საამური მუსიკა რუსეთისათვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-03-2014, 22:11 | პოლიტიკა | ნანახია - 2134

საამური მუსიკა რუსეთისათვისმართა იამანიძე

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ არც საქართველო და არც უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიმავალ გზაზე არ დგანან, დიდი ვნებათღელვა გამოიწვია როგორც საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ისე საზოგადოებაში. საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის წევრებმა იხტიბარი არ გაიტეხეს, აქაოდა ილუზიები არ უნდა გვქონდესო, მაგრამ  ამან არ უშველა ისედაც ნირწამხდარ ქართულ საზოგადოებას, რომელშიც ბოლო ხანებში ანტი-დასავლური სენტიმენტები მომძლავრდა და რუსეთის მხარდამჭერი აქციებიც „სიტყვის თავისუფლებისა“ და „ქართული დემოკრატიის“ ელემენტად გადაიქცა.

 

თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, როგორი თავდაჯერებით საუბრობდნენ საქართველოს მაღალი პოლიტიკური პირები იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ობამას ადმინისტრაციისაგან მიიღეს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საპირწონედ. დღეს ეს თავდაჯერება სადღაც გაქრა და თვითკრიტიკამ ჩაანაცვლა, რაც საზოგადოებაში დაბნეულობის მიზეზი გახდა - რეალურად არავინ იცის რა შინაარსის „მხარდაჭერა“ მიიღო საქართველოს მთავრობამ და თუ ამგვარ გზავნილს ადგილი ჰქონდა, დღეს რატომ გადაასხა ცივი წყალი პრეზიდენტმა ობამამ ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფების მქონე ქვეყნის ამბიციებს.

 

მალევე გავრცელდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბრიჯიტ ბრინკის ერთგვარი განმარტებაც, რის მიხედვითაც ობამას კომენტარი შეეხებოდა იმას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ამოცანაა, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს და არა ახლავე გახდეს ნატო-ს წევრი. მაგრამ მნიშნველოვანი ის არის, თუ რატომ გახდა ობამას განცხადება გაუგებრობის წყარო. იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომატიურ ლექსიკაში „გაუგებრობებს“ ადგილი ნაკლებად აქვს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი, ბირთვული უსაფრთხოების, შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო ტერიტორიზმის საკითხებში რუსეთთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, გარკვეულ დათმობებს სთავაზობს თავის პარტნიორს?

აღსანიშნავია, რომ P5+1-ის ფორმატში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში (ფორმატი შექმნილია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობით, ევროკავშირის მედიაციით, რათა მოგვარდეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხი) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებები გამოვიყენოთ თამაშის ელემენტად, ფსონების გაზრდის მიზნით, გამომდინარე იმ სენტიმენტებიდან, რომლებიც არსებობს ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში... მაგრამ თუ ისინი გვაიძულებენ, ჩვენ საპასუხო ზომებს მივმართავთ.“ განცხადება მუქარის ტონს შეიცავს, და შესაძლებელია გავიგოთ, როგორც რუსეთის სურვილი ყირიმთან არსებული უთანხმოების გამო P5+1-ის მოლაპარკებების პროცესში თავის პოზიცია დასავლეთზე ზეწოლისათვის გამოიყენოს.

 

რამდენიმე დღეში ობამას განცხადება და აშშ-ის საელჩოს შემდგომი ახსნა-განმარტება ვიხილეთ. მართალია მოვლენებს პირდაპირ არ ვაკავშირებ, მაგრამ საგულისხმოა, რომ ობამასეული „გლობალური მშვიდობა“ ბევრ კომპრომისს მოითხოვს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე რუსეთს უკავშირდება. ის, რომ ამერიკის პრეზიდენტს დღემდე აკრიტიკებენ მისივე ქვეყნის მასმედია საშუალებები სიახლეს არ წარმოადგენს. კრიტიკა ძირითადად იმით შემოიფარგლება, რომ პრეზიდენტის მიერ გატარებული შიდა რეფორმები ტრიუმფად ნამდვილად ვერ შეირაცხება, ხოლო საგარეო პოლიტიკაში მას უკვე მიანიჭეს peacenik-ის ტიტული - აშშ-ის პირველი პირი ერთობ მოწოდებულია მსოფლიოში მშვიდობის დამყარებით, თავისი პაციფიზმით, ვგონებ, ჯონ ლენონიც დაჯაბნა, თავისი წინამორბედის მიერ დამკვიდრებული ტერმინები კი, როგორიც იყო მაგალითად „ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი,“ მის პოლიტიკურ ლექსიკაში უგულვებელყოფილია. ეს ალბათ იმიტომ, რომ ამერიკელთა აღქმით პრეზიდენტმა ბუშმა სიტყვა „დემოკრატია“ ერთგვარად გააუფასურა და ამერიკელ ხალხს მობეზრდა მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავისი ქვეყნის სამხედრო ჩართულობა. მაგრამ ზედმეტი პაციფიზმი ისევდაისევ პატარა ქვეყნებს ვნებს, ხოლო თავის დროზე რუსეთთან ურთიერთობის დათბობის წარუმატებლობაზე დღეს უკვე ყირიმში განვითარებული მოვლენები მეტყველებს. რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობა იქნებოდა რიგითი ქართველის მიერ ობამას საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, მაგრამ მაშინ რა ვქნათ, თუ ეს პოლიტიკა პირდაპირ ჩვენი თანამოქალაქეების მომავალზე აისახება?

 

ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში რუსეთის პოლიტიკის შესახებ საკმარისი ექსპერტიზა არსებობს, თუმცა ფაქტების თვალსაზრისით უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ნაკლებად არსებობს მზაობა რუსეთის მიმართ ხისტი პოზიციის გატარებისა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში პაციფიზმს ერთგვარად სიმხდალედ აღვიქვამენ, რის გამოც ოფიციალურ მოსკოვს გზა ეხსნება თავისი რევიზიონისტული პოლიტიკის გასატარებლად. ის, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციამ „გადატვირთვის“ პოლიტიკის ინიცირება მოახდინა, სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა დათმობას. რუსეთი კი დათმობის სანაცვლოდ არასოდეს მიმართავს სანაცვლო კომპორმისს, იმდენად რამდენადაც ყველანაირი დათმობა მას მხოლოდ კიდევ ერთ შესაძლებლობად ესახება თავისივე ანტაგონისტური ზრახვების რეალიზებისათვის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ირანთან ურთიერთობის მოწესრიგება გახდა - პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ „ხელს გაუწვდიდა მას, ვინც მუშტს არ დაახვედრებდა.“ სწროედ ამიტომ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების პრევენციისთვის აშშ-ს რუსეთი სჭირდება. მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ მუშტი ამერიკელებს თეირანში არ დახვედრიათ – რუსეთმა სწორედ იმ გადატვირთვის ღილაკს დაარტყა მუშტი. მნიშვნელოვანი ის არის, მოახდენს თუ არა აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაცია თავისი პოზიციის რეორიენტაციას რუსეთთან მიმართებაში. უკრაინის მოვლენების შემდგომ ხომ ის, რაც ცივი ომის ანაქრონიზმად მოიაზრებოდა, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობად გარდაისახა.

 

არსებული დასავლური რიტორიკა პოზიტივის საფუძველს არ გვაძლევს. მეორე მხრივ კი უფრო ამძლავრებს დასავლეთისთვის ჩირქის მოცხებას. ჩვენც გავნაგრძობთ ცხოვრებას ქვეყანაში, სადაც ფრიად შესამჩნევი გახდა პრო-რუსული აქციების ორგანიზება - ყველაზე მეტად დასანანი კი ის არის, რომ ყმაწვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს „პატივს აგებდა“ და გოგონა, რომელიც რუსეთს „ოკუპანტად არ მიიჩნევდა,“ ახალგაზრდა თაობას მიეკუთვნებოდნენ. ამ ვითარებაში ერთი კითხვა მაწუხებს - რატომ გააქტიურდა ანტი-დასავლური განწყობა დღეს, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი? ამ აქციებს ხომ ობამას განცხადებამდე ჰქონდა ადგილი? რატომ დაიწია საზოგადოების ცნობიერების დონემ ევროკავშირთან და ნატო-სთან მიმართებაში? რამდენად შეიძლება ამგვარი „სიტყვის თავისუფლება“ სახელმწიფოს აქტივში ჩაიწეროს?

 

ვეჭვობ, ამგვარი ნაბიჯებით ჩვენვე გავაუფასურებთ სიტყვა „დემოკრატიას.“ შაბლონური არგუმენტი, რომ ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არაფრისმომცემია, რადგან თავად ჩვენი დასავლელი პარტნიორები „გვიხურავენ კარს,“ ისევდაისევ სიმხდალეზე მიუთითებს. დიდ მეზობელთან „თითის ქნევა“ თუ „არაფერს მოგვცემს,“ ასევე კარგს არაფერს გვიქადის მისთვის საამური მუსიკის აჟღერება (მითუფრო მაშინ, როდესაც გახშირდა ჩვენი კულტურის მოღვაწეთა გასტროლები რუსეთში). სწორედ რომ შემაშფოთებელია ტენდენცია, სადაც ახალგაზრდები რუსოფილებად გვევლინებიან, რადგან ვინ თუ არა ისინი გახდნენ 2008 წლის ომის თვითმხილველები. ვინ თუ არა ისევ ჩვენ ვწყვეტთ ჩვენივე მომავალს, ამ მხრივ კი სათუოა რამდენად კარგ სარგებელს მოგვიტანს რუსეთისთვს მაამებლური განწყობის ფორმირება ჩვენსავე საზოგადოებაში.

 

სხვა თუ არაფერი, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა მცირე სახელმწიფოთა მიერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორ საშუალებას გამოყოფს - (1) დიდ სახელმწიფოებთან მიმხრობას (ე.წ bandwagoning), ან (2) მცირე სახელმწიფოებთან მოკავშირეობით ერთგვარი დამაბალანსებელი ძალის ჩამოყალიბებას (ე.წ balancing). იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანის რეალიზებას ვესწაფვით, უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ რა გვსურს თავად ჩვენ - ჩვენ, პირველ რიგში საზოგადოებას. თავის მხრივ, საზოგადოებაში კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას აკისრია. მართალია, ქართულ დიპლომატიას ნამდვილად ვერ მოვთხოვთ დიდი ძალები დაარწმუნონ თავ-თავიანთი საგარეო პოლიტიკის ავ-კარგიანობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიპლომატიურმა სამსახურებმა არ იმუშაონ ცალკეულ ქვეყნებთან, იგივე აშშ-სთან, რათა უფრო მკაფიო გზავნილები იქნას გაჟღერებული ქვეყნის ჩრდილო-ანტლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად; და რაც მთავარია მყისიერად არ დავიხიოთ უკან, როცა კი რაიმე სიგნალი სხვადასხვა დედაქალაქიდან არ მოგვეწონება.

 

გამოსავლი ალბათ ის არის, დავრჩეთ იმ პრინციპების ერთგული, რომელიც თავის დროზე რეფერანდუმში განვაცხადეთ და თავად ჩვენ დავუპირსპიროთ რუსოფილების საამურ მუსიკას ჩვენივე ალტერნატივა. მერე რა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას უკვე განმარტებები სჭირდება, ჩვენ კი ისიც არ ვიცით, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას - რიგით ქართველში ჯერ კიდევ დარჩა საკმარისი სივრცე თავისუფლებისათვის და ჯერ კიდევ არსებობენ ისინიც ვინც პრო-რუსული აქციის მონაწილეებს აღრიალებული ეძახიან - „ვის უჭირავს რუსეთის დროშა? მოდი აქ შენი...“

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია