ნიკოლოზ ვაშაკიძე: “რუსეთი მაშინ აღწევს წარმატებას, როცა ის მეხუთე კოლონას ეყრდნობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-03-2014, 16:16 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1477

“აუცილებელია დასავლეთის ტოტალური დარაზმულობა და ფართომასშტაბიანი, აქტიური, გლობალური ქმედებები რუსეთის მოსარჯულებლად”

 

“საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ტემპი და სტილი მოვლენათა პერიფერიაზე მყოფ დამშვიდებულ ქვეყანას უფრო მოგაგონებთ”

“თუ ჩაიკოვსკის კონკურსზე ქორწილის მედუდუკე გაიყვანე, რაც არ უნდა დახვეწილი რჩევები მისცეს მას კონსერვატორიის პროფესორმა, არანაირი აზრი არ აქვს”

 

“დღეს ხელისუფლებაში სტრატეგიული ხედვის მწვავე დეფიციტია”

 

“ჩვენში არსებული პრორუსული ორიენტაციის ძალები წარმოადგენენ არა პლურალისტურ საზოგადოებაში მოქმედ ლეგიტიმურ ფაქტორს, არამედ აგრესორთან კოლაბორაციონიზმის პლატფორმაზე მდგომ დამნაშავეებსა და სამშობლოს მტრებს”

 

 

“პრემიერის” კითხვებს უპასუხა “ივერია.ბიზ”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დიპლომატმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ:

 

- ვლადიმერ პუტინმა ყირიმი “გაიფორმა”. თუმცა ამ ფაქტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ესაუბრა ის დასავლეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას - სად გინახავთ ოკუპაცია მსხვერპლის გარეშეო. ახსენა კოსოვო, ისაუბრა იმავე დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე და მკაფიო მესიჯებიც გაგზავნა, არ მეშინია თქვენი სანქციებისო. როგორ ფიქრობთ, ყირიმი შეიძლება გახდეს მორიგი ცივი ომის დასაწყისის საბაბი და მეტიც, მსოფლიოში თამაშის ახალი წესების დამკვიდრების პრეცედენტი?

 

- ეს ძალიან მძიმე და შორსმიმავალი, სახიფათო შედეგების მქონე მოვლენებია. თუ აიღებთ, მაგალითად, გაეროს წესდებას ან ჰელსინკის დასკვნით აქტს, ყურადღებით წაიკითხავთ და შეუფარდებთ მათ იმ მოვლენებს, რომლებსაც თქვენ აღწერთ, მიხვდებით, რომ იმ ფუნდამენტისგან, რაზეც საერთაშორისო წესრიგი, სტაბილურობა და სამართალი დგას, პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი. პუტინის რუსეთი უკიდურესად უკმაყოფილო იყო იმ შედეგებით, რითაც ცივი ომი დამთავრდა და ამ ბოლო 14 წლის მანძილზე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ ის საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა მოერღვია, რომელიც ამ შედეგების სადარაჯოზე იდგა. მათ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მტკიცედ განახორციელეს. ამ სახიფათო ძალისხმევის ჯაჭვში უმნიშვნელოვანესი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გახლდათ, რომელთა კულმინაციასაც 2008 წლის ომი და მის შემდგომ რუსეთის ქმედებები წარმოადგენდა. საქართველოს მოვლენებზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ უდავოდ ფრთები შეასხა რუსეთს მომდევნო თავხედობების განსახორციელებლად და დღეს მივიღეთ ის, რასაც უკრაინაში ხდება.

 

რაც შეეხება ცივ ომს, მინდა გითხრათ, რომ ომი ორ დაპირისპირებულ მხარეს გულისხმობს. რუსეთის მხრიდან ცივი ომი უკვე გამოცხადებულია და მიმდინარეობს. თუ მასში დასავლეთი სრულმასშტაბიანად ჩაერთო, რუსეთი ძალიან მალე დამარცხდება, მაგრამ ის ჯერჯერობით უფრო კაპიტულანტურ გზას ადგას. საბოლოო ჯამში, დასავლეთს აუცილებლად მოუწევს მიიღოს ეს გამოწვევა, მაგრამ რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით უფრო ძვირი დაუჯდება როგორც დასავლეთს, ასევე მთელ მსოფლიოს.

 

გეთანხმებით, რომ რუსეთის მიერ შექმნილი ნეგატიური პრეცედენტები საერთაშორისო არენაზე ძალზე საშიში თამაშის წესების დანერგვას უწყობს ხელს, ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, წესებს კი არა, სრულ უწესობას. ძალზე საგულისხმოა ის, რომ უკვე ამ ეტაპზე გამოჩნდნენ ევროპარლამენტარების სტატუსის მქონე პირები ევროპის სეპარატისტული მოძრაობებიდან დამკვირვებლების როლში ყირიმის ე.წ. “რეფერენდუმზე”. ახლავე თუ ამასთან გვაქვს საქმე, მერე რაღა იქნება? მსოფლიო რუკა სავსეა სადავო ტერიტორიებით, ხოლო საერთაშორისო სამართლის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დისპუტების ძალადობრივი გზით გადაწყვეტის მიუღებლობის ფუნდამენტური პრინციპები ფეხქვეშ არის გათელილი. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა საშიშროების წინაშე დგას კაცობრიობა.

 

- პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი “უკვდავი ფრაზა” რუსების დაცვის შესახებ, ამჯერად უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის კონტექსტში, თუმცა აზრი გასაგები იყო - გაფრთხილება ყველასთვის. მისი იმპერიალისტური მადის გათვალისწინებით, რას უნდა ელოდოს მსოფლიო? გაგახსენებთ, რომ დნესტრისპირეთშიც გაჩნდა ლოზუნგები რუსეთთან გაერთიანების შესახებ.

 

- პუტინის ფრაზები ერთიერთში იმეორებს ადოლფ ჰიტლერის იმ ფრაზეოლოგიას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა კაცობრიობა. ამ ომის შემდეგ ასეთი მიდგომები და რიტორიკა რადიკალურად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებრიობამ და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემაც დააწესა იმ მიზნით, რომ წარსული შეცდომები არ განმეორებულიყო და კაცობრიობას ისევ არ დასტყდომოდა თავს ასეთი დიდი უბედურება. სამწუხაროდ, მიუხედავად ამისა, დღეს ამ მიმართულებით მსოფლიო მაინც ვერ იჩენს ჯეროვან სიმტკიცეს. დნესტრისპირეთი ერთადერთი მაგალითი არ იქნება. თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ დროზე არ მიუჩინა ადგილი რუსეთს, ასეთი მაგალითი მრავლად გველის.

 

- რამდენად რეალურია საფრთხე, კრემლმა დააკმაყოფილოს “ოსი ხალხის ნება” გაერთიანების თაობაზე და რუსეთმა დე იურე საზღვარი თბილისიდან 40 კილომეტრში აღმართოს?

 

- სავსებით რეალურია. რუსეთი ამ მიმართულებით იმოქმედებს იმისდამიხედვით, რა მომენტს ჩათვლის ის ამ ნაბიჯისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელად.

 

- დავუბრუნდეთ დასავლეთის პოზიციას - ფულემ გააკეთა განცხადება ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამ მოსაზრების რეალიზება და ამ პროცესში რა სარგებელი უნდა მივიღოთ?

 

- სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და ახალ მიდგომებს საჭიროებს. ის, რასაც ფულე დღეს აჟღერებს, გუშინ და გუშინწინ უნდა გაკეთებულიყო. დღეს ეს საკმარისი არ არის და არ იმუშავებს. პირველ რიგში, აუცილებელია დასავლეთის ტოტალური დარაზმულობა და ფართომასშტაბიანი, აქტიური, გლობალური ქმედებები რუსეთის მოსარჯულებლად. თუ გნებავთ, ასევე, რადიკალური მენტალური და ემოციური გადაწყობაა საჭირო. მხოლოდ ამ გლობალურ კონტექსტში შეიძლება იყოს ჩართული ერთ-ერთ ზომად ევროპის შესაძლო დაჩქარებული გაფართოება. თუ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ა.შ., ისე ჩართეს დაჩქარებულ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომ რუსეთზე ტოტალური ზეწოლა დაწყებული არ იქნა და ამ ქვეყნებს რაღაც მყარი დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები არ მისცეს, ეს მათთვის შეიძლება ძალზე სახიფათო გამოდგეს.

 

- საქართველოში პოლიტიკური სიმშვიდეა. ექსპრემიერი პრეზიდენტისგან იმედგაცრუებაზე საუბრობს. უცნობია, საერთოდ, ქვეყანას რა საგარეო კურსი აქვს. იმ პირობებში, როდესაც სულაც არ არის გამორიცხული, რუსეთმა ორიოდე კვირაში ან თვეში კარზე მოგვიკაკუნოს, არ ჩანს ჩვენი მკვეთრად გამოხატული პოზიცია. არაერთხელ დასმულა ეს კითხვა, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? და იქნებ კიდევ ერთხელ გასაგებად ავუხსნათ, პირველ რიგში, ხელისუფლებას და საზოგადოების რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ნაწილს, რასთან გვაქვს საქმე?

 

- ერთხელ უკვე ვთქვი, რომ დღეს ხელისუფლებაში სტრატეგიული ხედვის მწვავე დეფიციტია. ეს ეხება როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკას. ამას ემატება ის, რომ დეკლარირებული საგარეო კურსის გატარებაში იმ ადამიანებს, ვინც საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელობს, ფორმალური თუ არაფორმალური უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების ჩათვლით, პრაქტიკულად არ გააჩნიათ პროფესიონალიზმი, პროაქტიურობა და ინიციატივიანობის უნარი. დღევანდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ტემპი და სტილი მოვლენათა პერიფერიაზე მყოფ დამშვიდებულ ქვეყანას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე განსაცდელში მყოფ სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე მდგარ სახელმწიფოს. ამის ახსნა ბევრჯერ ვცადეთ ხელისუფლებისთვის, მაგრამ რჩევებს ხომ კარგი გამგონი და უნარიანი მსმენელი სჭირდება. თუ ჩაიკოვსკის კონკურსზე ქორწილის მედუდუკე გაიყვანე, რაც არ უნდა დახვეწილი რჩევები მისცეს მას კონსერვატორიის პროფესორმა, არანაირი აზრი არ აქვს.

 

- როგორ შეაფასებდით ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით?

 

- სტრატეგიული ხედვის დეფიციტზე უკვე მოგახსენეთ. ივანიშვილი ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს, რომ ის, რაც ყირიმში ხდება, არის ღრმა და ტოტალური პროცესის გამოვლინება და მას განიხილავს, როგორც ლოკალურ ეპიზოდს. სანამ მის მიერ დატრენინგებული ანალიტიკოსები, რომელთა მომზადებას ის გეგმავს, მას ამას აუხსნიან, მატარებელი უკვე კარგა ხნის ჩავლილი იქნება.

 

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომლის უფლებამოსილებაში საგარეო პოლიტიკას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მისთვის მოულოდნელი ხასიათის თვისებები გამოამჟღავნა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ მარგველაშვილის “თვისებებმა” გარკვეული გავლენა მოახდინოს “ოცნების” მიერ დეკლარირებულ საგარეო კურსზე?

 

- სამწუხაროდ, თავად მარგველაშვილი არ გამოირჩევა დიდი საგარეო პოლიტიკური გამჭრიახობით. ამავე დროს, მას, როგორც კონსტიტუციურად, ასევე, დღევანდელი პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით დიდი გავლენა ვერ ექნება. ასე რომ, მის მიერ “ხასიათის გამოვლენა” უფრო მნიშვნელოვანია მისი და ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ ურთიერთობათა ჭრილში, ვიდრე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის.

 

- ცხადია, რომ ხელისუფლება პასიურობს, ცხადია ისიც, რომ მეხუთე კოლონა დღითი დღე აქტიურდება. ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ? ჩვენ თუნდაც უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკრაინელებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ნაციონალებისთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან გააიგივა. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალის მიერ ინიცირებული ცალკეული საკითხებისგან საზოგადოების დისტანცირება ხდება. ამავდროულად არ ჩანს არავინ, ვინც ანალოგიურ მისიას იკისრებს და საზოგადოება მას დაუჯერებს, თუნდაც საფრთხეებთან მიმართებაში. ანუ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

 

- ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ აღწევს წარმატებას უცხო ქვეყნის დაპყრობის საქმეში, როცა ის მეხუთე კოლონას ეყრდნობა. თუ ჩვენი საზოგადოება კონსოლიდირებული და მტკიცე იქნება აგრესორის წინაშე, ის ჩვენთან ვერაფერს გახდება. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ ჩვენც საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონას. დღეს ჩვენში არსებული პრორუსული ორიენტაციის ძალები წარმოადგენენ არა პლურალისტურ საზოგადოებაში მოქმედ ლეგიტიმურ ფაქტორს, არამედ აგრესორთან კოლაბორაციონიზმის პლატფორმაზე მდგომ დამნაშავეებსა და სამშობლოს მტრებს, რომლებიც ოკუპანტთან ერთად დიდ განსაცდელსა და უბედურებას უმზადებენ დღევანდელ საქართველოს და მის მომავალ თაობებს. სწორედ ასეთი შეფასება უნდა მისცეს მათ ჩვენმა საზოგადოებამ და მათი სასწრაფო მარგინალიზაცია უნდა მოახდინოს, ხოლო სახელმწიფომ, საჭიროების შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ის ზომები უნდა გაატაროს, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის მტრისგან დასაცავად.

 

ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია