რისგან გვიხსნა პირველმა მოქალაქემ?!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-03-2014, 17:05 | კომენტარები | ნანახია - 1516

მარიამ მათიაშვილი

 

ციხის სკანდალით ხელისუფლებაში მოსული მთავრობისთვის ჩვეულ ხერხად იქცა პოლიტიკური ბრძოლის წარმოება წამებულების, ან გარდაცვლილების, ან მუქარის შემცველი ვიდეოების გავრცელებით, რომლის შედეგადაც ეგზალტირებული ხალხი პოულობს მითითებულ დამნაშავეს და მისგან საშინელ მტერს ქმნის, რომელიც უნდა განადგურდეს.

 

გარდაცვლილი და ნაწამები ადამიანის ფოტოების მედია-საშუალებებით გავრცელება და მათი პერმანენტული ტრანსლირება იწვევს მაყურებლის განასაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ძალიან გამოსადეგია პოლიტიკური მანიპულატორისთვის. ასეთი კადრების ჩვენებით ის მაყურებელს უღიზიანებს უსაფრთხოების ინსტინქტს, რაც იწვევს მძაფრ ნერვულ რეაქციას იმაზე, რაც სისოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შემდეგ ადამიანი ადვილად ექცევა ზემოქმედების ქვეშ, ადვილად იჯერებს ამ კადრებისგან მომავალ ძალიან მარტივ მესიჯს და კარგავს რაციონალური მსჯელობის უნარს.

 

ამგვარად, როცა საქართველოს მთავრობას უჩნდება პრობლემა, მას ხელთ აქვს საჭირო კადრები, რომლითაც აღწევს სასურველ შედეგს. ასეთი კადრები „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, სხვა დროს კი გარკვეული თემებიც გადააფარინა. მათი მეშვეობით მას შეუძლია შექმნას გარკვეული მოვლენის შესახებ გარკვეული აზრი. მაგალითად, გასული წლის ზაფხულში ე.წ. ჯიჰადის მუქარის შემცველი ვიდეოს გამოჩენა,  იმ დროს დაემთხვა, როცა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ და ქართულ ბაზაზე ტერორისტების თავდასხმა მოხდა. ამის შედეგად საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში ნატო-ს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდა და სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანის მოთხოვნით. გამოძიებაში, რომლის მიხედვითაც, ვიდეოს ატვირთვაში დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიიდან მოქმედი ვინმე ჩოკუტაევი იყო, სრული უფლება გვაქვს ეჭვი შევიტანოთ.

 

ყოფილი პრემიერისა და რაულ უსუფოვის გარდაცვლილ სხეულებზე არსებული იარები და  ექსპერტიზის კვეთის კადრები მძაფრ შთაბეჭდილებას უქმნის მაყურებელს და აფიქრებინებს: „თუ მოქმედ პრემიერ-მინისტრს ასეთი რამ უქნა, ჩვენ რას გვიზამდა?“

 

სლაიდ-შოუ მხოლოდ ფოტოებს მოიცავს. სახელწოდება არასწორად დაწერილი სამი ინგლისური სიტყვისგან შედგება: „სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია“. არა ნაციონალურმა მოძრაობამ, არა წინა ხელისუფლებამ, არამედ - მიხეილ სააკაშვილმა! ცხადია, ვიდეო ყოფილი პრეზიდენტის დადანაშაულებას ისახავს მიზნად და მიუხედავად იმისა, რომ სლაიდ-შოუსა და მის სახელწოდებას შორის კავშირი არ არსებობს, მძიმე კადრებისგან შოკირებული მაყურებლის გონებაში ეს ინფორმაცია აუცილებლად იბეჭდება.

 

საქართველოში დღემდე ვერთობით სიკვდილით, თორემ თანამედროვე სამყარომ დიდი ხანია გადალახა გრევის მოედანზე ადამიანების ჩამოხრჩობით გართობის მავნე ჩვევა. ამ მხრივ ჩვენთან დიდი არაფერი შეცვლილა. სიკვდილის ყურება ისევ იწვევს აღტყინებას მაყურებელში. მხოლოდ ორიენტირების გადანაცვლება მოხდა. ადრე თუ დამსჯელს გულშემატკივრობდნენ, ახლა დასჯილს გულშემატკივრობენ. ჰუმანიზმის მზარდი პოპულარობის ფონზე ადამიანებს მოკლულები ეცოდებათ, თორემ სიკვდილი ხალხს თავისთავად აღაგზნებდა მაშინაც და ახლაც აღაგზნებს. ამ მანიპულაციაში ჩადებული, ყველაზე ცხოველურ ინსტიქტებზე გათვლილი ძალიან მარტივი ამოცანა, რომელიც გონების არანაირ მონაწილეობას არ მოითხოვს, მოგვიწოდებს, რომ ნანახით აღვშფოთდეთ, დავადანაშაულოთ მითითებული სუბიექტი (თუნდაც ის არ არსებობდეს, დამანაშავე აუცილებელია) და მოვითხოვოთ მისი დასჯა იმავე მეთოდებით. ამგვარი რეაქცია ჰქონდათ სწორედ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გია კორკოტაშვილსა და და მის მეგობრებს, როდესაც მსწრაფლ დაიწყეს სოციალური ქსელის მეშვეობით განრისხებული ხალხის დარაზმვა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ (როგორც თავად წერდნენ „მივუხტეთო“) და ამგვარი რეაქცია ჰქონდა „ასავალ-დასავალს“, „ალიას“ და სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებული ახალგაზრდების ნაწილს ციხის კადრებზე, როდესაც ცოცხებს იქნევდნენ და ჯალათების იმავე მეთოდებით დასჯას ლამობდნენ, რასაც აპროტესტებდნენ.

 

მგავსი კადრები სიძულვილის გავრცელებას უწყობს ხელს. ხალხს ვერ მოვთხოვთ ინსტინქტებზე გამარჯვებას. უბრალოდ, ამ შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური ძალის ბრძოლის მეთოდების ცივილიზებულობის პრობლემა დგება.

 

რამდენად ცივილიზებულია, გულანთებულმა დაიცვა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ღირსება, როცა პოლიტიკური ოპონირებისას სიძულვილით ჩასძახოდი ჰომოსექსუალსა და სომეხს?

 

რამდენად ცივილიზებულია პოლიტიკური ბრძოლის წარმოება ბინძური „კაგებეშნიკური“ პროპაგანდით, მიუკერძოებელი გამოძიების, არგუმენტირებული დისკუსიის საპირისპიროდ?

 

რამდენად ცივილიზებულია გარდაცვლილი ადამინის ფოტოები ატრიალო მისი ჭირისუფლების თვალწინ?

 

რამდენად ცივილიზებულია ადამიანის სიცოცხლით სპეკულაცია?

 

მმართველობის მეორე წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯები მოიცავს მხოლოდ პოპულისტურ ცვლილებებს, რაც არ ემსახურება ქვეყნის განვითარებას,  სამაგიეროდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იჭერს და მათ დანაშაულს ამხელს youtube-ზე მავანისა და მავანის მიერ ატვირთული ფოტოებით. მოქალაქეთა დიდი ნაწილისა და მთავრობის შეხმატკბილებული პათოსი კი ასეთია: „აი, თურმე, რისგან გვიხსნა პირველმა მოქალაქემ!“ „ჯერ კიდევ არ ვიცით, რას გადავრჩით!“ და ნელ-ნელა ვიგებთ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია