“ანტიტერორისტული ცენტრი” მომავალი ტერორისათვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-05-2014, 21:52 | კომენტარები | ნანახია - 3419

ნიკა რურუა

 “ანტიტერორისტული ცენტრი” მომავალი ტერორისათვის

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, საბჭოთა უშიშროების გენერალმა ზურაბ ბაქრაძემ და საბჭოთა მილიციის გენერალმა რომან გვენცაძემ ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის დაარსება დააანონსეს.

 

ეს პრესკონფერენცია აშკარად კომიკურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც კარგა მაგრად მოტეხილი და ჩამრგვალებული ყოფილი გენერალი კიტოვანი ჟურნალისტების კითხვებსაც კი ვერ იგებდა და მათ გვერდზე მჯომისგან ყურში ჩურჩულის შემდეგ პასუხობდა, ისიც მისი შეზღუდული ლინგვისტური რეპერტუარის კიდეც უფრო გაღარიბებული მარაგით.  ასეთივე არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა ბ-ნი ბაქრაძეც, რომელიც ძლევამოსილი KGB-ის გენერლის ფიტულს უფრო წააგავდა, ვიდრე ცოცხალ საბჭოთა ჩეკისტს. რაც შეეხება ბ-ნ გვენცაძეს, ის საერთოდაც არ იმყოფებოდა საკუთარი ორგანიზაციის დაფუძნების გამოცხადებაზე. ალბათ, საპატიო მიზეზით.

 

მთელი ამ გროტესკულობის მიუხედავად, ეს სრულიად აბსურდული ინიციატივა მაინც მტრის დაკვეთას ჰგავს, რადგანაც ბ-ნი კიტოვანი ერთი-ერთზე იმეორებდა ევრაზიის კავშირის მომხრეთა კონსპირაციული თეორიების ბნელ რიტორიკას.

 

თავისთავად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ თენგიზ კიტოვანი, ადამიანი, ვისაც სამოქალაქო ომის გაჩაღებაში დიდი (თუ მთავარი არა) როლი მიუძღვის, დღევანდელ საქართველოში “ანტიტერორისტულ” ორგანიზაციას რომ აფუძნებს, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ფაქტია; ამ პიროვნებამ, გარდა სამოქალაქო ომის წაქეზება-წამოწყებისა, დიდწილად შეუწყო ხელი რუსეთის გეგმას - მიეტაცებინა აფხაზეთი. ეს მაშინ, როდესაც თბილისის ომში “გამარჯვებისგან” ეიფორიაში მყოფმა არძინბასა და რუსეთის გეგმის განხორციელებას მთლიანად დაეხმარა და აფხაზ სეპარატისტებს ბრძოლის დაწყების საშუალება მისცა. ამას გარდა, აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომ ბ-მა კიტოვანმა  თავი ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს შეაფარა. აქ, როგორც ამბობენ, კომენტარი ზედმეტია და ნათელია ამ პერსონაჟის ლოიალობის ობიექტი - მისი “ერთგულება” ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მთავარ მტერს - პუტინის რუსეთს ეკუთვნის.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რომ არა საქართველოს საკმაოდ დელიკატური პოლიტიკური მდგომარეობა, ეს ინიციატივა მხოლოდ ახირებული ადამიანების მოუსვენარ, გროტესკულ მეტიჩრობად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა; მაგრამ უკრაინის მოვლენები, საქართველოს მიმართ რუსეთის უკიდურესად მტრული გეგმები და საქართველოში მეხუთე კოლონის საქმიანობის არნახული გააქტიურება მაფიქრებინებს, რომ ეს ორგანიზაცია არეულობის, საზოგადოების დაბნევისა და დაპირისპირების ინიცირებისთვისაა შექმნილი.

 

ყველა მესიჯი, რომელიც ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის დამფუძნებლებმა წარმოთქვეს, მიმართული იყო სხვადასხვა კონსპირაციული თეორიების გავრცელებაზე, რადიკალური არატოლერანტულობის საზოგადოებაში დათესვაზე და სრულიად უკანონო საქმიანობის წამოწყების განზრახვის გაცხადებაზე.

 

ამდენად, ამ მკვდრადშობილ ორგანიზაციას გარკვეული მავნებლობის ჩადენა მაინც შეუძლია და მის საქმიანობასა და ინიციატივებზე ყველამ ადეკვატური რეაგირება უნდა გააკეთოს - იქნება ეს სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივი ძალები.

 

მოჩვენებითი კომიზმი და გროტესკულობა სულაც არაა იმის გარანტია, რომ ამგვარ წარმონაქმნებს მიზნად მტრული დავალების განხორციელება არა აქვთ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია