ახალი და ძალიან ცუდი თამაშის წესები: შევცვალოთ ისინი, სანამ გვიან არ არის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-04-2014, 15:46 | პოლიტიკა | ნანახია - 3660

ნიკოლოზ რურუა

ახალი და ძალიან ცუდი თამაშის წესები: შევცვალოთ ისინი, სანამ გვიან არ არის 

ეს ყველაფერი ცუდ სიზმარს ჰგავს. უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლისა და რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოსთვის ტერიტორიის ღიად და უცერემონიოდ წართმევა-წაგლეჯვის შემდეგ მსოფლიო ისეთი ნამდვილად ვეღარ იქნება, როგორიც ის უკანასკნელი 20 წელი იყო. ანუ, ის ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის “ცივი ომის” დასრულების შემდეგ გახდა.

 

როგორც ირკვევა, ხანდახან ისეთი რამეებიც ხდება, როგორიც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, თუნდაც თეორიულ დონეზე. ვლადიმერ პუტინის ქმედებათა კასკადის გამო, რომლებიც  სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაიწყო და რომელიც აქამდე დაუბრკოლებლად გრძელდება უკრაინაში, დღეს მსოფლიო პოლიტიკა ისევ ჰობსის “ლევიათანად” იქცა.

 ახალი და ძალიან ცუდი თამაშის წესები: შევცვალოთ ისინი, სანამ გვიან არ არის

პარადოქსია, მაგრამ ომები, თან დიდი და დამანგრეველი ომები, სწორედ მაშინ იწყება ხოლმე, როდესაც მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ მშვიდობაზეა საუბარი; და ამგვარი ომები მაშინ არ ხდება(ანუ მაშინ ისადგურებს ხანგრძლივი მშვიდობა დედამიწაზე), როდესაც ომისათვის ყველა მზადაა. ამ წესს გამონაკლისიც გააჩნია, რა თქმა უნდა, ესაა პირველი მსოფლიო ომი, რომლის დაწყებაც ბევრ სახელმწიფოს სურდა და მიიღო კიდეც. მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, რომელიც წესს ამტკიცებს(მომიტევეთ კლიშე).

 

“ცივი ომი”, რომელში გამარჯვებასაც ნაადრევად ზეიმობდა დასავლეთი, ჩვენს თვალწინ ისევ განახლდა. სიმართლე მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ “ცივი ომი” დასავლეთს არ მოუგია - ის საბჭოეთმა წააგო.

 

წააგო, რადგანაც კოლოსალური მასშტაბის პოლიტიკური ექსპერიმენტი, სახელად კომუნიზმი, ცხოვრების კანონზომიერებამ და ადამიანთა ბუნებამ დაამარცხა. როგორც გვახსოვს, საბჭოთა კავშირი შიგნიდან დაინგრა, საკუთარი თავის შიგნითვე გასკდა, ანუ იმპლოზია (implosion) მოუვიდა, როგორც ეს ვაკუუმის პირობებში მომხდარ “შეწოვილ” აფეთქებას ახასიათებს ხოლმე.

 

თუმცა ამაში მას დასავლეთიც დაეხმარა - დიდმა ჰუმანისტმა და პოლიტიკოსმა ვაცლავ ჰაველმა კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია საბჭოთა იმპერიის ნგრევა, ერთხელ, ნახევრად ხუმრობით ასე უპასუხა: “ბითლსებმა” (იგულისხმება ბრიტანული ანსამბლი Beatles).

 ახალი და ძალიან ცუდი თამაშის წესები: შევცვალოთ ისინი, სანამ გვიან არ არის

ეს მართლაც ასე იყო. დასავლეთს ჰქონდა უზარმაზარი “რბილი ძალა”, რომელიც საბჭოთა კავშირის ხალხებზე მომაჯადოვებლად მოქმედებდა - იქნებოდა ეს სახელოვნებო სფეროში არსებული მრავალფეროვნება თუ საყოფაცხოვრებო მოხმარების შეუდარებლად უკეთესი ნიმუშები, შრომის ანაზღაურება თუ ჯანდაცვა.

 

აქ მახსენდება აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთი თანამშრომელი ქალის მოგვიანებით გასაჯაროებული ანგარიში საბჭოთა კავშირის, როგორც სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარების პოტენციაზე, რომელიც ამ ქალბატონმა დაწერა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ,.... საბჭოთა მაღაზიების თაროებზე გამოდებული საყოფაცხოვრებო პროდუქციის დათვალიერებითა და ანალიზით.

 

ამ ანგარიშის მთავარი დასკვნა, რომ საბჭოთა კავშირი ვერ მიაღწევდა დიდ ტექნიკურ და სოციალურ პროგრესს უახლოეს 30-40 წელში, ეფუძნებოდა ავტორის ერთ უმარტივეს და გენიალურ დაკვირვებას - კერძოდ, მზვერავი ქალბატონი ნანახიდან გამომდინარე ასკვნიდა, რომ: “..იმ ხალხს, რომელიც ცხოვრების ძირითად ნაწილს საოცარ ერთფეროვნებაში ატარებს; იმ ხალხს, რომელსაც თითქმის ერთი ან ორი ტიპის ფეხსაცმელი და ერთი ან ორი მოდელის პალტო აცვია; იმ ხალხს, რომელიც ინდივიდუალიზმს ღიად თუ დაფარულად ებრძვის, არ შეიძლება ჰქონდეს უნარი, რომ მიაღწიოს დიდ გამოგონებებსა და ინოვაციებს სხვადასხვა ტექნიკურ, სამეცნიერო თუ კომერციულ მიმართულებებში და სრულფასოვანი წინააღმდეგობა გაუწიოს თავისუფალ საზოგადოებაში გაზრდილი ადამიანების შესაძლებლობას.”

 ახალი და ძალიან ცუდი თამაშის წესები: შევცვალოთ ისინი, სანამ გვიან არ არის

ამ სიტყვების დაწერიდან 20 წლის თავზე საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს ფაქტი როგორც ამ იმპერიის დაპყრობილმა ხალხებმა, ისე მთელმა თავისუფალმა სამყარომ იზეიმა.

 

წაგებული მხარე თითქოს არც არსებობდა. “ცივი ომი” ისე დამთავრდა, რომ ყველა მოგებული დარჩა - ასეთი იყო ოფიციალური და საყოველთაო ვერსია ამ ისტორიული ფაქტისა.

 

ბუნებრივია, სინამდვილეში ნამდვილად იყვნენ წაგებულები - როგორც მინიმუმ, ის რეპრესიული ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობასაც ეფუძნებოდა ტოტალიტარული იმპერია; ის სამსახურები, რომელთა ადგილიც თავისუფალ სახელმწიფოში, გამომდინარე მათი ბუნებიდან, აღარ არსებობდა - ანუ ყველა ის ათასობით ადამიანი, ვინც რეპრესიულ აპარატს ყოველდღიურად აცოცხლებდა სამი თაობის უწყვეტ მონაცვლეობაში.

 

ამ მომენტისთვის ტრიუმფის ეიფორიით მთვრალმა დასავლეთმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა: მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად აღარ არსებობდა კომუნისტურ-ბოლშევიკური წეს-წყობილება, არ მოხდა ამ იდეოლოგიის ობიექტური შეფასება და დამსახურებული გაკიცხვა - რაღაც კომუნისტური წყობის ნიურემბერგის პროცესის მაგვარი რამ.

 

თავისუფალმა სამყარომ ტოტალიტარული რეჟიმის დამარცხება საკუთარ აბსოლუტურ გამარჯვებად მიიჩნია და დიდსულოვნად “აპატია” ბოლშევიზმს ყველა მისი ცოდვა, მტკიცედ დარწმუნებულმა იმაში, რომ ასეთი არაადამიანური რეჟიმი მომავალში აღარ და ვეღარ რეანიმირდებოდა.

 

ამ თითქმის ინფანტილურმა ეიფორიამ ჩაითრია აკადემიური წრეებიც. ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითს ამგვარი თავბრუსხვევისა წარმოადგენს ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამას ნაშრომი სახელად “ისტორიის დასასრული”, სადაც ავტორი წინასწარმეტყველებს, რომ დემოკრატიამ, როგორც ერთადერთმა სისტემამ, საბოლოო გამარჯვება ჰპოვა ტოტალიტარულ და ავტოკრატიულ იდეოლოგიებზე და რომ ამგვარი საფრთხე ფაქტიურად აღარ იარსებებდა დემოკრატიის ამ დამაგვირგვინებელი ტრიუმფის შემდეგ.

 

ამ სახიფათოდ ნაივური პროგნოზის ცდომილებაში დღეს აღარავის დარწმუნება არ არის საჭირო.

 

გაუსამართლებელმა ბოლშევიზმმა ხელისუფლებისაკენ გზა ისევ იოლად გაიკვლია და დღევანდელი დღისათვის ტერიტორიით ყველაზე დიდ სახელმწიფოს საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ოფიცერი მართავს.

 

ეს დაახლოებით იგივეა, რომ ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, სულ რაღაც ოციოდ წელიწადში გაერთიანებული გერმანიის სათავეში ეს-ესის ან გესტაპოს ოფიცერი მოვლენილიყო; უფრო სწორად, ამაზე უარესიც: გაერთიანებული გერმანია ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა არ არის, მაშინ, როცა კომუნიზმის დამარცხების შემდგომ მუტაციაგავლილი რუსეთი ბირთვულ სახელმწიფოდ რჩება.

 

მაგრამ დასავლეთმა, მიუხედავად მისი დიდი ტექნოლოგიური, სამხედრო, თუ სამეცნიერო უპირატესობებისა, ჯიუტად განაგრძო მოწინააღმდეგის არდაფასება-იგნორირება იმის იმედით, რომ “თავისუფალ ქვეყანათა კლუბში” მიღება პოსტ-საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ელიტასა და მის ახალ ხელმძღვანელს რაღაცნაირი გარდაუვალი კანონზომიერებით “მოანდომებდა” უფრო კარგ, დემოკრატიულ, პროგნოზირებად პარტნიორად ქცევას. ამის კარგი მაგალითია ჯორჯ ბუშის მიერ ვლადიმერ პუტინის თვალებში ჩახედვის შედეგად “მისი სულის დანახვა” ან პრეზიდენტ ობამას უკვე რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება ბრიუსელში, რომ რუსეთი მხოლოდ რეგიონული ძალაა და რომ მას არ შესწევს სერიოზული პრობლემების შექმნა თავისუფალი სამყაროსათვის.

 

სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ არა, დასახელებულ დასავლელ ლიდერებს მათივე ევროპელი კოლეგების ჩათვლით, ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ტიპის სახელმწიფოსთან აქვთ საქმე პუტინის რუსეთის სახით. მეტიც, ისინი ვერ აცნობიერებენ პუტინის ქმედებებში რუსეთის უკანასკნელი 400 წლის ჯიუტ, ფაქტობრივად, გამყარებულ ტენდენციას მტაცებლური ექსპანსიონიზმისა, რომელიც, თუ გარე ძალებისა და რუსეთის აგრესიის ქვეშ მოყოლილი, ძირითადად, მეზობელი სახელმწიფოების ერთობლივი მტკიცე და კარგად გათვლილი წინააღმდეგობით არ შეჩერდა, ის კაცობრიობისათვის მესამე, და შესაძლოა უკანასკნელი კატაკლიზმით დამთავრდეს.

 

პუტინი აგრძელებს ივანე მრისხანეს, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორის, ლენინისა და სტალინის ისტორიულ გზას, რომელიც მას არათუ წარსულის ამბად, არამედ საკუთარ ისტორიულ მისიად მიაჩნია. ყოველ მათგანს სჯეროდა, რომ, თუ არა ექსპანსია, ანუ ახალი მიწებისა და გავლენების ძალითა და მოსყიდვა-მოტყუებით მოპოვება, დროთა განვავლობაში რუსეთი ისევ პირველად ტერიტორიად - მოსკოვიად გადაიქცეოდა.

 

ასეთია მტაცებლის ბუნება: მას მიაჩნია, რომ როგორც კი გამოსწორების გზაზე დადგება, დაკარგავს ყველა მიტაცებულ და უკანონოდ მიღებულ მონაპოვარს. ეს ელემენტარული, შესაძლოა, ოდნავ გამარტივებული ჭეშმარიტება, დროა, თავისუფალმა სამყარომ გაიგოს და რუსეთის მიერ დასაპყრობად განწირულ, თუ უკვე ნაწილობრივ ოკუპირებულ სახელმწიფოებთან ერთად შეიმუშაოს და აწარმოოს გრძელვადიანი და ეფექტური წინააღმდეგობის პროგრამა. სხვაგვარად, რუსეთის მიერ დაპყრობისათვის განწირულ ერებთან ერთად მომავალი აღარც თვითკმაყოფილებაში ჩამტკბარ თავისუფალ სამყაროს ექნება.

 

იმედია, ამის მიხვედრა თავისუფალ სამყაროს მესამე მსოფლიო ომის გარდაუვალ რეალობად ქცევამდე შეუძლია.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია