რუსეთის აგრესია უკრაინაში და დასავლეთის ხელში არსებული ბერკეტები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-03-2014, 23:00 | მსოფლიო | ნანახია - 2647

გიორგი ბადრიძე

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი

 

2008 წლის აგვისტოში, მე და ჩემი კოლეგები, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო წყაროების საშუალებით, ვაფრთხილებდით ჩვენს პარტნიორებს, რომ პუტინი, თუკი მას აგრესია გაუვიდა, საქართველოზე არ გაჩერდება. ვამბობდით, რომ რუსეთი ძალას გამოიყენებს ყველგან, სადაც მოეჩვენება, რომ მის ინტერესებს საფრთხეს უქმნის მეზობლის დასავლეთისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და რეფორმები. მაშინ ზოგმა მსხვერპლის დადანაშაულება ამჯობინა, რადგან რეალობის აღიარებით დასავლურ ინსტიტუტებს და მთავრობებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევდათ. ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, გაგიზიაროთ ჩემი რამდენიმე მოსაზრება.

 

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ, თუ დასავლეთის მთავრობებს ამჯერადაც არ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარი სადაზვერვო და ანალიტიკური სამსახურებისგან იმის შესახებ, რომ პუტინი ოლიმპიადის დამთავრებისთანავე  გეგმავდა სამხედრო ძალის გამოყენებას უკრაინის პროდასავლური კურსის აღსაკვეთად, მაშინ მათი გადასახადების გადამხდელთა დიდძალი ფული წყალში იყრება. 

 

ის, თუ რამდენად „მომზადებული“ შეხვდა ევროკავშირი და აშშ პუტინის ყირიმულ ნახტომს,  გამოჩნდა მათი არადამაჯერებელი განცხადებებიდან და რაც მთავარია - უმოქმედობიდან. თანაც, დიდი ალბათობით, ჩვენ ამ სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის მხოლოდ პირველ სერიას ვუყურებთ. უახლესი პერსპექტივის სცენარები მეტად დამთრგუნველია, მიუხედავად იმისა, თუ რა გრძელვადიან ზიანს მიიღებს შედეგად თავად რუსეთი. ხოლო იმაში, რომ ეს ისტორია რუსეთისთვის საბოლოოდ ცუდად დამთავრდება, ეჭვი ცოტას ეპარება.

 

ამ დღეებში  ყველა ვაკვირდებით, როგორ არ ისვრის უკრაინა, არ ეგება არანაირ პროვოკაციას, ოღონდ რუსული ჯარი ერთმანეთის მიყოლებით მაინც იკავებს დასახლებულ პუნქტებსა თუ ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ალყაში აქცევს უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარ ბაზებში. ჯერაც არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს, რომ უკრაინის ეს წინდახედული საქციელი როგორმე იმოქმედებს პუტნის ჩანაფიქრზე. თანაც, როგორ ეს სამართლიანად აღნიშნა თემურ იაკობაშვილმა, დღევანდელი ვითარების ანალოგი საქართველოში არა 2008 წლის 7 აგვისტოა, როდესაც არჩევანი აღარ დაგვრჩა და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის უფლება გამოიყენეს, არამედ იმავე  წლის გაზაფხული, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოჩნდნენ რუსეთის სარკინიგზო ჯარები, მედესანტეები, როდესაც პუტინმა „ოფიციალური კავშირი“ დაამყარა თვითმარქვია მთავრობებთან (როგორც ახლა აპელირებს ყირიმის უკანონო მეთაურზე) და ა.შ.  ანუ, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი უკრაინისთვის, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს.

 

რა შეიძლება უნდოდეს პუტინს და სადამდეა მზად, რომ წავიდეს? ამასთანავე - რა შეუძლია დაუპირისპიროს მას დასავლეთს, პირველ რიგში, აშშ-ს და ბრიტანეთს? მათ არა იურიდიული, მაგრამ მორალური ვალდებულება ეკისრებათ, როგორც 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერებს და ასევე ევროკავშირს, რომელსაც არანაირად არ უნდა აწყობდეს პუტინის სამხედრო ავანტიურები მათ უშუალო სამეზობლოში.

 

პუტინის გეგმებზე მოკლე პასუხი ასეთია: თავის აგრესიულ ქმედებებში ის წავა იმდენად შორს, რამდენადაც ამის საშუალებას მიიღებს, ხოლო გადაწყვეტილებას ყოველი შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესახებ მიიღებს დასავლეთის რეაქციის შესაბამისად.

 

დღეისთვის მას დასრულებული აქვს პირველი ეტაპი - ყირიმის ოკუპაცია. უკვე დაწყებულია მეორე - აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ რაიონში პრორუსული (ხშირად რუსეთიდან შემოგზავნილი) პროვოკატორების აქციები, რამაც ფონი უნდა შეუქმნას იქაც რუსული ჯარის შესვლას. ამას კი პუტინი იმის მიხედვით გადაწყვეტს, თუ რამდენად ეფექტური იქნება დასავლეთის პასუხი ყირიმზე. შემდეგი ეტაპი კიევში პრორუსული ხელისუფლების დასმა იქნება, თუმცა იმის ილუზია, რომ ამას უკრაინელები შეეგუებიან, პუტინს არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ სპეციფიური გეგმა თუ არა, პუტინს სურვილების სია ნამდვილად აქვს და ის ძალიან შორს მიდის. მასში აუცილებლად შედის პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის სრული დომინანტობის აღდგენა (რა თქმა უნდა, ყოფილი რესპუბლიკების სუბსიდირების გარეშე), ცენტრალურ უვროპაში გავლენის გაძლიერება და ასე შემდეგ.

 

როგორც აღვნიშნე, ეს მრავალსაფეხურიანი გეგმა იმდენად შორს წავა, რამდენადაც ამას დასავლეთი დაუშვებს. ომი დასავლეთს არ უნდა, მაგრამ რა ბერკეტები გააჩნია იმისათვის, რომ პუტინის რუსეთმა სულ არ გააუქმოს ცივი ომის შემდეგ შექმნილი მსოფლიოს მოწყობა და, მაგალითად, არ შეუქმნას ჩინეთს ან სხვა ქვეყნებს პრეცედენტი, რომლითაც ისინი ისარგებლებენ მეზობლების მიმართ აგრესიის განხორციელებისას.

 

დასავლეთის ხელში არსებობს რუსეთზე ზემოქმედებისთვის  ბერკეტების სამი ძირითადი სახე: დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ზომები. არ უნდა დავაკნინოთ საინფორმაციო, ანუ ფსიქოლოგიური ომის ფაქტორიც, რომლისთვისაც, როგორც წესი, რუსეთი ყოველთვის უფრო მომზადებულია - ის სრულად აკონტროლებს საინფორმაციო სივრცეს სახლში და აქტიურად მოქმედებს დასავლეთზე მისივე მედიის მეშვეობით.

 

ამ დღეებში უკვე ბევრჯერ იქნა განხილული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი  ბერკეტი, ამიტომ მათ მხოლოდ მოკლედ ვახსენებ:

 

1. დიპლომატიური ზეწოლა და, თუნდაც, იზოლაცია პუტინისთვის არასასიამოვნოა - მაგალითად, დარწმუნებული ვარ, გული დაწყდა,  დიდი რვიანის სოჭის შეხვედრა რომ ჩაეშალა, მაგრამ ურჩევნია, რომ მისი ეშინოდეთ, ვიდრე პატივს სცემდნენ. თანაც ახსოვს, თუ რა მალე მოუბრუნდათ გული დასავლელ პარტნიორებს 2008 წელს;

2. ეკონომიკური ბერკეტები:  მათი გამოყენება დასავლეთს თავად არ მოუნდება უკიდურესი აუცილებლობის გარეშე: გერმანია უკვე ლობირებს სანქციების წინააღმდეგ, ბრიტანეთს არ უნდა ზომები, რომლებიც მის ფინანსურ სექტორს შეუქმნის საფრთხეს. დასავლურ საზოგადოებებში კი აქტიურადაა გამჯდარი შიში, რომ სანქციების საპასუხოდ რუსეთი გაზის ონკანებს გადაკეტავს. ასევე ხაზგასასმელია, რომ რუბლის გაუფასურება და საფონდო ბირჟის ჩამოშლა, დასავლეთის მხრიდან სტანდარტული პასუხის პირობებში (რაც 2008-ში ვიხილეთ), დროებითია - რუბლიც გამყარდება და საბირჟო ფასებიც. აქვე აღსანიშნავია, რომ ისეთი სანქციების შემოღება, რომლებიც  რუსეთის ეკონომიკაზე მართლა მოახდენდნენ გავლენას, არაა იმის გარანტია, რომ საკუთარ რეალობაში მცხოვრები პუტინი დაუყოვნებლივ უფრო ადექვატური გახდება;

3. სამხედრო ბერკეტებზე სერიოზულად არავის სურს ფიქრი და ისინი აშშ-ს ადმინისტრაციამ ცალყბად და მხოლოდ ფორმალურად ახსენა. თუმცა, რა ახალ სიურპრიზს შემოგვთავაზებს პუტინი ხვალ, არავინ იცის, ამიტომ ამერიკული ავიამზიდის შავ ზღვასთან ახლოს ყოფნა იმედის მომცემია.

 

გამოდის, რომ, დღევანდელი ვითარებით, დიპლომატიური ზომები პუტინზე არ მოქმედებს, ქმედითი ეკონომიკური სანქციების შემოღება არ უნდათ (შემოღების შემთხვევაშიც, ეფექტს რუსეთის მოსახლეობა უფრო იგრძნობს, ვიდრე პუტინი), ხოლო სამხედრო ძალაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

 

მაგრამ არსებობს სანქციების ისეთი კატეგორიაც, რომელიც, ჩემი აზრით, რუსეთის შემთხვევაში უფრო ქმედითი იქნება, ვიდრე ვაჭრობის შეზღუდვა: ესაა ინდივიდუალური სანქციები რუსი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერი ოლიგარქების მიმართ. ეს სწორედ ის ხალხია, რომელებიც შინ დღე და ღამე ლანძღავენ „გახრწნილ“ დასავლეთს, მასზე ფიქრსაც კი უკრძალავენ ქართველ, უკრაინელ და სხვა მეზობლებს, მაგრამ საკუთარი ქონების და ფულის (კანონიერად თუ უკანონოდ ნაშოვნის) შესანახად, შვილების სასწავლებლად, საცხოვრებლად თუ სააგარაკოდ - ლონდონს, პარიზს და ნიუ იორკს ირჩევენ. ეს ნიშნავს, რომ რუსული ელიტის მიმართ  მხოლოდ სავიზო შეზღუდვების შემოღება მტკივნეულად დაარტყამს პუტინის რეჟიმს. შემდეგი და უფრო მწვავე ზომა იქნება მათი ქონებისა და ანგარიშების შემოწმება არსებული კანონმდებლობის გამოყენებით, რაც გარდაუვლად წარმოაჩენს სიმდიდრის დაუსაბუთებელ წარმოშობას და ფულის გათეთრების მაქინაციებს. ამგვარი ზომების მიღებას  მხოლოდ არსებული კანონების აღსრულება სჭირდება, ყოველგვარი სანქციების შემოღების გარეშე. თუ აქამდე დასავლური სამართალდამცავი ორგანოები თვალს ხუჭავდნენ რუსული აქტივების საეჭვო წარმოშობაზე, ახლა სრული საფუძველი აქვთ, გადახედონ ამ ტოლერანტულ მიდგომას.

 

სამწუხაროდ, თეორიულად ეს უფრო ადვილია, ვიდრე პრაქტიკაში, რადგან, მაგალითად, ბრიტანეთის შემთხვევაში, ფინანსური სერვისების სექტორს თითქმის ისეთივე მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის, როგორც ენერგეტიკას - რუსეთისთვის. არც ერთ მთავრობას შემოსავლის ასეთ წყაროზე უარის თქმა, რასაკვირველია, არ სურს. მაშ, რამ შეძლება აიძულოს ბრიტანეთის, აშშ-ის და სხვა მთავრობები, რომ ფინანსური რევიზორები გააგზავნონ რუსი კლეპროკრატების ქონების და ანგარიშების შესამოწმებლად? კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამის გაკეთებას სანქციების შემოღება არ სჭირდება და მხოლოდ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული არსებული კანონონმდებლობაა საკმარისი.

 

პასუხი, ჩემი აზრით, დასავლური დემოკრატიების საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და პოლიტიკურ აქტივისტებშია: მათ უნდა დასვან კითხვა - არის თუ არა მათი მთავრობების ქმედებები (თუ უმოქმედობა) განპირობებული ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებით და ხომ არ არის რუსული კორუფცია შეღწეული მათ სახელისუფლო წრეებში. ჩემი აზრით, ამგვარი საზოგადოებრივი კამპანია საკმაოდ ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს. ჩემთვის უეჭველია, რომ რუსეთის მთავარი ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებში არის არა გაზი, არამედ კორუფცია. ამაში არაერთი დასავლელი მეგობარი მეთანხმება, მაგრამ აქამდე ბევრი ერიდებოდა ამ თემაზე  ხმამაღლა ლაპარაკს.

 

მგონია, რომ პუტინის ველური საქციელი უკრაინაში პოზიციებს უსუსტებს მის ღია თუ ფარულ გულშემატკივრებს დასავლეთში და გზას გაუხსნის სერიოზულ ანტი-კორუფციულ გამოძიებებს. შედეგად, იმედი მაქვს, მივიღებთ პუტინის გარემოცვის ინტერესებზე მტკივნეულ დარტყმას, რაც უფრო მეტად შეასუსტებს რეჟიმს, ვიდრე წმინდა ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ.

 

ზემოთქმული, სამწუხაროდ, უახლოეს პერსპექტივაში ყირიმის ოკუპაციაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ სხვა ზომებთან ერთობლიობაში, შესაძლოა, პუტინს შემდგომი ავანტიურების სურვილი დაუცხროს. დღეს, იმედია, ჩვენი პარტნიორები დასავლეთში ხედავენ, რომ ნახევარზომების და უპრინციპობის დრო დასრულდა და, რომ დღევანდელი მოვლენები უკრაინაში დიდწილად 2008 წელს დასავლეთის მხრიდან სუსტი პასუხის შედეგია. არ არის საჭირო წინასწარმეტყველი იყო, რომ მიხვდე: თუ იგივე განმეორდა, ევროპა ხვალ პუტინის „განმანთავისუფლებელ“ არმიას თავის საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს იხილავს.   

 

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია