წინ, მესამე "მაიდნისაკენ"!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-03-2014, 22:07 | კომენტარები | ნანახია - 2203

ზურაბ კვაჭაძე

 

ოდესა

            125 მილიონი ევრო - სწორედ ასეთი თანხა გადაიხადა გირაოში საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ავსტრიის პოლიციის მიერ დაპატიმრებულმა უკრაინელმა მილიარდერმა დმიტრი ფირტაშმა. თუმცა სრულ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ ძალზედ შორია - საექსტრადაციო ფორმალობების შემდეგ მას წინ ამერიკის მართლმსაჯულება ელოდება და ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის უმძიმესი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, დმიტრი ფირტაშს, სულ ცოტა, 15 წლით პატიმრობა ემუქრება. ბოროტი ხმები კი იმასაც ამბობენ, რომ ეს დაპატიმრება პუტინისათვის მძიმე და მოულოდნელი დარტყმა იყო, ვინაიდან ფირტაშზე უკეთ არავინ უწყის პუტინის რეჟიმის ფარული სქემები გაზის ბიზნესში - სწორედ ფირტაში ედგა სათავეში კომპანია "როსუკრენერგოს", რომელიც 2005-2009 წლებში ერთპიროვნულად ახორციელებდა რუსეთიდან უკრაინაში გაზის იმპორტს, და როგორც ამბობენ, კრემლის კართან საკმაოდ დაახლოებული პირიც ყოფილა. ამ შემთხვევაში კი თავად განსაზღვრეთ, თუ რაოდენ საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო იქნება ამერიკელი გამომძიებლებისათვის ფირტაშთან "გასაუბრება".

 

            ასეა თუ ისე, ფირტაში პირველი უკრაინელი ოლიგარქია (ქონებით 3,4 მილიარდი დოლარი), რომელსაც იანუკოვიჩის გაქცევისა და ყირიმის ანშლუსის შემდეგ შეექმნა რეალური პრობლემა. ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა ეს იულია ტიმოშენკოს კაჩანოვსკის კოლონიიდან გამოსვლას (მას ფირტაშთან დიდი ხნის მტრობა აქვს), ფაქტი ერთია - უკრაინაში მილიარდერები თამაშის ახალ წესებს ან იწყებენ, ანაც მას უკვე ეგუებიან.  მთავარი წესი კი ყველამ კარგად იცის - თუკი უკრაინის აღმოსავლეთს კრემლი "ჩაყლაპავს", ადგილობრივ უკრაინელ მილიარდერებს სულ მალე მათი უფრო მდიდარი რუსი კოლეგები ჩაანაცვლებენ და აბორიგენ ოლიგარქებს ხვალ პროვინციელ ბიზნესმენებადაც ჩამოალაბორანტებენ.

 

            ყველაზე უკეთ კი ალღო ამ წესებს ორმა მილიარდერმა - საქართველოს ერთ-ერთმა მსხვილმა ინვესტორმა, "პრივატ-ჯგუფის" მფლობელმა  დნეპროპეტროვსკელმა  იგორ კოლომოისკიმ (3,6 მილიარდი დოლარი) და დონეცკელმა სერგეი ტარუტამ (1,2 მილიარდი დოლარი) აუღეს, როდესაც "რეგიონების პარტიის" კრახისა და პრეზიდენტის გაქცევის შემდეგ, სპეციფიკურ და ფეთქებადსაშიშ აღმოსავლეთის რეგიონებში ლიდერის როლში მოევლინნენ საზოგადოებას და დაიკავეს დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის გუბერნატორების პოსტები. უდავოა, რომ ასეთი ავტორიტეტული პიროვნებების ბიზნესიდან სახელმწიფო სექტორში გადანაცვლება ამ ურთულეს პერიოდში ძლიერი და ძალზედ რისკიანი სვლა იყო, რამაც საბოლოოდ შეუწყო ხელი სიტუაციის სტაბილიზაციას ამ რეგიონებში. მაგალითად, ტარუტას მოსვლის შემდეგ სულ ცოტა ხანში დონეცკში დაპატიმრებულ იქნა პრორუსული აქტივისტი პაველ გუბარევი, რომელმაც ტარუტას მოსვლამდე მცირე ხნით ადრე მომხრეებთან ერთად შტურმითაც კი აიღო დონეცკის საოლქო ადმინისტრაცია და თავი "სახალხო გუბარნატორად" გამოაცხადა. სხვათა შორის, ტარუტა იყო პირველი მილიარდერი, რომელმაც პირდაპირ ამხილა რუსეთი უკრაინის ოკუპაციაში: "ბოლო 23 წელიწადი ჩვენ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. შეიძლება არცთუ კარგად და წარმატებულად, მაგრამ 23 წელი ჩვენ ვდებდით საკუთარ ცოდნას, ძალებს, სულს და გულს იმისათვის, რომ უკრაინა გვეხილა ნამდვილად დამოუკიდებელ, ეკონომიკურად მძლავრ და პოლიტიკურად ბრძენ სახელმწიფოდ. ამჟამად ჩვენ ამ შესაძლებლობას გვართმევენ. თან გვართმევენ ისინი, ვისთან ერთადაც ვთანამშრომლობდით ეს 23 წელი, ვქმნიდით ერთობლივ ბაზრებს და ბიზნესს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შემოსვლას განვიხილავ მხოლოდ როგორც ოკუპაციას, მშვიდობიანი ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციად", - განაცხადა მან ამ მცირე ხნის წინ.

 

            იგორ კოლომოისკი კი, რომელიც უკრაინული კრიზისის პერიოდში შვეიცარიიდან უკრაინაში გადმოსახლდა, უფრო შორს წავიდა - გარდა იმისა რომ დნეპროპეტროვსკში შეამცირა პრორუსული ძალების აქტივობა, მეზობელ ხარკოვსაც გადასწვდა და ოდიოზურ ხარკოვის მერს გენადი (მეტსახელად "გეპა")  კერნესს ჩაუშალა პრორუსული "უკრაინული ფრონტის" ყრილობა, სადაც უნდა გამოეცხადებინათ რუსეთთან შეერთების დეკლარაცია: "ჩემს მშობლიურ დნეპროპეტროვსკში სეპარატიზმი ვერ გაიმარჯვებს. სეპარატიზმი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ვერც ერთ წერტილში... ის, ვინც გაილაშქრებს უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ - აუცილებლად წააგებს," - განაცხადა ზემოხსენებული სეპარატისტული ყრილობის წინ  კოლომოისკიმ და პირადად კერნესსაც დაემუქრა: "ბატონო კერნესო, თუკი თქვენ მილიონობით ადამიანის ბედით თამაშს დაიწყებთ, სერიოზულად გაირთულებთ თქვენს ისედაც რთულ ბედს", -  რამაც საბოლოოდ შედეგიც გამოიღო და ყრილობა ჩაიშალა (ცნობისათვის: გენადი კერნესი ამჟამად სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდის სეპარატიზმის ბრალდებით და ამ დროისათვის შინაპატიმრობაშია).

 

            კოლომოისკის ენამახვილობა არამხოლოდ მეზობელი ხარკოვის მერმა იგრძნო, არამედ მეზობელი რუსეთის პირველმა პირმაც საკუთარ ტყავზე იწვნია - მარტის დასაწყისში ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ უწოდა კოლომოისკიმ პუტინს "ჯუჯა შიზოფრენიკი" და განაცხადა მის შესახებ: "იგი (პუტინი) სრულიად არაადექვატურია და საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან. მისმა გაუგებარმა მესიაობამ - აღადგინოს რუსეთის იმპერია ან საბჭოთა კავშირი - შეიძლება მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანოს".

 

            ფაქტია, რომ ამგვარი განცხადებებით დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოპულარობა მასებში საათობრივად მატულობს, თუმცა უფრო დასაფასებელია ის, რასაც პრაქტიკაში ახორციელებს. მაგალითად, კოლომოისკის ერთ-ერთმა გახმაურებულმა ნაბიჯმა თვით მისი დიდი ხნის პარტნიორებიც გააკვირვა - მან შეკრიბა ოლქის მეწარმეები და მოუწოდა დახმარებოდნენ სახსრების გარეშე დარჩენილ უკრაინულ არმიას. საამისოდ კი პირველი ნაბიჯი თავად გადადგა - პირადი სახსრებიდან მთლიანად უზრუნველყო საწვავით უკრაინის სამხრეთ ოპერატიულ დაჯგუფებაში  შემავალი ყველა სამხედრო ნაწილი, ასევე ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის სამხედრო ნაწილები, ხოლო შემდეგ კი შექმნა ოლქის თავდაცვის საბჭო, რომლის მიზანიც ოლქის სამობილიზაციო მზადყოფნის შექმნაა რუსეთთან საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში.

 

            კოლომოისკისა და ტარუტასგან განსხვავებით, უკრაინის ყველაზე მდიდარი რინატ ახმეტოვი (16,8 მილიარდი დოლარი), მიუხედავად იმისა რომ უკრაინის ერთიანობას უჭერს მხარს, შედარებით თავშეკავებულია და განაცხადა რომ არ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის მთავრობაში,  თუმცა უკრაინის საპრეზიდენტო არჩენების მოახლოებასთან ერთად მან შეიძლება ეს გადაწყვეტილებაც შეცვალოს. რინატ ახმეტოვი, რომელსაც "დონბასის უგვირგვინო პატრონსაც" უწოდებენ და რომლის სტრუქტურებშიც 300 000 კაცი მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი გადამხდელია და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს. თუმცა ამ ავტორიტეტის გამოცაა ალბათ, რომ ოპონენტები არ პატიობენ მხოლოდ ზოგადი განცხადებების გაკეთებას და მოითხოვენ მისგან მეტ აქტიურობას, მაგალითად, დონეცკის პრორუსული ძალებისა და, მთლიანად, "გასტროლიორი ტურისტებისათვის" ლაგამის ამოდებას, რისი ძალებიც, როგორც ამბობენ, ახმეტოვს უდავოდ შესწევს. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ახმეტოვის ამგვარი სიჩუმის ასახსნელად, და, როგორც ამბობენ, არ არის გამორიცხული, რომ ახმეტოვი თავის ბიზნეს-იმპერიის შენარჩუნების მიზნით კულუარულ მოლაპარაკებებსაც მართავს ახალ ხელისუფლებასთან - სხვას ვის თუ არა ახმეტოვს, მწარედ ახსოვს რეპრივატიზაციის ის ტალღა, რაც ტიმოშენკოს მთავრობამ წამოიწყო 2004 წელს "ნარინჯისფერი" რევოლუციის შემდეგ. შესაძლოა კოლომოისკისა და ტარუტასგან განსხვავებით მისი ამგვარი სიფრთხილის საფუძველიც ეს იყოს, თუმცა ჩვეულებრივი ხალხისათვის, უფრო კი ევრომაიდნელებისათვის, ასეთი მსხვილი ფიგურის ამგვარი პასიურობა ღალატის ტოლფასია.

 

            მთლიანად კი უკრაინაში, ჟურნალ "ფოკუსის" 2013 წლის მონაცემებით, 17 მილიარდერია, რომლებიც ჯამურად 48 მილიარდი დოლარის აქტივების მფლობელები არიან, ანუ თითქმის იმდენის, რამდენიც უკრაინის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტია (45,1 მილიარდი დოლარი). ბევრი მათგანი ამჟამად ჩრდილშია, ზოგი კი გაქცეულია და ძებნაში იმყოფება. მაგალითად, "2012 წლის ბიზნეს-სენსაციად" წოდებული ხარკოველი სერგეი კურჩენკო, რომელმაც სკოლა სულ რაღაც 12 წლის წინ დაამთავრა და მის შესახებ ამ ხნის მანძილზე არც  არაფერი იყო ცნობილი,  2012 წელს  ქვეყანას მოულოდნელად მილიარდერად მოევლინა და ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყო ყველაზე ძვირადღირებული პროექტების და ობიექტების შესყიდვა (ოდესის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საფეხბურთო კლუბი "მეტალისტი", საფეხბურთო სტადიონი "მეტალისტი" და ა. შ.). როგორც კულუარებში ადრე ამბობდნენ, კურჩენკო თავისი კომპანიის "ვეტეკის" მეშვეობით ახორციელებდა იანუკოვიჩის "ოჯახის" შავი ფულის გათეთრებას, ამ ეჭვებს კი მისი ამჟამად მიმალვაში (რუსეთში) ყოფნა უფრო აძლიერებს.

 

            მილიარდერთა კასტის ფორმირება კი უკვე ორი ათეული წელი მიმდინარეობს და ყოველწლიურად მათი მატების ტენდენციაც შეინიშნება (თუ არ ჩავთვლით 2008 წლის მსოფლიო ფინანსურ კრიზისს). წელს კი პირველად მათმა ჯამურმა აქტივებმა გაუსწრო ქვეყნის წლიურ ბიუჯეტს.  ამგვარი სურათი ქვეყნის საერთო გაჭირვების ფონზე დიდ გაკვირვებას იწვევს უცხოელებში, თუნდაც უკრაინასთან ახლოს მდგომი პოლონეთთან მარტივი შედარების მაგალითზე, რომელიც უკრაინასთან შედარებით მწირი ბუნებრივი რესურსების მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მშპ-ს (22 000 აშშ დოლარი) გადაანგარიშებით ბევრად უსწრებს უკრაინას (7500 აშშ დოლარი), თუმცა მილიარდერებითა და მთლიანად ოლიგარქების რაოდენობით, ყოველგვარი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, მას ბევრად ჩამორჩება.

            თუმცა უკრაინის "სიღარიბეც" პირობითია - 2011 წელს უკრაინამ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა ერთ სულ მოსახლეზე "მერსედეს" S-კლასის ავტომობილების რაოდენობის მიხედვით (თურმე ასეთი სტატისტიკაც არსებობს). თუმცა და ისევ თუმცა, ამ მონაცემებმაც არ შეგიყვანოთ შეცდომაში - "მერსედეს" S-კლასის ავტომობილები ყველაზე მოდური და მოთხოვნადი იყო უკრაინის სახელმწიფო ორგანოებში და მიუხედავად მუდამ დეფიციტური სახელმწიფო ბიუჯეტისა, ჩინოვნიკის თვითიდენტობა ასეთი მერსედესების (ფასი - 120 000 დოლარიდან და მაღლა) მეშვეობით პრეზიდენტისა და კანონმდებლების მხრიდან ყოველთვის ნებადართული იყო.

 

            ახალი ხელისუფლება კი ახალ სტანდარტებს ადგენს - ქვეყანა ტოტალურად ამცირებს სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯებს, უარს ამბობს  ჩინოვნიკთა პრივილეგიებზე და გადადის ეკონომიაზე - პირველი მაგალითი ქვეყნის პრემიერმა მისცა, როდესაც ა. იაცენიუკი აშშ-ში  თვითმფრინავში ეკონომ-კლასით იმგზავრა და აეროპორტშიც საერთო გასასვლელით ისარგებლა, ნაცვლად უკრაინაში ასე პოპულარული "ვიპ" ტერმინალისა.

 

            თუკი ეს კურსი ასე გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ ქამრის შემოჭერისას ოლიგარქების ნაწილმა თავისი მილიარდერობის სტატუსიც დაკარგოს. არა იმის გამო, რომ მოსალოდნელია რეპრივატიზაცია (თუმცა ეს არასდროს არ არის გამორიცხული), არამედ ახალი რეალობების გათვალისწინებითა და კორუფციასთან ბრძოლის დაწყების შემთხვევაში, ბევრ მათგანს შესაძლოა კანონთანაც მოუხდეს პასუხის გაცემა - ფირტაშმა და კურჩენკომ უკვე გახსნეს ანგარიში. ბევრს კი ტრადიციული რუსული ბაზრის დაკარგვა (რაც უკვე დაიწყო და სავარაუდოდ შეუქცევად ხასიათს მიიღებს), შესაბამისად სხვა ბაზრებზე გადართვა და, აქედან გამომდინარე, ტექნიკურად მოძველებული საწარმოების აუცილებელი მოდერნიზაცია თავის მძიმე კვალსაც დაატყობს მათ ფინანსურ მდგომარეობას.

 

            ამასობაში კი წამზომი ჩაირთო - უკრაინის 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად და თავისი დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად არენაზე გამოდის მთავარი მოქმედი პირი - ლედი იუ, რომელსაც კიდევ ერთი ოლიგარქი - "შოკოლადის ხელმწიფედ" წოდებული პეტრ პოროშენკო (1,3 მილიარდი დოლარი) დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი იუშენკოსა და იანუკოვიჩის მთავრობაში ჯერ საგარეო საქმეთა იყო, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი, თუმცა ევრომაიდნის დროს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. საკონდიტრო გიგანტ "როშენის" დამფუძნებელი დღეს რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკშია - ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ 2013 წელს რუსეთმა აკრძალა ამ კომპანიის პროდუქციის შეტანა რუსეთში, თუმცა პოროშენკომ მყისიერად მოახდინა ბიზნესის დივერსიფიცირება და შეძლო ზარალის კომპენსირება.

 

            საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ დროისათვის პოროშენკოს რეიტინგი (36%) სამჯერ უფრო მაღალია ვიდრე ტიმოშენკოსი (12%) და დღევანდელ კანდიდატთა შორის, ჩემის აზრით, ყველაზე მისაღები ფიგურაა (უკრაინის მთავარი და გადაუჭრელი პრობლემა დღეისათვის ლიდერებში "ახალი სახეების" არარსებობაა), პირველ რიგში კი მისაღებია ქვეყნის მომავლისათვის. პოროშენკოს ამგვარი პოპულარობა ხალხში, პირველ რიგში, მისი მკაფიო საპრეზიდენტო პროგრამით, რეალური გათვლებით და გულწრფელი პატრიოტიზმით არის განპირობებული, ამასთან იგი გამოცდილი პოლიტიკოსია და კლიჩკოსგან განსხვავებით კარგი ორატორიც. ნიშანდობლივია ისიც, რომ არსებული ინფორმაციით, პოროშენკო-კლიჩკოს შორის შემდგარი შეთანხმებით, პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება, კლიჩკო კი კიევის მერის არჩევნებში. ეს კი, პოლიტოლოგების აზრით, საკმად გონივრული და პრაგმატული გადაწყვეტილებაა. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ საერთო-სახალხო აჯანყების შემდეგ ტიმოშენკოს მშობლიური "ბატკივშჩინა" დღეს ხელისუფლების სათავეშია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ტურჩინოვისა და პრემიერ-მინისტრის იაცენიუკის სახით, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებენ ტიმოშენკოს გაპრეზიდენტებისათვის - დრო ჯერ კიდევ ბევრია. აი სწორედ აქ მსურს დავუბრუნდე ამ სტატიის სათაურს - წინ, მესამე "მაიდნისაკენ"! და ავღნიშნო - მესამე მაიდანი სწორედაც რეალური ხდება ტიმოშენკოს გამარჯვების შემთხვევაში. მიზეზი? მიზეზი ბევრია - თუნდაც ის, რომ ტიმოშენკო უკრაინისათვის იმ წარსულთან ასოცირდება, რომელიც თავის მხრივ გაიგივდება ტოტალურ კორუფციასთან, ყოველდღიურ პოპულიზმთან, სახელისუფლებო ინტრიგებთან და რუსეთთან საეჭვო ლაქუცთან.

 

            ეს არის დღევანდელი უკრაინის რეალობა - სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია გმირი უკრაინელი ხალხი ახალი გამოწვევის წინაშეა - არ გაყალბდეს მათი არჩევანი, არ გაითელოს ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება და არ წაიბილწოს "ზეციური ასეულის" წმინდა სახელი.  წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოცხადებულია მოწოდება - წინ, მესამე "მაიდნისაკენ"! 

 

            P. S. 2 დღის წინ ტიმოშენკოს პარტიის წევრის - შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის მითითებით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ იქნა ევრომაიდნის მთავარი მებრძოლი რაზმეულის "მარჯვენა სექტორის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ მუზიჩკო, რომელიც უფრო ადრე ღიად დაუპირისპირდა ავაქოვს. დასკვნები თავად გააკეთეთ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია