დიადი პილიგრიმობა საქართველოში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-03-2014, 14:02 | ბლოგები | ნანახია - 2246

დიადი პილიგრიმობა საქართველოშიზურა ოდილავაძე

 

სამტრედიიდან მრევლი დაიძრა,

 მიწა ზანზარებს ქართლის! 

აჭარას სტუდენტი არ დარჩა, 

სწყურიათ მიღება მადლის!

                       ერთი...

 

   აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელოვნური თანამგზავრი უკანასკნელი თვეებია დედამიწაზე მეტად უცნაურ და შემაშფოთებელ ინფორმაციას აგზავნის – საქართველოს ტერიტორიაზე შეიმჩნევა ხალხთა მასების არამოტივირებული გადაადგილება... ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბი დღედაღამ ფხიზლობს, სამხედრო ელიტა საგონებელშია ჩავარდნილი – ვერაფრით გაურკვევიათ, რა ხდება, რა საიდუმლო განზრახვა ამოძრავებს ათასობით ქართველს, რომლებსაც ასე უყვართ თავიანთი კუთხე-კუნჭული, მოსწყდეს მშობლიურ კერას, თბილ საწოლსა ან მუდმივი ქორწილ-ქელეხების სამყაროს და სამარშრუტო ტაქსების კილომეტრიანი კოლონით თბილისის მიმართულებით გაქანდეს?... შემდეგ, ლობიანებით ხელში ისეირნოს ავლაბრის დაღმართზე, მოძრაობის შეფერხების გამო, მთელი დღე ისმინოს დედაქალაქის მძღოლთა გინება და დასასრულ, გაბადრული სახით სახლში დაბრუნდეს?

 

   მოკლედ, ხალხთა მასების დიდი მოძრაობაა ატეხილი! იმერეთი დაიძრა, სამეგრელო-სვანეთი მარშით მოაბიჯებს, აჭარიდან სტუდენტობის ტალღა აზვირთებულა – ყველა დედაქალქისკენ მიისწრაფვის... რა ხდება, რაიმე საერო საქმეა გადასაჭრელი და ეროვნული ყრილობაა თუ მტერი დაგვესხა და სამშობლო უნდა დავიცვათ?! უგუნურებს ავუხსნი – არანაკლები მნიშვნელობის რიტუალია აღსასრულებელი – მამა გაბრიელის ნეშტის მთხვევას და უდიდესი მადლის მიღებას ვლამობთ ივერიელნი!

 

   თუმცა!.. ერთი მკრეხელური ეჭვი მაინც მღრღნის: დარწმუნებული ვარ, ისე გაბრწინდება  ნახევარი ბათუმი ფოთიანად, ისე ცხონდება ლანჩხუთისა და ზესტაფონის ორი მესამედი, რომ მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა  პანთეონში შესეირნება და ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის (ილია მართლის) საფლავის მონახულებაც კი მომლოცველთაგან თავში არავის მოუვა... ადგილზე ზეთის შეძენასა და მადლის მიღებაზე, ხომ საუბარიც ზედმეტია! რატომ, რა ხდება – წმინდანებშიც ნეპოტიზმია? წმინდანებიც ,,ბლატიანებად“ და ,,უპატრონოებად“ იყოფიან?

 

   რაღა თქმა უნდა, არა – უბრალოდ, მიდის გრანდიოზული თამაში და ერის შეგნებით მიზანმიმართული მანიპულირება – ახალი ტრენდის ექსპლუატაცია... და მაინც, რატომ ასეთი არჩევითი მიდგომა? საქართველოს უგვირგვინო მეფედ და სულიერ მამად მიჩნეული ილია ჭავჭავაძე, რით არის ვინმეზე ნაკლები???  ..ჰმ, რუსული ,,პრავოსლავიე“ ამ საკითხს სულ სხვაგვარად უყურებს: ოღონდ საერო კაცი არა, თაყვანისცემა მხოლოდ ,,ჩვენებს“! საქართველოში კი ,,პრავოსლავნიკობა“ მეფობს – მიწიერი ცხოვრება და შესაბამისად, საერო პიროვნების მოღვაწეობა ხომ უაზროა. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ჩემი მოძღვრის ქადაგების აუცილებელი პროლოგი: ,,რად გინდათ თქვენი ინგლისურები, პიანინოები, მათემატიკები და კომპიუტერები? ვის უნდა ეგენი სასუფეველში?!”...

 

   ამხანაგებო, ყველაფერი ზეცაში წყდება, ხოლო იქ არავინ მოგკითხავთ ამგვარ უმნიშვნელო დეტალებს, მთავარია უხილავი მადლი თუ არამატერიალური სულიერება, რომელიც მხოლოდ ლოცვითა და მარხვით მიიღება. მიწიერ ცხოვრებას, აქ შრომასა და ბრძოლას რა მნიშვნელობა აქვს? მიწიერი ცხოვრება ხომ მხოლოდ ზეციურის მოლოდინია, ეტაპი, წამი. ამას გარდა, დიდი ილიას გზა შრომატევადია, ხანგრძლივი, ხოლო ,,ჩვენ“ მოკლე, უშრომელი გზით გატარებთ და სასუფეველშიც შეგაბრძანებთ! ,,ჩვენი“, ია-ვარდით მოფენილი გზა თავგანწირვას, დღედაღამ კითხვასა და გონებრივ დაძაბვას, თუნდაც, ადამიანებისადმი კეთილგანწყობას არ მოითხოვს... მეგობარო, შენ არხეინად წამოწექი, ცოტაც ილოცე, წირვაზე რეგულარულად იარე და ეკლესიას შესაწირი არ მოაკლო. იცოდე, არ იფიქრო – ამას შენს მაგიერ მოძღვრი გააკეთებს, მას დაუჯერე და მშრალი წეს-ჩვეულებები უგულოდ აღასრულე!.. გინდ ქურდი იყავი, გინდ უქნარა და გინდ მატყუარა... არც პირადი პასუხისმგებლობა არსებობს და  არც სამშობლო – ჩვენი სამშობლო ,,ზეციური იერუსალიმია“. მართალია, კეთილი საქმეები ,,მოსულა“, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია, ხოლო სწავლა ხომ, საერთოდ, სასაცილოცაა, გარყვნილი რომანების კითხვა – მავნებელიც!

 

   და მაინც გასაოცარია! ერის წინაშე, ყველასგან აღიარბული, ძირითადი პრობლემა გაუნათლებლობა და უწიგნურობაა. ვინ შეიძლება მოინახოს ილიაზე კარგი მაგალითი თაობების აღსაზრდელად?

 

   თუმცა, მართალი გითხრათ, ერთი დიდი საფრთხე კი არსებობს – კარგი და ზეციური სასუფევლის გარანტირებული საგზურის მფლობელს ხელი წაუცდეს და ილიას ნაწერებს გადახედოს... გაბედოს და, ილიაზე პათეტიკური ნაშრომების გარდა, ილიას ნაწარმოებები გადაათვალიეროს... ,,ბედნიერ ერს“ გადააწყდეს... ლუარსაბ თათქარიძეში საკუთარი თავი დაინახოს... ან ღმერთმა ნუ ჰქნას და, სულაც ილიას პუბლიცისტიკა აღმოაჩინოს და ეს წაიკითხოს:

 

,,... გაქრა პატივისცემა და დაირღვა კავშირი სამღვდელოთა და მრევლს შორის. მრევლი მღვდელს და მღვდელი მრევლს სიყვარულით და ნდობით კი არ უყურებს, არამედ ბღვერითა და მიუნდობლობით. ამისთანა გარემოებამ არ შეიძლება არ იმოქმედოს თვით სარწმუნოებრივ გრძნობაზე, არ შეიძლება ეს გრძნობა არ მიასუსტოს, არ დასთრგუნოს და არ შელახოს. ვიმეორებ, ყოველივე ეს ჩვენი სამღვდელოების, განუვითარებლობისა და გაუნათლებლობის აუცილებელი შედეგია. უცოდინარობა გონების სიბრმავეა, თვალის სიბრმავეზე უარესი და ბრმა სხვას თვალს ვერ აუხელს, წინ ვერ გაუძღვება”- წმ. ილია (მართალი) ჭავჭავაძე (VII, 17-22)

 

   ან ეს:

  

   ,,წარვიდნენ ის მამა-პაპანი და თან გაჰყვნენ ის სახელოვანი ღმერთის მსახურნიც, რომელთაც.... ხელთ ეპყრათ ჩვენი ერის სწავლისა და განათლების საქმე... ახლა კი სულ სხვაა. დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი საკუთარი სტომაქისათვის იღვწის და საკუთარი სარგებლის დევნაშია გართული“. მხოლოდ ორიოდ პირი მოსჩანს ჩვენს სამღვდელოებაში  ისეთი, რომელსაც ქვეყნისადმი ძველთა მამამთავართა გულმტკივნეულობა აქვს შემორჩენილი  და რომელთა არსებობაც გვათქმევინებს: ჯერ კიდევ მსახურნი მართალთა  ღმერთის-მსახურებისა არ წარსწყმედილან ჩვენშიო”. წმ. ილია (მართალი) ჭავჭავაძე (VI, 171-172).

  

   ... უკაცრავად, თუ ვინმეს ჩემი უნებლიე ცინიზმით გული ვატკინე, მაგრამ ,,მხოლოდ ორიოდ პირიმოსჩანსო“ – ეს იმ დროზეა საუბარი, როდესაც მოღვაწეობენ პატრიარქი წმინდანები: კირონი, ლეონიდე, ამბროსი... ,,დიდი დეკანოზი“ დავით ღამბაშიძე... მრავალი სხვა... და დღეს?... 

 

   ისღა დამრჩენია, რომ დავასრულო – დიდ ილიაზე უკეთ მე ვერ ვიტყვი და, სამწუხაროდ, ვერც მეტად დაგაიმედებთ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია