რატომ დარჩა ევროპა მარტო?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-04-2014, 20:33 | ბლოგები | ნანახია - 1948

რატომ დარჩა ევროპა მარტო?მართა იამანიძე

 

რუსეთის კონფლიქტმა უკრაინასთან, რომელიც საერთაშორისო მედიამ „უკრაინის კრიზისად“ შერაცხა, არასრულად წარმოაჩინა მოვლენათა ის წყება, რომელიც მაიდანზე დაწყებული პროტესტით დაიწყო და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჩარევით გაგრძელდა. „კრიზისი“ შესაძლოა ადექვატურთან მიახლოებული დეფინიცია იყო მაშინ, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. მაგრამ დღეს, როდესაც სახეზეა სამხედრო კონფლიქტი, მოვლენებს ერთობ შერბილებული, თუ გნებავთ კომპრომისული სახელი ჰქვია, რითიც საერთაშორისო საზოგადოება თავს არიდებს რუსეთის სამხედრო კონფლიქტს უკრაინასთან შესატყვისი სახელი დაარქვას.

 

რუსეთი კომპრომისების ენაზე არ საუბრობს - ის მხოლოდ ტრადიციულად „რუსულად“ ფიქრობს, რუსულად სჯის და რუსულად მოქმედებს. ეს არ არის რასისტული პოზიცია და არც რუსი ხალხის შეურაცხყოფა, მაგრამ ტრადიციული რუსული პოლიტიკური მენტალობა სცდება იმ საყოველთაოდ დადგენილ „ქცევის წესებს,“ რომლებითაც დასავლური ქვეყნის დიპლომატები ხელმძღვანელობენ. ამ მენტალობის მიხედვით რუსეთი ერთპიროვნულად ირჩევს „ქცევის წესებს.“ ის ფაქტი კი, რომ ოფიციალური ვაშინგტონი და, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ოფიციალური ბრიუსელი რუსეთის „უწესობას“ მხოლოდ სანქციებს უპირისპირებს, მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ რუსეთზე არ ვრცელდება არანაირი საერთაშორისო ნორმა: მასზე არც სანქციები მოქმდებს, არც კომპრომისები, არც საერთაშორისო წესრიგი და არც იუნგის თეორია. ყველაზე ნათლად ეს მაშინ დადასტურდა, როცა დიდი ხნის ნალოლიავები ჟენევის შეთანხმება ძალადობის შეწყვეტის შესახებ, რუსეთმა ანგარიშმიუცემლად დაარღვია.

 

იმისათვის, რომ დასავლეთმა „უწესო“ რუსეთს ხელშესახები ძალა დაუპირისპიროს, საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია. „უკრაინის კრიზისმა“ ოფიციალურ ვაშინგტონში რუსეთის მიმართ სწორედ სტრატეგიის არარსებობას გაუსვა ხაზი. სტრატეგიული ხედვა რუსეთის მიმართ უნაყოფოა თუ ის არ იქნა ევროპასთან ერთიან კონტექსტში გააზრებული. მაგრამ იყო კი ევროპა პრიორიტეტი ობამას საპრეზიდენტო ვადის პირველ ან მეორე ნახევარში?

გავიხსენოთ, როგორი აღტკინებით საუბრობდა ბატონი ბარაქი აზიურ სამყაროსთან თანამშრომლობაზე თავისი პრეზიდენტობის დღიდან დღემდე. გავიხსენოთ, როგორ იმედებს ამყარებდა იგი ბირთვულ განიარაღებაზე, კლიმატის ცვლილებასა თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრაზე. რამდენს მოგზაურობდა არაბეთისა თუ აზიის დასალიერებამდე, რამდენჯერ მიავლინა თავისი სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში და მხოლოდ ამის შემდეგ გავიხსენოთ ევროპა.

 

პირველი, რაც ჩემს მეხსიერებაში იელვებს, 2009 წელს კოპენჰაგენში კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ობამას მიერ ჩინეთთან „დაძმობილება“ და შეთანხმების მიღწევის პროცესში ევროკავშირის ერთგვარად უგულვებელყოფა იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა არ დაახანა და 2010 წელს მადრიდში ევროკავშირ-აშშ-ის სამიტზე თავისი დასწრება გააუქმა. ეს ის დრო იყო, როცა პირველად ჩამოჰკრა განგაშის ზარმა ბრიუსელში, მაშინ რაღა ვქნათ, თუ ამერიკა ჩვენს მიმართ ნაკლებ ინტერესს ავლენსო. მოვლენათა შემდგომი განვითარება ევროპის დედაქალაქებში მხოლოდ კანტი-კუნტი ვიზიტებით თუ შემოფარგლებოდა.

 

ასე დარჩა ევროპა მარტო. და ვისთან? რუსეთთან.

 

ისტორია გვიჩვენებს, რომ სანამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ამერიკამ ჩარევა არ ინება, მანამდე არაფერი ეშველათ ევროპელებს. ეს იმიტომ, რომ ევროპის კონტინენტი და მისი გეოპოლიტიკური აქტორები სიჭრელით ხასიათდებიან. ისინი ვერასოდეს აყალიბებენ ერთიან პოზიციას, როდესაც ჯერი საერთო გამოწვევაზეა. ზოგი წარსულ მელანქოლიას ვერ ელევა, ზოგი ეკონომიკურ კავშირებს, ზოგს ეშინია, ზოგი არასათანადოდ აფასებს. ერთი სიტყვით, მიზეზები არ დაილევა. მთავარი ის არის, რომ რუსეთთან საბოლოო და სრულფასოავნი „განქორწინება“ არავის სურს, რამოდენიმე მცირე მოთამაშის გარდა, რომლებსაც რუსული „მათრახის“ გემო ჯერ არ დავიწყებიათ. ამასობაში კი, დიდი აქტორები რუსულ „თაფლაკვერზე“ ვერ ამბობენ უარს.

 

ოფიციალურმა ვაშინგტონმა არ ინება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზებში ჩაღრმავება და მალევე მიივიწყა ევროპის პერიფერიებზე მდებარე ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნები. არც თავად ნატო-ს წევრებს სწყალობდა, როდესაც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე ჩეხეთსა და პოლონეთში უარი განაცხადა. ვითარებაში გარკვევა ევროპელებს მიანდეს. ბრიუსელიც „ტალიავინის კომისიის” წინააღმდეგობრივი ხასიათის ანგარიშის წარდგენით დაკმაყოფილდა, საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო მონიტორინგის მისია გაგზავნა და უდრტვინველად შეუდგა რუსეთთან „ჩვეული“ ურთიერთობის გაგრძელებას, (business as usual), თან შიგადაშიგ იმეორებდა „ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭიროო“ (“it takes two to tango”). ასე ცეკვა-ცეკვით თავბრუდახვეული ევროპა მიატოვა „მეწყვილემ,“ როდესაც ჯერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიერ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე აამოქმედა ბერკეტები და შემდეგ „ევრომაიდნით“ უკმაყოფილომ სამხედრო ძალას მიმართა.

 

თავის დროზე ამერიკაში პოლიტიკურ-სამეცნიერო წრეებში იმდენს საუბრობდნენ მსოფლიო ძალთა ბალანსის ჩინეთის სასარგებლოდ გადახრაზე, რომ ობამამ თავისი გეოპოლიტიკური ვექტორი აზიურ სამყაროში მეტ ჩართულობაზე მიმართა. მაგრამ ვაშინგტონში დაავიწყდათ, რომ რუსეთი, თავისი მასშტაბებით აზიის ნაწილიცაა და არასოდეს დათანხმდება ჩინეთის „უმცროსი პარტნიორის“ როლს, როგორც ეს თავის დროზე დმიტრი ტრენინმა გაახმოვანა.

 

ნიქსონისეულ ამერიკაში, როდესაც აშშ და საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მასშტაბით პერიფერიებზე ომებით (ე.წ proxy wars) იყვნენ დაკავებული, მაო ძედუნთან საერთო შეხების წერტილების პოვნა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. მაგრამ ობამას, „ნიქსონისეული“ დიპლომატია მზა რეცეპტი ეგონა ყველა იმ საერთაშორისო მოათამაშის მიმართ, ვისაც კი ვაშინგტონი გეოპოლიტიკური ბალანსის და თავისივე ევროვნული უსაფრთხოების გამოწვევად მოიაზრებდა. ამგვარად, ნიქსონით შთაგონებული აშშ-ის პრეზიდენტი არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ ახლო აღმოსავლეთს, უპირველესად კი ირანს „გადასწვდა“ გლობალური მშვიდობის დამყარებისთვის. პარალელურად, თანდათან დაიწყო თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე ალაპარაკდა და ყველანაირი მანკირება, რაც კი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებოდა, თავის წინამორბედს გადააბრალა. ერთი ის არის, რომ მის სიტყვებში „ბოლო 8 წელი“ არ ფიგურირებდა...

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ალბათ აღარ დარჩა კითხვის ნიშანი, თუ რატომ დარჩა ევროპა მარტო. ობამას გაცხადებული სტრატეგია რუსეთისადმი „გადატვირთვის პოლიტიკის“ სახით, ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იყო მიმართული (რაც, როგორც ვიხილეთ წარუმატებელი აღმოჩნდა) და უგულვებელყოფდა ევროპას. სწორედ ამან „გაადიდგულა“ რუსეთი - მას ხომ იოლად „შერჩა“ საქართველოს ოკუპაცია, იგრძნო რომ ევროპა ამერიკამ უბრალოდ მარტო დატოვა და ახალი ომი გააჩაღა. შეიძლება ითქვას, ამერიკის სტრატეგიულმა კურსმა რუსეთის ფედერაციის მიმართ კრახი მაშინ განიცადა, როდესაც რუსეთი ისეთი მიიღო როგორიც არის - იმპერიალისტური, არადემოკრატიული და „უწესო“ და ნაკლები ყურადღება დაუთმო რუსეთის პოლიტიკური ტრანსფორმირების საკითხს. ეს ალბათ იმიტომ, რომ ობამას „ლიბერალიზმი“ თავად რუსეთს ანდობდა არჩევანის უფლებას რა გზით წასულიყო. მაგრამ მან არ ინება თვალი გაესწორებინა სიმართლისათვის - პუტინის რუსეთი თავისი ნებით არასოდეს აირჩევდა დემოკრატიის გზას.

 

სანქციების აუცილებლობა „უკრაინის კრიზისს“ კი არ უნდა მოემწიფებინა, არამედ რუსეთის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედება რუსეთის ფედერაციის შიგნით „ჯაშუშობად“ შეირაცხა. ვაშინგტონის დაგვინებულმა პასუხმა არა მხოლოდ რუსეთს გაუსხნა გზა შემდგომი „უწესობისთვის,“ არამედ თავად ევროპაც „გააზარმაცა“ - დღეს ევროპელები იმაზეც ვერ თანხმდებიან ვინ დაუჭიროს ან ვინ არ დაუჭიროს მხარი რუსეთის მიმართ სანქციებს.

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტად რჩება ის, რომ ვაშინგტონში გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლას რუსეთის ე.წ „სამეზობლოში“ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოება ეწირება. შედეგად გაურკვეველია ვის მიემხრონ, ან ვისი საშუალებით დააბალანსონ ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხე მცირე ქვეყნებმა. ამერიკით, რომლისთვისაც პრიორიტეტი არათუ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტი აღარ არის? თუ თავად ევროპული ქვეყნებით, რომლებიც თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე ვერ შეთანხმებულან?

 

ანტი-ამერიკანიზმის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელების საფრთხე ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა, როდესაც ერაყის ომში ჩართვით ვაშინგტონმა ბევრი მომხრე გადაიმტერა. მაგრამ რა განსხვავებაა მასსა და ამერიკის დღევანდელ პოლიტიკურ კურსს შორის, რათა არ მოხდეს ანტი-ამერიკანიზმის გავრცელება? უკრაინის მოვლენები ხომ თავის დროზე ამერიკის უმოქმედებამ განაპირობა? დღეს კი მოამძლავრა ანტი-ამერიკული სენტიმენტები... სწორედ რომ თავის დროზე ამერიკის პასიური მოქმედება გახდა დღევანდელი სენტიმენტების მიზეზი.

 

ეს შემაშფოთებელი ტენდენცია მაშინ იცვლის სახეს, როდესაც ოფიციალური ვაშინგტონი თავად გადაწყვეტს თავისივე პოლიტიკის რეორიენტაციას, გაიხსენებს მიტოვებულ ევროპას და დაიწყებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. რადიკალურობა არ არის ყოველთვის უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა. დღეს ევროპის უსაფრთხოება, თავისივე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებით, სწორედ რადიკალურ ნაბიჯებს ელის. არა რუსეთის მიმართ სანქიცების დაწყებას, არამედ რუსეთის მიმართ მიდგომის შეცვლას, არა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვას, არმედ თავისი პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას ევროპისადმი.

 

რადიკალური ნაბიჯების დროა. სწორედ რომ რადიკალურის.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია