„ნორმალური პრეზიდენტი“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-04-2014, 02:06 | პოლიტიკა | ნანახია - 2991

მამუკა კუდავა

 

რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას თბილისში უმასპინძლებს. 2012 წელს ოლანდის საპრეზიდენტო კამპანიის ერთერთი სლოგანი იყო „ნორმალური პრეზიდენტი“. მსგავსი იყო მარგველაშვილის დასახელება-წარდგენაც. ორივეს სურდა ასეთი იმიჯი ჰქონოდათ და მათი განსხვავებულობა დაეფიქსირებინათ წინამორბედებთან შედარებით - სააკაშვილსა და სარკოზის ხომ იმპულსური, ჰიპერაქტიული, ყველა ფრონტზე მყოფი, ყოვლისშემძლე, კონსენსუსის არმიმდევარი და გამხლეჩის იმიჯი ჰქონდათ. ელექტორატმა იყიდა ეს სლოგანი: სხვა, თვისობრივად ახალი, განსხვავებული ტიპის ლიდერები ისურვა.

 

გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ ფრანგულ პრესაში ის უმალ „ნორმალურ პრეზიდენტად“ შერაცხეს, „ნორმალური“ ფრანსუა ოლანდის გახსენების პარალელურად. აღნიშნავდნენ, რომ ფილოსოფოსი მასწავლებელი თვითონ დადის პროდუქტების შესაძენად, უყვარს ქსოვა, უბრალო ადამიანია, რექტორობდა და ა.შ.

 

ორივეს არჩევაში ლომის წვლილი შემთხვევითობა იყო. მარგველაშვილი პრემიერმა ივანიშვილმა აირჩია უპირველეს ყოვლისა, რასაც დაუფარავად პრეზიდენტიც აღიარებს. და მხოლოდ შემდეგ აირჩია ხალხმა. თანაც, პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ზეკაცი-პრეზიდენტი აღარ იყო საჭირო. ფაქტია, რომ ოლანდიც შემთხვევით გახდა  პრეზიდენტი 2012 წელს. მიუხედავად პოლიტიკური კარიერისა და ათი წლის განმავლობაში სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობისა (პირველი მდივანი - ასე ჰქვია ამ თანამდებობას), საპრეზიდენტო კანდიდატობა მას ერგო სექს-სკანდალში გახვეული სოციალისტთა ფავორიტის სტროს-კანის ბრძოლიდან გამოთიშვის გამო. ოლანდი აღმოჩნდა ხელსაყრელ მომენტში ხელსაყრელ ადგილას - ისევე, როგორც მისი ქართველი კოლეგა.

 

ორი „ნორმალური პრეზიდენტის“ საქმიანობის შედეგების განხილვამდე, აუცილებლად აღსანიშნავია დიდი განსხვავება მათ კონსტიტუციურ ფუნქციებს შორის. და ისიც, რომ ფრანგი კოლეგისგან განსხვავებით ქართველი პრეზიდენტის უკან უკვე აღარ დგას მმართველი პარტია. ამიტომ რეზულტატებიც ფარდობითი იქნება და მათი უშუალო მოვალეობებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე.

 

არჩევიდან 2 წლის შემდეგ ოლანდის პოპულარობა რეკორდულად მცირეა. V რესპუბლიკის ისტორიაში ანუ 1958 წლიდან დაწყებული არცერთ ფრანგ სახელმწიფო მეთაურს არ ჰქონია მსგავსი დაბალი რეიტინგი - დღეს ის 20%-ზე დაბალია.

 

საერთო შეფასებით, ის სასიამოვნოდ საურთიერთობო და იუმორით დაჯილდოებული პოლიტიკოსია, მაგრამ არა სახელმწიფო დონის მოღვაწე-ადამიანი, სთეითსმენი. ის გადამჭრელ ზომებს ვერ იღებს და მუდმივად წინ და უკან დგამს ნაბიჯებს, ის გადაუწყვეტელია.

 

ოლანდმა ჯერჯერობით ვერ გაართვა თავი უმუშევრობასა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, რაც კრიტიკოსების აზრით სახელმწიფოს ანტილიბერალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში ზედმეტ ჩარევას უკავშირდება. ამას ემატება ოლანდის პოზიციის მუდმივი მერყეობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიც - იმიგრაცია, გადასახადების ზრდა, სახელმწიფო ხარჯების შემცირება. მოკლედ, მას უჭირს ლიდერობა და გადაწყვეტილებათა მიღება, რის შედეგადაც მისდამი ნდობა მეტად დაზარალებულია.

 

მარგველაშვილის პრეზიდენტობის ნახევარი წლის განმავლობაში ყველაზე დამამახსოვრებელი კი ორი მომენტია. პირველი ყოფილ პრემიერთან ურთიერთობის გაწყვეტა და შესაბამისად სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში მოხვედრაა. მარგველაშვილ-ივანიშვილის კონფლიქტის მიზეზებში ჩაღრმავებას არ აქვს დიდი მნიშვნელობა - პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, ვეტოს დადების განზრახვა, დაუმორჩილებლობა თუ სხვა. მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტის მარტო, „ქართული ოცნების“ გარეშე დარჩენა მას უქმნის შანსს - შექმნას უკვე საკუთარი პოლიტიკური ბაზა. ამისათვის კი, როგორც ყოველთვის პოლიტიკაში, აუცილებელია ლიდერობის გამოჩენა და გამბედაობა. თუ 13 აპრილის „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ აქციას ან რომელიმე მომავალ, ევროპულ ღონისძიებას მსგავსი პლატფორმის შექმნის დანიშნულება აქვს, მაშინ პრეზიდენტი უფრო თამამი უნდა იყოს მის შეფასებებში და არ შემოიფარგლოს სუსტი და არაფრისმთქმელი სიტყვებით. მითუმეტეს, რომ მის გამოსვლებს არც მთავრობის და არც მმართველი ძალის ოფიციალური წარმომადგენლები აღარ ესწრებიან, რითაც მას ცალსახა გზავნილს უგზავნიან ყოველ ჯერზე - პრეზიდენტთან არათუ ახალი ტიპის, სააკაშვილი-ივანიშვილის ერთწლიანი პერიოდისგან განსხვავებული კოჰაბიტაცია აღარ მოიაზრება, არამედ მას აღარც კი ელაპარაკებიან.

 

მეორე, პრეზიდენტ მარგველაშვილის უკვე ცუდ ტრადიციად ქცეული მიამიტურ-ილუზორული, გაუგებარი და ეროვნული უსაფრთხოებისათვის საზიანო განცხადებებია, როცა ის რუსეთის პოლიტიკასა და მოსკოვის მიმართ საქართველოს პოზიციაზე საუბრობს. მინისტრ ზაქარეიშვილთან შედარებით, რუსეთზე მისი კომენტარების ძეწკვზე შესაძლოა უფრო ნაკლები რაოდენობით მოიპოვება მარგალიტები, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობიდან გამომდინარე მისი არაპროფესიონალური შეფასებები გაცილებით დიდი ზიანის მომტანია.

 

პირველი ასეთი განცხადება მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე გააკეთა ოერტე-სთან ძალიან სუსტ ინტერვიუში: არა თუ არ დააფიქსირა ქვეყნის მთავარი პოზიციები ტერიტორიულ მთლიანობასთან და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, არამედ რუსეთის პუბლიკას მაამებლური პასაჟი-სადღეგრძელო შესთავაზა პუშკინზე, რუს ტურისტებსა და მისი წინამორბედის საბედისწერო შეცდომებზე.

 

მას შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე კომენტარი პრეზიდენტის მხრიდან რუსეთის პოლიტიკაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს განცხადებები დილეტანტი სახელმწიფო მოხელის მოფილოსოფოსო შეფასებებად უფრო შეიძლება იქნას განხილული, ვიდრე სახელმწიფო მეთაურის ან თუნდაც პროფესიონალი პოლიტიკოსის მიერ მისი ქვეყნის ოფიციალური პოზიციების სწორ და გააზრებულ გადმოცემა-დაფიქსირებად.

 

სამწუხაროდ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ბოლო დღეების განცხადებებიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. ექსპერტებთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე რამდენიმესაათიანი შეხვედრიდან გამოსული სახელმწიფო მეთაური გვეუბნება, რომ „რუსეთისაგან არ არსებობს მყისიერი საფრთხე“.

 

რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში კი რუსეთის მიმართ მიამიტი პოზიციების დამფიქსირებელი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ამბობს, რომ ის არ აპირებს ლიკბეზის ჩატარებას პუტინისთვის: „შეიძლება ისეთი მიამიტი ვიყო, რომ პუტინს ვასწავლო ჭკუა მსოფლიო პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან, მის გეოპოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით?“ თუმცა, უმალ საკუთარ პროფესიას უბრუნდება, ჭეშმარიტი ფილოსოფოსის მანტიას ისხამს, „ფილასოფსტვუიეტ“ და დიდაქტიკურად გვმოძღვრავს, რომ რუსეთისათვის მომგებიანია სტაბილური მეზობლები: „საქართველოს და რუსეთის სასიცოცხლო ინტერესები არ ეჯახება ერთმანეთს“. აღნიშნულის დასამტკიცებლად ის კიდევ უფრო უფრო შორს მიდის - „რაციონალური ორმხრივი დიალოგით“ პუტინისთვის ორმხრივი სასიცოცხლო ინტერესების თანხვედრის დამტკიცებას აპირებს - „მაქვს იმედი და ამბიცია“.

 

მეტიც, „ლიკბეზის ჩატარება“ ანუ სუვერენული ქვეყნის პირველი ჩინოვანის მიერ პოზიციების საჯაროდ გამოხატვა მხოლოდ პუტინის/რუსეთის წინააღმდეგ არ შეიძლება თურმე. სამაგიეროდ,  ეტყობა ხანდახან მაინც აუცილებელია კრემლის დისკურსის გაგება, რუსი კოლეგების როლში საკუთარი თავის ჩაყენება, რომ „ასოშეიტედ პრესის” მეშვეობით დასავლელ ლიდერებს ჭკუას ასე დაარიგო: „არ იქნება სწორი რუსეთის გაუცხოვება, მასთან ურთიერთობების გაწყვეტა. იმიტომ რომ რუსეთის გაუცხოვება მას კიდევ უფრო აგრესიულს, არაპროგნოზირებადს და სახიფათოს გახდის. ამის ნაცვლად, რუსეთს უნდა განემარტოს რომ ქვეყნებსა და მეზობლებს შორის ურთიერთობა არ გადის სამხედრო კონფლიქტებზე.“ 

 

ამ სტატიის ავტორი, ისევე როგორც მარგველაშვილის არამრჩევი ბევრი სხვა მოქალაქე, ინაუგურაციისთანავე  შეუერთდა პრეზიდენტის ფანებს, გამოუცხადა ნდობა და მას სრული კარტბლანში მისცა. სამწუხაროდ, ეს ავანსი მან ჯერჯერობით ვერ გაამართლა და „სტრატეგიული ილუზიონისტობის“ პოზაში დარჩენით მომავალშიც კვლავ გარიყული, სუსტი, გზიდან აცდენილი პრეზიდენტის სახელს დაიმკვიდრებს და კიდევ უფრო მეტ ახალ მეტსახელს დაიმსახურებს. ეს კი არავის აწყობს, პირველ რიგში ოკუპირებულ და დიახაც რუსეთისაგან სასიცოცხლო საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყანას.

 

ქართველი და ფრანგი სახელმწიფო მეთაურების ფსიქოლოგიური პორტრეტის აღწერა ფსიქოლოგებსა და ბიოგრაფებს დავუტოვოთ. თუმცა, პრეზიდენტ მარგველაშვილს ურიგო არ იქნებოდა ვურჩიოთ გაეთვალისწინებინა თბილისის ვიზიტისას და მის შემდეგაც ფრანგული საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მიერ მათი პრეზიდენტის აღქმის და სტერეოტიპების მოკლე დოსიე. ამგვარად ის ჭეშმარიტად ნორმალური პრეზიდენტი გახდებოდა ანუ მისი ფუნქციების და მოვალეობების კარგად განმხორციელებელი და არა არშემდგარი პრეზიდენტი.

 

ცუდი შედეგების გამო პრეზიდენტ ოლანდის მიმართ ხშირად გამოყენებული ეპითეტები და მეტსახელებია - რბილი, უღიმღამო, არაძლიერი პერსონა. ქართველების მსგავსად სახუმარო მეტსახელების დარქმევით ფრანგებიც ცნობილნი არიან და მასაც მოუგონეს თიკუნები - ფლანბი (რბილი, ნაცრისფერი, შაქრიანი ფრანგული დესერტი - კარამელის პუდინგი), ჟელატინის ზეფირი, პინგვინი, ბაბუ (სიმშვიდის აღსანიშნავად), პროვინციელი კლასის დამრიგებელი, წყლის ველოსიპედის კაპიტანი, ბატონი ნორმალური, მისტერ პატარა ხუმრობები, ბატონი როიალი (ყოფილი მეგობარი ქალის გვარი) და სხვ.

 

იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ახალარჩეულმა ქართველმა პრეზიდენტმაც მისი ფრანგი კოლეგის არაპოპულარობის ბედი და საზოგადოების გულისწყრომით გამოწვეული თიკუნები არ იწვნიოს, რომელსაც ზოგი ფიასკოსაც კი ეძახის, მან რეალურად უნდა შეხედოს მოვლენებს: სახელმწიფოებრივად და არა ფილოსოფიურად შეაფასოს ისინი და მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის უშიშროების საბჭოს ამოქმედებითაც. და რასაკვირველია, რამდენიმე თვისება მაინც აღმოაჩინოს საკუთარ თავში მისი ცნობილი გამონათქვამიდან: "დავით უსუფაშვილის ჭკუა მომცა, ალასანიას - ვიზუალი, ლევან გაჩეჩილაძის - ჯიგარი და ქართველობა, სოზარის - სინდისი, ბურჯანაძის - გამბედაობა, სააკაშვილის - სიმაღლე, ბენდუქიძის - ფული, ვიქნებოდი იდეალური ოპოზიციონერი და მერე უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებდი".

 

დასკვნისთვის, „ნორმალური პრეზიდენტის“ წარმატებულობისთვის მხოლოდ ნორმალურობა არ კმარა და მას ბევრი სხვა თვისება სჭირდება. ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა კი აუსრულა ნატვრა კოლეგა პლატონს სახელმწიფო მეთაურად ფილოსოფოსის ყოფნის სასურველობის შესახებ, მაგრამ მისი წარმატებისთვის ბერძენი ფილოსოფოსი ასევე აუცილებელ კრიტერიუმად მიიჩნევდა პოლიტიკური სიდიადისა და სიბრძნის ერთად შერწყმას: „პოლიტიკაში ჩვენ ვუშვებთ, რომ ამომრჩეველთა ხმების მიღების მცოდნეებმა ქვეყნის მართვაც იციან. მაგრამ როცა ავად ვართ, ჩვენ არ ვეძახით ყველაზე ლამაზ ან მჭევრმეტყველ ექიმს.“

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია