გზა ტაძრის საწინააღმდეგო მიმართულებით

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-03-2014, 17:06 | კომენტარები | ნანახია - 2404

კოტე გვასალია

გზა ტაძრის საწინააღმდეგო მიმართულებით 

მახსოვს, 12 წლის ასაკში, კინოთეატრ „გაზაფხულთან“, ქუჩის კუთხეში ორმა ახალგაზრდა რუსმა სამხედრომ გამაჩერა: ხომ ვერ დაგვეხმარები ძმაო (ბრატან) ? – დავიბენი – რით უნდა დაგეხმაროთ-თქო – ნუ, 10 კაპიკი, 20, 30. რამდენიც შეგიძლია... მოგვიანებით სტუდენტობისას ძალიან მინდოდა მეზღვაურების ზოლებიანი მაისურის შეძენა, მაგრამ ჩვენთან საბჭოთა პერიოდში რას იშოვიდი. ჯგუფელმა მირჩია: ერთადერთი ვარიანტია, სხვის ნაქონს თუ არ იუკადრისებ, დადექი სადგურთან, სადაც ბევრი სამხედროები ტრიალებენ, შეარჩიე შედარებით ახალი მაისური, მიეცი ჯარისკაცს 5 მანეთი და იქვე გაიძრობსო. გამიკვირდა – კი მაგრამ მერე უფროსობას რას ეტყვის მეთქი. ჯგუფელებს გაეცინათ – გეტყობა, ჯარში არ ხან ნამყოფი, ცოტა მეტსაც თუ შესთავაზებ, შეიძლება, სულ შიშველი წავიდეს, ნაწილში მოიფიქრებს, რა თქვას და თუ არ გაუვიდა, სასჯელსაც აიტანსო.

 

მოგვიანებით, 2008 წელს, ყველამ ვნახეთ დატაცებული უნიტაზები, სარეცხი ფხვნილები - „მუნდირის ღირსება“ პირდაპირი გაგებით, როცა  ჟურნალისტების წინ რუსი ჯარისკაცები ქართულ ფორმებში იდგნენ და ეს მაშინ, როცა ენერგორესურსებზე ფასებმა პიკს მიაღწია.

 

როცა საზოგადოების საუკეთესო ნაწილი მაღალი იდეალების, ქვეყნის პრიორიტეტების დეკლარირებას ახერხებს, ცხადია, ჯერ კიდევ არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ზემოთქმული რეალიზებული იქნება, მაგრამ, როცა მოსახლეობისთვის ჭეშმარიტი ღირებულებების ფსევდო იდეალებით ჩანაცვლება ხდება, მაშინ ქვეყნის დეგრადაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს.

 

სამწუხაროდ, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს. ეს სახელმწიფო არის მათთვის „великое государство“, რომელიც მოტყუებითა და ღალატით ასე უსინდისოდ დაანგრიეს და მათ ამ აზრის სისწორეში ვერაფერი გადააჯერებთ, რადგან მათთვის სახელმწიფოს სიდიადე მდგომარეობს არა მოქალაქეების უფლებებსა და, შესაბამისად, ღირსების გრძნობაში, ეკონომიკის ეფექტურობაში, წარმოებული პროდუქციის ხარისხში, ქვეყნის იმიჯში, იმაში, თუ რა პატივისცემით ეპყრობა მათ დანარჩენი მსოფლიო, არამედ ბირთვული არსენალის ოდენობაში, იმაში, თუ რამდენად ეშინიათ მათი მეზობლებს და საერთოდ მსოფლიოს; რამხელა ტერიტორიას მოიცავს სახელმწიფო, რამდენია სატელიტი ქვეყნების რიცხვი და ამის მერე არაფრად დაგიდევენ იმას, თუკი მათი ჯარისკაცები იმათხოვრობენ, ხოლო უცხოეთში გასული მათი მოქალაქეები ყველაზე საცოდავი ტურისტების სიმბოლოდ იქცევიან; ეს მრისხანე სახელმწიფოს „სიდიადეს“ ვერაფერს დააკლებს.

ბევრი ლიბერალურად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსი ამას ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლას აბრალებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე იღებს სათავეს.

 

პირველ რიგში, საგულისხმოა უბრალო ადამიანების მიმართ დამოკიდებულება რუსეთში. ტოლსტოის თავის რომანში „воскресение“ გამოყვანილი ყავს პერსონაჟი, რომლისთვისაც რუსი „მუჟიკი“ ადამიანი კი არა, რაღაც გარდამავალი საფეხურია მაიმუნს და ადამიანს შორის. ავტორი არც ცდილობს, რომ  პერსონაჟი გაკიცხოს, მუქ ფერებში წარმოაჩინოს. უბრალოდ ახდენს იმ რეალური ფაქტის კონსტატირებას, რომ მაშინ ასე ფიქრობდა არისტოკრატიის სოლიდური ნაწილი.

 

ევროპაში ჩემი მრავალწლიანი ცხოვრების მანძილზე უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი გავიცანი, მათ შორის საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულნი, ლტოლვილის სტატუსით. ყველაზე მეტად ირანელებს გამოვყოფდი, რომლებსაც ეზიზღებათ „მოლა რეჟიმი“, მაგრამ აღმერთებენ საკუთარ ქვეყანას, მის ისტორიას, კულტურას. ამდენ უცხოელებში მხოლოდ რუსები შემხვდნენ, რომელთაც ისე სძულთ სამშობლო, რომ პროტესტის ნიშნად არ საუბრობენ მშობლიურ ენაზე.

 

დღეს იმპერიალისტად ქცეულ მიხალკოვს, რომელიც ასეა გართული საკუთარი ქვეყნის ისტორიის იდეალიზებით და დასავლეთის კრიტიკით, თავის ერთ ფილმში გამოყვანილი ყავს ექიმი (ამ როლს ის თავად ასრულებს), რომელსაც ეზარება ავადმყოფი ქალის მოსანახულებლად წასვლა. როდესაც მას ამის გამო ნათესავი გაკიცხავს, ცრემლებს გადმოყრის და დაიჩივლებს, რომ რუსეთში გზები არ ვარგა და ის ვერ ირბენს, რამდენიც ვინმე ავად გახდება.

 

„ეკონომისტის“ კორესპოდენტს რუსეთში, ედვარდ ლუკასს ასეთი მაგალითი მოყავს: პეტერბურგში კაცი დამთვრალა. როცა გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ თურმე ნაგვის მანქანაში იმყოფებოდა. ბედზე, ჯიბეში მობილური ედო და სასოწარკვეთილს პოლიციაში დაურეკავს. ზუსტად სად იმყოფებოდა, არ იცოდა, ამიტომ პოლიციის მორიგეს, ცხადია, ადგილსამყოფელს ვერ დაუკონკრეტებდა, რის გამოც ამ უკანასკნელს ცივად დაუდია ყურმილი. „წარმოიდგინეთ, რა უგულო და უსულო უნდა იყოს კაცი, რომ საყოველთაო განგაშის ნაცვლად, ასეთი საშინელი სიკვდილისთვის გაწიროს ადამიანი, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ არის და ჩემი რუსეთში მუშაობის პერიოდში ბევრ მსგავს ინციდენტს წავაწყდი,“ - წერს ლუკასი.

 

ბევრს არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ სწორედ რუს მწერალს მოუვიდა თავში აზრად: „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დაშვებულია“. ევროპელთა დიდი ნაწილი კარგა ხანია რელიგიის გარეშე ცხოვრობს და ამ შემთხვევაში იმაზე მსჯელობა კი არ მინდა, კარგია ეს თუ ცუდი, არამედ ყურადღების იმ მიმართულებით გამახვილება, რომ, ამის მიუხედავად, ევროპელებში გაცილებით ძლიერია საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობაც და კანონმორჩილებაც, ვიდრე რუსეთის იმ საუკუნეების საზოგადოებაში, როცა ზეობდა „православие“,

დოსტოევსკის სჯეროდა,რომ რუსი ხალხი არასდროს წავიდოდა მეფის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ამ დიდ მოაზროვნეს არ სურდა სიმართლისთვის თვალებში ბოლომდე ჩახედვა და იმის გაცნობიერება, თუ რამხელა სიძულვილს ატარებდა უბრალო რუსი „ბარინის“ მიმართ. ამ მხრივ პუშკინი მასზე უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა, რომელსაც ესმოდა რუსული ამბოხის რეალობა და მთელი საშინელება: „русский бунт – бессмысленныий и бесспощадный“.

 

1917 წლიდან რუსმა ხალხმა არა მარტო მეფეზე და მართლმადიდებლობაზე თქვა უარი, არამედ სწორედ მათ გაჰყვა, ვინც დაპირდა, რომ ყველა მდიდარს პირწმინდად გაატყავებდა.

 

როდესაც საქართველოს არჩევანზე ვსაუბრობთ, არავინ გულისხმობს არც ისლამურ სამყაროს, არც ჩინეთს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჩვენი საზოგადოებისთვის რეალური ალტერნატივა ერთი ნაწილისთვის დასავლეთია, მეორესთვის – რუსეთი.

 

რა სიტუაციაა დღევენდელ რუსეთში და რა გზით მიდის იგი? დაახლოებით იმ დროიდან, როცა საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასები მანამდე არნახული ტემპით გაიზარდა. რუსეთში მთელი ათწლეულია, მდინარესავით მიედინება ნავთობდოლარები, მაგრამ მოსკოვიდან მატარებლით სულ რაღაც 45 წუთის სავალზე სოფლები და დაბები გაზიფიცირებული არ არის. როგორც კი პირველი ყინვა დაარტყამს, ტრანსფორმატორები ვეღარ უძლებს დატვირთვას, შესაბამისად, მოსახლეობა სინათლის გარეშე რჩება და ასე გრძელდება წლიდან წლამდე.

 

თავად რუსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში წლიურად მხოლოდ დანაშაულის ადგილზე გარდაცვლილ მოკლულთა რაოდენობა 80 000 აჭარბებს. ცხადია, სხვადასხვა ორგანიზაციების მტკიცებით, რეალობა კიდევ უფრო მძიმეა.

 

კარგა ხანია, ევროპის საიუველირო მაღაზიებში ყველაზე ძვირფასი ნივთების მთავარი გამსაღებლები მდიდარი რუსები არიან,  იახტებში აბაზანებს საბანაოდ უძვირესი შამპანურით ავსებენ, სამაგიეროდ, მათ სამშობლოში ყოველი მეხუთე ბავშვი ან ბავშვთა სახლშია ან სულაც ქუჩაში, რომელთა უმრავლესობას მშობლები ცოცხალი ჰყავს. ამ მხრივ რუსეთი მსოფლიო ლიდერია.

 

ეს რუსეთის გოსკომსტატის მონაცემები გახლავთ. ასევე, ლიდერობს იგი ალკოჰილიზმით დაავადებულების და ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვით.

 

დონ ხუანი თავის მოსწავლეს, კარლოს კასტანედას ბავშვობის საშინელ მოგონებას უყვება, როცა გაუსაძლის პირობებში მყოფი მისი მშობლიური იაკის ტომის ინდიელები მექსიკის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდენ. მთავრობის ჯარები მათ სასტიკად გაუსწორდენ. ტყვედჩავარდნილთა შორის არ ინდობდენ არც ქალებს და არც მოზარდებს. თავად გადარჩა, რადგან მაშინ სულ 7 წლის ყოფილა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაუხოცეს დედ-მამა. ბოლოს თავის მონაყოლს ასე ასრულებს: „ძალიან მეცოდებიან ჩემი მშობლები, მაგრამ არა მათი ტრაგიკული ფინალის გამო, მეცოდებიან იმიტომ, რომ ისე დაიბადენ, გაიზარდენ და გაატარეს მთელი ცხოვრება, ვერც კი მიხვდნენ, რომ ისინიც ადამიანები იყვნენ.“

 

ნეტა კიდევ რამდენი თაობა მოვა და წავა რუსეთში, რომელნიც დონ ხუანის უბედური მშობლებივით ვერ გაიგებენ ამ უბრალო ჭეშმარიტებას.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია