„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2639

„განა თქვენ, ქართველები ცუდად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს?“კოტე გვასალია

 

არ მახსოვს ისე მოვხვედრილიყავით ქართველები რუსულ კამპანიაში, რომ არ ეთხოვათ: скажите пожалуйста грузинский тост. ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, რადგან გულწრფელობა პასუხად იმის ახსნას მოითხოვდა, რომ სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობს ქართული სადღეგრძელო. არსებობს ქართული სუფრა, ანუ ღვინის სმის ქართული ტრადიცია. ეზოთერიკისადმი ინტერესი, ისევე როგორც ხანგრძლივი ცხოვრება ევროპაში, მაძლევს ორი დასკვნის საფუძველს: ერთი, რომ ქართულ სუფრასთან დაკავშირებით საქმე, შესაძლოა, ღვინით მედიტაციის უძველეს წესთან გვაქვს, მეორეც ის, რომ ღვინის სმის მსგავს ტრადიციას ევროპაში ვერსად ნახავთ. ამ კულტურასთან გასაცნობად აუცილებელია, პირველ რიგში, იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ქართველისთვის ვენახი. ქართულ მეღვინეობაზე გადაღებულ ფილმში შვეიცარიელი რეჟისორი მაყურებელს ატყობინებს, რომ ადრე ქართველი გლეხები, ნაცვლად საყოველთაოდ მიღებული მისალმებისა - „როგორ ხარ?“ შეხვედრისას ერთმანეთს ეკითხებოდნენ - „რას შვება შენი ვენახი?“

 

ჩვენში მაგიდაზე მორთმეული ყურძენი არ იგივდებოდა ჩვეულებრივ ხილთან. ქრისტიანობის გამარჯვების მიუხედავად ვაზი ქართველისთვის მაინც მაგიურ, ამჯერად ღვთისგან ბოძებულ მცენარედ დარჩა. გლეხებს (არამარტო ქართველ) სჯეროდათ, რომ ყველა მცენარე არათუ ცოცხალი არსებაა, არამედ თითოეულ მათგანს საკუთარი ცნობიერება გააჩნია. მათ შორის ყურძენი ჩვენში ყველაზე ამბიციურად ითვლება, რადგან, ქართველთა რწმენით, ვაზმა იცის, თუ რა მოაქვს მას ადამიანებისთვის საჩუქრად. ეს ამბიციურობა ხდის ვაზს ასე პრეტენზიულს და ძნელად მოსავლელს. ქართველი გლეხის აზრით, ვაზს ისე უნდა მოეპყრო, როგორც ჭირვეულ ქალწულს. „ვაზი ტირის“, ვაზი ხარობს“ ამას ჩვენში დღემდე ისე იტყვიან, თითქოს ადამიანს ეხებოდეს. კარგი ღვინის დასაყენებლად პირველი პირობა სწორედ ვაზისადმი ასეთი დამოკიდებულებაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გლეხი ვერ გაიგებს, რა უნდა, რას თხოვს მას ვენახი. როდესაც ერთ წარმატებულ მევენახეს კითხეს – წლევანდელი ღვინო შარშანდელისნაირი რატომ არ გამოგივიდა, ამინდების ბრალი იყოო? - უპასუხა – წელს ვაზს ისე ვერ მოვეფერე და იწყინაო.

 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ვენახებში ცუდ ხასიათზე შესვლა, არც ბოროტი კაცის შეშვება. ძველთაგანვე ითვლებოდა, რომ ვაზი ვერ იტანს ძალადობას, ამიტომ ვენახებში არათუ იარაღით შესვლა იყო აკრძალული, არამედ ლითონის საგნების შეტანაც. ამის გათვალისწინებით, თანამედროვე ენთუზიასტებმა რთველზე, რკინის “ვედროების” ნაცვლად, ისევ გოდრებში დაიწყეს ყურძნის დაგროვება.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, აქ თითქმის ყველა კლიმატური ზონა არსებობს. გაკვირვებას იწვევს ტერიტორიის შედარებით მცირე მონაკვეთზე არსებული განსხვავებული მიკროკლიმატი. ღვინისმწარმოებლებმა ძველთაგანვე შენიშნეს, რომ, თუ ერთ კონკრეტულ ადგილას ვაზის ერთი სახეობა ხარობდა კარგად, მისგან მოშორებით, სულ რაღაც 100-200 მეტრში, პატარა გორაკზე უკვე ჯობდა სხვა ჯიში მოესინჯათ. ასე მიმდინარეობდა უხსოვარი დროიდან დაუსრულებელი ექპერიმენტები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ივანე ჯავახიშვილმა ხუთასამდე ვაზის ჯიშის აღნუსხვა შეძლო.

 

გლეხები ღამ-ღამობით მთვარეს აკვირდებოდნენ იმის დასადგენად, როდის აჯობებდა ღვინის ქვევრებში გადატანა. შეიძლება ითქვას, რომ ღვინის მიღების მთელი პროცესი ეყრდნობოდა როგორც ცოდნა-გამოცდილებას, ისე ინდივიდის შემოქმედებით უნარს. ღვინის დამზადება იყო მამაკაცისთვის ყოველგვარი სპორტული შეჯიბრის ან ბრძოლის გარეშე იმის საუკეთესო დასტური, თუ რა კაცი ხარ, შეგიძლია თუ არა საქმეში მთელი გულისა და სულის ჩადება. ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელმა წმინდა ნინომ, გადმოცემის თანახმად, ჯვარი ვაზისგან გააკეთა და საკუთარი თმებით შეკრა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ახალი რელიგია არ ებრძოდა ღვინოს.

 

 ბევრს ეხსომება ცნობილი სცენა „ჯარისკაცის მამიდან“, სადაც გაგანია ომში მოხუცი კაცი საცემად გაიწევს თანამებრძოლზე, რომელიც ტანკს ვენახებზე გადაატარებს. ბევრისთვის ეს სცენა არათუ უტრირებული, სასაცილოც კი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არა ქართველისთვის. უცხო დამპყრობლებსაც კარგად ესმოდათ, რა წვლილი მიუძღოდა ვაზის კულტურას ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში და ჩეხდნენ ვენახებს. ამ შიშველი ძალის დემონსტრირება არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან ქართველს აოხრებულ მიწაზე მაინც არაფერი რჩებოდა გარდა იმისა, რომ ხელახლა ვაზი ჩაეყარა. გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა ე.წ. кнут и прянник-ის პოლიტიკა. მე-19 საუკუნის მრავალი სადამსჯელო ოპერაციისა და დაშინების შემდეგ, ჩვენს გლეხებს რუსმა მოხელეებმა დაბალი ხარისხის ვაზის ჯიშების მოშენება შეთავაზეს. ჩვენც ქრისტიანები ვართ, ღვინოს არ ვებრძვით, უბრალოდ, ასე ნაკლები შრომაც დაგეხარჯებათ და მოსავალიც მეტი გექნებათო. ასე დაიწყო საქართველოში დიადი კულტურის კომერციალიზაცია, ხოლო ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, გეგმურმა ეკონომიკამ ამ სფეროს აუნაზღაურებელი დარტყმა მიაყენა.

 

რამდენიმე წლის წინ ერთ ამერიკულ ჟურნალში რუსი ავტორი ამასთან დაკავშირებით წერდა: ჩვენ შეგვიძლია დავიკვეხნოთ, რომ გავანადგურეთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სოფლის მეურნეობაო. საქმე აქ მხოლოდ ღვინის კულტურის განადგურებას არ ეხებოდა.

 

ვაზის მოვლამ ჩამოაყალიბა ჩვენი მენტალობა. რომელიც შრომისა და შემოქმედებითი ძიებისადმი უზარმაზარ სიყვარულს მოითხოვდა. საქართველოში, როგორც იაპონიაში ძლიერი იყო სურვილი იმისა, სრულყოფამდე მიეყვანათ ყველაფერი, რასაც კი ხელს მოკიდებდენ. ასე იქნა ხორბლის უნიკალური ჯიშები გამოყვანილი. მათ შორის დოლის პური, რომელიც სრულიად გათელილი ფეხზე დგებოდა მაშინაც, როცა მასზე კავალერია გადადიოდა.

 

მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მისტიკოსი გურჯიევი ბევრს წერს ამა თუ იმ კულტურის ეზოთერულ მხარეზე და ამ კონტექსტში ხშირად ახსენებს საქართველოს. მისი მტკიცებით, მისტიკოსებისთვის ცნობილი იყო, თუ რა დიდი მნიშვნელობა ქონდა ადამიანისთვის აბანოს. მან მთელი მსოფლიო მოიარა და ვერ დამალა განცვიფრება თბილისის აბანოებთან დაკავშირებით. იქ არსებული მასაჟის კულტურა აღემატებოდა ყველაფერს, რაც კი მას მანამდე ენახა. ასევე ადარებს გურჯიევი თბილისის საქონლის სასაკლაოს ჩიკაგოსას, რომელზეც გასული საუკუნის დასაწყისში იწერებოდა პეტერბურგისა თუ პარიზის გაზეთებში - „ჩიკაგოსას თბილისურთან ვერ შევადარებ, სადაც სისხლის ერთ წვეთსაც ვერ ნახავდით, იმ დონეზე იყო ჰიგიენაო“.

 

 ხომ არ ეჩვენება მკითხველს, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ ემთხვევა იმ სტერეოტიპებს, რომელსაც კრემლი ნერგავდა იმპერიის ხალხებში? ზემოთ აღწერილიდან ხომ არ უნდა ვცადოთ ჩვენი წინა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების წარმატება, რომელიც ასეთი მწარე აბი აღმოჩნდა კრემლის პოლიტიკოსებისთვის? როცა ამ წარმატებებზე იწყებოდა საუბარი, ღიმილისმომგვრელი იყო ბევრი რუსი ეროვნების ადამიანების სახეებზე გამოხატული გულწრფელი გაოცება, თითქოს შეთანხმდნენო, ერთნაირად რომ რეაგირებდენ: „боже мой, честно говоря, в это трудно поверить“. ეს გასაგებიცაა. მათთვის არასდროს უთქვამთ, რომ საქართველო კვადრატულ კილომეტრზე მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლით ჩეხეთს უტოლდება. ის, რომ, ჩეხეთთან შედარებით, ჩვენში ამ ძეგლებს გაცილებით ხშირად ანგრევდენ და შესაბამისად, გაცილებით ხშირად იყო მათი აღდგენა საჭირო, ცხადია, არც ამას ეუბნებოდნენ, რადგან კრემლის მთელი ყურადღება დაპყრობილი ხალხების იმიჯის დაკნინებისკენ იყო მიმართული. კავკასიელები რუსეთში, როგორც წესი, ზარმაც, მექრთამე და კრიმინალისკენ ძლიერად მიდრეკილ ხალხად ვითვლებოდით. იმპერიულ პოლიტიკას არ აწყობდა იმის აღიარება, რომ აზერბაიჯანელები მთელ რეგიონში იყვნენ განთქმული თავიანთი შრომისმოყვარეობით, სომხები კი ამ მხრივ, გასაგები მიზეზების გამო - მთელ მსოფლიოში. როცა არ გაქვს საკუთარი სახელმწიფო, გართმევენ რელიგიას, როცა ისეთ სისტემას, ცხოვრების წესს გთავაზობენ, რომელიც გამორიცხავს შრომის დაფასებას, მწვანე შუქი ენთება პარაზიტული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. აკაკი ბაქრაძე ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში წერდა, რომ დამოუკიდებლობა არ არის თვითმიზანი. უბრალოდ, დამპყრობელი ყოველნაირად ცდილობს დაპყრობილი ხალხების გარყვნას, რადგან ზნედაცემული საზოგადოების მართვა ადვილია და ამასთან მათთვის დამოუკიდებლობა ცარიელი სიტყვები ხდებაო.

 

 როცა გვეუბნებიან - თქვენ ცოტას მუშაობდით, მაგრამ როოგორ ცხოვრობდით...- მოდით, ნაცვლად კამათისა, მარტივი კითხვა დავსვათ: თუ ეს მართალია, მაშინ შეიძლება ერს ამაზე უარესი გაუკეთოს დამპყრობელმა? ამ ლოგიკით თუ შეხედავს კაცი, აუცილებლად დაფიქრდება: რა უფრო საშინელი იყო აფხაზი ხალხისთვის - ცარიზმის მიერ წარმოებული გენოციდის პოლიტიკა, თუ საბჭოთა პერიოდში მათ „სასარგებლოდ“ კრემლის მიერ შექმნილი ის აპარტეიდული პირობები, რომლის გაცნობიერება და შესაბამისად მენტალური რევოლუცია თუ არ მოხდა, აფხაზური საზოგადოების სრული გადაგვარება გარდაუვალი გახდება.

 

 საინტერესოა, რომ დეგრადაციის გზაზე დამდგარი ჩვენი საზოგადოება, მძლავრი კულტურული მემკვიდრეობის წყალობით, ინერციით კიდევ ახერხებდა იმპერიის მიერ მონიჭებული ფუნქციის შესრულებას. ამაზე არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება როგორც ქართველ, ისე რუს ავტორებს. ორი სიტყვით რომ განვმარტოთ, რა ფუნქციაზეა საუბარი, მაგალითისთვის ერთ საგაზეთო რეცენზიას მოვიყვან საბჭოთა პერიოდში, ლონდონში, რუსთაველის თეატრის გასტროლებთან დაკავშირებულ უზარმაზარ გამოხმაურებათა შორის: „საბჭოთა თეატრი არამხოლოდ გვასწავლის, როგორ უნდა დაიდგას შექსპირი, არამედ მათ გაადნეს ყინული ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. “

 

ჩვენი ეს მდგომარეობა მელორ სტურუამ იმ აფრიკული ტომის ქალიშვილების ბედს შეადარა, რომელთაც ყელზე ბავშვობიდან რგოლებს უკეთებენ, რის გამოც მათ დროთა განმავლობაში კისერი არაბუნებრივად უგრძელდებათ. რგოლები სამკაულია, მაგრამ საკმარისია ეს სამკაული ქალს მოხსნა, მისი კისერი დატვირთვას ვეღარ უძლებს. ქართველი გერმანისტის, სერგო ოქროპირიძის აზრით, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლამ და „ოთხმოცდაათიანების“ სისასტიკემ გვიხსნა, რომ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდით ბუტაფორია-ერად.

 

დამოუკიდებლობის აღდგენა უდიდესი მოვლენა გახლავთ ჩვენი ერის ცხოვრებაში. ჩვენ მივხვდით, რომ ქართველები არ ვართ დედამიწის ჭიპი. რამდენად მტკივნეული და მწარე არ უნდა აღმოჩენილიყო, ჩვენ როგორც ერი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კვლავ შევხვდით რეალობას.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია