9 აპრილის ჩაძირვა იგეგმება?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-04-2014, 14:50 | ბლოგები | ნანახია - 2808

ნათია მეგრელიშვილი

 

ყველა ეპოქას თავისი თარიღი აქვს, რომელსაც უფრთხილდება და ზოგჯერ ეთაყვანება კიდეც. ჩვენი თაობის სიყრმის არსის და პასუხისმგებლობის თარიღი არის 9 აპრილი, რომელიც ჩვენი სიამაყეც არის და გადაულახავი და დაუვიწყარი დარდიც.

 

უკანასკნელ პერიოდში „ახალ საქართველოში“ ბევრჯერ მოვისმინე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის დღე არის 1 ოქტომბერი.

 

არც იოცნებოთ!

 

1 ოქტომბერი არჩევნების დღე იყო, როცა ერთი ხელისუფლება ჩაანაცვლა მეორემ, რომელიც, არამცთუ ერთი ერთში ემსგავსება წარსულს, არამედ აჭარბებს კიდეც (ნეგატივში)…

 

ისე ერთი თარიღი თქვენც გაქვთ „საამაყო 17 მაისი“ და შეგიძლიათ აღნიშნოთ, ოღონდ ვიწრო წრეში, ახლობლებში.

 

9 აპრილი არის ჩვენი თავისუფლების დღე, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილეთ და წიგნებიდან არ შეგვიტყვია. თითოეული ჩვენგანი, ვინც იქ ვიყავით, არის ცოცხალი მემატიანე იმ დიდებული განცდებისა, რაც ბედმა გვარგუნა. გარდა იმისა რომ 1988 წლის ნოემბრის და 1989 წლის აპრილის აქციებს ჰქონდა იდეა, დამოუკიდებლობის მოპოვების იდეა, იქ მოხდა სასწაული. . . . .აქციების დროს ქალაქში თითქმის არ მომხდარა კრიმინალური ინციდენტი, ადამიანები მიიჩქაროდნენ რუსთაველის პროსპექტისკენ და მდუმარედ იდგნენ საათობით. ძალიან იშვიათად ვუსმენდით სიტყვით გამომსვლელებს, არ ვიყავით ფანატიზმით შეპყრობილნი და თავს უბრალო ჯარისკაცებად ვთვლიდით. ესეც გაუცნობიერებლად ხდებოდა, ყველა გრძნობდა, რომ დღეს მისი ადგილი არის რუსთაველზე და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიონებიდან და სოფლებიდან ჩამოდიოდა და თბილისელებთან ერთად ღამეებს ათენებდა მოშიმშილეთა დასაცავად.

 

და ყველაფერი ამის მერე 25 წელიწადი გავიდა და ისევ დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრობლემა დაგვიდგა. მთავრობა არ იმჩნევს, მაგრამ, ვისაც პოლიტიკის ანა-ბანა გაეგება, ყველამ იცის, რომ დღეს ისევ გზის გასაყარზე ვდგავართ, სადაც ისევ ჩასაფრებულია რუსი და ქართველი, ისევე როგორც 1921 წელს.

 

აი, მსგავსი ღალატი 9 აპრილს არავის გაუბედავს. მიუხედავათ იმისა, რომ თბილისში ბრძანდებოდა ტრაგიკული ღამის ერთ-ერთი ავტორი, ისიც კი გრძნობდა, რომ ერთი ზედმეტი მოძრაობა და ხალხს ვეღარაფერი შეაჩერებდა და მოუწევდათ მასობრივი ჟლეტის მოწყობა.

 

40 დღე რუსთაველის ქუჩა, გადავსებული ყვავილებითა და სანთლებით, იღებდა უამრავ სტუმარს, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ისე უცხო ქვეყნებიდან. როგორ უნდა ვთქვათ, მაგრამ საოცარი სიყვარულით იყო სავსე ქალაქი და ეს სიყვარული მხოლოდ 40 დღე გაგრძელდა. ტაქსის მძღოლები ფულს არ გვართმევდნენ, ყველა ერთმანეთს გზას უთმობდა და ქალაქში იყო დუმილი და სევდა. თუ არ ჩავთვლით 10 აპრილის დიდ დემონსტრაციას. . . . მანქანების კოლონები დაიძრნენ ქალაქის ყველა მიმართულებით, არ წყდებოდა სიგნალები და ფანჯრებიდან ფრიალებდა დამოუკიდებელი საქართველოს დღოშები. . . . ბევრს ვტიროდით, მაგრამ მაინც მიხარია, რომ მსგავსი რამ ვიხილე და ერთ დღეში შევიცვალეთ კიდეც. ეს იყო ნამდვილი მეტამორფოზა, ჩვენ ძალიან შევიცვალეთ და გავიზარდეთ, შეიძლება დავბერდით კიდეც.

 9 აპრილის ჩაძირვა იგეგმება?

 მაგრამ 40 დღის შემდეგ სასწრაფოდ ააგორეს შიდა ქართლის ანუ ვითომ „ოსეთის“ პრობლემა და იქიდან დაიწყო ჩვენი უბედურებაც. ბავშვობაში მიკვირდა ტროას ომი ათი წელი როგორ მიმდინარეობდა-თქო და, თურმე ნუ იტყვი, ისეთი ტროა გვაჩუქა 90-იანმა წლებმა, რომ, თუ სამშობლოს მტერი არ ხარ, ეს ეპოქა შეგნებულად არ უნდა დაივიწყო, რათა მსგავსი არაფერი განმეორდეს.

 

და დღეს საქართველოში, სადაც 9 აპრილი ჯერ კიდევ არ არის ისტორია და ჩვენი ცხოვრების ნაწილია, თურმე საქართველო გადარჩა 1 ოქტომბერს?

 

არც იოცნებოთ, არც გაბედოთ, ალბათ მაშინ პატარები იყავით, ან თბილისში ჯერ არ ცხოვრობდით და ამიტომ თავი შეიკავეთ და, კეთილი ინებეთ, ეს დღე არ შებღალოთ იმ უსუსური პრორუსული გამოსვლებით, რუსული რომანსებით, არასამთავრობო ევრაზიული კავშირებით, რუსული დროშებით, პუტინის გამართლებით, რომელიც თურმე საზიზღარმა სააკაშვილმა მოატყუა და ომში ჩაითრია. . . . . . . . . . რა მოგივიდათ ხალხო, გენერალ როდიონოვის ნათესავები ხართ? პუტინი და რუსი ჯარისკაცები გეცოდებათ, ვინც თურმე საქართველოს გასათავისუფლებლად ჩვენს მიწაზე სისხლი დაღვარა? მერე და ვინ თხოვა დახმარება? ვინ? საქართველომ?

 

შიდა ქართლი ოსეთი არ არის -  ეს, პირველ რიგში, ქართველებმა უნდა გაიგონ და მერე შეიძლება დავარწმუნოთ უცხო ტომის ხალხი. ეს არის ცენტრალური საქართველო, სადაც იყო უამრავი სათავადო: სამაჩაბლო, საციციანო, სამუხრანო და ა.შ. რა ოსეთი, რის ოსეთი? ამ მიწაზე ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები, ნაკლებად - სომხები და სულ მცირე - ოსები, მაგრამ სტალინმა ლენინიც გაახარა და ქართველებზეც იყარა ჯავრი. საქართველო ხომ გააწითლა და შიდა ქართლი ოსებს აჩუქა, რატომ მათ და არა ებრაელებს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ? მაგრამ მათი იმედი არ ჰქონდა, ვერ იტანდა ებრაელებს და ოსების რამდენიმე ოჯახს ავტონომია გაუფორმა. იქნებ ეს კაცი მართლა ოსი იყო და დავაზუსტოთ, რომ ჩამოგვშორდეს ეს ლაქა.

 

დღეს საქართველოს დიდ ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და შიდა ქართლში - ისევ დგას რუსის ჯარი და რა დროს გამობობღდებიან დედაქალაქისკენ, არავინ იცის. და ასეთ დროს ხელისუფლება არ უნდა ინაზებოდეს, ხალხი ყველაფერს არ უნდა იჯერებდეს, რუსეთუმეებმა ხმა არ ამოიღონ და ახალგაზრდა ევრაზიელებსაც ვთხოვდი, რომ გაიხედეთ უკან, სადაც 9 აპრილი დაგხვდებათ და იმ თქვენს თანატოლებზე დაფიქრდით, ვინც რკინის ნიჩბებით დაჩეხეს თქვენმა ერთმორწმუნე „ძმებმა“. აზრზე მოდით. . . . . გასაგებია, რომ კარგად გაფინანსებენ და ცხოვრების საშუალება გაგიუმჯობესდათ, მაგრამ რის ხარჯზე? დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში არც ერთ თქვენგანს არ უნდა, იყოს იუდა. იფიქრეთ თქვენს შთამომავლობაზე, რომელსაც ნებისმიერი თქვენი ნაბიჯი მოეკითხება. და ნუ გადაყრით წყალში 9 აპრილის მონაპოვარს-ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაწყისი და ამ დღეს ყოველთვის პატივი მიაგეთ. თუ პომპეზურობა არ მოგწონთ, არც არავინ გავალდებულებთ. უბრალოდ, პომპეზურ პროტესტს ნუ გამოავლენთ და რუსებს ნუ ეტყვით, რომ მეზარბაზნეები არ გვყავს.. . . . . ..

 

9 აპრილს ვერაფერი გადაფარავს. და თუ საჭირო გახდა, „ახალი ხელისუფლება“ დარწმუნდება, რომ არც ისე ადვილი იქნება ჩვენი ჩამეგობრება რუსეთთან. იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტის, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ რუსთაველის გამზირი ისევ არსებობს და, რაც მთავარია  - იუდა ერთია, ქრისტეს მიმდევარი კი ათასობით ადამიანი.

 

პრეზიდენტმა, ზოგიერთი პარლამენტარისგან განსხვავებით, ისიც იცის, რომ  

9 აპრილი იყო -„წამი! წამი უდიდებულესი!!-მერაბ კოსტავა“, როგორიც მას შემდეგ საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორებულა.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია