მაფია და ოცნება - ისტორიული პარალელები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-04-2014, 16:05 | კომენტარები | ნანახია - 4344

მიხეილ ანთაძე

                                      

წერილი პირველი

 

დეპუტატები და ამნისტია

 

რამდენიმე პოლიტიკოსისა და დეპუტატის გამონათქვამთა ციტირებით დავიწყოთ:

 

- "სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლში, კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს. კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და პრობლემური. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ, ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან". (ვახტანგ ხმალაძე)

 

- „ქურდი იქნება ყველა საზოგადოებაში და მომპარავი მოიპარავს. ქურდებს თავისი ღმერთი ჰყავდათ ძველ საბერძნეთში. მიხეილ სააკაშვილი არის ჩაუხედავი, გაუნათლებელი, ბნელი პიროვნება ამ საკითხში - როგორ შეიძლება ამოძირკვო ის, რაც არის ადამიანის ბუნებაში... ზოგი მოიპარავს, ზოგი არ მოიპარავს. სახელმწიფოს მოვალეობა არ არის ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა.“ (ლევან ბერძენიშვილი)

 

- „მაფია სამართალდამცავი ორგანოების გამონაგონია, სიცილიელებისკენ მიმართული ეთნიკური ცილისწამება, ქსენოფობების პარანოიდული ბოდვა. მაფია არ არსებობს,    ამ სიტყვის უკან უბრალო ბანდიტები იმალებიან, რათა საკუთარ პერსონებს მნიშვნელოვნება მიანიჭონ და პატიოსანი მოქალაქეები შეაშინონ, ხოლო პოლიტიკოსები და ახლომხედველი რეპორტიორები ამ სიტყვას მექანიკურად, დაუფიქრებლად იმეორებენ და არც კი უფიქრდებიან, თუ რა ცუდი შედეგი მოსდევს სიტყვების ასეთ უპასუხიმსგებლო გამოყენებას“. (ჯუზეპე ალონჯი)

 

- „მაფიის მამოძრავებელი მოტივი მხოლოდ პირველყოფილი ინსტინქტებია,  ვენდეტისა და ომერტის ველურ ჩვეულებებში გამოვლენილი. ეს რიტუალები ბარბაროსული მისტიციზმია, კაცი რომ ძმას მოკლავს და მის სისხლში განბანით იამაყებს, განა ეს ტიპიური კანიბალიზმი არ არის?! დამნაშავეების იდენტიფიცირება შესაძლოა გარკვეული ფიზიკური ნაკლოვანებების - ყურის ბიბილოს, დაბალი შუბლის, გრძელი ხელების და სხვა „კრიმინალური ნიშნების“ მიხედვით მოვახდინოთ. ამ ნიშნების არსებობა ადასტურებს, რომ დამნაშავეები ბიოლოგიური ანაქრონიზმები არიან, ადამიანის ევოლუციის რუდიმენტები. აი, რატომ ჰგვანან ისინი ველურებს, ანუ არაევროპული წარმოშობის ადამიანებს, თუ გნებავთ ცხოველებსაც კი (მიაქციეთ ყურადღება - ამ ლოგიკით ცხოველები უკლებლივ დამნაშავეები გამოდიან. - ავტორის შენიშვნა) რაც შეეხება არაევროპელებს,  ისინი რასობრივი კიბის დაბალ საფეხურზე დგანან და ამიტომაც ბუნებრივად დანაშაულებრივნი არიან. ამიტომ საუბარი მაფიაზე, როგორც მაღალორგანიზებულ სოციალურ სტრუქტურაზე, რომელიც პოლიტიკაშიც კია ჩართული, სრულ უაზრობად მიმაჩნია.“ (ჩეზარე ლომბროზო)

 მაფია და ოცნება - ისტორიული პარალელები

- „მაფია არც სექტაა და არც ასოციაცია, მას არც წესები აქვს და არც წესდება... მაფიოზო არც ქურდია და არც დამნაშავე... მაფია საკუთარი ყოფიერების გაცნობიერებაა, საკუთარ ძალებზე აღმატებული წარმოდგენაა... მაფიოზო ისაა, ვინც მუდამ პატივს გასცემს და თვითონაც პატივისცემას იმსახურებს, ხოლო, როცა მას შეურცხყოფენ, ის კანონს საშველად არ მიმართავს. ისინი თავის თავს მაფიას კი არ უწოდებენ, არამედ ღირსების საზოგადოებას.“ (ჯუზეპე პიტრე)

 

ნათელია, რომ თითოეული ეს გამონათქვამი ორგანიზებული კრიმინალის დაცვას, გამართლებას ან მისი ნამდვილი არსის  შენიღბვას ემსახურება. მოდით, ვნახოთ ავტორები:

 

ჩამონათვალის მე-3 ციტატა მოტანილია 1893 წლის იტალიის პარლამენტის სხდომის ოქმიდან -  სიცილიელი დეპუტატის,  პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და ფსიქოლოგის ჯუზეპე ალონჯის გამოსვლიდან;

 

ციტატა N 4 ცნობილი იტალიელი მეცნიერის, რასიზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსის ჩეზარე ლომბროზოს XIX საუკუნის 90-იან წლებში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ინტერვიუდანაა;

 

ციტატა N 5 - სიცილიის ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატის დემოფსიქოლოგისა და ფოლკლორისტის ჯუზეპე პიტრეს გამოსვლიდან (1893 წელი);

 

ციტატა ნომერი პირველი ეკუთვნის  საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, კანონების უბადლო მცოდნეს ვახტანგ ხმალაძეს (კოალიცია „ქართული ოცნება“. 2014 წელი);

 

ხოლო ციტატა ნომერი 2 კი -  ამავე კოალიციის ინტელექტუალ-ერუდიტს (მათ შორის მართლა ყველაზე ნაკითხს) დეპუტატს ლევან ბერძენიშვილს. (2014 წელი)

 

ისმის კითხვა - რატომ ცრუობენ ეს ადამიანები, რატომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ?

 

პასუხი - იმიტომ, რომ მათ ეს ევალებათ! ევალებათ იმიტომ, რომ მაფია ჩვეულებრივი კრიმინალიდან (ძარცვა, ყაჩაღობა, რეკეტი, კიდნეპინგი) მაღალორგანიზებულ დანაშაულებრივ სისტემად სწორედ მას შემდეგ გადაიქცა, როცა სახელმწიფო სტრუქტურებში თავისი ხალხის ჩანეგრვა მოახერხა. ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენა ოფიციალურად 1875 წლითაა აღნიშნული. მართალია 1860 წლიდან მოყოლებული, ანუ იტალიის სახელმწიფოს შექმნიდან, რაც ამავე დროს მაფიის ორგანიზებულ ძალად ჩამოყალიბებისა და ასპარეზზე გამოსვლის თარიღია, მაფიამ უამრავი პოლიციელი, მოსამართლე, პროკურორი და სხვა სახელმწიფო მოხელე მოისყიდა, გადაიბირა თუ დააშინა, მაგრამ სწორედ 1875 წელს მოხერხდა მაფიის კაცების იტალიის პარლამენტსა და სხვადასხვა დონის არჩევით ორგანოებში დეპუტატებად გაყვანა. ამიერიდან ორგანიზებული კრიმინალი ერთხელ და სამუდამოდ შეეზარდა დემოკრატიულ სისტემას. ეს მანკიერება ჯერ სიცილიას დაეპატრონა, მერე მთელ იტალიას მოედო, იქიდან ამერიკაში გადაინაცვლა, XX საუკუნის განმავლობაში კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ყველგან, სადაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ძალები მძლავრობენ, იქ აუცილებლად არიან  მაფიის დეპუტატები, მეტ-ნაკლები პროპორციით. წარმოიდგინეთ, რამხელა გამარჯვებაა, თუკი რომელიმე ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით კრიმინალური სამყარო ხმების უმრავლესობას მოიპოვებს და ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალად იქცევა!

 მაფია და ოცნება - ისტორიული პარალელები

სრულ ძალაუფლებას მოიპოვებს თუ მხოლოდ რამდენიმე თავის დეპუტატს შეაპარებს პარლამენტში, სულერთია - მაფია არა მხოლოდ საკუთარ წარმატებებს, არამედ, საერთოდ საკუთარ  არსებობასაც საგულდაგულოდ ნიღბავს. XIX საუკუნის ბოლოს შეერთებულ შტატებში პოლიტიკური მიმდინარეობაც კი წარმოიქმნა, რომელიც ვითომცდა იტალო-ამერიკელების უფლებებს იცავდა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფდნენ მაფიის არსებობას და ბრძოლას უმართავდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც თითქოს ამ ტერმინით იტალიელთა ნაციონალურ დისკრიმინაციას ნიღბავდნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ მოძრაობის ყველაზე აქტიური წევრები თვითონ იყვნენ მაფიის ბოსები, ნიუ-იორკისა და სხვა ქალაქების დამნაშავეთა სინდიკატის აქტივისტები და კლანური ოჯახების მეთაურები. იმავე და კიდევ უფრო მძაფრ სურათს იძლევა იტალიის ისტორია.

 

მაფიის კიდევ ერთი აპოლოგეტი, გაზეთ „აპოსტოლატოს“ რედაქტორი და იტალიის პარლამენტის დეპუტატი სილვიო ფორმი 1893 წელს მაფიის საკითხების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ამბობდა:  „მე ვერ დავეთანხმები აქ  წარმოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს მაფია ჩვენი ეპოქის პროდუქტი იყოს. იგი მინიმუმ საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, თუმცა ცალკეულ კომპონენტებსა და ირიბ ფაქტორებს თვალს თუ გავადევნებთ, მის ისტორიას შესაძლოა სწორედაც მეცამეტე საუკუნემდე ჩავყვეთ.“ ანალოგიურ მიზნებს ისახავდა ჩეზარე ლომბროზოს, ჯუზეპე ალონჯის და ჯუზეპე პიტრეს ზემოთმოყვანილი თეორიები იმის შესახებ, რომ მაფია უბრალო ველურობაა, კრიმინალური ატავიზმია, ეთნიკური მენტალიტეტია და სხვა.

 

რეალობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს - მაფიის ისტორიის დაწვრილებითი შესწავლის შედეგად, დაბეჯითებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაფია მხოლოდ მოუთოკავი ველურობა არ გახლავთ, რადგან იგი თავის საქმიანობაში შესანიშნავად ეყრდნობა კანონებსაც, იურიდიულ პროცედურებსაც და ტერიტორიული კონტროლის სისტემასაც. ფაქტია, რომ მაფიოზებს, ბიზნესმენებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს შორის ყოველთვის არსებობდა და არსებობს მრავალრიცხოვანი კავშირები, რის შედეგადაც სახელისუფლებო ორგანოები ან ერთობ დამამცირებელ მდგომარეობაში არიან, ან მთლიანად კრიმინალთა კონტროლის ქვეშ ექცევიან. მაფია ხშირად მიმართავს მუქარას ან ადამიანთა პირდაპირ ფიზიკურ ლიკვიდაციას, ერევა პოლიტიკის საკითხებში, რამდენადაც მათი ბიზნესის კეთილდღეობა, მაფიის შემოსავლები და გავლენა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

 

ღარიბ ქვეყანაში რომ ძალაუფლება მოიპოვო და შეინარჩუნო, ამისათვის  კრიმინალური იერარქიაა საჭირო. მეგობრები უნდა დააჯილდოვო, რათა ამ მეგობრებმა თავის მხრივ მლიქვნელობით, ძალადობით, ფულით და მუქარით აიძულონ მათზე დამოკიდებული ადამიანები, რომ ხმა მმართველ პარტიას მისცენ. შედეგად ვიღებთ ღარიბ ქვეყანას, სადაც ხალხი აღმერთებს თავის კეთილმყოფელ პატრონებს. რაც უფრო ძლიერია იტალიის ამა თუ იმ მხარეში მაფიის გავლენა, მით უფრო ღარიბია ეს მხარე და მით მეტად უყვარს ამ მხარის გამოთაყვანებულ მოსახლეობას თავისი კეთილმყოფელი მაფიოზები. ისინი ხომ დიდსულოვანი ქველმოქმედები არიან - (შვილი უმაღლესში მომიწყო, ძმა ციხეს გადამირჩინა...) ხალხისთვის ეს უფრო მთავარი ხდება, ვიდრე საკუთარი სიღარიბისა და უნიათობის გაცნობიერება.

 

თავისუფალი საზოგადოების შექმნას კანონი სჭირდება და არა მეგობრებისთვისა და მხარდამჭერებისთვის პენსიების დანიშვნა. ქვეყანას აშენებ, მაგრამ ძალაუფლებას ვერ ინარჩუნებ, რადგან ვასალების სისტემას არ ქმნი. სათაყვანებელი ბოსების შექმნის ტექნოლოგია სხვაა და განვითარებული ეკონომიკის შექმნის ტექნოლოგია - სხვა. ეს ორი რამ პრინციპულად შეუთავსებელია.

 

ასეთ დროს ევროპა და საერთოდ, დემოკრატია იბნევა, რადგან ეს ფენომენი მემარცხენე ევროპული ბიუროკრატიის თეზისს არ შეესაბამება: თავისუფალი არჩევნები მთავარია და მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ ვინ მოჰყავს ხელისუფლებაში ამ თავისუფალ არჩევნებს. რადგან საკითხის ასეთ დაყენებას შესაძლოა დემოკრატიის კომპრომენტაცია მოჰყვეს.

 

ასე რომ, დემოკრატიაში სავსებით შესაძლებელი ყოფილა ვირთხებმა კატები სათაგურში ჩასვან, ქურდებმა პოლიციელები - ციხეში.

 

ყოველთვის ასე ხდება იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული წესით ხალხი ქურდებს აირჩევს.

ეს პირველად როდი მომხდარა ისტორიაში.

 

ნებისმიერ პარლამენტში მოხვედრილი მაფიის დეპუტატების ერთ-ერთი უპირველესი მიზანი ყოველთვის იყო მასიური ამნისტია. მიზანი ნათელია, საჭიროა ციხეში მყოფი მაფიოზები სასწრაფოდ გარეთ გამოვიდნენ. ხოლო, თუ მაფია ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს და ქვეყანას სათავეში ჩაუდგება, მაშინ საქმე მხოლოდ ციხეებიდან კრიმინალების გამოშვებით არ შემოიფარგლება. დღის წესრიგში დადგება რევანში, ანუ იმ პოლიციელებისა და სამართალდამცველების დასჯა-დაპატიმრება, რომლებმაც ქურდები და მაფიოზები თავის დროზე ციხეში ჩასვეს.

 

მივაქციოთ ყურადღება - ქართული ოცნების ინიციატივით, ციხეებიდან იქ მყოფ პატიმართა უმრავლესობა გამოუშვეს, ხოლო წინა ხელისუფლების სამართალდამცავი სისტემის ყველაზე აქტიური პერსონები ამჟამად ციხეში სხედან. ეს გარემოება საფიქრებელს ხდის, რომ როდესაც ამა თუ იმ შემთხვევაში რუსეთისა და პუტინის დაკვეთაზე ვლაპარაკობთ, რომლიც შემსრულებლადაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გვევლინება, აქ კრიმინალური სამყაროს დაკვეთის კომპონენტიც ნათლად იკვეთება.

 

ერთი სიტყვით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში კრიმინალური ელიტა დომინირებს და ვერანაირი პოლიტკორექტულობა ვერ შენიღბავს ამ შიშველ სიმართლეს.

 

ამ დასკვნის დასტურად შემდეგი დაკვირვება გამოდგება - უკანასკნელ ხანს ერთი წარმოუდგენლად დაუჯერებელი მენტალური ცვლილება შეინიშნება - ქურდული მენტალიტეტის მიმდევრები, ქუჩური გაგების რაინდები, ძველი ბიჭები, კაი ბიჭები და ასეთები დაუფარავად საჯაროდ მოითხოვენ ადამიანების დაპატიმრებას, დასჯას, დაკითხვაზე დაბარებას, გასამართლებას და ასე შემდეგ. არადა, ცნობილია, რომ, ასწლოვანი ტრადიციით, ამგვარი რამ მუდამ არაქურდულ, არაკაცურ და, კრიმინალური მენტალობის თვალსაზრისით, დაუშვებელ უზნეობად ითვლებოდა. რა მოხდა, მენტალობა შეიცვალა? ამის დაშვება გულუბრყვილობაა. უბრალოდ დღეს კრიმინალები პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ ორგანოებად კი აღარ აღიქვამენ, არამედ თავისიანებით დაკომპლექტებულ „შურისძიების“ მექანიზმად, რომელიც მათ შემწუხებლებს ანგარიშს გაუსწორებს. 

 

შემდგომ წერილებში განვიხილავთ ისეთ თემებს, როგორიცაა:

მაფიის მთავარი იარაღი - მანიპულაციები მოწმეებზე;

ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია - მაფიის ძირითადი სივრცე;

ინტელიგენცია და მაფია;

ეკლესია და მაფია;

მაფიის საარჩევნო მანიპულაციები;

ქველმოქმედება - მაფიის ძირითადი ნიღაბი;

ქურდული სამყარო - მაფიის საბჭოური მოდიფიკაცია;

რუსეთი - მაფიოზური სახელმწიფო

და სხვა. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია