ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-03-2014, 15:15 | ბლოგები | ნანახია - 2594

 ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრსნათია მეგრელიშვილი

 

 

მან თქვა: “ჩვენ გადავწყვიტეთ, იგნორი გავუკეთოთ იმ ისტერიას, რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს...“

 

მართალია პრემიერი, ყველანაირი ისტერია უნდა იქნას იგნორირებული და ქვეყანაც უცებ დალაგდება.

 

ასე რომ, საპარლამენტო უმცირესობას მოვუწოდებ, დაუჯერონ პრემიერს და უმრავლესობის ზიზღით გაჟღენთილ ისტერიას, რომელსაც მთავარსარდლობენ ამხანაგი კობახიძე და ქანთარია, იგნორი გაუკეთონ.

 

თუმცა, ცოტა უხერხული იგნორი იყო, როცა პარლამენტში პირველად მისულ პრეზიდენტს მთავრობა არ დახვდა, მაგრამ, იმედია, ამას გაგებით მოეკიდა მთელი საქართველო,  ჩემნაირი უცნაური ადამიანების გარდა, ვისაც დღემდე ჰგონია, რომ პრეზიდენტი საპატიო და ძალიან საპასუხისმგებლო პერსონაა და მისი პატივისცემა ნებისმიერი დონის მოქალაქისათვის გარკვეულ აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს. ეს ქვეყნის ინტერესებზე ძალიან პოზიტიურად აისახება, თორემ ინდივიდუალურად ჩვენთვის არაფერი ხდება სასიკეთო.

 

 

იგნორი უნდა გავუკეთოთ იმასაც, რომ ქვეყანა აივსო უმუშევრებით, უსახსრო და დაბეჩავებული ადამიანებით. მარტო ჭიათურა ეყოფა სამაგალითოდ, სადაც ხალხი, ფაქტიურად, ბედის ანაბარადაა მიტოვებული და არც კი იციან, როგორ იარსებონ.

 

ასეთი მაგალითები უამრავია, მაგრამ ჩამოთვლას რა აზრი აქვს. დაიჭიროს ამხანაგმა უმრავლესობამ საქართველოს რუკა და მოძებნონ ის სოფლები, სადაც ხალხი ბედნიერად ცხოვრობს. ოდესმე ყოფილხართ ჭაჭკარში, ხიზაბავრაში, თქვენი თვალით გინახავთ, როგორ ცხოვრობენ იქ ქართველები? პარლამენტის თეთრ სავარძლებს არ ცდება თქვენი ცნობიერება. იგნორს უკეთებთ ქართულ სოფელს, ცოცხალ ადამიანებს და მხოლოდ ერთი კაცის სახელი გაკერიათ პირზე. ჰოდა, თქვენც დაუჯერეთ პრემიერს, იგნორი გაუკეთეთ იმ ერთ კაცს და საქმე პროფესიონალებს მიანდეთ. პარლამენტარების საქმე არც ჭორაობაა, არც ძველბიჭური გარჩევები და არც მინისასამართლოების მოწყობა ტელევიზორში.

 

იგნორი, იგნორი გაუკეთეთ იმ თემებს, რომელიც თქვენ არ გეხებათ, არამედ მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.

 

 თქვენ საქართველოს მიხედეთ აჯობებს.

 

რას აკეთებთ პარლამენტში? საქმე სად არის? რაც გაკეთებული იყო, იმასაც კი არ უვლით. ბარბაროსებივით იქცევით. მზად ხართ დაანგრიოთ და ლოდებად აქციოთ უკვე აშენებული, უკვე მოწესრიგებული სივრცეები. იგნორს უკეთებთ საკუთარ ქვეყანას ერთი კაცის ზიზღის გამო და თქვენ ხართ პოლიტიკოსები და პატრიოტები? ეს ხომ სასაცილოა? მეოცე საუკუნის დიდი პოლიტიკოსების ჩამოთვლაც კი გაგიჭირდებათ მომზადების და „შპარგალკების“ გარეშე. ელემენტარული ცოდნა არ გაქვთ არც პოლიტიკის და არც დიპლომატიის ისტორიის. პროფესიულ განათლებას იგნორს უკეთებთ, აბა რააა, ამას იკადრებენ ახლა გრუზინები და წიგნებს წაიკითხავენ?. . .

 

მოდით, დავუჯეროთ პრემიერს და იგნორი გავუკეთოდ საპარლამენტო სხდომებს და იმ ისტერიას, რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს. თავპირი უმსხვრევიათ, თუ უნდათ. ჩვენ მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის: სამუშაო ადგილები, ნორმალური ხელფასი, კარგი დაზღვევა (ისე არა, რომ მარჯვენა ხელი დაზღვეული იყოს და მარცხენა არა), შვებულების უფლება, მეცამეტე ხელფასი, პრემიები, სუფთა ქალაქები, განათებული ქუჩები, უსაფრთხოება და, რაც მთავარია, იგნორი გავუკეთოთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც მედია გვთავაზობს და ვენდოთ საკუთარ ცოდნას და ინტუიციას.

 

პრემიერ-მინისტრი როცა ამ განცხადებას აკეთებდა, სინამდვილეში ისიც ერთ კაცს გულისხმობდა, რომელსაც თვითონაც ვერ უკეთებს იგნორს და, უნდა თუ არ უნდა, მაინც ყველა თემას კუდად მიაბამს ხოლმე სააკაშვილის თემას, რომელიც, მისი აზრით, უკვე აღარ არის აქტუალური პოლიტიკოსი და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს არის ტყუილი და ფარსი. თუ ასეა, თქვენ პირველმა უნდა მოგვცეთ მაგალითი და დააიგნოროთ ეს თემა. ვნახოთ, რამდენ ხანს გაუძლებთ.

 

მაგრამ პრემიერმა ამ განცხადებით ჩვენ თავისუფლება მოგვანიჭა და გვიკარნახა, რომ  - ნუ იშლით ნერვებს, იგნორი გაუკეთეთ მიზანმიმართულ ისტერიებსა და პროვოკაციებს და გათავისუფლდით მოჩვენებებისგან.

 

მართალია ეს კაცი.

 

მადლობა პრემიერს. მადლობა იგნორს. დღეიდან არაფერს დავიჯერებ, რასაც ხელისუფლება იტყვის და ვენდობი მხოლოდ საქმეს, რომელსაც დავინახავთ და ვიგრძნობთ.

 

ძირს ისტერია და სიტყვები

 

 გაუმარჯოს საქმეს!

 

ველოდებით.

 

P.S. არ დაგავიწყდეთ ჩვეულებრივი ადამიანები, მათ იგნორს ნუ გაუკეთებთ, თორემ ეს ისევ თქვენ დაგაზარალებთ. ფულით და სიტყვებით ადამიანის მოსყიდვაც შეიძლება და მოტყუებაც, მაგრამ სიყვარული და პატივისცემა არსად იყიდება - ამას დამსახურება უნდა. ის გრძნობათა ყალბი ტალღა, რომელიც თავს ახვევია ახალ ხელისუფლებას, სინამდვილეში ერთი დიდი ისტერიაა, რომელსაც დროულად უნდა გაუკეთოთ იგნორი და სამშობლოს მიხედოთ, სანამ მან თავად არ მოგხედათ.

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია