ევრაზიის რუკა და რეგიონული ძალები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-03-2014, 20:47 | მსოფლიო | ნანახია - 4119

ემილ ავდალიანი

ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი

 

რუსეთის მიერ ყირიმის შეერთებამ ცხადყო, რომ ევრაზიის რუკა მარტივად ცვალებადია, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ახალი მძლავრი მოთამაშეები ჩნდებიან. ყირიმი რუბიკონია და მისი გადალახვის შემდეგ მსოფლიო აღარ არის პოლიტიკურად ევრო/ამერიკო–ცენტრისტული. მოსკოვის ქმედებებმა გვაჩვენა, რომ არსებობენ სხვა ძალები, რომელთაც ასევე შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყნის დანაწევრება და მისი ტერიტორიის შემოერთება. მაგრამ ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება, არამედ აზიაში - ჩინეთს, იაპონიას და ინდოეთს, ხოლო სამხრეთ ამერიკაში -ბრაზილიას. ამიტომაც მიმაჩნია, სანამ ჩვენი ყურადღება მთლიანად უკრაინაში დატრიალებულ მოვლენებზე არის ფოკუსირებული, საჭიროა, განვიხილოთ ყირიმის კრიზისი არა როგორც ევროპა/აშშ–ისა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი პროცესი, არამედ როგორც მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების განუყოფელი ნაწილი: ამერიკის დასუსტება და ევრაზიაში რეგიონული ძალების მომძლავრება.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-სა და სსრკ-ს მიერ შექმნილმა ბიპოლარულმა პოლიტიკურმა სისტემამ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, 50 წლიანი სიმშვიდე დაამყარა მსოფლიოში. ბირთვული არსენალის არსებობამ გამორიცხა მსოფლიო მასშტაბის ომის დაწყება. აშშ–სა და საბჭოთა კავშირს ინტერესტა სფეროები გადანაწილებული ჰწონდათ როგორც ევროპაში, მახლობელ აღმოსავლეთსა თუ შორეულ აღმოსავლეთში, ასევე ლათინურსა და ცენტრალურ ამერიკაში. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა უდავოდ წარმოადგენს ამერიკის ტრიუმფი იყო, მაგრამ პოლიტიკურად მოსკოვის უკან დახევის საწინაამღდეგოთ საჭირო გახდა ამ პოლიტიკური ვაკუუმის შევსება. ზუსტად ამიტომ იყო რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ამერიკას დასჭირდა თავისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდა და ჯარების შეყვანა მახლობელი აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში.

 

აშშ-მ ეს წარმატებით მოახერხა და გადაიქცა ერთადერთ ძალად, რომელსაც ერთდროულად შეეძლო ომის წარმოება რამოდენიმე ფრონტზე, სამხედრო ფლოტი ჰყოლოდა ყველა ოკეანეში და წარმატებით მოეხერხებინა ირანის, ერაყისა თუ ჩრდ. კორეის შეკავება. 2012 წლის ნოემბერში ობამას მეორე ვადით არჩევით ამერიკელემბა მხარი დაუჭირეს 2008 წლიდან მოყოლებულ პაციფისტურ საგარეო პოლიტიკას. 2011 წელს მოხდა ერაყიდან ჯარების გაყვანა. იგივეს გაკეთება იგეგმება 2014 წლის დასასრულისთვის ავღანეთში. ობამა არ უჭერს მხარს ისრაელის გეგმებს ირანის ბირთვული მოწყობილობების საჰაერო დაბომბვის შესახებ და დიდ ზეწოლას ახდენს თელ–ავივზე ეს უკანასკნელი დათმობებზე წავიდეს (მაგ. ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერება) პალესტინასტან მოლაპარაკებისას. მახლობელ აღმოსავლეთში ამერიკის პოზიციების შესუსტების შედეგია ზუსტად ის, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა წარუმეტებელი იყო როგორც სირიის, ასევე ერაყისა და ირანის მიმართაც. წარუმატებელია ამერიკის პოლიტიკა ასევე ჩრდ. კორეასთან, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში სულ უფრო მძლავს სარაკეტო ცდებს ატარებს.

 

შედეგად, პოტენციურად საშიში პოლიტიკური ვაკუუმი იქმნება. ერაყიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ ქვეყანაში არასტაბილურობა გავლენას მოახდენს სამოქალაქო ომისგან დაცლილ სირიაზე. პოსტ–ამერიკულ ავღანეთში თალიბების ძალების აღორძინება არა მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლების განადგურებას გამოიწვევს, არამედ გავლენას მოახდენს ეთნიკურად და პოლიტიკურად არასტაბილურ და ბირთვული იარაღის მქონე მეზობელ პაკისტანზე. ამას ემატება ისიც, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში როგორც ერაყი ასევე ავღანეთი შედარებით მარტივად მოექცევიან თეირანის გავლენის ქვეშ.

 

საფრთხის ქვეშაა status quo წყნარე ოკეანის აუზის აზიურ ნაწილშიც. ობამას მთავრობის პაციფისტურმა საგარეო კურსმა ჩინეთს ხმის ამაღლების საშუალება მისცა ვიეტნამთან, ფილიპინებთან და რაც მთავარია იაპონიასთან მიმართებაში. ამ უკანასკნელის რეაქცია ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე და ჩინეთის აღმავალ ძალაზე იყო 2012 წლის დეკემბრის არჩევნებში ნაციონალისტი შინზო აბეს არჩევა. არ არის გასაკვირი, რომ მისი მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონიის ხელახალი შეიარაღება, თავდასხმითი ძალების ჩათვლით. ჩინეთმა თავიცი საზღვაო თავდაცვითი ზოლი იაპონიის იურისდიქციის ქვეშ არსებულ კუნძულებზე გაავრცელა, რამაც სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ვიეტნამის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

და ბოლოს ევროპა. მეორე უმსხვილესი მსოფლიო პოლიტიკური მოთამაშე ეკონომიკური პრობლემების გამო სულ უფრო მეტად ინერტული ხდება საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, იქნება ეს ევროკავშირის გაფართოება, რუსეთთან ურთიერთობა, უკრაინისა და საქართველოს საკითხების მოგვარება თუ სირიის კრიზისის  მოგვარება. გერმანია, შეშინებული იმით თუ სადამდე მიიყვანა მისმა პირველობისთვის სწრაფვამ XX საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიო ომების სახით, ერიდება საკუთარი წარმმართველი ძალის აღიარებას ევროზონაში. ფრანსუა ჰოლანდისა და მერკელის „თანამშრომლობა“ მხოლოდ აჩრდილს წარმოადგენს სარკოზისა და მერკელის მეგობრობისა. შესაბამისად ბერლინი სულ უფრო ახლოსაა მოსკოვთან რაც პარიზისა და ვაშინგტონის უკმაყოფილებას იწვევს.

 

ჰანტინგტონი მართალი იყო

 

რასაც დღეს ვხედავთ მსოფლიო პოლიტიკაში არის ამერიკის, როგორც გლობალური ძალის შესუსტება და რეგიონალური ძალების მომძლავრება. თურქეთი ნელ-ნელა იცვლის პრო-ევროპულ ორიენტაციას და ახლო აღმოსავლეთში ლიდერის როლში გამოსასვლელათ ისეთ საკითხებში, როგორიც არის მაგალითად სირიის კრიზისი, მთავარი როლის შესრულება სურს. რუსეთი, 1991 წლიდან მოყოლებული, დღეს როგორც არასდროს ძლიერია რითაც საკმაოდ ეფექტურ გავლენას ახდენს თავის უშუალო სამეზობლოზე. ირანი ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში კიდევ ერთ რეგიონალურ ძალად გადაიქცევა. იგივეს თქმა შეიძლება ჩრდლოეთ კორეაზე მისი ბირთვული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში. ჩინეთი სულ უფრი აგრესიული ხდება თავის სამეზობლოში რაც თავის მხრივ იწვევს იაპონიის გაღიზიანებას და მისი ფილიპინებთან და ვიეტნამთან დაახლოებას. თავის მხრივ ინდოეთიც, ცდილობს რა არ ჩამორჩეს ჩინეთსა და რუსეთს, აქტიურ კავშირს ამყარებს ცენტრალურ აზიასთან და აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს ინდოეთის ოკეანაში.

 

ჰანტინგტონმა 1996 წელს, თავის წიგნში The Clash of Civilizations, გამოთქვა მოსაზრება, რომ XXI საუკუნეში ახალი მსოფლიო წყობა რეგიონალურ ძალების გარშემო შეკრებილ ცივილიზაციათა დიალოგი იქნება. მიზეზი: დასავლეთის (აშშ-ს ჩათვლით) გავლენის შემცირება. ვართ თუ არა დღეს ჩვენ აშშ-სა და ევროპის საბოლოო დასუსტების მოწმენი ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია, თუმცა ერთის მხრივ ახლო აღმოსავლეთში აღმოცენებული ვაკუუმის შევსებას, ხოლო მეორეს მხრივ ევროზონაში ფინანსური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება.

 

პატარა ქვეყნები:  საქართველოს მაგალითი

 

საქართველოს სამეზობლოში სამი რეგიონალური ძალაა: თურქეთი, რუსეთი და ირანი. სამივეს აქვს პრეტენზია გადაიქცეს ისლამური თუ მართმადიდებლური ცივილიზაციის ბირთვად. რუსეთი ამ როლს წარმატებით ასრულებს, ხოლო თურქეთს ისლამური ცივილიზაციის ბირთვად გადაქცევისთვის ესაჭიროება ათათურქის პრინციპეპზე უარის თქმა და ისლამის გაღვივება ქვეყნის შიგნით (მაგალითად, გეზის პარკის გარშემო აღმოცენებული კრიზისი ზუსტად ამ ტენდენციის ამსახველი იყო). ირანი აკმაყოფილებს ისლამურ სამყაროში ულტრა-რელიგიური ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ამას წარმატებით ახერხებს საუდის არაბეთიც. შესაბამისად, ირანისთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის ქონა.

 

            2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. დღემდე მრავალი აზრი გამოითქმის ამასთან დაკავშირებით. იყო ეს ხელისუფლების ცვლილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარუმატებელი პოლიტიკა, ციხის კადრები თუ ბიძინა ივანიშვილის წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია. მაგრამ ნაკლები თქმულა თუ რა გავლენას ახდენდა გეოპოლიტიკური ვითარება სამყაროში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ცალსახად პრო-ევროპული პოლიტიკის ჩანაცვლება რუსეთთან ურთიერთობების დამყარებით მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენ ამერიკის, როგორც გლობალური ძალის დასუსტების, ხოლო რუსეთის, როგორც გაძლიერებული რეგიონული ძალის მოწმენი ვხდებით. სხვა სიტყვებით, საქართველოში 2012 წელს მომხდარი საარჩევნო ცვლილებები თუ 2014 წელს პუტინის მიერ ყირიმის მარტივად შემოერთებამ ნათლად ასახავს ძალთა ბალანსის ცვლილებას როგორც პოსტ–საბჭოთა სივრცეში, ასევე დანარჩენ ევრაზიაში.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია