელობით, უარი თქვა პატიმრების მოთხოვნების განხილვაზეც კი. ,,წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის“ საშინელი ქრონიკა ასეთია: გარდაცვლილი ბობი სენდსი 30 წლის ჯოზეფ მაკდონელმა შეცვალა; სხვა ტუსაღის, ფრენსის ხიუზის მდგომარეობა, რომელიც უკვე 58-ე დღე უარს ამბობდა საკვების მიღებაზე, მკვეთრად გაუარესდა – მან თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა და სმენა... კიდევ ერთი ტრაგიკული უწყება ,,ლონგ კეშის“ ციხის ,,ეიჩ“-ბლოკიდან – გარდაიცვალა 25 წლის ფრენსის ხიუზი; 24 წლის რეიმონდ მაკკრიში შიმშილობის 61-ე დღეს მოკვდა; პატიმარი – პატრიკ ო ხარა, რომელმაც შიმშილობა მაკკრიშთან ერთად დაიწყო, სიკვდილის პირასაა; პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოხატვის მსურველი ბევრია, ამიტომ, როგორც პატიმრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მუდმივად ოთხი ადამიანი იშიმშილებს. გარდაცვლილებს ახალი მოშიმშილეები მანამ შეცვლიან, სანამ მთავრობა არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს; 8 ივნისს საკვების მიღებაზე უარი განაცხადა 23 წლის თომას მაკილვიმ; 70 პატიმარი მზადაა, დაიკავოს გარდაცვლილი თანამებრძოლის საპატიო ადგილი. იყო მოლოდინი, რომ სენდსის სიკვდილის შემდეგ მის მეგობრებს ნერვიულობა შეეპარებოდათ და სიმტკიცე უმტყუნებდათ. მსგავსი არაფერი მოხდა – ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, საკუთარ ტანჯვას მდუმარედ და ყოვეგვარი აფიშირების გარეშე იტანდნენ; 13 ივლისის დილას გარდაიცვალა კიდევ ერთი ჩრდილოირლანდიელი პატიმარი – 27 წლის მარტინ ხერზონი. მან 45 დღეს გაძლო; მარტინის ადგილს მაიკ დევინი იკავებს; კიდევ ერთი მოშიმშილე კირან დოქერტი კვდება; შიმშილობის 71-ე დღეს გარდაიცვალა 25 წლის კევინ ლინჩი; ის ლიამ მაკლოსკიმ შეცვალა... 

 

   ოთხი თვის განმავლობაში – მაისიდან აგვისტომდე – სენდსის სასიკვდილო მაგალითს კიდევ ცხრა პატიმარმა მიბაძა. ყველაზე უფროსი მათ შორის 30 წლის იყო, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 23 წლის. პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი კი კვლავ უდრეკად იდგა: ,,მე არასოდეს მივანიჭებ მათ პოლიტიკურ სტატუსს, არასოდეს!“.

 

   ბობი სენდსისა და მისი თანამებრძოლების სიკვდილმა პროტესტისა და დემონსტრაციების ტალღა გამოიწვია. ირა-ს რიგებში მოხალისეების ჩაწერა გაასმაგდა, კათოლიკე ახალგაზრდობა უხილავ ფრონტზე საბრძოლველად მიიწევდა. ბელფასტისა და სხვა ჩრდილოირლანდიური ქალაქების კათოლიკური მოსახლობა პოლიციასა და არმიასთან შეტაკებებში ჩაება. იყო დაჭრილები, გარდაცვლილები...

 

   მთავრობამ შეუმჩნევლად დაიწყო პოზიციების დათმობა: უკვე ორ კვირაში პატიმრები საკუთარ სამოსში დადიოდნენ, ციხის სამუშაოები შეწყდა, პატიმრებს ნება დართეს, თავისუფლად შეკრებილიყვნენ და ასევე შეუქმნეს პირობები, რათა მათ მიეღოთ განათლება...

მეპროტესტეები კი, თავის მხრივ, მთავრობას დათანხმდნენ, აღარ მომკვდარიყვნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ. მათი ნათესავების ინიციატივით, შიმშილობა 1981 წლის ოქტომბერში შეწყდა, რამაც 14 ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ შორის იყო ლიამ მაკლოსკიც, რომელიც შიმშილობის 50-ე დღეს... მხოლოდ დაბრმავდა...

 

  და ბოლოს! ვისი გამოსახულება შეიძლება დღეს დაინახო მთელი ჩრდილოეთი ირლანდიის კედლებზე, ვისი სახელი ითვლება ირლანდიური სულის სიმტკიცის სინონიმად და ვის სახეს სცნობენ მყისიერად ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის შემდეგ დაიბადნენ, რაც ის გარდაიცვალა? რაღა თქმა უნდა, რობერტ (ბობი) სენდსისა.

 ბობი სენდსი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

P.S. დასაწყისისთვის შეგახენებთ მეპროტესტე-მოშიმშილეების მარიონეტების ეროვნულ თეატრს, მისი არტისტების მაღალფარდოვან განცხადებებსა და მუქარას, თავი გასწირონ თავისუფლებისთვის!.. დღეს ,,მესაკნეები“ აღარავის ახსოვს, არც იმხანად აღიქვამდა ვინმე მათ სერიოზულად, გულში – არც თვით მეპროტესტეები. ყველამ კარგად იცოდა, რომ ,,დიეტა“ დროებითია და მალე ის მწვადებითა თუ უხვი დივიდენდებით დაგვირგვინდება.

 

   და კიდევ... ,,მემარცხენე ინტელექტუალობა“, თავისთავად, არ ნიშნავს ამათუიმ პიროვნების ავტომატურ პროგრესულობასა თუ კეთილშობილებას. ჭეშმარიტი სიკეთე – თავისუფლების იდეისთვის, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავის გაწირვაა – გინდ მემარცხენე იყავი, გინდ – მემარჯვენე, გინდ – ,,ნაცი“ თუ ,,ქოცი“. აქვე შედარებისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ აგვისტოს ომში გმირულად დაცემული ბიჭები და სულ ახლახანს უკრაინის ბარიკადებზე მოკლული უკრაინელი ჟურნალისტი, ცნობილი ინტელექტუალი თუ რიგითი მოქალაქეები და ჩვენი სიამაყე, ქართველი ვაჟკაცი დავით ყიფიანი!

  

შეიძლება, შენთვის მიუღებელი იყოს ძალადობა, არ იზიარებდე ბრძოლის რადიკალურ მეთოდებს, მაგრამ სნობური სარკაზმით სავსე ინტელექტუალებისგან, უღიმღამო ,,სთარებისგან“, დროზე ადრე ,,დაბრძენებული“ სტუდენტებისა თუ ცინიკოსი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი არ შეიძლება არ აღგაფრთოვანოს სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეისადმი გმირების თავდადებამ. მეგობარო, თუ გმირობის ტ..., თავი არ გაქვს, გაჩუმდი მაინც! გავიგე, სულით ცვედანი ხარ და ამიტომ უნაყოფო, მესმის, რომ მხდალი ხარ – შეგშურდეს მაინც მათი გმირობის და მათი თავგანწირვა მომავალ თაობებს საოცნებო მაგალითად მაინც დაუსახე. დასასრულს, ერთიღა შემიძლია დავამატო: დიდება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაცემულ გმირებს, დიდება!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია