ეროვნული ტრიადა VS დემოკრატიული ფასეულობები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-04-2014, 17:03 | ბლოგები | ნანახია - 2022

ეროვნული ტრიადა VS დემოკრატიული ფასეულობებიგიორგი კავკასიძე

 

2012 წლის ნოემბერში ჩემს ფეისბუქის გვერდზე დავწერე - საპარლამენტო არჩევნებში ძველმა ტრადიციულმა ფასეულობებმა მოუგეს ახალ (მოსახლეობისთვის გაუგებარ) ფასეულობებს.
ამ მოსაზრების სიმართლეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც რამდენიმე დღის წინ ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავას ლექცია “აღმოვაჩინე” ინტერნეტში, სახელწოდებით “ ქართული ხალხური პროფესიული ზღაპრები”


ცნობილია რომ ყველა ერის ტრადიციული ფასეულობების ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვთ ზღაპრებს, იგივე ხალხურ სიბრძნეს.
თითქმის ყველა ქართულ ზღაპარში სიკეთე ამარცხებს ბოროტებას და როგორც წესი ზღაპრის გმირი იმარჯვებს. ასეთი გმირებია - ნაცარქექია, ნახევარქათამა, ხუთკუნჭულა, ასფურცელა, წიქარა და სხვები.
როგორც ბატონი ალექსანდრე აღნიშნავს, ამ გამარჯვებულ გმირებს სამი ძირითადი “სტრატეგია” აქვთ
1. ტყუილი (ეშმაკობა, ხრიკი)

2. ძალადობა

3. ჯადო
ეს არის ის სამი ტრადიციული პრინციპი რომელსაც მე პირობითად  “ეროვნული ტრიადა” ვუწოდე, რომლის საშუალებითაც ზღაპრების გმირები (ისევე როგორც თანამედროვე ქართველების უმრავლესობა)ცდილობენ “ბოროტზე გამარჯვებას” - ანუ სანუკვარი მიზნის მიღწევას.
როგორც ბ-ნი ჯეჯელავა მართებულად აღნიშნავს, ქართული ზღაპრების გმირების გამარჯვების “სტრატეგიაში” არ შედის არც სწავლა-განათლება და არც შრომა. ზღაპრის გმირს არ სჭირდება სწავლა -  მან ისედაც “ყველაფერი იცის”. ხოლო შრომის და ჯაფის  აუცილებლობას  “ჯადო” ანაზღაურებს

 

თუ  “ეროვნული ტრიადის” კონტექსტში განვიხილავთბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, შეიძლება ითქვას რომ 2012 წლის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" კი არა “ქართულმა ტრიადამ” მოიგო - რომლის განსახიერება იყო ბიძინა ივანიშვილი. უბრალო სოფლის ბიჭი, რომელმაც ხრიკებით, ძალადობით, “ჯადოს” დახმარებით მიაღწია საწადელს - 6 მილიარდი დოლარის ქონების პატრონი გახდა. მთელ დასავლეთის სამყაროს უკვირს - როგორ მოხდა რომ ბ.ივანიშვილმა ასეთი პოპულარობა მოიპოვაო. იმიტომ ბატონებო რომ ბ. ივანიშვილი ქართველი ამომრჩევლისთვის  ნაცარქექიაც არის, ხუთკუნჭულაც, ასფურცელაც და ქართული ზღაპრების სხვა ყველა გმირი ერთად. მოსახლეობამ ხმა მისცა თავისი ქვეცნობიერის “გმირს”, იმ იმედით რომ იგი  ერთი ხელის მოსმით მათ მდიდრებად და ბედნიერებად აქცევდა (“ჯადო”)

ხოლო "ჯადოსი"  რომლის საშუალებითაც მიზნის მიღწევა უშრომველად იქნება შასაძლებელი, ქართველებს ბავშვობიდან სჯერავთ, ქვეცნობიერშია აღბეჭდილი. იგივეს ქადაგებს ქართული ეკლესიაც - “საქართველო გაბრწყინდება".

"ეროვნული ტრიადა” - როგორც ფასეულობების სისტემა, სრულიადარ ამართლებს ნაცმოძრაობის მიერ დაშვებულ მცირე თუ უპატიებელ შეცდომებს, მაგრამ ხსნის ბ.ივანიშვილის პოპულარობას, ასევე იმ აგრესიას და სიძულვილს, რომელიც კარგად მოფიქრებულმა პროპაგანდამ დანერგა “ნოყიერ ნიადაგზე”.


მათ ვინც გამუდმებით ლაპარაკობს ნაცმოძრაობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე და “სისხლიან 9 წელზე”, რატომღაც ავიწყდებათ იგივე ან უარესი დანაშაულები, რომლებიც 1991-2003 წლებში ხდებოდა.

ბევრი საუბრობს 2007 წლის ნოემბრისა და 2010 წლის მაისის მიტინგების დაშლაზე,  მაგრამ ავიწყდებათ 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა.

მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ახლიდან გამოძიებას, მაგრამავიწყდებათ უშიშროების საბჭოს მდივნის - ნუგზარ საჯაიას ბურუსით მოცული “თვითმკვლელობა”.

სანდრო გირგვლიანის სიკვდილის საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა, ხოლო გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე კი “ჩაიფარცხა” და ნამდვილი მკვლელის (ან მკვლელელბის) ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია.

აღშფოთებით საუბრობენ ტელე-იმედის დარბევაზე, მაგრამ ავიწყდებათ სახელმწიფო გადატრიალება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნა და მისი ბურუსით მოცული სიკვდილი.

რუსეთთან ბრძოლა ორივე პარტიის (მოქალაქეთა კავშირის და ნაციონალური მოძრაობის) მმართველობის პერიოდში მოხდა. ორივე შემთხვევაში რუსეთმა გაიმარჯვა, ორივე ომს მოჰყვა მსხვერპლი, ეთნოწმენდა, ლტოლვილები და სხვა ათასი უბედურება. თუ შევადარებთ ამ ომების შედაგად მიღებულ მატერიალურ და ადამიანურ ზარალს, მოქკავშირმა გაცილებით მეტად “აზარალა” საქართველო, ვიდრე ნაცმოძრაობამ, მაგრამ აფხაზეთის ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20% -ის  “დე ფაქტო’ დაკარგვაე. შევარდნაძეს “შერჩა”,  ხოლო 2008 წლის ომი და დაკარგული ტერიტორიები ერთ-ერთი  მთავარი არგუმენტია მ. სააკაშვილის წინააღმდეგ.
აღარაფერს ვამბობ დსთ-ში საქართველოს “შეთრევაზე”, რუსულ “მშვიდობის დამცველებზე” , ტოტალურ კორუფციაზე და სხვა “სიკეთეებზე” რაც 1992-2003 წლებს უკავშირდება.

 

მოკლედ, როდესაც ნაცმოძრაობის ოპონენტები საუბრობენ “სისხლიან 9 წელზე”, ისეთს ვერაფერს აღნიშნავენ, რაც მოქკავშირის მმართველობის პერიოდში არ მომხდარა.ამიტომ ბევრისთვის ძნელი გასაგებია რატომ “წაართვა” ქართველებს ღირსება ნაცმოძრაობამ და არ “წაართვა” მოქკავშირმა.  რატომ “ებრძოდა” ქართველობას ნაცმოძრაობა და არ “ებრძოდა” მოქალაქეთა კავშირი. რატომ არ ჰქონია მოსახლეობას  ასეთი აგრესია და ზიზღი ედუარდ შევარდნაძის და მოქალაქეთა კავშირის მიმართ, როგორც მიხეილ სააკაშვილის და/ან ნაციონალური მოძრაობის მიმართ აქვს.

ჩემი აზრით ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე მარტივი პასუხები არსებობს - შევარდნაძე და მოქკავშირი არ დაპირისპირებიან ქართულ ფასეულობებს,  “ეროვნულ ტრიადას”, არ უცდიათ ქართველების ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლა, განსხვავებით სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისგან.

თანამედროვე დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დამკვიდრებაც ნაციონალურმა მოძრაობამ სცადა (და დამარცხდა), პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდა  “ეროვნულ ტრიადასთან” :

 

მერიტოკრატია, ერთიანი ნაციონალური გამოცდები, კონკურსის წესით მიღება სამსახურში  და სხვა “ახალი წესები” - კონფლიქტში აღმოჩნდა ტყუილთან და ხრიკებთან.

ნულოვანი ტოლერანტობა დაუპირისპირდა ქართველისთვის ძალადობის “ ლეგიტიმურ უფლებას”. როგორც ერთმა ცნობილმა რეჟისორმა სავსებით გულახდილად თქვა “ქართველი კანონს უნდა არღვევდესო”, ანუ უნდა ძალადობდეს. მოძალადეს დასჯა კი “არაქართული” გამოდის. ისევე, როგორც არაქართულია  “ჩაშვება” ანუ მოძალადის მხილება, ან სამართალდამცველების დახმარება დამნაშავის პოვნა/გამოვლინებაში.

პროფესიონალიზმის, სწავლის, დაუღალავი შრომის, ეკონომიკის განვითარების გარეშე რომ საქართველო არ გაბრწინდება, ხალხის კეთილდღეობა რომ არ შედგება - ეწინააღმდეგება უშრომველად და/ან სხვის ხარჯზე “გაბრწყინების”მოლოდინს, იგივე “ჯადოს”.

 

2012 წელს პროდასავლური, დემოკრატიული ფასეულობები დაუპირისპირდა ეროვნულ ფასეულობებს და წააგო, რადგან 9 წლის (2004-2012)განმავლობაში არ მომხდარა ახალი, ფასეულობების პოპულარიზაცია-პროპაგანდა. არავინ უხსნიდა მოსახლეობას რატომ ვერ გახდება კორუმპირებული ქვეყანა წარმატებული, რატომ არის ნეპოტიზმი ცუდი და მერიტოკრატია-კარგი, რატომ არის აუცილებელი ცოდნა და განათლება სოფლის მეურნებოსთვის, რატომ არის პროფესიონალიზმი აუცილებელი ეკონომიკის, მეცნიერების, ხელოვნების განვითარებისთვის, რა როლი აქვს ეკონომიკის განვითარებას დემოკრატიის განმტკიცებაში, რა განსხვავებაა სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის, არჩევანის თავისუფლებასა და განუკითხაობის შორის, რას ნიშნავს კანონის პატივისცემა,  და რატომ უნდა იყოს კანონიერება ცხოვრების წესი და ა.შ.

ნაცმოძრაობის უდიდესი შეცდომა იყო რომ არ ხდებოდა მოსახლეობის ინფორმირება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ხალხთან კომუნიკაცია, ამომრჩევლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს და სხვა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს ისე ხსნიდნენ და ნიშნავდნენ, რომ მოსახლეობა ვერც იმას იგებდა, რა “დააშავა” გადაყენებულმა ჩინოვნიკმა და ვერც იმას, რა დამსახურებით ინიშნებოდა მისი შემცვლელი. მოსახლეობის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებამ და  ფასეულობების “ცდომამ” მოსახლეობისთვის ნაცმოძროაბის გაუცხოება გამოიწვია. მტრული სპეცსამსახურების მიერ წარმოებულმა, ქართველის ფსიქოტიპზე “მორგებულმა” პროპაგანდამ და“ჭორების მანქანამ” კი ეს გაუცხოება სიძულვილის ხარისხამდე აიყვანა.
ამას დაემატა “ეროვნული ტრიადის” ძლიერი და გავლენიანი მფარველის  - ეკლესიის  ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, რომელმაც ეს სიძულვილი და აგრესია კიდევ უფრო გააღვივა(დღეს, როდესაც ნაცმოძრაობა აღარ არის ხელისუფლებაში სიძულვილისა და აგრესიის სამიზნე დასავლური ცხოვრების წესი და დემოკრატიული ფასეულობებია).

მოკლედ, მოსახლეობის “განათლების”, პროცესებში ჩართვისა  და მოტივაციის ნაცვლად ხდებოდა “უცხო” ფასეულობების “იძულების წესით” დანერგვა. რამაც სრულიად ბუნებრივი უკურეაქცია გამოიწვია მოსახლეობაში. იმის გამო, რომ ნაცმოძრაობა ქართველების წმინდათა წმინდას - “ეროვნულ ტრიადას” იგივე ნაციონალურ ფასეულობებს (ან გნებავთ ტრადიციებს)  დაუპირისპირდა, მოსახლეობამ “შეიზიზღა და შეიძულა” ნაცმოძრაობა.

ჩემი აზრით სწორედ ეროვნულ ფასეულობებთან დაპირისპირება გახლავთ ნაცმოძროაბის “დანაშაული” და მოსახლეობის ასეთი აგრესიის მიზეზი და არა მხოლოდ მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები (რომლებიც ყველა მთავრობას ჰქონდა და ექნება). ეს ზიზღი და მიუღებლობა უფრო ქვეცნობიერი მგონია, ვიდრე ცნობიერი, გააზრებული.

თუ ჩემი მოსაზრება სწორია, მაშინ ახლო პერსპექტივაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები ძალიან დაბალია (ისევე როგორც რომელიმე პროდასავლური პარტიისა). მათ ან იდეოლოგია უნდა შეიცვალონ და გაემიჯნონ “9 წელიწადს”, ან რამე ახალი “ჯადო” შესთავაზონ ამომრჩეველს.


ხოლო ის რომ “ეროვნული ტრიადა” არც შეცვლილა და არც გამქრალა ძალიან მალე აშკარა გახდა. არჩევნების შემდეგ სულ რამდენიმე თვეში დაბრუნდა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ნეპოტიზმი, “ნათესავების დანიშვნები”, გაიზარდა ძალადობის ფაქტები - ქურდობები, მკვლელობები, ყაჩაღური თავდასხმები, განახლდა ხალხის გატაცებები და მანქანების ქურდობები.

ამ ყველაფერს კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მშვიდად ადევნებს თვალყურს, რადგან ყველაფერი კარგად ცნობილი  “ეროვნული ტრიადის” ჩარჩოებში ხდება. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია