1991 წლის 31 მარტი - რეფერენდუმი დამოუკიდებლობისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-03-2014, 17:24 | კომენტარები | ნანახია - 3280

 

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა  საქართველოს დამოუკიდებლობას. იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

1991 წლის, 31 მარტის რეფერენდუმის ერთადერთი კითხვა იყო: ”გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?

 

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3. 334. 236 მოქალაქემ, რაც  ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 79 პროცენტს შეადგენდა.

 

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის მომხრეთა რიცხვმა  – 3. 295. 493, ანუ მონაწილეთა 99, 08 პროცენტი შეადგინა, საქართველოს დამოუკიდებლობას რეფერენდუმში მონაწილეთა მხოლოდ  0, 51 პროცენტმა არ დაუჭირა მხარი.

 

აღსანიშნავია, რომ  რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო  აფხაზეთის მოსახლების 61,27 პროცენტმა, მათგან 97, 73 პროცენტმა, კითხვაზე - გსურთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა? - დადებითი პასუხი გასცა.

 

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა - ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის  ვადა უკვე ამოწურული იყო.

 

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდი სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11 376 იყო. გაიცა 10 182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი კი, 10 180 ამომრჩეველმა გასცა.

 

“რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

 

... რევაზ კემულარია 1987 წლიდან აქტიურად არის  ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში.  მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ, ის აფხაზეთში   მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე გახდა. შემდეგ ეროვნული ხსნის კომიტეტის, შემდეგ კი ეროვნული ფორუმის წევრი იყო. მოგვიანებით,  მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ექსპერტი გახდა, ახლა კი  საზოგადეობა ”დაბრუნების” წევრი და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატია.

 

31 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით ”ივერია” რევაზ კემულარიას ესაუბრა.

 

- დღევანდელ დღეს, 1991 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩატარდა პირველი რეფერენდუმი, სადაც იყო ერთადერთი შეკითხვა: გსურთ თუ არა  საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს?მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა შეკითხვას პასუხი დადებითად გასცა. მე  სოხუმელი ვარ და აფხაზეთში ვაქტიურობდი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას.  

 

რეფერენდუმის დანიშვნის დროს, ზვიად გამსახურდია იყო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მომზადდა. მახსოვს ის საოცარი ერთსულოვნება არამარტო უზენაეს საბჭოში, არამედ მთელ საქართველოში... იყო ენით აღუწერელი სიხარული და ერთიანობა, - იხსენებს რევაზ კემულარია.

 

-ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის  რიჩარდ ნიქსონის  თბილისში ჩამოსვლაც სწორედ  რეფერენდუმის ჩატარების დღეს დაემთხვა...

 

- ეს უბრალო დამთხვევა არ იყო. მათ თავად გამოთქვეს ამის სურვილი. როდესაც თბილისში ამერიკის დელეგაცია ჩამოვიდა,  რუსეთის აგენტურამ კინოს სახლთან მიტინგი მოაწყო და პოლიციამ გვესროლაო, ამბობდნენ... ხელის შეშლა უნდოდათ. მაშინ  თხუნელებივით გამოძვრნენ  უსახო აგენტები... ხდებოდა ღალატი ღალატზე... ამბობდნენ - ჯერ დემოკრატია, შემდეგ თავისუფლება. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, თუ თავისუფალება არ გაგაჩნია? თუ სახელმწიფო არ გაგაჩნია?

 

-როგორც ვიცი, მაშინ ნიქსონმა განაცხადა, რომ წუხდა, რეფერენდუმში მონაწილეობა რომ არ შეეძლო…

 

- კი, იყო ასეთი შემთხვევა. თუმცა ბევრი ჭორიც იყო: ამბობდნენ, თითქოს ზვიად გამსახურდია ნიქსონის წინააღმდეგ წავიდა და სხვა.  სინამდვილეში, ნიქსონთან საუბარი წარიმართა ძალიან დადებითად. გამსახურდია დასავლეთს თხოვდა აღიარებას. აღიარება მოხდა და მოხდა  ჩვენს დროს,  გადატრიალების პერიოდში, მაგრამ შევარდნაძემ ეს  თავის თავზე მიიწერა.

 

 

- ისევ რეფერენდუმს რომ მივუბრუნდეთ... რუსეთი სეპარატისტული ჯგუფებისა და მედიის საშუალებით  ცდილობდა ხელი შეეშალა რეფერენდუმისთვის. მაგალითად, რუსები  ამბობდნენ, რომ ამ რეფერენდუმში მხოლოდ ეროვნებით ქართველებმა მიიღეს ონაწილეობა.

 

- რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთმა გადაარჩინა; დღეს რომ ერი გადაშენებული არ არის, ეს მათი დამსახურებაა და ა.შ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო -  რუსეთი ყოველთვის ხელს უშლიდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მისთვის ძალიან რთული იყო იმის ყურება, როგორ კარგავს მათი  იმპერია გავლენას. რუსეთის ინტერესეში შედიოდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის დაპყრობა.

 

რუსეთის ხელწერა - ნგრევის ხელწერა, გათიშე და იბატონეს ხელწერა  - დღემდე არ შეცვლილა  და, რა თქმა უნდა, მაშინაც იგრძნობოდა. მას არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა დამოუკიდებელი საქართველო და  ყველა ღონეს ხმარობდა აერია სიტუაცია, არ შემდგარიყო თუნდაც რეფერენდუმი და არ მომხდარიყო დამოუკიდებლობის გამოცხადება.

 

რუსეთი, მედიის საშუალებით, ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ ვჩაგრავდით სხვა ეროვნების  მოქალაქეებს - სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს... ეს წმინდა წყლის ტყუილი იყო. მაშინ მე საზოგადოებრივად ძალიან აქტიური ვიყავი. არ არსებობს ოჯახი, სადაც არ მივსულვართ და სიმართლე გითხრათ, აგიტაცია არც დაგვჭირვებია -  ერი მოწყურებული იყო თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ორგანულად ითხოვდა. ამას პროპაგანდაც არ სჭირდებოდა. რეფერენდუმში აფხაზებმაც მიიღეს მონაწილეობა და ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცეს. მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ სეპარატისტული ჯგუფების,  რუსეთის აგენტურის და  შევარდნაძის უგუნური პოლიტიკის წყალობით მოხდა ის, რაც მოხდა...

 

- რუსეთის მედიაში მაშინ იმასაც ”ხუმრობდნენ”, რომ რეფერენდუმის შედეგები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეხებოდა 1 აპრილს - ტყუილის და ხუმრობის დღეს გამოცხადდა.

 

- რუსულ მედიას მაშინაც და ახლაც აკონტროლებდა და აკონტროლებს რუსეთის უშიშროება. რუსული მედია არ არის ჟურნალისტების. ყვითელი პრესაც კი  უშიშროების დაქვემდებარებაშია. რუსული მედია ყოველთვის ახმოვანებდა და ახლაც ახმოვანებს რუსეთის ხელისუფლების ნებას. იცით რა ხდებოდა? - უკვე როდესაც გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა  და ეკონომიკაზე, ინვესტორების მოზიდვაზე ვფიქრობდით,  ამერიკის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა, ევროპელებმაც დაიწყეს ჩამოსვლა და უკვე გვცნობდნენ როგორც სახელმწიფოს, აი, ზუსტად იმ მომენტში, თავისი აგენტურული ქსელის გამოყენებით, დაგვარტყა რუსეთმა. ეს აგენტურული ქსელი ახლაც იმხელა ყოფილა საქართველოში, რომ  ვერც კი წარმოვიდგნედი.

 

ყველაფრის წარმოდგენა შემეძლო, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ აფხაზეთის და  2008 წლის ომების შემდეგ, ამდენი დაღუპული ადამიანის და ოკუპირებული ტერიტოების შემდეგ, თბილისის ცენტრში ვინმე გაბედავდა გამოსვლას, რუსეთის დროშის აფარიალებას და თქმას, რომ, თურმე, რუსეთი ოკუპანტი არ არის - ეს არის ერის გადაგვარების ნიშანი, რსაც დროზე უნდა ვუშველოთ.

 

- საგულისხმოა, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა...

 

- დიახ.  როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობის აღწერა იგეგმება. ეს არ იქნება სრულყოფილი აღწერა იმიტომ, რომ დაკარგული გვაქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. არასდროს ვყოფილვარ ვინმეს მიმართ აგრესიული. მაგრამ მინდა ვთქვა და მივმართო საზოგადოებას  -  არ მივცეთ საშუალება რუსეთუმეებს, რუსეთის დროშა აფრიალონ თბილისის ქუჩებში და მოუწოდონ ხალხს, რომ რუსეთი კარგია. არ არსებობს კარგი რუსეთი, არსებობს მხოლოდ ერთი რუსეთი და ეს არის დამპყრობელი რუსეთი. მათთვის ბედნიერება არის სხვისი მიწების დაპყრობა. ვიყოთ ერთად და ეს ბედნიერება არ მივანიჭოთ რუსებს. ამ დარჩენილ საქართველოსაც ნუ დავაქუცმაცებთ და ვიყოთ ფხიზლად. რუსეთის დროშის მოფრიალეებს კი ვურჩევ, ნუ ჩაეწერებიან სამშობლოს მოღალატეების სიაში, რადგან ეს სია  უკვე ისედაც გრძელია.

 

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია