"ხედი" "პანორამა თბილისიდან"

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-04-2014, 11:14 | ბლოგები | ნანახია - 2529

"ხედი"  "პანორამა თბილისიდან"ანა ითონიშვილი

 

დღევანდელი გადმოსახედიდან, უკანასკნელი წელიწადნახევარი ნამდვილად ვერ ჩაითვლება წარმატებული რეფორმების ან ახალი პროექტების პერიოდად. აზრი იყოფა "პანორამა თბილისის" აშენებაზე სოლოლაკში, დროებით შეწყვეტილია თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, მოხდა მცხეთის იუსტიციის სახლის დემონტაჟი და ვერც ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტი მოესწრო გახსნის დღეს. არსებული არგუმენტების გადახედვისას ჩანს, რომ ზემოხსენებული პროექტების უმეტესობას ერთი დიდი ხარვეზი აერთიანებს: ისინი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნიან.

 

"პანორამა თბილისი" ითვალისწინებს ძველ თბილისში სამი ბიზნესცენტრისა და რამდენიმე მაღალი სტანდარტის სასტუმროს მშენებლობას. პროექტის დასაფინანსებლად თანაინვესტირების ფონდმა 600 მლნ აშშ დოლარი გამოყო. ბიზნესცენტრებისთვის განკუთვნილი ტერიტორიიდან მიწის 2 ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მათ გააერთიანებს საბაგირო (საჰაერო გზა), რომლიდანაც თვალწარმტაცი ხედი უნდა გადაიშალოს. არ დავიწყებ იმის განხილვას, თუ ვინ რა ეპითეტით შეამკო ეს პროექტი, მაგრამ ნამდვილად საგულისხმოა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აზრი მისი ეფექტურობის თაობაზე.

 

კულტუროლოგების თქმით, შენობები, რომლებსაც "პანორამა თბილისი" მოიცავს ისტორიულ ფონთან თანხვედრაში არ მოდის. ისინი ემხრობიან ინვესტირებას ძველი თბილისის აღდგენაში და არა მის "განახლებაში". წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იუნესკოში კულტურული მემკვიდრეობის სახისთ შესვლის გზას მოიჭრის. ერთის მხრივ, ეს არგუმენტი არაა ლოგიკას მოკლებული. მეორეს მხრივ, რომელ კულტურულ მემკვიდრეობაზეა საუბარი თუ სახლების უმეტესობა ინგრევა? არსებული სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემების ფონზე, ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის გაუგებარია ძველ თბილისში როგორც ახალი მშენებლობის წამოწყება ასევე ამ ადგილის მემკვიდრეობად ქცევა.

 

ეს არასახარბიელო სურათია საქართველოს ტურიზმის სფეროსთვისაც. რომელი ტურისტი "დატკბება" თანამედროვე სასტუმროების გასწვრივ 12000 ავარიული შენობის ცქერით? რა თქმა უნდა, ქალაქს ესაჭიროება გარემოს გამდიდრება გამწვანებული პარკებით, თანამედროვე შენობებით, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული პროგრესი იქნება თუ დიდი ყურადღება არ მიექცევა არსებული შენობების რესტავრაციას. ამ მხრივ ძველი თბილისის უბნებში სავალალო მდგომარეობაა. მაცხოვრებლების თქმით, ჯობია ჰაერში ფრენიდან "მიწაზე დავეშვათ".  თუმცაღა, მეტად რთული იქნება ინვესტიციის მოზიდვა შენობების გასამაგრებლად. რესტავრირებისათვის სახელმწიფომ თავად უნდა გამოყოს თანხა ან რაიმე გზით დააინტერესოს ინვესტორი, მაგალითად საგადასახადო შეღავათებით.

 

არქიტექტორთა ნაწილი პროექტს ვერ აღიქვამს სხვა შენობებთან შესაბამისობაში. სხვა სიტყვებით, ისინი ამტკიცებენ, რომ კოსმიური თანამედროვე შენობები და საბაგირო ძველი თბილისის სივრცესთან ჰარმონიას ვერ ჰპოვებს. ნაწილს კი მიაჩნია. რომ განახლებული გეგმა და მისი საჯარო განხილვა ურიგო არ იქნებოდა. "საჯარო განხილვას" ითხოვდნენ წინა ხელისუფლების სხვა პროექტებზეც, როგორიც იყო თბილისის საკონცერტო დარბაზის ე.წ. მილები და მათ გადაწყვეტილებებს "ერთპიროვნულს" უწოდებდნენ.  ეკონომისტთა ნაწილი თვლის, რომ პროექტი მხოლოდ და მხოლოდ კერძო კომპანიების ინვესტიციის წახალისებაა და ის არაფერს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კერძოდ, პროექტი არ ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შექმნას და არ წარმოშობს "სტიმულს" მომავალი ეკონომიკური ზრდისათვის. 

 

ანალოგიური მიზეზით შეწყდა რიყის თეატრის მშენებლობაც, რომელიც თბილისის მერიამ 2009 წელს დაიწყო. ის გათვლილი იყო 500 მაყურებელზე და პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთხვნოდა, მაგრამ 2013 წელს მოქმედმა ხელისუფლებამ მისი დაფინანსება შეწყვიტა. როგორც ჩანს, რეგიონის ფონდიდან გამოყოფილი 70 მლნ ლარი შეფასდა როგორც "არამიზნობრივი ხარჯი", რადგან ის არ ითვალისწინებდა "გრძელვადიან ეკონომიკურ გაუმჯობესებას". ისტორიულ იერს ამ შემთხევაშიც არ შეესაბამებოდა რიყის მუსიკისა და დრამის თეატრი.

 

ისტორიული იერ-სახის "შენარჩუნების" მიზნით მოხდა მცხეთის იუსტიციის სახლის დემონტაჯიც. იუსტიციის სამინისტროდან იუწყებოდნენ, რომ მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდებოდა თუ ის ადგილი იუნესკოს წესებით დაცული კულტურული მემკვიდრეობა არ აღმოჩნდებოდა. როგორც ჩანს, ის მაინც "ქართული კულტურის ინტერესად" დარჩა. ასევე წარსულს ჩაბარდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა; ამჯერად, პროექტის დახურვისას, მოქმედმა ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა შენობის შეუფერებლობა მის ფუნქციასთან.    

 

შეჩერებულ პროექტებს შორისაა შემოვლითი რკინიგზაც. იმის მიუხედავად, რომ პანორამა თბილისისაგან განსხვავებით ახალი სარკინიგზო ტრასა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით უფრო ეფექტური ჩანდა (6000 სამუშაო ადგილის შექმნით) და ეკოლოგიის თვალსაზრივითაც მომგებიანი იყო, (73 ჰექტარი მიწა გათავისუფლდებოდა ქალაქის განვითარებისათვის), პოზიტიური მოლოდინები საბოლოო მაჩვენებლებთან შესაბამისობაში ვერ მოვიდა: გაუარესდა მოვლა-შენახვის პირობები, შეიზღუდა გამტარუნარიანობა და გეგმით გათვალისწინებული ვადებიც ვერ იქნა დაცული. ეკონომიკური საბჭოს ამ დასკვნამ პროექტის კონსერვაცია გამოიწვია.

 

დარჩება თუ არა ქვეყნის ყველა პერსპექტიული ადგილი ხელუხლებელი იმისთვის, რომ ქვეყანას კულტურისა და ისტორიის სახე შემორჩეს? მართლა ასე რომ იყოს,  ეს ადგილები აღდგენას  - თუ უფრო კორექტულები ვიქნებით, გადარჩენას - რომ არ საჭიროებდეს, საკამათო ცოტა იქნებოდა. საქმე იმაშია, რომ ახლის წამოწყება ძველის შენარჩუნებას არ უნდა გამორიცხავდეს.  ის მემკვიდრეობა, რაც ქვეყანას დარჩა უნდა აღდგეს, არსებული შენობები უნდა გამაგრდეს, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაიგმოს ახალი მშენებლობების ინიციატივა, რომელიც ერთი შეხედვით "არაფრის მომტანია", მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკური, ეკოლოგიური და ურბანული განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია