ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-03-2014, 20:36 | კულტურა | ნანახია - 5720

ნიკა რურუა

 

ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდანორიოდ დღის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადილემ ა. მარგიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა მონაწილეობას აღარ მიიღებს ვენეციის მომდევნო ბიენალეზე. ეს გადაწყვეტილება იყო ახსნილი ლოჯისტიკური შეუთანხმებლობით საგამოფენო სივრცის შესახებ მასპინძელ, ანუ იტალიის მხარესთან.

 

ჩვეულებრივ მოქალაქეს შეიძლება ასეთი რეაქციაც კი ჰქონდეს ამ სიახლეზე: მერე რა, თუ რაღაც ბიენალეზე არ მიდის საქართველო, ისედაც გვიჭირს ამდენ ხალხს და ა.შ და ა.შ.

 

თუ ამგვარ უცოდინარობას იოლად მივუტევებთ ჩვენს შეჭირვებულ თანამოქალაქეს, იგივე ნამდვილად არ ეპატიება საქართველოს კულტურის სამინისტროს - არა მხოლოდ სიტყვით, არამედ თანამდებობრივი პასუხისმგებლობით. თუ საქართველომ მართლაცდა აღარ მიიღო მონაწილეობა ამ მსოფლიო მნიშვნელობის არტ-ღონისძიებაში, მაშინ მთავრობის ხელმძღვანელს სრული უფლება აქვს კულტურის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობის გადაყენებისა, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჩინოვნიკებისა.

 

ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდანახლა შევეცდები მკითხველს ავუხსნა, თუ რატომაა ვენეციის ბიენალეზე დასწრება ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელიც, წესით, უკვე მეოთხეჯერ უნდა მიემგზავრებოდეს იქ.

 

ვენეციის ბიენალე (ბიენალე, რადგანაც ის ორ წელიწადში ერთხელ იმართება) 1895 წელს დაარსდა, როგორც ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც პირველ წლებში ძირითადად დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები ჭარბობდნენ. ორ მსოფლიო ომს შორის ბიენალეში მონაწილეობა დაიწყეს თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებმაც და სულ ცოტა ხანში ამ მასშტაბით უდიდეს გამოფენას თემატურად “დაეპატრონენ” კიდეც.

 

ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდანმთავარი ადგილი ბიენალეს თავიდანვე ვენეციის მთავარ პარკში, ე.წ. Giardini-ში მიუჩინეს, რის შემდეგაც ყველა ინდუსტრიულმა სახელმწიფომ, საბჭოთა კავშირის ჩათვლით, იქ საკუთარი პავილიონების ასაშენებლად სხვადასხვა დროს მიწის ნაკვეთები შეიძინეს და უმოკლეს ვადებში საგამოფენო შენობები წამოჭიმეს. აქ საკუთარი პავილიონები გააჩნიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და სხვები.

 

ხოლო იმ ქვეყნებს, ვინც საკუთარი პავილიონის აგების საკმაოდ დიდ ფუფუნებაზე უარი თქვა, საშუალება აქვთ თავ-თავიანთი არტისტების შემოქმედება ვენეციის სხვადასხვა წერტილში ამ მიზნით ნაქირავებ პავილიონებში გამოფინონ. ასეთი ქვეყნებიც უამრავია: შვეიცარია, უელსი, კუვეიტი, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, იაპონია, ისრაელი, სლოვენია, ჩეხეთი, ისლანდია, საქართველო და ა.შ.

 

საქართველომ ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა პირველად ჩემი წინამორბედის, გოკა გაბაშვილის კულტურის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მიიღო. ამ თანამდებობას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ძირითად მოსამზადებელ სამუშაოებსა და დანარჩენ ლოჯისტიკურ დეტალებს ყოველთვის მონაწილე ქვეყნის კულტურის სამინისტროები (ან ამგვარი ერთეულის არმქონე ქვეყნებში - საგარეო საქმეთა სამინისტროები) იღებენ საკუთარ თავზე. საქართველოსთვის პირველ ბიენალეზე ჩვენი ქვეყანა ორი თანამედროვე არტისტის - ეთერ ჭკადუასა და თამარ კვესიტაძის - ნამუშევრებით წარსდგა. მომდევნო ორი წლის თავზე, ანუ თქვენი მონა-მორჩილის კულტურის მინისტრის პოზიციაზე ყოფნისას, საქართველომ ისევ მიიღო მონაწილეობა, ამჯერად მხატვარ კოკა რამიშვილის ნამუშევრების წარდგენით. მომდევნო ორ ბიენალეზეც საქართველო ღირსეულად წარადგინეს ისევ თამარ კვესიტაძემ და უკანასკნელ ბიენალეზე (ამჯერად ახალი ხელისუფლების პირობებში) ჯგუფმა “ბულიონმა”, რომლის წევრებიც გახლდნენ თეა ჯორჯაძე, გელა პატაშური, ნიკოლოზ ლუტიძე და გიორგი სუმბაძე.

 

ახალი სიურპრიზი კულტურის სამინისტროდანვენეციის ბიენალე, როგორც მსოფლიო კულტურული მოვლენა, საკუთარი მნიშვნელობით მხოლოდ რამდენიმე ისეთ ღონისძიებას შეიძლება შევადაროთ, როგორიცაა ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, ამერიკის კინოაკადემიის, იგივე “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონია და, ვთქვათ, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი.

 

ამდენად, მასზე არწასვლა ქვეყნის მიერ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ფორუმზე მონაწილეობას უკვე ტრადიცია გააჩნია, ინტერპრეტირდება მხოლოდ როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს ჩავარდნა და რაღაც, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ყოფნა. ერთი სიტყვით, საქართველოს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობაზე ჩვენივე მხრიდან უარი ერთ მკაფიო სიგნალს გაგზავნის მთელი მსოფლიოს სახელოვნებო წრეებში. კონკრეტულად იმას, რომ ჩვენი ქვეყანა წინ კი არ მიიწევს, არამედ დეგენერაციას, უკუსვლას განიცდის.

 

შეიძლება, ეს ასეცაა. მაგრამ თუ ამ დასკვნაში დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა არ დამეთანხმება, მაშინ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაევალოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომ ამ უწყებამ ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ ძლივს დამკვიდრებული ტრადიცია საქართველოს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობისა არ დაამსხვიოს საკუთარი არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის გამო. თუ მათ არ ძალუძთ ამ და სხვა ამგვარი ელემენტარული ფუნქციების შესრულება, მაშინ ისინი უიმედო შემთხვევას წარმოადგენენ, და, თუ “პირველ მოქალაქედ” მონათლულ ბ.ივანიშვილს დავესესხებით, “ისინი ვერაფრით ვერ გაიზრდებიან უკეთეს პროფესიონალებად”.

 

და ბოლოს, ყველაზე მთავარი.

 

საქართველოს მთავრობის მხრიდან ვენეციის ბიენალეს “ბოიკოტირება” მაშინ, როდესაც საქართველომ უარი განაცხადა პუტინის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სოჭის  ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე, ძალიან ძნელი გასაგები იქნება როგორც ჩვენი თანამოქალაქეთათვის, ისე ჩვენი მეგობარი ქვეყნებისათვის.

 

ვნახოთ, ამას ყველაფერს ახლო მომავალი გვიჩვენებს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია