დიდი ძმა გვისმენს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-04-2014, 18:18 | ბლოგები | ნანახია - 1527

ზვიად აძინბაია

 

დიდი ძმა გვისმენსსტუდენტთა ასოციაცია კრეატივის პრეზიდენტი

 

გენიალური ჯორჯ ორუელი თავის ,,1984’’-ში დიდ, ტელეეკრანიდან გამუდმებით მომზირალ შავულვაშა ძმაზე საუბრობს, რომელიც ცდილობს ტოტალური კონტროლის დამყარებას ყოველგვარ ადამიანურ ფაქტორზე, სულზე, ღმერთზე, ბუნებაზე. ის იყენებს ყველა მეთოდს: დასმენას, მოსმენას, თვალთვალს, შიშის მასობრივ დანერგვას და უნდობლობის გაღვივებას. ეს ხომ ბოლშევიკური პერიოდისთვის ტრადიციადქცეული  სტილია - მეთოდი, რომელიც ტვინდამუშავებულ შვილს საკუთარი მამის დასმენისკენ უბიძგებს, რომელსაც შემდგომ პარტია დახვრეტას უსჯის, დამსმენს კი ორდენით აჯილდოვებს - ერისთვის ,,სასარგებლო’’ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

 

ისტორიული დროის ამავე მონაკვეთს ეკუთვნის უკრაინული ჰოლოდომორი (სხვა უამრავთან ერთად), როდესაც ,,დიდი ძმის’’ ბრძანებით, უკრაინელი ხალხისთვის საკვების მასობრივი ჩამორთმევით, ბოლშევიკურმა პარტიამ ადამიანი იძულებული გახადა საკუთარ ცხოვრებაში ველური მეთოდები გააეტარებინა და თავისი შვილი საკვებად გამოეყენებინა!

 

მაშინ უსმენდნენ - დიდი მონდომებით და გულმოდგინედ!

 

ამ და სხვა მსგავსმა საბჭოურმა ,,მარგალიტებმა’’ ათწლეულების მანძილზე ცალკეულ ადამიანებს, ეთნოსებს, ერებს თვითმყოფადობის რეალური საფრთხე შეუქმნა, ფსიქიკურად გამოფიტა, სულიერად გაანადგურა - გააპროლეტარა, ან, მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილ პერსონაჟს თუ განვაზოგადებთ - გაათეიმურაზხევისთავა.

 

როგორც ვფიქრობთ და გვგონია, 21-ე საუკუნემ, ერთი თვალის შევლებით, ბოლშევიზმი დაასამარა, კონტროლის საშუალებებიც შეამცირა და თავისუფლების ახალი წყაროები - აიფონი, სოციალურ ქსელები თუ ზოგადად ვირტუალურ სივრცე განავითარა. ამ უახლესი მონაპოვრებით ჩვენ, ქართველებიც ვსარგებლობთ. თუმცა, ჩვენთან ერთი უცნაური ვინმე, აქტორი და შიშის ფაქტორი შეინიშნება გამუდმებით. ვიღაც ,,ზემდგომი’’, რომელიც ,,გონივრულ ეჭვს’’ იღებს ჩვენზე და გვისმენს ყველგან და ყოველთვის - ტელეფონით პაემნის, ოჯახური კონფლიქტის, საქმიანი გეგმების, მომავლისა თუ ინტიმის შესახებ საუბრისას - გვისმენს მოურიდებლად და ამაყად!

 

შემთხვევით, კომუნიკაციისას, თქვენი ხმის ექო ხომ არ გესმით თქვენსავე მობილურ ტელეფონში?

 

ოფიციალური შეხვედრებისას ტელეფონებს რთავთ და ბატარეას იღებთ ?

 

როდესაც გირეკავენ, ეუბნებით რომ ეს თემა ტელეფონით სალაპარაკო არ არის?

 

შეგიძლიათ დამშვიდდეთ, უბრალოდ დიდ ძმას ჩვენი ,,კეთილდღეობა’’ აინტრერესებს და ჩვენსავე ,,უსაფრთხოებაზე’’ ზრუნავს...

 

წერტილი.

 

ისე, უკაცრავად ,,ბატონო’’, მაგრამ  ეს მიყურადება ვინ დააწესა?

 

სტალინი გვიყურებდა, შენ გვისმენ ?

 

არ ვიცით, რა ვიფიქროთ შენზე...

 

ერთი კი გვაინტერესებს - დაფიქრებულხარ ოდესმე იმაზე, რამდენად აბსურდულია მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით მათვე უსმენდე და შერჩენილ სიტყვის თავისუფლებასაც უსპობდე?

 

მათ რატომ არ ეკითხები, უნდათ თუ არა შენს მიერ შეთავაზებული ახალი ბოლშევიზმი?

 

შენ იცი, გაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ბევრ რამეს ლაპარაკობს, ისიც იცი, თუ რამდენ გოგოს რამდენი ბიჭი უყვარს, ან ვის როგორი გემოვნება აქვს და რა სურს, იცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი არა.

აი, მაგალითად, რამდენი წიგნი აკლია ვაკის მედიათეკას ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს - თუ, ეს არ გაინტერესებს ?

 

იცი, რა ღირს ხუთი ,,შსს-კრუიზერი’’ ?

 

ანეკდოტურ მდგომარეობაში ჩაყენებულმა ადამიანებმა ვიანგარიშეთ, რომ ხუთი ლენდ კრუიზერი უდრის სულ ცოტა 170 000 წიგნს, რაც ასე ჭირდება ჩვენს საზოგადოებას, მოზარდებს, სტუდენტებს, მკვლევარებს, მომავლის პერსპექტივას და ,,ენჯეოების’’ ტერმინოლოგიაში დამკვიდრებულ - ,,ცნობიერების დაბალი დონის ამაღლებას’’. სიცოცხლესავით!

 

ეს ხომ გაცილებით მარტივია, ვიდრე ამდენი ადამიანის ერთბაშად მიყურადება ?!

 

ამბობენ, რომ წიგნიერების წელია.. დავიჯეროთ? ალბათ უფრო მოსმენების! დასმენების! დასვენების და განსვენების! ღიპებისა და ჯიპების!

 

,,დიდი ძმის’’ დროს ადამიანს ეშინოდა თავისი შინაგანი ფიქრები ძილში უნებლიეთ არ წამოებოდა  და ეს ,,აზრის პოლიციას’’ არ გაეგო, რომ ,,აზრკრიმინალისთვის’’ არ აღეგვათ ეს სულიერად გაპარტახებული არსება,  ჩვენ კი ყოველ წუთს იმის გვეშინია, რომ მობილურით საუბრისას რაიმე შენთვის უსიამოვნო, მტკივნეული არ წამოგვცდეს და არ წაგვაჭრათ ,,გრძელი ენები’’ ინტრიგანებს.

 

შენთვის არ უსწავლებიათ, რომ სხვისი საუბრისთვის მიყურადება უზრდელობაა?

 

თუმცა, სანამ შენ ჩვენი მოსმენით ხარ გართული, ქორები შემოგვეჭრნენ ეზოში, ქორები! დიდ ფრთიანი და მძლავრი მტაცებლები, რომლებიც არაფერს იშურებენ, რომ თავიანთ ჩრდილოვან ფრთაში შეგვსვან და გაზის მაცდურ დოლარებში დაგვახრჩონ.

 

არ გაქვთ ამაზე ინფორმაცია?

 

ნება გვიბოძეთ, გაუწყოთ - საფრთხეა ჩვენს გარშემო, ძალიან დიდი და ამიტომ ჩვენ, მოქალაქეები, მთავარი სუვერენები, თქვენი დროებით დამქირავებლები ჩვენი ნების აღსრულებას გთხოვთ და ამავდროულად, განიჭებთ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომ ძალიან ბევრი მოუსმინოთ, ოღონდ არა საცოდავ, დაბეჩავებულ ხალხს, არამედ, პეტროლდოლარებით დაფინანსებულ ევრაზიულკავშირელებს, მიუყურადოთ კარგად სამხრეთ საქართველოს კონკრეტულ წერტილებს, არ გამოგეპაროთ ჩრდილოეთ საქრისტიანო, ტელევიზიით რომ არ მოგიწიოთ პასპორტიზაციის შესახებ შეტყობა - მათ მოუსმინეთ და კარგად გაიგეთ, რა ხდება!

 

არ მოადუნოთ ყურადღება და აამუშავეთ ყველა ბერკეტი - კოლაბორაციონისტებს მოუსმინეთ, ქვეყნის კონტრ-პატრიოტებს, მიუჩინეთ თითო ჯაშუში, დაზვერეთ, თუ როგორ გეგმავენ საქართველოს ჩამოშლას. იური ღვინჯილიას და მის მეგობრებს მიუყურადეთ კარგად, რომლებიც არ მალავენ საკუთარ აზრს იმის შესახებ, რომ სამეგრელოს სეპარატიზმი აუცილებელი მოვლენაა!

 

ოღონდ, გთხოვთ, ნუ გვეტყვით, რომ ,,ისინი’’ უარესს შვრებოდნენ - გვინდა გაგაოცოთ, რომ არც ერთი მსგავსი მსმენელი არ გვახარებს ჩვენ, მოქალაქეებს!

 

მკაცრად მოვითხოვთ, რომ იგრძნოთ ვალდებულება ჩვენს წინაშე, ჩვენს მიერ დაქირავებულებო და, წესით, ჩვენივე ნების  აღმსრულებელნო! თუ სახალხო ნების იგნორირებას მოახდენთ, იძულებულნი ვიქნებით, დაგითხოვოთ სამსახურებიდან და გამოვაცხადოთ ახალი კონკურსი ღირსეულ მმართველთა შესარჩევად და საყოველთაო ტენდერი, რომლითაც წიგნებში გავცვლით ყველა კრუიზერს. ინტელექტუალურად მაინც გაიხარებს ქვეყანა.

 

მოუსმინეთ მოქალაქეებს, მიყურადების გარეშე მოუსმინეთ - ისინი უკეთ გეტყვიან, როგორ მოიქცეთ - შესანიშნავ დირექტივებს მოგცემენ.

 

ამას ჩვენ, ქვეყნის უზენაესი ხელისუფლება გიკვეთავთ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია